ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში, გადაცემაში „ობიექტური აზრი“, ქუთაისის მერმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ის მერი გახდა, პრემია და სახელფასო დანამატი არ მიუღია. „მე, რაც მერი ვარ, არც პრემია ამიღია და არც დანამატი“, - აღნიშნა შოთა მურღულიამ.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად 2013 წლის ნოემბერში დაინიშნა, ხოლო 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტის არჩეული მერი გახდა. მისი ყოველთვიური ხელფასი 2 750 ლარით განისაზღვრა (ხელზე ასაღები 2 200 ლარი).

ფაქტ-მეტრმა ქუთაისის მერიას შოთა მურღულიას მიერ მიღებული ხელფასისა და პრემია/დანამატის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება სთხოვა. მერიის ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილი პასუხი გარკვეულწილად ბუნდოვანია. პასუხში წარმოდგენილია მხოლოდ მერისთვის განკუთვნილი ხელფასის ოდენობა და ნათქვამია,

 რომ „შოთა მურღულიას აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე, არ აუღია პრემია და არ აქვს სახელფასო დანამატი“. რას გულისხმობდნენ მერიის ადმინისტრაციულ სამსაუხრში, როცა მიუთითებდნენ, რომ მერს „არ აქვს სახელფასო დანამატი“, ამის გარკვევას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოშველიებით შევეცადეთ.

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის

 შესაბამისად მტკიცდება.

თვითმმართველობის კოდექსის 53-ე მუხლის 1 პუნქტში კი წერია, რომ გამგებლის/მერის თანამდებობრივი სარგო დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. ამ კოდექსით ასევე არ არის განსაზღვრული მერებისა და გამგებლებისთვის დანამატის დადგენის წესი.

გარდა ამისა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 71-ე მუხლით განსაზღვრულია საჯარო მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების წესი და ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულია, რომ მოხელეს, რომელსაც მიენიჭა საკლასო ჩინი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიეცემა თანამდებობრივი სარგო - დანამატი. თუმცა, ეს კანონი არ ითვალისწინებს მერებისა და გამგებლებისათვის თანამდებობრივი სარგოს - დანამატის დანიშვნას.

2014

წლის 5 თებერვალს მიღებულ თვთიმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ქუთაისის მერი უმაღლესი თანამდებობის პირია (მანამდე უმაღლესი თანამდებობის პირს საკრებულოს თავმჯდომარე წარმოადგენდა).

რაც შეეხება პრემიებს, 2014 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ, რაც მინისტრებისა და მათი მოადგილეების პრემიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კრიტიკა მოჰყვა, საქართველოს მთავრობამ პრემიის გაცემის სპეციალური წესი შეიმუშავა. წესის მიხედვით,

საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირებს, საკუთარი თავისთვის პრემიის გამოწერა აღარ შეუძლიათ. მინისტრებს, ასევე იმ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელსაც არ ჰყავს ზემდგომი ორგანო და არ იმყოფება კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაში, პრემიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი უწერს. ასეთი პრემია კი, როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურიდან გვაცნობეს, ქუთაისის მერს მიღებული არ აქვს.

  დასკვნა

შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად 2013 წლის ნოემბერში დაინიშნა, ხოლო 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტის არჩეული მერი გახდა. მისი ყოველთვიური ხელფასი 2 750 ლარით განისაზღვრა (ხელზე ასაღები 2 200 ლარი). ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურიდან მიღებული ოფიციალური პასუხის თანახმად, მერად მუშაობის პერიოდში შოთა მურღულიას დანამატი არ ჰქონია და არც პრემია აუღია.

შესაბამისად, ქუთაისის მერის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5405 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი