მიმდინარე წლის 7 აგვისტოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.მან განაცხადა, რომ სახელმწიფო ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში უნდა ჩაერიოს. "რომ არ ჩაერიოს ეს იქნება დანაშაული და პრობლემა, სახელმწიფო ყოველ წელს 40 მილიონს ხარჯავს ქართულ ფეხბურთში. ეტყობა რამე დღეს ქართულ ფეხბურთს, რომ ამდენი იხარჯება? ის რაც ხდება ფეხბურთის ფედერაციაში, ის ჭაობი რაც არის, უნდა დავასრულოთ ერთიანი ძალისხმევით".

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უკვე ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გამოეხმაურა.მისი განცხადებით, ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსგან მხოლოდ 7 მილიონ ლარს იღებს.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებებით დაინტერესდა და მათი სიზუსტე გადაამოწმა.

"2015 წლის ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის"ფარგლებში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ფეხბურთის ფედერაციას 7 მილიონი ლარი გამოუყო. გარდა ამისა, ფედერაციის მოთხოვნის საფუძველზე, 2015 წლის 25 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2014-2015 წლების ეროვნული ჩემპიონატის პრიზიორებისა და თასის გათამაშების გამარჯვებულისთვის გადასაცემად დამატებით 600 ათასი ლარი გამოყო.

ზემოაღნიშნული თანხა, 7 მილიონი, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, სპორტული ინვენტარისა და აღჭურვილობის შეძენაზე იხარჯება. ასევე, ეს თანხა ყველა დონის ეროვნული ნაკრების (ქალთა და ვაჟთა ნაკრებები) სამწვრთნელო შტაბის ხელფასების ანაზღაურებას, ყველა დონის ეროვნული ჩემპიონატის მატჩების ჩატარებასა და მსაჯების ხელფასებს ხმარდება. გამოყოფილი თანხა ფეხბურთის პოპულარიზაციასა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების ფინანსური დახმარებისთვისაც არის გათვალისწინებული. პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა.

გარდა ამისა, სახელმწიფო სხვადასხვა ჩემპიონატში მონაწილე მუნიციპალურ გუნდებსაც აფინანსებს. ეროვნულ ჩემპიონატში მოღვაწე გუნდების დაფინანსების თემა უკანასკნელ წლებში მწვავე დაპირისპირების საგანი იყო. როგორც ცნობილია, ეროვნულ ჩემპიონატში სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი 9 მუნიციპალური გუნდი მონაწილეობდა: გორის "დილა", "ზუგდიდი", ბოლნისის "სიონი", ფოთის "კოლხეთი", ბათუმის "დინამო", ცხინვალის "სპარტაკი", ლანჩხუთის "გურია", ქობულეთის "შუქურა" და "სამტრედია". ეს კლუბები ყოველწლიურად მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან ფინანსურ დახმარებას იღებენ. 2015 წელს აღნიშნული კლუბებისთვის გამოყოფილი თანხები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გორის "დილა" - 1 მლნ 286 ათასი ლარი;

  • ბოლნისის "სიონი" - 1 მლნ 200 ათასი ლარი;

  • ფოთის "კოლხეთი" - 300 ათასი ლარი;

  • ბათუმის "დინამო" - ცნობილი არ არის.ბათუმის მერია, ადგილობრივ კლუბს ("დინამო") ოთხ სპორტულ სახეობაში (ფეხბურთი, რაგბი, ფრენბურთი და ხელბურთი) 3 მლნ 200 ათასი ლარით აფინანსებს, თუმცა კონკრეტულად საფეხბურთო კლუბ ბათუმის "დინამოს" დაფინანსებაზე რამდენი ლარია გამოყოფილი დაკონკრეტებული არაა;

  • ლანჩხუთის "გურია" - 1 მლნ 104 ათასი ლარი;

  • ქუთაისის "ტორპედო" - 830 ათასი ლარი;

  • "სამტრედია" - 400 ათასი ლარი;

  • ქობულეთის "შუქურა" - 600 ათასი ლარი.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებიდან პირველი ლიგის კლუბებიც ფინანსდებიან, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ კლუბებს ან ვებგვერდი არ აქვთ, ან მათი ბიუჯეტი არ არის ხელმისაწვდომი. ამიტომ, ფაქტ-მეტრმა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ანალიზის მეშვეობით სცადა დაედგინა, რამდენი ლარით ფინანსდებიან მუნიციპალური კლუბები. ეს თანხა დაახლოებით 7 მილიონ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტები საბავშვო მოედნებისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობაზეც ხარჯავენ ფულს, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით რა ოდენობის თანხაზეა საუბარი, ფაქტ-მეტრმა ამის ზუსტად დადგენა ვერ შეძლო. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჯამში, სახელმწიფო ფეხბურთზე 24 მილიონს ხარჯავს (უშუალოდ ფეხბურთის ფედერაცია 7 მლნ ლარს, ხოლო მუნიციპალური გუნდები დაახლოებით 17 მლნ ლარს იღებენ).

საინტერესოა, რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სახელმწიფო დაფინანსებაზე (მუნიციპალური) მყოფი კლუბების მიერ გაწეულ არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ საუბრობდა და ფეხბურთის ფედერაციას კლუბებში ფინანსური აუდიტის შეყვანისკენ მოუწოდებდა.

ფაქტ-მეტრი შეეცადა დაეზუსტებინა, თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით გააჟღერა კახა კალაძემ, რომ სახელმწიფო ფეხბურთში ყოველწლიურად 40 მლნ ლარს ხარჯავს, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განგვიცხადა, რომ ამ შინაარსის ინფორმაციის დაზუსტება მათ კომპეტენციაში არ შედის და ამის შესახებ უშუალოდ მინისტრს უნდა ვკითხოთ.

დასკვნა

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქართული ფეხბურთის განვითარებაზე "2015 წლის ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში სულ 7 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებლები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია არიან. გარდა ამისა, უმაღლესი და პირველი ლიგის მუნიციპალური საფეხბურთო კლუბები დაფინანსებას მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდანაც იღებენ, საერთო ჯამში 17 მილიონ ლარამდე. მუნიციპალიტეტები ასევე ადგილობრივი საფეხბურთო ინფრასტრუქტურისა და ახალგაზრდული კლუბების დაფინანსებაზეც ხარჯავენ ფულს.

მიუხედავად მცდელობისა, ფაქტ-მეტრმა ვერ მოიპოვა იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ფეხბურთში ყოველწლიურად 40 მილიონი ლარი იხარჯება. ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი ვერც პრესსამსახურისგან მივიღეთ. შესაბამისი დაზუსტებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, რომელიც ფეხბურთში 40 მილიონის დახარჯვას დაადასტურებს, ფაქტ-მეტრი მზად არის კვლევა კიდევ ერთხელ განაახლოს.

თუმცა, ვიცე-პრემიერის განცხადებაში რიცხვებზე უფრო მნიშვნელოვანი ის კონტექსტია, რომელშიც კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაცია მოიხსენია. მან აღნიშნა, რომ ფეხბურთში 40 მილიონი იხარჯება, თუმცა შედეგი არ ჩანს და ეს პასუხისმგებლობა მთლიანად ფედერაციას დაუკავშირა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით კი, მუნიციპალური კლუბების დაფინანსება, ან ამ კლუბების მიერ მიღებული დაფინანსების განკარგვის მონიტორინგი ფეხბურთის ფედერაციის კომპეტენციაში არ შედის (ფედერაცია მხოლოდ 7 მილიონს განკარგავს), შესაბამისად მინისტრის განცხადების კონტექსტი არასწორია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადებაარის მცდარი, ხოლო ზვიად სიჭინავას განცხადება კი -სიმართლე.

რედაქტორის შენიშვნა: ამ სტატიის თავდაპირველი ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სახელმწიფო ფეხბურთში ყოველწლიურად 17 მილიონს ხარჯავს, ფაქტ-მეტრს რამდენიმე მკითხველი გამოეხმაურა. მათ მიგვითითეს, რომ ჩვენ მიერ დასახელებული რიცხვი არაზუსტია და ფეხბურთის განვითარებისთვის მეტი თანხა იხარჯება. შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა საკითხი თავიდან გამოიკვლია. ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო ფეხბურთში ყოველწლიურად დაახლოებით 24 მილიონ ლარს ხარჯავს, რაც ასევე არ ემთხვევა კახა კალაძის მიერ დასახელებულ რიცხვს. შესაბამისად, სტატიაში მონაცემები დაკორექტირდა, მაგრამ არ იცვლება ვერდიქტი. თუმცა, აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ შესაბამისი დაზუსტებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, რომელიც ფეხბურთში 40 მილიონის დახარჯვას დაადასტურებს, ფაქტ-მეტრი მზად არის კვლევა კიდევ ერთხელ განაახლოს.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი