საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს. პრეზიდენტი დანიშნავს სხდომის თარიღს და პირველადაც თავად მიმართავს ახლად დეპუტატებს. კონსტიტუციის თანახმად, ახალი პარლამენტი პირველად ქუთაისში უნდა შეიკრიბოს.

როგორ ხვდება უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის განკუთვნილი შენობა პირველი სხდომის დღეს? „ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, კადრებში აესახა პარლამენტის შენობა და მისი გარე არეალი, იქ არსებული მდგომარეობა.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ უყურადღებოდ დარჩენილი პარლამენტის შენობა არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილების მიზეზი. აქ ხშირად დაუფიქსირებიათ, როგორ ძოვდნენ შინაური ცხოველები ამობიბინებულ ბალახს, როგორ ეყარა ნაგავი და როგორ ქმნიდა გადაადგილებისთვის საფრთხეს ცენტრალურ მისასვლელთან ბუდიდან ამოყრილი ქვის ფილები.

კადრს მიღმა არ დარჩენილა ღია დეკორატიული აუზი, რომელიც პარლამენტის არქიტექტურული კომპლექსის შემადგენელი ნაწილია და რომელიც ზაფხულში ქუთაისელების გაგრილების კარგი საშუალება იყო, დღეს კი ცარიელ ორმოდაა ქცეული.

არასამთავრობო სექტორი გასული ოთხი წლის განმავლობაში ხშირად უჩიოდა თვითმმართველობას, რომ სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ პარლამენტის ტერიტორიასა და შენობას. ამაზე ადგილობრივ ხელისუფლებასაც ჰქონდა პასუხი: ტერიტორია ჩვენ არ გვეკუთვნის და ჩვენი ქალაქის კუთვნილ ფულს სხვისთვის ვერ დავხარჯავთო.

პარლამენტის მოუვლელი გარე პერიმეტრის დასუფთავება პოლიტიკური პარტიების აქტივისტებმაც არაერთხელ სცადეს. პირობაც დადეს, ამას მარტო ერთხელ არ ვაკეთებთ, ხშირად მოვალთ და დავგვითო, მაგრამ მათი ძალისხმევა და ენთუზიაზმიც ამოწურვადი აღმოჩნდა.

შენობა აბაშიძის #26-ში

ხელისუფლების მხრიდან ქუთაისის, როგორც საპარლამენტო ქალაქის იდეის უგულებელყოფაში ხედავენ ქუთაისში მოქმედი არასამთავრობოები იმის მიზეზს, რომ პარლამენტის შენობასა და მის შემოგარენს სათანადო ყურადღება არ ექცევა (იხ. ფოტოები).

2012 წლიდან დღემდე პარლამენტის ქუთაისიდან გადასვლა-არგადასვლის, გადატანა-არგადატანის დილემის წინაშე იდგა მმართველი გუნდი. ასეთმა დამოკიდებულებამ კი შედეგად ის მოიტანა, რომ განვითარება ვერ ჰპოვა იდეებმა და პროექტებმა, რომელიც სხვადასხვა ბიზნესჯგუფსა თუ ინვესტორს შეიძლებოდა გასჩენოდა იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისი ნამდვილი საპარლამენტო დედაქალაქი იქნებოდა.

საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული მმართველი გუნდის არამკაფიო პოზიცია ამ მიმართულებით, მიუხედავად პრემიერის განცხადებებისა, ეჭვებს ბადებს და სანამ ეს ეჭვი არსებობს, ალბათ, პარლამენტის ინფრასტრუქტურის უკეთ მოწესრიგების საკითხი არც დაისმება, - ასე ფიქრობენ ქუთაისის არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, რომელთაც პარლამენტის ქუთაისში სრულყოფილად ფუნქციონირების მისაღწევად სამოქალაქო მოძრაობაც კი წამოიწყეს.

დღეს კონსტიტუციაში არის მუხლი, რომელიც პარლამენტის ადგილად ქუთაისს განსაზღვრავს. ფაქტობრივად კი, დღეს ქუთაისში დგას შენობა, რომელიც სახელმწიფოს ბიუჯეტს, ქვეყნის მოქალაქეების ჯიბეებს 360 მილიონი ლარი დაუჯდა და რომელიც პრაქტიკულად მიტოვებულია. ქვეყნის უზენაეს კანონში ჩაწერილი ერთი მუხლი ვერ ცვლის რეალობას, რომ დღეს პარლამენტი რეალურად არა ქუთაისში, არამედ თბილისში მუშაობს.

როცა ჟურნალისტმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ქეთი ბერძენიშვილმა უცხოელ სტუმრებს პარლამენტის დათვალიერება შესთავაზა, მათ სიხარულითა და ინტერესით მიიღეს ეს წინადადება. ქეთი ვიზიტის შესათანხმებლად პარლამენტს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ, თუ სასესიო დღე არ იყო, პარლამენტის შენობა დაკეტილი იქნებოდა და ვიზიტორების მიღებას ვერ შეძლებდნენ.

ქეთი მიიჩნევს, რომ მას, როგორც მოქალაქეს, შეეზღუდა უფლება, ნახოს ხალხის ფულით, მისივე სახსრებით აგებული შენობა და აჩვენოს სტუმრებსაც.

„მმართველ პოლიტიკურ გუნდს ეკისრება პასუხისმგებლობა იმის გამო, რაც რეალურად პარლამენტსა და ქუთაისს დამართეს -რომ არ მოხდა ის განვითარება, რაც ამ პარლამენტის ფუნქციონირებასთან ერთად იყო დაგეგმილი ქუთაისსა და რეგიონში“, - ამბობს ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ დამფუძნებელი გია გოქაძე.

იმას, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობა სრული დატვირთვით არ მუშაობს, ფაქტობრივად, პარლამენტი თბილისშია და არა ქუთაისში, კარგად გამოხატავს მიტოვებული შენობის ის აურა, რომელიც ამ შენობის ირგვლივ იგრძნობა.

სხდომიდან სხდომამდე მიტოვებული პარლამენტი

პარლამენტის ირგვლივ დრო 2012 წელს გაიყინა. ერთი ცენტრალური შემოსასვლელის გარდა, შენობას რამდენიმე მხრიდან უნდა ჰქონოდა მოწესრიგებული მისასვლელი გზა. დღეს ყველა ეს პროექტი იმავე მდგომარეობაშია, როგორც ოთხი წლის წინათ.

შენობის გარე პერიმეტრის განვითარებასა და მოვლაზე არც ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის წინ ზრუნავს ვინმე. გაფუჭებული და დამტვრეული წყლის შადრევნები, სარეველებით დაფარული მოკირწყლული გზა და ძელსკამები, დამშრალი ღია აუზი, გაუწმენდავი წყლის არხი, უფუნქციოდ დარჩენილი ხიდები, ნაგვით სავსე თხრილები, ძველი სამშენებლო მასალებით დაბინძურებული ინტერიერი, გუბეებით „გადატვირთული“ მისასვლელები - ეს ყველაფერი პარლამენტის შენობას მიტოვებულის ელფერს უქმნის.

ექსტერიერის ასეთი პეიზაჟებით ხვდება დღეს საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი დეპუტატებს. ინტერიერის გადაღების საშუალება კი „ფაქტ-მეტრს“ არ მიეცა იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ქეთის უთხრეს უარი - პარლამენტში არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ იმყოფებოდა. ეს საშვთა ბიუროშიც დაგვიდასტურეს.

სამწუხაროდ, სანამ სხდომა არ დაიგეგმება, საშვთა ბიუროს ორი ოპერატორის, დაცვისა და სამეურნეო ნაწილის რამდენიმე თანამშრომლის გარდა, საქართველოს პარლამენტში ვერავის ნახავთ. არ გეგონოთ, ეს ახალი მოწვევის პარლამენტში სიტუაციის დალაგებას უკავშირდებოდეს. ეს ტრადიციაა - სხდომიდან სხდომამდე პარლამენტი უკაცრიელდება მხოლოდ იმის გამო, რომ შენობა ქუთაისში დგას.

ისინიც კი, ვინც ქუთაისში პარლამენტის დარჩენას ყოველთვის მიესალმებოდნენ და გარკვეულ სამოქალაქო აქტივობასაც მიმართავდნენ საამისოდ, დღეს სვამენ კითხვას - აქვს კი აზრი ქუთაისში პარლამენტის ასეთი ფორმით არსებობას?


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი