ფაქტ-მეტრი აგრძელებს მერობის კანდიდატებისა და მათი ხედვების გაცნობას ამომრჩევლისთვის. ამ ეტაპზე ჩვენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში კვალიფიციური სუბიექტების მერ დასახელებულ კანდიდატებს წარმოგიდგენთ: მერაბ ბლადაძე ("დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"); თენგიზ ზოიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“); სულიკო რომანაძე ("გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა"), მირიან ქათამაძე

 ("ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო").

რაც შეეხება „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს“ მიერ დასახელებულ მერობის კანდიდატ პაატა ცინარიძეს,

ჩვენ მას რამდენჯერმე დავუკავშირდით და კითხვები ელექტრონული ფოსტითაც გავუგზავნეთ, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ.

რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?

მერაბ ბლადაძე ("დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი")

მინდა დავანახო ქობულეთს, რას ნიშნავს არჩეული მერი, რომელსაც ანგარიშვალდებულება მხოლოდ ამომრჩევლის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე ექნება. უნამუსო საარჩევნო გარემოა, ოპოზიციას ბილბორდისთვის ადგილიც არ დაუტოვეს. ახლა რა ხდება - ხელისუფლებას ყავს ყველა უბანზე კოორდინატორები და უხდის ხელფასს, იმათ კიდევ ქვეკოორდინატორები ჰყავთ და ისინიც ანაზღაურებას იღებენ, მაგრამ დავალებული აქვთ, რომ თითოეულმა ამომრჩევლის გარკვეული რაოდენობა მოიყვანოს. ქობულეთში არსებული ა(ა)იპ-ები საწვავით ამარაგებენ თავიანთ აქტივისტებს, ყველა საშუალებას იყენებენ, მაგრამ მე გადავწყვიტე, საერთოდ არ გამოვიყენო ბილბორდი და დავანახო ხელისუფლებას, რომ ამის გარეშეც შეიძლება არჩევნების მოგება.

თენგიზ ზოიძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა")

ძალიან კარგად ვიცნობ ჩემს რაიონს, ვიცი, რა სტკივა, რა შეუძლია და რისი პოტენციალი აქვს. ისიც ვიცი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს. ამიტომ, როცა მოვალ ხელმძღვანელად, არ დამჭირდება იმის შესწავლა, საიდან დავიწყო საქმის კეთება.

სულიკო რომანაძე ("გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა")

აპარატთან, კადრებთან მუშაობისა და საქმის წარმოების დიდი გამოცდილება დამიგროვდა, ვარ პრაქტიკოსიცა და თეორეტიკოსიც. მეურნეობის წარმოების გამოცდილებაც მაქვს. მერისთვის აუცილებელია ცოდნა, ანალიტიკური აზროვნება, ბრძნული გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ვფიქრობ, ამ თვისებებით გამოვირჩევი.

მირიან ქათამაძე ("ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო")

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ჟამი, როდესაც გინდა იზრუნო იმ ქალაქის, სოფლის განვითარებისთვის, სადაც დაიბადე, გაიზარდე, სადაც შენი ფესვებია. ქობულეთის მერად არჩევის შემთხვევაში ამის შესაძლებლობა მომეცემა. ძალიან ვაფასებ როგორც პარტიის ნდობას, ისე ქობულეთელების თანადგომას. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რაც უკვე დაწყებულია და რაზეც თავად ბევრი მიფიქრია - ეს არაა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება და შედეგი მოკლე დროში გახდება თვალნათელი.

როგორ შეაფასებდით მოქმედი მერის საქმიანობას?   მერაბ ბლადაძე ("დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი")

მკვეთრად ნეგატიურად ვერ შევაფასებ, ის დანიშნულია და მეტს ვერ მოსთხოვ, რადგან თუ შეუთანხმებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, ყურს აუწევენ. ყველა მერი (გამგებელი) არის უსიტყვო შემსრულებელი თავისი პარტიული ლიდერების მითითებებისა. მთელ აჭარაში პატარაძის კლანის წარმომადგენლები არიან მერობის კანდიდატები, მაგრამ აჭარა არ არის ვიღაცის სახრავი ძვალი. სოფლის მეურნეობის პროექტები რომ ავიღოთ, სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ არც ერთი პროექტი ბოლომდე არ მისულა. გახსოვთ, როგორი პომპეზურობით გახსნეს აგროსერვიცსცენტრი? დღეს დაკეტილია და უფუნქციოდ დგას. ან ამაგების (აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანება) პროექტის დაწერაში რომ გადაიხადეს 430 ათასი ლარი. იდეაში, სოფლებში უნდა შეიკრიბონ აქტიური მოქალაქეები, შეთანხმდნენ მთავარ პრობლემებზე და წარუდგინონ ხელისუფლებას. მაშინ სოფლის გამგებელი რა საჭიროა? ან უხელფასოდ, ენთუზიაზმზე ვინ იმუშავებს? ნერგების პროგრამა ავიღოთ. მიდიან გლეხთან, ურიგდებიან, რა ნერგებიც აქვს, ველური ნერგებიანად,  ყველაფერს ყიდულობენ და უხდიან ვთქვათ, 2 ლარს, მაგრამ ოფიციალურად აფორმებენ 6 ლარს. გლეხი კმაყოფილია, რომ ამ თანხაში უვარგისი ნერგებიც გაყიდა. ხომ ხედავთ, როგორი სქემაა. ფულის გაკეთების გზებია ეს, სხვა არაფერი. საუბარია ათეულობით მილიონებზე.

თენგიზ ზოიძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა")

ვერ ვიქნები ცალმხრივი და ვერ ვიტყვი, რომ არაფერი გაკეთებულა. ძალიან მსიამოვნებს, რომ რუსთაველის ქუჩა ბოლომდე მოწესრიგებულია. მაგრამ არ მსიამოვნებს, რომ საბავშვო ბაღი, რომელიც იმავე უბანში გაკეთდა, გახსნამდე ორჯერ გარემონტდა. ამ ყველაფერს საზოგადოება თვითონ შეაფასებს.

სულიკო რომანაძე ("გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა")

უმთავრესად უნდა აღვნიშნო, რომ არანაირი კომუნიკაცია არ აქვს მოსახლეობასთან. სულხან ევგენიძე წინა არჩევნებამდე მოსახლეობას ხვდებოდა და რაღაცებს პირდებოდა. ამის მერე ერთხელაც არ გახსენებია, რომ მისულიყო ხალხთან და ეკითხა, რა სჭირდებათ, რა აწუხებთ. არ მიდიან, რადგან იციან, რომ მოსახლეობას ბევრი საჭიროება აქვს და კითხვებს დასვამს. სოფლებში რომ გამგებლები არიან, არაფერს არ აკეთებენ, ხალხთან კომუნიკაცია საერთოდ არ აქვთ. არ ინტერესდებიან მოსახლეობის პრობლემებით და ადამიანები სრულიად უყურადღებოდ არიან მიტოვებული. გამგეობის შენობაში მოქალაქეების  მისაღებად ერთი დღე აქვთ დაწესებული. ადამიანი რომ თავისი პრობლემით იქ მოვა, უკან არ უნდა გააბრუნო და თუ მართლა მაქსიმალურად დატვირთული არ ხარ იმ მომენტში, აუცილებლად უნდა მოუსმინო.

მირიან ქათამაძე ("ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო")

მუნიციპალიტეტი უკვე მუშაობს მნიშვნელოვან პრობლემებზე, გაწერილია გეგმა 2021 წლის ჩათვლით, რაც მოიცავს სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციას, საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას, დასასვენებელი პარკების და პარკირების ზონების კეთილმოწყობას, გარე განათების მოწყობასა და რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანად და ეფექტურად განხორციელების მიზნით ძალიან კარგი მექანიზმია შემუშავებული. როგორც ჩემთვის ცნობილია, მუნიციპალიტეტი პროექტების შესყიდვიდან მის ექსპლუატაციაში აყვანამდე უზრუნველყოფს მისი ხარისხის კონტროლს. პროექტის შეძენისას აუცილებელ პირობად არის ჩადებული შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა, აღსანიშნავია, რომ მშენებლობის პროცესში ხორციელდება ინსპექტირების ჯგუფის მიერ მისი ხარისხის მონიტორინგი და ასევე პროექტის დასრულების შემდეგ ობიექტის ექსპლოატაციაში აყვანა ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე ხდება. ამ მხრივ მაქსიმალურად შევეცდები ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმდინარეობაზე კონტროლი გავამკაცრო და მუდმივი ზედამხედველობა დავაწესო.

ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებს   მერაბ ბლადაძე ("დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი")

მეტ-ნაკლებად კარგად რაც გააკეთა გამგეობამ, ესაა გზები. სამაგიეროდ, მილიონობით ლარი დაიხარჯა ახალი  სათავე ნაგებობის მოწყობაში, რომ წყლის პრობლემა მოხსნილიყო და მოსახლეობას მაინც გრაფიკით მიეწოდება. მილები დასკდა და გზები დაიტბორა. თუ იგივე მდგომარეობა უნდა მიგვეღო, მაშინ ამხელა თანხა რაში დახარჯეს? პრობლემაა ასევე ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებელი კომპანიის „სინო ჰიდროს“ მიერ მიტაცებული სავარგულები. მესმის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტია, მაგრამ იქ დააჭაობეს ადგილი, ჩაიღვარა ნავთობი, რაღაც ქიმიური ნივთიერებები ჩაყარეს. იქვე არის ცენტრალური აუზი, რომლითაც მარაგდება ქობულეთის მუნიციპალიტეტი. ავუხსენი, რომ აქ არ შეიძლება ნაგავის ჩაყრა, მაგრამ არავინ შეისმინა და მერე წყალმა იცვალა ფერი და გემო. ლეშის წყალს სვამს დღეს ქობულეთი და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამაზე ხმა არ ამოიღო. მნიშვნელოვანია იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემები, დასაქმება და სხვა.

თენგიზ ზოიძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა")

როგორც მთელ ქვეყანაში, მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. არ ხდება ინვესტიციების მოზიდვა, არ იხსნება საწარმოები და გაჩერებულია განვითარება. არ არის ხელშეწყობა, რომ აშენდეს სასტუმროები და განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა. გაზრდილია თვითმმართველობაში დასაქმებულთა, ასევე ა(ა)იპ-ების რაოდენობა და ბიუჯეტის 40 % შრომით ანაზღაურებაზე მიდის. არ გვაქვს სასპორტო სკოლა. ხუთი წელია, რაც დაწყებული მშენებლობა გაჩერდა და რისი გაკეთებაც მოვასწარით, ისიც თავიდან იქნება გასაკეთებელი. ყველა სოფელში ჯერ კიდევ არ არის საბავშვო ბაღი. ასევე მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ სათავე ნაგებობის მოსაწყობად დიდი თანხა დახარჯეს.

სულიკო რომანაძე ("გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა")

ქობულეთი ოდითგანვე ტურისტული ფუნქციის ქალაქია და ამ თვალსაზრისით ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. ტურისტული სააგენტოც კი არ არსებობს, სტუმრების მიღება და შემდგომი პროცედურები რომ მოაწესრიგოს. სასტუმროები არ შენდება, საწარმოები არ იხსნება, სოფლის მეურნეობა ვერ ვითარდება, რადგან შესაბამისი მოტივაცია არ არსებობს - ფერმერმა არ იცის, სად წაიღოს მოყვანილი პროდუქცია. ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხანა კი გახსნეს ქობულეთში, მაგრამ იქ იმხელა რიგი დგას, რომ ნაყოფის ჩაბარებას ვერ ასწრებენ და ყრიან. პირადად მეც გადავყარე. სუბსიდია 250 ლარი ავიღე დაზიანებული მოსავლისთვის, მაგრამ ამისთვის ბათუმში რამდენჯერმე უნდა ჩამოხვიდე და ის თანხა კი გეხარჯება ამ სიარულში. ბინათმშენებლობები აღარ მიმდინარეობს, არ არის საკმარისი რაოდენობის სპორტული ობიექტები, მაღალია უმუშევრობის დონე და ა. შ.

მირიან ქათამაძე ("ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო")

ქობულეთში რაც შეიძლება მალე უნდა აშენდეს ახალი სასპორტო სკოლა, რადგან აღნიშნული პროექტის განხორციელება მრავალმხრივად მნიშვნელოვანი და აუცილებელია. შევეცდები დეტალურად შევისწავლო აღნიშნული საკითხი, მივიღო გადამჭრელი ზომები და გონივრულ ვადაში გავუწიო ორგანიზება აღნიშნული პროექტის განხორციელებას. ვფიქრობ წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა წყლის რესურსების მოძიება და მისი დებეტის გასაზრდელად შესაბამისი სამუშაოების წარმოება. ასევე მნიშვნელოვანია წყალსადენ სისტემებზე სასმელი წყლის გაფილტვრა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელდეს. ბევრი საკითხია მნიშვნელოვანი და ყურადღებისა თუ რეაგირების გარეშე არცერთი მათგანი არ დარჩება.

რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის და როგორ აპირებთ მათ შესრულებას?   მერაბ ბლადაძე ("დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი")

ქობულეთი გადასარჩენია. ქობულეთის მოსახლეობა განადგურებულია იპოთეკით, სახლებიდან ყრიან. ჩემი მერობის შემთხვევაში, მე თვითონ დავდგები მოსახლეობასთან ერთად ჯაჭვში და ერთ ადამიანსაც ვერ გამოაგდებს სახლიდან მევახშე. ჩვენ დაგვპირდა ხეისუფლება, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდა. არ მეგულება პარტია „ქართული ოცნების“ გარდა, რომელიც ამ ინიციატივაში მხარს არ დაგვიჭერს. დავდგებით ფეხზე მთელი ქობულეთი. გარდა ამისა, უნდა განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, გამოვიყენოთ მაღალმთიანი სოფლების რესურსი. იქ უნდა განვითარდეს ტრადიციული დარგები და პარალელურად სხვა კულტურებიც მოვიყვანოთ. ტურისტებს სანახაობის გარდა, სჭირდებათ კვება. გაზრდილი ტურისტული ნაკადი გაზრდის სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზებას და სოფლები აღარ დაიცლება. ასევე ქობულეთში არის ზონები, რომლებიც შეიძლება ველოსპორტის განვითარებისთვის გამოვიყენოთ. ქობულეთს სამთო ტურიზმის განვითარების პოტენციალიც აქვს. ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.

თენგიზ ზოიძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა")

უმუშევრობის დაძლევაში მთავარი როლი სახელმწიფოს ეკისრება. აღსანიშნავია, რომ აჭარაში არსებობს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, რომელსაც ურთიერთობა აქვს მრავალი ქვეყნის ბიზნესმენთან და შეუძლია, მოიზიდოს ინვესტიციები, გაახსნევინოს საწარმოები და ხალხი დაასაქმოს. ამისთვის საჭიროა ხელისუფლებისგან ამ ორგანიზაციის მინიმალური ხელშეწყობა. როგორც ვიცი, ამ ორგანიზაციის შესაძლებლობებს ხელისუფლება არ იყენებს. კარგი ინიციატივაა თავისუფალი ტურისტული ზონა. ჩვენ თავის დროზე ამისთვის ბევრი გავაკეთეთ. 2012 წელს 36 მლნ დავტოვეთ ბიუჯეტი. ეს თანხა საკმარისია მუნიციპალიტეტისთვის, რომელშიც  85 ათასი მაცხოვრებელია, რათა წყლის, გზებისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები მოგვარდეს, მაგრამ უნდა მოხდეს დასაქმებულთა და შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხის ოპტიმიზაცია. ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვქონდა ოთხწლიანი გეგმა და ვაპირებთ, რომ იმ გეგმას მივყვეთ. საბავშვო ბაღების გარეშე დარჩენილ სოფლებში უნდა ავაშენოთ ბაღები. სერიოზულად, ექსპერტების მონაწილეობით უნდა შევისწავლოთ და დავითვალოთ, სად და რა რაოდენობის ხარჯის გაწევა მოგვიწევს და ისე დავგეგმოთ ბიუჯეტი.

სულიკო რომანაძე ("გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა")

ჩემი არჩევის შემთხვევაში, ტურისტული სერვისები გაუმჯობესდება, მიიღებს ორგანიზებულ სახეს და ბიუჯეტში მეტი თანხა შევა. გარდა საზღვაო ტურიზმისა, განვითარდება სოფლად ტურიზმი, რისი პოტენციალიც ქობულეთის მუნიციპალიტეტს ნამდვილად აქვს. მყავს მეგობრები რუსეთში, ბალტიის ქვეყნებში, დასავლეთში, რომლებსაც სურთ საქართველოში ინვესტიციების ჩადება და აქეთ მთავაზობენ ქობულეთში საქმის წამოწყებას. ეს გაზრდის ტურისტების რაოდენობას და მოსახლეობის დასაქმებას ხელს შეუწყობს. ასევე გაიზრდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი, რისთვისაც მნიშვნელოვანია ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ბაზრის ათვისება, ძირითადად საუბარია რუსეთსა და უკრაინაზე. მოვაწესრიგებთ გზებს, რომ შესაძლებელი გახდეს მთელ მუნიციპალიტეტში ტურისტებისთვის საინტერესო ადგილებამდე მისვლა, მოვაწესრიგებთ იქ ელემენტარულ ინფრასტრუქტურასაც. ტურიზმის განვითარებისთვის ყველაფერს გავაკეთებ ჩემს კვალიფიციურ გუნდთან ერთად და თითოეული მოსახლე იგრძნობს ამას, კმაყოფილი და უზრუნველყოფილი იქნება.  აუცილებლად ვიზრუნებ, რომ ქობულეთი გახდეს საინტერესო არა მხოლოდ დასვენების თვალსაზრისით, არამედ საქმიანი ტურიზმისთვისაც, რომ აქ ჩატარდეს კონფერენციები, ფესტივალები და სხვა სახის საქმიანი შეხვედრები. სამი წელი იქნება ურთულესი და დაძაბული მუშაობა, მაგრამ გავაკეთებთ.

მირიან ქათამაძე ("ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო")

ჩემი პროგრამის მთავარი პრიორიტეტია ტურიზმის ხელშეწყობა, ხოლო 2018 წელს მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტი სანაპიროს კეთილმოწყობა იქნება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სანაპიროზე ინფრასტუქტურის კეთილმოწყობა გასული წლიდან დაიწყო. მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რამდენიმე დღეში კი სანაპიროს 2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება, ასევე საგულისხმოა ისიც, რომ ყოველწლიურად ხორციელდება ზღვაზე "პლაჟწარმომქნელი" მასალის შეტანა.

სამომავლოდ ვგეგმავთ დაწყებული პროექტების გაგრძელებას, არსებული ნაპირდამცავი ნაგებობების რეაბილიტაციასა და ბულვარის მოწყობას, ასევე ტურისტულ ზონაში განვახორციელებთ სკვერებისა და დასასვენებელი ადგილების კეთილმოწყობას. მაქსიმალურად შევეცდებით ტურისტებისთვის კომფორტული დასვენების გარემო შევქმნათ. მნიშვნელოვანდა მივიჩნევ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას და ამასთან ერთად სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.

ქობულეთში მუსლიმი მრევლისთვის პანსიონატის გახსნის გახმაურებულ თემასაც უნდა შევეხოთ. გაქვთ ისეთი გეგმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რომ არც ერთი მხარის ინტერესები არ დაზარალდეს?   მერაბ ბლადაძე ("დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი")

ამ პრობლემის მოგვარება უმტკივნეულოდ შეიძლება. არჩილ ხაბაძემ, მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის დროს, გვითხრა, რომ მუსლიმ მრევლს გადასცემდა მოქმედ მედრესეს, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული. ის ამბობდა, რომ ხელისუფლება გამოისყიდდა ამ შენობას, დაადგამდა მეოთხე სართულს და გაარემონტებდა. სამაგიეროდ, მუსლიმი მრევლი უარს იტყოდა იმ შენობაზე, რომლის ირგვლივაც დავა დღემდე მიმდინარეობს. შევთანხმდით, შევხვდით მუფთის და ყველაზე აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. ლამის მივაღწიეთ შეთანხმებას. მაგრამ გამოჩნდნენ ე. წ. ადამიანის უფლებათა დამცველები და ყველაფერი ჩაშალეს. მათ გაამწვავეს სიტუაცია და რომ არ ჩარეულიყვნენ, ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო.

თენგიზ ზოიძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა")

რთული საკითხია. მე დიდ პატივს ვცემ მუსლიმ თანამემამულეებს, მაგრამ მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ვთვლი, რომ მედრესეს გახსნა ქრისტიან მრევლს საფრთხეს არ შეუქმნის, თუმცა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ. ვარ ქრისტიანი, მყავს მოძღვარი და გული მტკივა, რომ ჩვენი ეკლესია უყურებს ამას და არ ხსნის მსგავსი შინაარსის სასწავლებელს, რა უშლის ამაში ხელს.

სულიკო რომანაძე ("გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა")

ქობულეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ისლამური რელიგიის რაიმე სერიოზული ნაგებობის აშენება აუცილებელი არაა. ქობულეთში ჩამოსახლდა მუსლიმი მრევლი სხვა მუნიციპალიტეტებიდან და დასახლდა კომპაქტურად. იქ არის სალოცავები და არ იზღუდება მათი აღმსარებლობა. ყველა რელიგიური ჯგუფის ინტერესი და უფლებები უნდა იყოს დაცული კანონით. ქალაქის მერის მოვალეობაა, მივიდეს მრევლთან და მოაგვაროს სტრატეგიული საკითხები ისე, რომ ბალანსი არ დაირღვეს. ასე გადაჭრით ვერ გეტყვით, მედრესე უნდა გაიხსნას, თუ - არა. ვფიქრობ, ამას ხულოდან ჩამოსული ხალხი ითხოვს და ასევე, თურქეთიდან ჩამოსული აგენტები.

მირიან ქათამაძე ("ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო") აღნიშნული საკითხი საჭიროებს ძირეულ შესწავლას, რადგან ძალიან სენსიტიურია და გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია დაინტერესებული პირების პოზიციები, რათა გადადგმული ნაბიჯები მისაღები იყოს ყველასათვის. რელიგიის თავისუფლება საზოგადოების ერთ-ერთი დიდი მონაპოვარია. ეს ღირებულება ჩემი საქმიანობის მნიშვნელოვანი პრინციპი იქნება მომავალშიც.

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი