ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 2018 წლის 21 იანვარს დაიწყო. ამ ფაქტის აღსანიშნავ ცერემონიას აჭარის ა/რ მთავრობის, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონის მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ 2012 წელს დააანონსა და პროექტში 1 მლნ ლარი გადაიხადა. მოგვიანებით, უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში, სტადიონის მშენებლობის პროექტი და დაწყების თარიღი არაერთხელ შეიცვალა. ამის შესახებ ფაქტ-მეტრი 2016 წლის ივლისში წერდა.

2015 წლიდან ახალი სტადიონისა და კიდევ ერთი ობიექტის, რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა რეგიონის ხელისუფლებამ მის მიერვე შექმნილ შპს „სტადიონს“ მიანდო. ორგანიზაციამ, ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, 2017 წლის 20 ოქტომბერს ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს "ანაგმა"გაიმარჯვა. კომპანიის მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვამ 99 448 408 ლარი შეადგინა, ხოლო სამუშაოების დასრულების სავალდებულო ვადამ - ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვე.

უკვე რვა თვეა, რაც UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტები 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა.

ფაქტ-მეტრი შეეცადა გაერკვია, რა შემაფერხებელი გარემოებები ახლდა თან ობიექტის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი კომპანიის გამოვლენის პროცესს და რატომ მიმდინარეობს მშენებლობა ისე, რომ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელი სუბიექტი დღემდე ვერ მოიძებნა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა 2011 წლის 1 იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, არა უმეტეს სამი მე-5 კლასის ობიექტის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მიწოდების გამოცდილება და სამივე ხელშეკრულება ჯამური ღირებულება 900 000 ლარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.

პირველი გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე, რომლის ღირებულებამაც 1 750 000 ლარი შეადგინა, 2016 წლის 20 იანვარს გამოცხადდა, მაგრამ არ შედგა. იმავე წლის მარტში, უცვლელი ღირებულებით გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, რადგან ტენდერში მონაწილე სამივე კომპანიას - შპს „სონდერს გრუპს“, შპს „ოიკო ჯგუფსა“ და Ady Sharristh Engineering Ltd-ს, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მიეცა. 2016 წლის 26 აპრილს Ady Sharristh Engineering Ltd-მ გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა. საბჭომ საჩივარი განიხილა, მაგრამ არ დააკმაყოფილა.

იმავე წლის ივნისში გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულებაც გაიზარდა და 2 100 000 ლარი შეადგინა, შეწყდა. მასში, ორ სხვა კომპანიასთან ერთად, მონაწილეობა წინა ტენდერში დისკვალიფიცირებულმა შპს „ოიკო ჯგუფმა“ და Ady Sharristh Engineering Ltd-მაც სცადეს. შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამ“, რომელიც ტენდერში არ მონაწილეობდა, ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნები გაასაჩივრა. კომპანიამ საჩივარში აღნიშნა, რომ პრეტენდენტისთვის წაყენებული მოთხოვნები უსამართლო იყო და ხელს უშლიდა ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრების კანონით აღიარებულ პრინციპს. საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ, 2016 წლის 14 ივლისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ელექტრონული ტენდერი შეწყდა. შპს „სტადიონმა“ სატენდერო დოკუმენტაცია შეცვალა. იმავე წლის 1 აგვისტოს ახალი ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც ორი კომპანია - შპს LENI და შპს კომანდიტური საზოგადოება „პერბო ინვესტიციე“ მონაწილეობდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, 2 100 000 ლარი, უცვლელი დარჩა. ამჯერად სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური მოთხოვნები შპს „ოიკო ჯგუფმა“ გაასაჩივრა. საბჭომ მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი მოთხოვნები არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობას და საჩივარი არ დააკმაყოფილა. 2016 წლის 1 სექტემბერს გადაწყდა ხელშეკრულების გაფორმება გამარჯვებულ კომპანია შპს კომანდიტური საზოგადოება „პერბო ინვესტიციესთან“. თუმცა, სატენდერო კომისიის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ დავების განხილვის საბჭოში ორი საჩივარი შევიდა - შპს „ტრიჯიტმა“ და ფიზიკურმა პირმა იმედა დვალიძემ ჩათვალეს, რომ გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისას შპს „სტადიონმა“ არ იმოქმედა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრული დაცვით. საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა როგორც შპს "ტრიჯიტის", ისე იმედა დვალიძის საჩივარი. შემსყიდველმა გადაწყვეტილება გადასინჯა, შპს „პერბო ინვესტიციეს“ ტექნიკური დოკუმენტაცია თავიდან განიხილა და კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა.

2018 წლის 28 თებერვალს გამოცხადდა ახალი ტენდერი აუქციონის გარეშე. სავარაუდო ღირებულებად 3 520 474 ლარი განისაზღვრა. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია, შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ მონაწილეობდა, რომელმაც შემსყიდველს სამუშაოების 2 847 000 ლარად შესრულება შესთავაზა. 16 აპრილს პრეტენდენტი ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვიეს. პარალელურად, შპს „სტადიონის“ ადმინისტრაციაში საჩივრის შესახებ წერილი შევიდა, რომელსაც სამი კომპანია აწერდა ხელს - შპს „მშენტექზედამხედველი“, შპს „ტრიჯიტი“ და შპს „ოიკო ჯგუფი“. ისინი აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს ტექნიკურ ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კვალიფიციური ორგანიზაციები არიან, ხოლო შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს ვერ აკმაყოფილებს, რადგან კომპანიის საქმიანობის სფეროს საბროკერო, საინვესტიციო, უძრავი ქონების მართვის, ბაზრის კვლევისა და საკონსულტაციო მომსახურებები წარმოადგენს.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული ინფორმაცია ტენდერების მონიტორის გვერდზე გადაამოწმა. ათიდან მხოლოდ ორი ტენდერი გულისხმობს არქიტექტურულ და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, ორივე - შპს „სტადიონის“ მიერ ერთი და იგივე მომსახურების შესყიდვას გულისხმობს. ერთი ტენდერის სტატუსია „შერჩევა-შეფასება“, ხოლო მეორის - „გამარჯვებული გამოვლენილია“. ეს უკანასკნელი 2018 წლის ივლისით თარიღდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამი კომპანიის მიერ ერთობლივი წერილის გაგზავნის მომენტში აღნიშნული ტენდერი ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული. ყველა სხვა ტენდერი მართლაც საბროკერო, საინვესტიციო, უძრავი ქონების მართვის, ბაზრის კვლევისა და საკონსულტაციო საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

მიღებული კორესპონდენციის საფუძველზე, სატენდერო კომისიამ გადაწყვეტილება 30 აპრილს ბათილად ცნო. შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამ“, თავის მხრივ, მიმართა დავების განხილვის საბჭოს, რომელმაც, 2018 წლის 18 მაისს, მსჯელობის შემდეგ, შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაასკვნა, რომ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გასაუქმებლად საკმარისად დასაბუთებული გარემოებები არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, კომისიამ თავისი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, 21 ივნისს კი ელექტრონული ტენდერი საერთოდ შეწყვიტა და 5 ივლისს, განახლებული სატენდერო პირობებით, ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 2 437 431 ლარს შეადგენს. ამჯერად, შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ გარდა, ტენდერში კიდევ ორი კომპანია მონაწილეობდა: შპს „სიემსი“ და შპს „ოიკო ჯგუფი“. ყველაზე დაბალი ფასი, 1 970 256 ლარი, შემსყიდველს შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორგიამ“ შესთავაზა. კომისიამ დაადგინა, რომ კომპანიის დოკუმენტაცია დაზუსტებას საჭიროებდა და მას გარკვეული ვადა მისცა. მოცემული მდგომარეობით, ელექტრონული ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

რაც შეეხება სტადიონის მიმდინარე მშენებლობას, ფაქტ-მეტრისთვის შპს „სტადიონის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მოწყობისა და საკედლე ბლოკის წყობის სამუშაოები. უკვე შესრულებული სამუშაოებისთვის ღირებულების სახით ანაზღაურებული თანხა - 17 195 330 ლარს, ხოლო ავანსად გადახდილი თანხა - 29 994 030 ლარს შეადგენს.

როგორც აღვნიშნეთ, სტადიონს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ანაგი“ აშენებს. მან შემსყიდველთან 99 448 408 ლარის ღირებულების (დღგს ჩათვლით - 117 349 122 ლარი) ხელშეკრულება 2017 წლის 14 დეკემბერს გააფორმა. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვეში უნდა დასრულდეს. რვა თვის განმავლობაში უკვე გახარჯულია 47 189 360 ლარი, ანუ მთლიანი ღირებულების (დღგს ჩათვლით) 40.21%. ფაქტ-მეტრის კითხვას, რა მოხდება, თუ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელმაც მშენებლობაზე ზედამხედველობა უნდა განახორციელოს, უკვე შესრულებულ სამუშაოებში დარღვევას აღმოაჩენს, შპს „სტადიონმა“ უპასუხა, რომ ამის ალბათობა არ არსებობს, რადგან ყველა ეტაპზე ხორციელდება საექსპერტო შეფასება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ.

ჩვენ მიმდინარე პროცესებს დავაკვირდებით და მკითხველს შესაბამის ინფორმაციას მომავალშიც გავაცნობთ.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი