საქართველოს მთავრობამ რუსულ გაზპრომთან სომხეთში გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის გაზპრომის წარმომადგენლებთან მინსკში 10 იანვარს გამართული შეხვედრის შემდგომ, ცნობილი გახდა, რომ ქართულმა მხარემ რუსი კოლეგებისგან წინადადება მიიღო, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრო მისაღებ ვარიანტად განიხილავდა. 11 იანვრის მთავრობის სხდომაზე კი გადაწყდა, რომ ქართული მხარე გაზპრომის მოთხოვნას დათანხმდა და 2018 წლიდან ანაზღაურების ფულად ფორმაზე გადავა, მიმდინარე წელს კი ანაზღაურება ნაწილობრივ ფულადი, ნაწილობრივ კი ნედლეულის სახით განხორციელდება.

ამ დრომდე, საქართველო გაზპრომისგან სომხეთში ტრანზიტით გატარებული მოცულობის 10%-ს იღებდა. ანგარიშსწორების ნატურალური ფორმის ფულადი ერთეულით ჩანაცვლების საკითხს რუსული მხარე პერიოდულად აყენებდა, მათ შორის, 2015 წლის ბოლოსაც, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ანგარიშსწორების ფორმის ცვლილების თაობაზე. ამის შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

თუმცა, მაშინ ქართულმა მხარემ სტატუს-ქვოს შენარჩუნებას მიაღწია. უცნობია, რა მოცულობის ანაზღაურებას სთავაზობს გაზპრომი ქართულ მხარეს, თუმცა ვინაიდან გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნაწილი მხოლოდ 225 კმ-მდეა, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ანაზღაურება საკმაოდ მცირე იქნება. შესაბამისად, მიღებული სახსრებით, სავარაუდოდ, იგივე მოცულობის ბუნებრივი აირის შეძენა  ვერ მოხერხდება, რაც საქართველოს ნატურალური ფორმით შეიძლებოდა მიეღო.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ აქამდე საქართველოს სოციალური გაზის (მოსახლეობისთვის განკუთვნილი და არა კომერციული დანშნულების გაზი) მოთხოვნის ნაწილი სწორედ ტრანზიტიდან მიღებული გაზით კმაყოფილდებოდა. მისი ჩანაცვლება საბაზრო ფასად შეძენილი რესურსით კი სოციალური გაზის ღირებულებას გაზრდიდა, რაც სავარაუდოდ ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ფასზეც აისახებოდა.

თუმცა, ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში საქართველო გაზპრომისგან საჭირო მოცულობის ბუნებრივი აირის 185$-ად შესყიდვას შეძლებს. ტრანზიტის სანაცვლოდ შემოთავაზებული ანაზღაურება კი, კალაძის განმარტებით, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და ფინანსური თვალსაზრისით საქართველო დაახლოებით იგივე შედეგს მიიღებს, რასაც ნატურალური ფორმით იღებდა. თუმცა, ამ შემთხვევაში გაუგებარია გაზპრომის მოტივაცია, ანაზღაურების ფორმის ცვლილება მოეთხოვა, თუ აქედან სარგებელს ვერ მიიღებდა. თუმცა, კონკრეტული რიცხვების გასაჯაროებამდე ცალსახა დასკვნების გაკეთება მიზანშეუწონელია.

კონტრაქტის აღნიშნული პუნქტის შეცვლა, როგორც აღვნიშნეთ, გაზპრომის ინტერესის საგანს მუდმივად წარმოადგენდა. თუმცა, დღემდე საქართველო პირობების შენარჩუნებას ახერხებდა. ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს კახა კალაძე აცხადებდა, რომ გაზპრომმა ქართულ მხარეს ულტიმატუმი წაუყენა და განუცხადა, რომ პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სომხეთს გაზით ირანიდან მოამარაგებდა. ირანიდან სომხეთში მიმავალი გაზსადენის მიმდინარე წლიური გამტარუნარიანობა 1 მლრდ კუბ.მ-მდეა, ხოლო სომხეთის მოხმარება 2 მლრდ-ს აჭარბებს. აქვე აღსანიშნავია, რომ სომხეთს ირანთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. ხელშეკრულების პირობებით, სომხეთი ირანიდან მიღებული გაზით ელექტროენერგიის გენერირებას ახდენს, მის ნაწილს კი ირანს აწვდის. ამდენად, ირანიდან გაზსადენის სრული რესურსის სომხეთის მომარაგებაზე გადართვა დიდ სირთულეს წარმოადგენს. მისი გამტარუნარიანობის გაზრდა ტექნიკურად 2-2.5 მლრდ კუბ.მ-მდეა შესაძლებელი, თუმცა, არა მოკლევადიან პერიოდში.

შესაბამისად, სომხეთის გაზით ირანიდან მომარაგება რუსეთის მხრიდან უფრო შანტაჟს, ვიდრე რეალობას წარმოადგენს. სომხეთის გაზმომარაგების სრულფასოვანი ალტერნატიული წყაროს არ არსებობის პირობებში კი, ქართულ მხარეს ჰქონდა ბერკეტი იმისთვის, რომ კონტრაქტის პირობების სასურველი ფორმულირებისთვის მიეღწია, ისევე, როგორც ეს გასულ წელს მოხდა. რადგან მოცემულ შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდა, სასურველია ენერგეტიკის სამინისტრომ გააკეთოს განმარტება იმის თაობაზე, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში და ამჯერად მოლაპარაკებებში სასურველი შედეგის მიღწევას ხელი რამ შეუშალა.

თუ გაზპრომის მიერ შემოთავაზებული პირობების ფინანსური შედეგი ნამდვილად აქამდე არსებული პირობების ანალოგიურია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელია კონკრეტული რიცხვები გასაჯაროვდეს.

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი