„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით,

თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლების და შემდეგ მათთან ამ საკითხზე წაგებული სასამართლო დავების გამო რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტი ზარადლდება. „რუსთავის მერის არაკომპეტენტურობის გამო ქალაქის ბიუჯეტმა 200 000 ლარამდე იზარალა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

რუსთავის მერიიდან და საკრებულოდან, მიღებული ინფორმაციის

 თანახმად, 2014 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 24 ივლისის ჩათვლით რუსთავის საკრებულოს აპარატში სასამართლოს გადაწყვეტილებით არ მომხდარა გათავისუფლებული მოხელეების სამსახურში აღდგენა. ქალაქ რუსთავის მერიიდან გათავისუფლებული პირების რაოდენობა კი, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს, ცხრა ერთეულს შეადგენს. აქედან ხუთ საქმეზე სასამართლოში დავის განხილვა მიმდინარეობს, ხოლო ოთხის მოთხოვნა, სამსახურში აღდგენის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

„შესაბამისად არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება რომლის საფუძველზეც განხორციელდებოდა თანხების ანაზღაურება. რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიულ პირებიდან კი გათავისუფლებულთა რაოდენობა, რომელბმაც მიმართეს სასამართლოს შეადგენს 23, აქედან სასამართლოს გადაწვეტილებით სამსახურში აღდგენა დაუკმაყოფილდა ერთ თანამშრომელს, ერთი თანამშრომლის მიმართ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება მისთვის კომპენსაციის გაცემის შესახებ, სამი თანამშრომელის მიმართ მიმდინარეობს სასამართლო დავა, 18 თანამშრომლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა“, - აღნიშნულია რუსთავის მერიიდან მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტში.

ასევე, რუსთავის მერიის ინფორმაციით, გათავისუფლების (რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან) უკანონოდ მიჩნევასთან დაკავშირებით უწყების მიერ გაცემული თანხის ოდენობა შეადგენს 25 860 ლარს, აქედან გაცემულია 15 390 და გასაცემია 10 470 ლარი. გარდა ამისა, მართალია არ მომხდარა საკრებულოს აპარატიდან გათავისუფლებული არცერთი პირის სამსახურში აღდგენა, თუმცა, ერთ-ერთ მათგანს დაუკმაყოფილდა მოთხოვნა ფულადი კომპენსაციის შესახებ. აღნიშნული კომპენსაცია ჯამში 5 970 ლარს შეადგენს.

ამ დროისთვის რუსთავის მერიას მომჩივანთა სიმცირე არ აქვს. თავს უკანონოდ გათავისუფლებულად მიიჩნევს რუსთავის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ თათარაძე. მასთან დაკავშირებით უკვე იმსჯელა საქალაქო სასამართლომ და სარჩელიც დაუკმაყოფილა. საქმე ამჯერად მეორე ინსტანციაშია. რუსთავის მერიას უჩივის მერის ყოფილი მოადგილე გოჩა ლორიაც, მისი საქმეც განხილვის ეტაპზეა და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თუ ორივე მათგანის სარჩელი დაკმაყოფილდება, მაშინ მათთვის მერიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების ჩარიცხვა მოუწევს. თუმცა, ამ დროისთვის, აღნიშნული პირების და მერიის სხვა მომჩივანთა საქმე დასრულებული არაა.

  დასკვნა 2014

წლიდან მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით, მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან და საკრებულოს აპარატიდან თანამშრომლების გათავისუფლება რუსთავის ბიუჯეტს სულ 31 830 ლარი დაუჯდა, და არა 200 ათასი, როგორც ეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია ნათქვამი. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ზემოხსენებულ პერიოდში მერიიდან გათავისუფლებულთა შესახებ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ეს პირები უკანონოდ გათავისუფლდენენ. შესაბამისად, მათ არც კომპენსაცია მიუღიათ.

რუსთავის მერიის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე კვლავ სასამართლოშია, მათზე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ არის. ამდენად, ფაქტ-მეტრი ამ თემას მომავალშიც დაუბრუნდება და მკითხველს შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადება არის მცდარი.

რედაქტორის შენიშვნა: აღნიშნული სტატიის თავდაპირველი ვერსია მიმდინარე წლის 9 აგვისტოს გამოქვეყნდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ  რუსთავის მუნიციპალიტეტიდან მიღებულ წერილში ფაქტობრივი უზუსტობა იყო. კერძოდ, რუსთავის საკრებულომ მერიისთვის თავდაპირველად გადაგზავნილ წერილში არ მიუთითა სრული ინფორმაცია. შედეგად, სტატიის თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ რუსთავის ბიუჯეტს თანამშრომელთა გათავისუფლების გამო კომპენსაციის სახით ჯამში 25 860 ლარის გადახდა მოუხდა. თუმცა, მოგვიანებით ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებულმა დამატებითმა ინფორმაციამ ცხადყო, რომ საკომპენსაციო თანხა ჯამში 31 830 ლარს შეადგენს. შესაბამისად, სტატია განახლდა, თუმცა ვერდიქტი უცვლელი დარჩა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი