როგორ დგინდება თხილის ფასი და რა მოგებაზე მუშაობენ თხილის გადამამუშავებელი საწარმოები
უკატეგორიოდ
21545 ნახვა

მკითხველის თხოვნით გადამოწმებული ფაქტი

 
სახელი და გვარი
  გენადი სართანია
გადასამოწმებელი ფაქტი
  თუ შეიძლება გამოიკვლიეთ ვინ და სად ადგენს თხილის ფასებს, რა მოგებაზე მუშაობენ თხილის ქარხნები და რამდენს იღებენ ერთ კილოგრამ თხილში სხვა ქვეყნების ფერმერები.
A+
A
A-

მკითხველის თხოვნის საფუძველზე, ფაქტ-მეტრმა თხილის წარმოებაში არსებული სიტუაცია შეისწავლა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თხილი საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის პირველ ათეულში შედის. 2014 წელს მთლიან ექსპორტში თხილის წილი 6.4% იყო, ხოლო ექსპორტიდან შემოსულმა თანხამ 183.4 მლნ დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2013 წელს მთლიან ექსპორტში თხილის წილი 5.7%, შემოსავალი კი 166.6 მლნ დოლარი იყო. შესაბამისად, 2014 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი წინა წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს (იანვარ-სექტემბრის მონაცემი), თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 113.9 მლნ დოლარია და მთლიანი ექსპორტის 6.9%-ს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 107.2 მლნ დოლარი იყო (მთლიანი ექსპორტის 5%).

 

გრაფიკი 1: თხილის წარმოება საქართველოში 2006-2014 წლებში (ათასი ტონა)

image001

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული თხილის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი (60%) ევროპის ქვეყნებია. ევროკავშირში გაუტეხავი თხილი და თხილის გული საქართველოს გარდა კიდევ რამდენიმე ქვეყანას შეაქვს, მათ შორის: თურქეთს, ჩილეს, საფრანგეთს, აშშ-ს, აზერბაიჯანს, იტალიას და ჰოლანდიას. ევროპის ბაზარზე საქართველო თურქეთთან ერთად თხილის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად ითვლება.

იმის დასადგენად, თუ რა განსაზღვრავს მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასს და რამდენად კონკურენტუნარიანია ქართული თხილი, კომენტარი საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა გამგეობის თავმჯდომარეს, ალექსანდრე მოწერელიას ვთხოვეთ. მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასს რაოდენობა და ხარისხი განსაზღვრავს. თურქეთი წელიწადში საშუალოდ 600 000 ტონა თხილს აწარმოებს, საქართველო კი – 60 000 ტონას. თურქეთი მსოფლიო ბაზრისთვის თხილის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია და ცხადია, ფასსაც ის განსაზღვრავს. თხილის ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში სულ რამდენიმე წელია რაც განვითარდა, თურქეთში კი უკვე მრავალი წელია მსხვილი ფერმერული მეურნეობები არსებობს, ფერმერები თხილს უკეთ უვლიან, რაც მოსავლის ხარისხს ზრდის და თურქეთის თხილის ბაზრის სტაბილურობას განაპირობებს. საქართველოში მსხვილი ფერმერული მეურნეობები ძალიან ცოტაა, გლეხებს კი არ აქვთ საკმარისი ფინანსური საშუალება და ცოდნა, რომ თხილის ნარგავებს კარგად მოუარონ. უმრავლესობა მათგანი თხილს კარგად არ აშრობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნედლი თხილი უფრო მძიმეა (გაშრობისას წონის დაახლოებით 7-8% აკლდება) და მეტ მოგებას იძლევა. გამოუმშრალ თხილს ხარისხი ეკარგება და ასეთი თხილისგან შემდეგ კარგი პროდუქტის მიღება რთულია. ალექსანდრე მოწერელია ამბობს, რომ ევროკავშირი ქართული თხილისთვის პერსპექტიული ბაზარია, “თუ ჩვენ თხილის საექსპორტო მოცულობას მნიშვნელოვნად გავზრდით, საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრების დიდი შესაძლებლობა ექნება. საქმე ისაა, რომ მსოფლიოში თხილის მოხმარება ყველგან იზრდება, საქართველო კი თურქეთის შემდეგ ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებლად ითვლება. ამდენად, ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი გვაქვს”.

რაც შეეხება თხილის ფასს, 20 ოქტომბრისთვის 1 კილოგრამი თურქული თხილის ფასი თურქეთის ბაზარზე 11.75 – 12.66 თურქულ ლირას შორის მერყეობდა (დაახლოებით 9.70 – 10.50 ლარი), 1 კილოგრამი ქართული თხილის ფასი ქართულ ბაზარზე კი 6 – 7.20 ლარი იყო. რაც შეეხება თხილის გულს, ამჟამად თურქული თხილის ფასი მსოფლიო ბაზარზე 9.5 დოლარი, ქართულის კი 8.5 დოლარია.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რა განაპირობებს ქართული და თურქული თხილის ფასებს შორის სხვაობას. ამ საკითხზე კომენტარი ერთ-ერთ მსხვილ ფერმერს, დავით ჯიქიას (მას თხილი ზუგდიდის რაიონში დაახლოებით 100 ჰექტარზე აქვს გაშენებული) ვთხოვეთ. მისი განმარტებით, ქართულ და თურქულ თხილის ფასს შორის სხვაობას მათი განსხვავებული გამოსავლიანობა განაპირობებს. ქართული თხილის გამოსავლიანობა საშუალოდ 38-39%-ია, თურქულის კი – 50%. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 კგ გაუტეხავი ქართული თხილიდან 390 გრამ გასაყიდად ვარგის პროდუქტს მივიღებთ, ხოლო თურქულის შემთხვევაში 500 გრამს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ფასების ობიექტური შედარებისთვის. ერთი და იგივე ფასის შემთხვევაში თურქული თხილისგან ქარხანა 28%-ით მეტ პროდუქტს იღებს, ვიდრე ქართული თხილისგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანამ გამოსავლიანობის ეს სხვაობა იარსებებს, 1 კგ გაუტეხავი თურქული თხილი ყოველთვის უფრო მეტი ეღირება, ვიდრე ქართული თხილი. აგრეთვე, ევროპელი საკონდიტრო და საცალო კლიენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თხილის გულის შიდა სიდამპლის მაჩვენებელი 2%-ზე ნაკლები იყოს. სამწუხაროდ, ქართული თხილის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 3%-ია (100 ცალ თხილის გულს თუ გავჭრით, 2 ცალზე მეტს არ უნდა ჰქონდეს ყავისფერი გული), რაც ნაწილობრივ კლიმატით, ნაწილობრივ კი არასწორი შრობის და შენახვის პირობებით არის განპირობებული. ასევე, არსებობს მესამე ფაქტორი: თურქული თხილი თითქმის იდეალურად მრგვალია, ქართული კი შედარებით მოგრძოა და ოდნავ შეჭმუხნული ზედაპირი აქვს. ესეც მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის და საკმარისი მიზეზია, რომ მათ ქართულ თხილში შედარებით ნაკლები გადაიხადონ. “გლეხები ხშირად მიიჩნევენ, რომ თხილის ფასს “მაფია” ან მთავრობა ქმნის. თუმცა, ეს ასე ნამდვილად არ არის. ჩვენ ზემოთ უკვე განვმარტეთ ის მიზეზები, რის გამოც ქართული თხილი თურქულ თხილზე იაფია. ამას ემატება წარმოების, შეფუთვის, ტრანსპორტირების ხარჯები და აქედან გამომდინარე ქარხნის მოგება 1 კგ თხილზე გრანდიოზული ნამდვილად არ არის. შარშან თხილის მაღალი ფასი თურქეთში თხილის დაბალი მოსავლით იყო განპირობებული. ყინვამ თხილის მოსავალი დააზიანა, წარმოება შემცირდა, რამაც თურქული თხილის ფასის ზრდა გამოიწვია. თურქული თხილის გაძვირებამ გავლენა იქონია თხილის საბაზრო ფასზე, შესაბამისად გაიზარდა ქართული თხილის ფასიც. წინა წლიდან გამომდინარე, გლეხებს თხილის ფასთან დაკავშირებით სხვა მოლოდინი ჰქონდათ. მაგრამ წელს თურქეთში თხილის კარგი მოსავალია და შესაბამისად, ფასი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია” – აღნიშნა ჩვენთან საუბარში დავით ჯიქიამ.

როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასს თურქეთი განსაზღვრავს, რადგან ის თხილის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. ქართული თხილი თურქულ თხილთან შედარებით (ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო) იაფია. საქართველო მსოფლიოში თურქეთის შემდეგ თხილის ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებლად ითვლება. სპეციალისტების განმარტებით, თუ თხილის საექსპორტო მოცულობას მნიშვნელოვნად გავზრდით და თხილის ხარისხსაც გავაუმჯობესებთ, ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრების დიდი შანსი გვექნება. დარგს პერსპექტივა ნამდვილად აქვს. თხილის ფერმერული მეურნეობების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ასევე, უნდა გაიზარდოს ქართული თხილის ცნობადობა და ამ დარგში ფერმერების ცოდნა.

გააზიარეთ: