ლარის კურსის ვარდნისა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუარესების ფონზე, ფინანსთა სამინისტრომ 2015 წლის ბიუჯეტის გადახედვისა და ხარჯების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფო ხარჯების შემცირების შესახებ ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს განაცხადა, ხოლო კორექტირებული ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი მიმდინარე წლის ივნისში წარადგინა (ფაქტ-მეტრი ამ თემაზე ადრეც წერდა: ბმული 1, ბმული 2). კორექტირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით ორგანიზაცია "საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა,

რომ რეალურად, არა ბიუჯეტის ხარჯების შემცირება, არამედ სხვადასხვა მუხლებს შორის მხოლოდ ხარჯების გადანაწილება მოხდა.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის მიხედვით, სახელმწიფო შემოსულობებისა და გადასახდელების გეგმა 9 875 მლნ ლარიდან 9 900 მლნ ლარამდე იზრდება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი კი - 1 191 მლნ ლარიდან 1 165 მლნ ლარამდე მცირდება.

ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნის გამო 2015 წლის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა 200 მლნ ლარით მცირდება, თუმცა მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 25 მლნ ლარით იზრდება. შემოსულობების ზრდა ძირითადად არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაციის) და სახელმწიფო ვალის ზრდის ხარჯზე ხდება. პრივატიზაციიდან მისაღები შემოსავალი ბიუჯეტის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით 150 მლნ ლარით (235 მლნ ლარამდე) იზრდება.

ცხრილი 1: 2015

წლის ბიუჯეტის შემოსულობები

(მლნ ლარი) ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტი ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი ცვლილება
შემოსულობები 9 875 9 900 25
შემოსავლები 8 090 7 951 -139
არაფინანსური აქტივების კლება 85 235 150
ფინანსური აქტივების კლება 90 90 0
ვალდებულებების ზრდა 1 610 1 624 14
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მიუხედავად იმისა, რომ კორექტირებული ბიუჯეტის მიხედვით სახელმწიფოს საშინაო ვალის აღება 600 მლნ ლარიდან 500 მლნ ლარამდე შემცირდა, იზრდება სახელმწიფო საგარეო ვალი, რაც მთლიანობაში ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით ვალის აღებას 14 მლნ ლარით ზრდის. საგარეო ვალის ზრდა ლარის კურსის ცვლილების შედეგია. წლის დასაწყისში ბიუჯეტი  1.8 (ლარი/დოლარი) გაცვლითი კურსით დაიგეგმა, თუმცა კორექტირებული ვარიანტი ლარის 2.3 კურსზეა დაგეგმილი.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯებს, კორექტირებული ბიუჯეტის მიხედვით, ხარჯების 8 017 მლნ ლარამდე ზრდაა გათვალისწინებული. ხარჯების ზრდა გრანტების (ტრანსფერის) და სასესხო ვალდებულებებზე გადასახდელი პროცენტის ხარჯის ზრდის გამო ხდება. ყველაზე მეტად, 79 მლნ ლარით, შემცირდა კაპიტალური (ინფრასტრუქტურული) ხარჯები.

ცხრილი 2:

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები

მლნ ლარი ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტი ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი ცვლილება
ხარჯები 8 005 8 017 12
შრომის ანაზღაურება 1408 1 381 -27
საქონელი და მომსახურება 964 940 -24
პროცენტი 364 377 13
სუბსიდიები 248 240 -8
გრანტები 1 173 1 257 85
სოციალური უზრუნველყოფა 2 688 2 688 0
სხვა ხარჯები 1 161 1 133 -28
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინიტრო

რაც შეეხება სახელმწიფო დაწესებულებებისთვის გამოყოფილ ასიგნებებს, ბიუჯეტის თავდაპირველი და შესწორებული ვარიანტით ის 9 575 მლნ ლარს შეადგენს. მართალია სამინისტროების ნაწილის დაფინანსება ბიუჯეტის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით შემცირდა, თუმცა გამოთავისუფლებული თანხა სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დაფინანსებას მოხმარდება.

ცხრილი 3:

საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის გამოყოფილი ასიგნებები

მლნ ლარი 2015 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი ცვლილება
საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ასიგნებები 9 575 9 575 0
ფინანსთა სამინისტრო 100 910 -9
ეკონომიკის სამინისტრო 120 85 -35
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2 785 2 785 0
ინფრასტრუქტურის სამინისტრო 1 000 945 -55
იუსტიციის სამინისტრო 68.5 66 -2.5
საგარეო საქმეთა სამინისტრო 100 89.5 -10.5
თავდაცვის სამინისტრო 640 667 27
შინაგან საქმეთა სამინისტრო 638.7 591.6 -47.1
განათლების სამინისტრო 853.9 840.8 -13.1
ენერგეტიკის სამინისტრო 125 114.3 -10.7
სოფლის მეურნეობის სამინისტრო 292.9 267 -25.9
გარემოს დაცვის სამინისტრო 39 36.5 -2.5
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის მიხედვით, მცირდება ეკონომიკის სამინისტროს (35 მლნ ლარით), შინაგან საქმეთა სამინისტროს (47 მლნ ლარით), ინფრასტრუქტურის სამინისტროს (55 მლნ ლარით) და განათლების სამინისტროს (13 მლნ ლარით) დაფინანსება, თუმცა არ იცვლება ჯანდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების რაოდენობა, ხოლო თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით 27 მლნ ლარით იზრდება. 85 მლნ ლარით კი, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისადმი გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა იზრდება.

17

ივლისს პარლამენტმა ბიუჯეტის კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ახალი ბიუჯეტი უფრო ახლოს იქნება რეალობასთან, რადგან აქამდე მოქმედი ბიუჯეტი ლარის 1.8 კურსზე და 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იყო დაგეგმილი. თუმცა, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირება არ მომხდარა იმ კუთხით, რომ მომავალში ბიუჯეტმა დადებითი როლი ითამაშოს ლარის კურსის სტაბილურობაში. ამისთვის, ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება იყო აუცილებელი.

დასკვნა

ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის მიხედვით, სახელმწიფო შემოსულობების და გადასახდელების გეგმა 25 მლნ ლარით იზრდება. შემოსულობების ზრდა ძირითადად არაფინანსური აქტივების გაყიდვიდან და სახელმწიფო ვალის ზრდიდან მისაღები შემოსავლების ხარჯზე ხდება.

ბიუჯეტის ახალი ვარიანტის მიხედვით, სახელმწიფოს მიმდინარე ხარჯები 11 მლნ ლარით იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროების ნაწილს ბიუჯეტის კორექტირების შედეგად დაფინანსება უმცირდებათ, სახელმწიფო ორგანოებისთვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა ჯამში მაინც არ იცვლება.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი