საპარლამენტო უმცირესობის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ გიგა ბოკერიამ, თოქ-შოუ „რეაქციის“ ეთერში აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებაზე ისაუბრა და განაცხადა:

„როდესაც თეა წულუკიანი იძახის მე ჩატაევის გათავისუფლების წინააღმდეგი ვიყავიო, ის ტექნიკურად სიმართლეს არ ამბობს, ის იყო ჯერ კიდევ გენერალური პროკურორი მაშინ, ამ დროს იუსტიცია და პროკურატურა არ იყო გაყოფილი“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

აჰმედ ჩატაევი საზოგადოების ფართო წრეებისთვის ცნობილი ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდგომ გახდა. 2012 წლის 8 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლოპოტას ხეობაში დააკავეს შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან - აჰმედ ჩატაევი. მას ბრალად ედებოდა ასაფეთქებელი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოგვიანებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლის 6 დეკემბერს, ჩატაევს აღმკვეთი ღონისძიება გირაოთი (5 000 ლარის ოდენობით) შეეცვალა და წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა. 2013 წლის 18 იანვარს კი პროკურატურამ მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა

დანაშაულის ნიშნების არ არსებობის საფუძვლით.

2015 წლის აგვისტოში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩატაევი გლობალური ტერორისტების სიაში შეიყვანა, რადგან  გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩატაევი ISIS-ის მებრძოლებს წრთვნიდა. 2016 წელს სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთ ორგანიზატორად თურქული მედია, სწორედ, აჰმედ ჩატაევს ასახელებდა. 2017 წლის 22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე ანტი-ტერორისტული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ

ტერორისტებს შორის აჰმედ ჩატაევიც იყო.

განცხადება,

რომელზეც გიგა ბოკერია საუბრობს, თეა წულუკიანმა სტამბოლის ტერაქტის შემდგომ გააკეთა: „ჯერ კიდევ მაშინ, მე, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ამ ადამიანის ციხიდან გამოშვების წინააღმდეგი ვიყავი. ვემხრობოდი, რომ ასეთი პატიმრების გათავისუფლებისას პროკურატურას უფრო მეტი ყურადღება გამოეჩინა, თუმცა იმ დროს პროკურატურა ახალი გათავისუფლებული იყო ადეიშვილის პოლიტიკისა და წნეხისგან, ბატონი არჩილ კბილაშვილის მმართველობის ქვეშ არის ეს მომხდარი“.

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა. 26 ოქტომებრს მან მთავარი პროკურორობის კანდიდატად არჩილ კბილაშვილი დაასახელა. კბილაშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრამდე იკავებდა. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2012 წელს მოქმედი ვერსიით, საქართველოს გენერალური პროკურორი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მის დაქვემდებარებაში შედიოდა მთლიანად პროკურატურა, მათ შორის, მთავარი პროკურორიც. იგივე კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, იუსტიციის მინისტრს შეეძლო გაეუქმებინა ქვემდგომი პროკურორების (შესაბამისად, მთავარი პროკურორისაც) მიერ გამოცემული კანონსაწინააღმდეგო ბრძანებები, ინსტრუქციები და მითითებები, ამას გარდა, იგივე მუხლი იუსტიციის მინსიტრს ანიჭებდა უფლებას კანონის საფუძველზე გამოეცა ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები - ბრძანებები, ინსტრუქციები და მითითებები. 2013 წლის 18 იანვარს, თეა წულუკიანი იყო არჩილ კბილაშვილის ზემდგომი პროკურორი. კანონის შესაბამისად, თუ ის არ ეთანხმებოდა აჰმედ ჩატაევის ციხიდან გათავისუფლების საკითხს, მას შეეძლო გაეუქმებინა გადაწყვეტილება და საქმისთვის მიეცა ხელახალი მსვლელობა. 2013 წლის 30 მაისს კანონი შეიცვალა,

იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა გაემიჯნა ერთმანეთს, საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელად კი მთავარი პროკურორი გამოცხადდა.

  დასკვნა 2017 წლის 22 ნოემბერს, თბილისში  ჩატარებული ანტი-ტერორისტული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა 3 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინეს. ოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ლიკვიდირებულებს შორის იყო ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებული აჰმედ ჩატაევი, რომელიც, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, 2013 წლის 18 იანვარს სისხლის სამართლებრივი დევნიდან გათავისუფლდა და რომელიც აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ 2015 წელს გლობალური ტერორისტების სიაში იყო შეყვანილი. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადების მიხედვით, ის ეწინააღმდეგებოდა პროკურატურის  გადაწყვეტილებას ჩატაევის ციხიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა, იმ დროისათვის  მოქმედი კანონით, იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა ერთმანეთისგან გამიჯნული არ იყო. ყველა პროკურორი, მათ შორის, მთავარი პროკურორიც იუსტიციის მინისტრის ქვემდგომი იყო. კანონი კი მინისტრს ანიჭებდა უფლებამოსილებას, გაეუქმებინა ქვემდგომის მიღებული გადაწყვეტილება და საქმისთვის თავიდან მიეცა მსვლელობა. იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა ერთმანეთს, მხოლოდ, 2013 წლის 30 მაისს მიღებული კანონით გაემიჯნა.

ასევე საინტერესოა ამ საკითხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: თეა წულუკიანი ამბობდა, რომ ის, როგორც იუსტიციის მინისტრი, ეწინააღმდეგებოდა აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებას. იმ შემთხვევაში თუ საქმის პროკურორი თვლიდა, რომ ჩატაევის სისხლისამართლებრივი დევნა იყო მართლსაწინააღდეგო და ამის უტყუარი მტკიცებულებები წარმოადგინა, მაშინ იუსტიციის მინისტრი რატომ ეწინააღმდეგებოდა უდანაშაულო ადამიანის გათავისუფლებას? და თუ მინისტრს ჰქონდა ეჭვების საფუძველი, რატომ არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება-ვალდებულება და არ მისცა საქმეს ხელახალი მსვლელობა?

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიგა ბოკერიას განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი