ბათუმში ოთხი თვის წინ საზეიმოდ გახსნილი ანგისის სპორტული ბაზა მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, როცა ცნობილი გახდა, რომ ბათუმის „დინამოს“, რომლისთვისაც სპორტულ ბაზაზე ორი მოედანი გაკეთდა, საშინაო მატჩების გამართვა ქუთაისში მოუწევდა. აღმოჩნდა, რომ ექსპლუატაციაში შესვლიდან ოთხ თვეში მატჩების გასამართად გამოუსადეგარია როგორც ბუნებრივსაფარიანი, ისე ხელოვნურსაფარიანი მოედანი.

ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობაზე 5 330 000 ლარიანი ტენდერი მერიამ 2015 წელს ორჯერ გამოაცხადა. პირველი უარყოფითი შედეგით დასრულდა, ხოლო მეორე ტენდერში შპს „ენერგოსექტორმშენმა“ გაიმარჯვა, რომელმაც შემსყიდველს პროექტის 4 930 000 ლარად შესრულება შესთავაზა. კომპანიასთან ხელშეკრულება (4 899 998 ლარზე) 2015 წლის 23 სექტემბერს გაფორმდა. კონტრაქტის თანახმად, მიმწოდებელს სპორტული ბაზის მშენებლობა, ერთი ბუნებრივსაფარიანი და ერთიც ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა 420 კალენდარულ დღეში, 2016 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დაესრულებინა.

სპორტული ბაზის მშენებლობა ვადის დარღვევით, მხოლოდ 2018 წლის დასაწყისში დასრულდა და მაისში გაიხსნა. სანამ გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართებოდა, ოპოზიციამ მედიას აცნობა, რომ ობიექტი შემსყიდველმა დაუმთავრებელ მდგომარეობაში ჩაიბარა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებდნენ, რომ მოუწესრიგებელი იყო სადრენაჟო სისტემა და წვიმის დროს მოედანზე წყალი დგებოდა. მერიამ ამ ბრალდებას საპასუხო კომენტარი მოაყოლა და თქვა, რომ ექსპერტიზის დასკვნით, სამუშაოები პროექტის შესაბამისად შესრულდა.

სატენდერო დოკუმენტაციაში დეტალურად არის გაწერილი ყველა მოთხოვნა, რომლებიც შემსრულებელს უნდა დაეკმაყოფილებინა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა მშენებლობის პროცესში გამოყენებულ მასალებსა და მოწყობილობებზე, რომელთა ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) შემსყიდველთან უნდა შეთანხმებულიყო.

ბათუმის მერიიდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016 წლის 1 ნოემბერს ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მოხსენებით ბარათში აღნიშნა, რომ მიმწოდებელს აქვს შეფერხებები სამუშაოს დროულად შესრულების მხრივ, ასევე საქონლის შეძენის და სამშენებლო მასალით ობიექტის დროულად მომარაგების მხრივ. ამასთან, შემსრულებელმა არ წარმოადგინა მასალებზე მწარმოებელი ქვეყნისა და ფირმის შესახებ ინფორმაცია.

მერიის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში არის საზედამხედველო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის, შპს „გზამშენპროექტის“ დირექტორის 2016 წლის 31 ოქტომბრით დათარიღებული წერილიც. მასში, რიგ გარემოებებათა გამო, საზედამხედველო კომპანია მერიას კონტრაქტორთან ურთიერთობის შეწყვეტას და პირგასამტეხლოს დაკისრებას ურჩევს.

შემსყიდველმა მიმწოდებელს ხელშეკრულება 2016 წლის ნოემბერში შეუწყვიტა. აჭარის ა/რ მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის კომპანიას განხორციელებული ჰქონდა 1 600 000 ლარის სამუშაოები, ანუ მშენებლობის დაწყებიდან ცამეტ თვეში, როცა ობიექტი უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, გახარჯული იყო მთლიანი ღირებულების 32.65%. „ენერგოსექტორმშენს“ ჯარიმის სახით 240 000 ლარი გადაახდევინეს.

ფაქტ-მეტრი „ენერგოსექტორმშენის“ 100%-იანი წილის მმართველს, გიორგი გიგინეიშვილს დაუკავშირდა. „ჩვენ გავიჭედეთ პროექტის გამო, რადგან როცა დავიწყეთ მუშაობა, აღმოჩნდა რომ რაღაც დეტალები არ იყო პროექტში და ეს გვაჩერებდა... დღეს მერიას ჩვენ მიმართ აქვს დავალიანება 270 თუ 280 ათასი, რაც გაკეთებული გვაქვს, იმ სამუშაოებისთვის. სამხარაულის დასკვნა წარდგენილი გვაქვს. იქ მითითებულია, რომ ჩვენ ჩვენი სამუშაოები შესრულებული გვაქვს. ამაზე მერიასაც ხელი აქვს მოწერილი. ეს 240 000 ლარი იდო ანგარიშზე, როგორც საბანკო გარანტია და ეს წამართვეს... მუშაობის პროცესში მივმართეთ რამდენჯერმე სიტყვიერად თუ წერილობით, რომ დროზე მოეწოდებინათ პროექტი და ვადა გადაეწიათ... იყო თვალთმაქცი შეკრებები და გვეუბნებოდნენ, თქვენ რა შუაში ხართ, რა თქვენი ბრალია და საბოლოოდ, მაინც ასე დაგვმართეს“ - გვითხრა გიორგი გიგინეიშვილმა.

მერიის ზედამხედველობის სამსახური კი „ენერგოსექტორმშენისადმი“ გაგზავნილ კორესპონდენციაში მიუთითებს, რომ პროექტში ცვლილებების მოლოდინი ვერ გაამართლებდა პროცესის შეჩერებას, რადგან, გარდა საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზებისა, იყო მთელი რიგი სამუშაოებისა, რომლებსაც ხელი არ ეშლებოდა.

2017 წლის მარტში მერიამ ახალი, 4 116 170 ლარიანი გამარტივებული ტენდერი გამოაცხადა. მასში მხოლოდ ერთი კომპანია - შპს „მონოლითი 2005“ მონაწილეობდა. შემსყიდველმა მასთან ხელშეკრულება 29 მარტს გააფორმა.

2017 წლის დეკემბერში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დასრულებული ობიექტი შეაფასა და დაასკვნა, რომ სამუშაოები განხორციელებულია დამაკმაყოფილებლად და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

გახსნიდან ოთხ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდი საშინაო თამაშებს საკუთარ მოედანზე ვერ გამართავდა. საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ სპორტულმა დირექტორმა მედიასთან განაცხადა, რომ მინდორი დაზიანებულია, ხოლო ხელოვნურსაფარიანი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, შესაძლოა, სადრენაჟო სისტემას პრობლემა ჰქონდეს. ფაქტ-მეტრი სპორტული ბაზის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებსაც ესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ სულ ერთი თვეა, რაც ამ თანამდებობებზე დაინიშნენ და რაც ჩაიბარეს, იმ მდგომარეობასთან პრეტენზიები არ აქვთ. შენობაში რომ წყალი ჩამოდის, ამას კლიმატურ პირობებს აბრალებენ, ხოლო მოედნის დაზიანებას მაღალი დატვირთვით ხსნიან. მათი თქმით, აქ 400 ბავშვი ვარჯიშობს. გარდა ამისა, ამ მოედანზე შეხვედრებს მართავს ქობულეთის „შუქურაც“, რადგან მისი მოედნის მოწყობა ჯერ არ დასრულებულა. ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ შპს „მონოლითი 2005“ ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობს და მოედანზე ახალი ბალახი დათესა. ბათუმის „დინამოს“ მიერ საშინაო შეხვედრების ქუთაისში გამართვაც ამ ფაქტს დაუკავშირეს. ჩვენს კითხვაზე, რამდენად სწორია, როცა საშინაო მატჩების სხვა ქალაქში ჩატარებისთვის კლუბის ხარჯი იზრდება, გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე დაზიანებულ მოედანზე თამაში უფრო მეტ ზარალს გამოიწვევს.

ბოლო ინფორმაციით, პროკურატურა სპორტული ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებული გარემოებებით დაინტერესდა და დოკუმენტაციის შესწავლას აპირებს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი