2014 წლის 22 ივლისს საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 2013 წლის ბიუჯეტის ფინანსური ანგარიში წარადგინა. დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა მინისტრს სთხოვა განემარტა, რამდენად ეთიკური იყო 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 700 მლნ-ით გარღვევის ფონზე, ბიუროკრატიაზე გეგმით გათვალისწინებულზე 7 მლნ ლარით მეტის გაცემა. დეპუტატის მიმართვის პასუხად ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ 2012 წელთან შედარებით, 2013 წლის ბიუჯეტში პრემიები 11 მლნ ლარით იყო შემცირებული. გარდა ამისა, მან ირმა ნადირაშვილს კითხვა დაუბრუნა: "როცა თქვენი ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში ყოფნისას 10 ათას ლარიან პრემიას იღებდა, ეს უზნეობა არ იყო?!" მან იქვე აღნიშნა, რომ წინა ფინანასთა მინისტრი თვეში 27 ათას ლარს იღებდა, დღევანდელი კი 5 ათასს იღებს.

ფაქტ-მეტრი განცხადებებში მოყვანილი ფაქტების სიზუსტით დაინტერესდა და ისინი გადაამოწმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან „შრომის ანაზღაურების“ მუხლში გამოყოფილმა ასიგნებებმა 1194 მლნ ლარი შეადგინა, ფაქტობრივმა ხარჯმა კი - 1188 მლნ ლარი, მათ შორის: თანამდებობრივმა სარგომ - 913 მლნ ლარი, წოდებრივმა სარგომ - 13 მლნ ლარამდე, პრემიამ 124 მლნ ლარი, დანამატმა - 125მლნ ლარი, ჰონორარმა - 290 ათასი ლარი, ხოლო კომპენსაციამ - 12.5 მლნ ლარი შეადგინა.

2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან „შრომის ანაზღაურების“ მუხლში გამოყოფილმა ასიგნებებმა 1052 მლნ ლარი შეადგინა, ფაქტობრივმა ხარჯმა კი - 1049 მლნ ლარი, მათ შორის: თანამდებობრივმა სარგომ - 727მლნ ლარი, წოდებრივმა სარგომ - 11.6 მლნ ლარი, პრემიამ -135.6 მლნ ლარი, დანამატმა - 163მლნ ლარი, ჰონორარმა - 262.5 ათასი ლარი, ხოლო კომპენსაციამ - 11.6 მლნ ლარი შეადგინა.

2012 წლისგან განსხვავებით 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში „შრომის ანაზღაურების“ მუხლი 142მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო ფაქტობრივმა ხარჯმა 138მლნ ლარით მეტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით 2013 წელს საჯარო სექტორში 11.6 მლნ ლარით ნაკლები პრემია გაიცა. თუმცა, 2013 წელს საჯარო სექტორში გაცემული თანამდებოებრივი სარგო 185.5 მლნ ლარით მეტია 2012 წლის ამავე მონაცემთან შედარებით.

ფაქტ-მეტრმა ნოდარ ხადურისა და მისი წინამორბედი მინისტრის მიერ ყოველთვიურად აღებული თანამდებოებრივი სარგოს ოდენობაც გადაამოწმა. ალექსანდრე ხეთაგური, რომელიც ნოდარ ხადურამდე საქართველოს ფინანასთა მინისტრის პოსტს იკავებდა, თანამდებობაზე 2012 წლის აგვისტოში დაინიშნა. მინისტრობის პერიოდში მისმა თანამდებოებრივმა სარგომ აგვისტოს თვეში 2253 ლარი შეადგინა, სექტემბერში 3540 ლარი, იმავე თვეში ალექსანდრე ხეთაგურმა 10620 ლარი პრემიის სახით მიიღო, ოქტომბრის თვეში თანამდებეობრივმა სარგომ 2896 ლარი, ხოლო პრემიამ 7080 ლარი შეადგინა. ფინანასთა მინისტრობის პერიოდში ალექსანდრე ხეთაგურმა 3 თვის განმავლობაში 26389 ლარი მიიღო (თვეში საშუალოდ 8792 ლარი).

ნოდარ ხადური ფინანასთა მინისტრის პოსტს 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებს. ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით 21 თვის განმავლობაში ნოდარ ხადურმა, როგორც თანამდებოებრივი სარგოს, ისე პრემიის სახით სულ 159.5 ათასი ლარი მიიღო (თვეში საშუალოდ 7595 ლარი). ნოდარ ხადურის ყოველთვიური თანამდებოებრივი სარგო 3540 ლარით განისაზღვრება. 2012 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დანამატის სახით 4335 ლარი აიღო, ხოლო დეკემბერში როგორც პრემიის, ისე დანამატის სახით 7 080-7 080 ლარი. 2013 წლის მარტში ნოდარ ხადურმა, პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 4335 - 4335 ლარი მიიღო. 2013 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით თანამდებეობრივი სარგოს გარდა ფინანსთა მინისტრმა სახელფასო დანამატის სახით 4335 ლარი მიიღო, ხოლო 2014 წლის იანვრიდან დღემდე სახელფასო დანამატი ყოველთვიურად 2710 ლარი შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ფინანსთა მინისტრის პოსტს ასევე, ნიკა გილაური, კახა ბაინდურაშვილი და დიმიტრი გვინდაძე იკავებდნენ. ნიკა გილაურს მინისტრის პოსტი 17 თვის განმავლობაში ეკავა. მის მიერ მიღებულმა თანამდებოებრივმა სარგომ, სახელფასო დანამატმა და პრემიამ საერთო ჯამში 149ათასი ლარი შეადგინა (თვეში საშუალოდ 8780 ლარი). კახა ბაინდურაშვილმა 29 თვის განმავლობაში 249ათასი ლარი მიიღო (თვეში საშუალოდ 8592 ლარი), ხოლო დიმიტრი გვინდაძეს მინისტრის პოსტი 19 თვის განმავლობაში ეკავა. საერთო ჯამში მის მიერ თანამდებოებრივი სარგოს, დანამატისა და პრემიის სახით მიღებულმა შემოსავალმა 131883 ლარი შეადგინა (თვეში საშუალოდ 8792 ლარი).

ფაქტ-მეტრმა ირმა ნადირაშვილის მეუღლის, დავით დაღელაშვილის მიერ ყოველთვიურად მიღებული თანამდებეობრივი სარგოსა და პრემიის ოდენობაც გადაამოწმა. დავით დაღელაშვილი ჩუღურეთის გამგებლის თანამდებობას 2013 წლის მარტიდან 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე იკავებდა. 2013 წლის მარტიდან დღემდე გამგებლის თანამდებოებრივი სარგო 2600 ლარით განისაზღვრება. რაც შეეხება ჩუღურეთის გამგებლის სახელზე გაცემულ პრემიებსა და სახელფასო დანამატის ოდენობას, 2013 წლის იანვრიდან დღემდე ჩუღურეთის გამგებელს სახელფასო დანამატის სახით 51380 ლარი აქვს მიღებული, პრემიის სახით კი - 31200 ლარი. სახელფასო დანამატის სახით ჩუღურეთის გამგებელს თვეში საშუალოდ 2447 ლარი აქვს მიღებული, ხოლო პრემიის სახით - 1486 ლარი. აღსანიშნავია, რომ დავით დაღელაშვილი ჩუღურეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობობას 2013 წლის მარტიდან იკავებდა. დავით დაღელაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, არცერთ თვეში 10000 ლარის ოდენობის პრემია არ გაცემულა.

დასკვნა

ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან „შრომის ანაზღაურების“ მუხლში გამოყოფილმა ასიგნებამ 1194 მლნ ლარი შეადგინა, ფაქტობრივმა ხარჯმა კი - 1188 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს პრემიებისათვის სულ 124მლნ ლარი იყო გამოყოფილი, რაც 2012 წლის ამავე მონაცემთან შედარებით 11 მლნ ლარით ნაკლებია. შესაბამისად, ნოდარ ხადური განცხადების ამ ნაწილში სიმართლეს ამბობს. აღსანიშნავია, რომ პრემიების შემცირების ფონზე 2013 წელს საჯარო სექტორში გაცემული თანამდებოებრივი სარგო 185.5 მლნ ლარით მეტია 2012 წლის ამავე მონაცემთან შედარებით. ფინანასთა მინისტრი არაზუსტია, როდესაც მისი წინამორბედის მიერ ერთი თვის განმავლობაში აღებულ პრემიის ოდენობაზე საუბრობს. ალექსანდრე ხეთაგურის სახელზე 3 თვის განმავლობაში გაცემულმა თანამდებოებრივმა სარგომ, დანამატმა და პრემიამ 26389 ლარი შეადგინა (თვეში საშუალოდ 8792 ლარი). ნოდარ ხადურის განცხადება ასევე არაზუსტია, როდესაც ის დავით დაღელაშვილის მიერ ერთი თვის განმავლობაში აღებული პრემიის ოდენობის შესახებ საუბრობს. ჩუღურეთის გამგებლის პოსტზე ყოფნისას დავით დაღელაშვილის საშუალო შემოსავალი თანამდებოებრივი სარგოს, დანამატისა და პრემიის ჩათვლით 6531 ლარს შეადგენდა. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

ფაქტ-მეტრმა ირმა ნადირაშვილის განცხადების სიზუსტეც გადაამოწმა. 2013 წელს ბიუჯეტი 730 მლნ ლარით მართლაც გაირღვა, თუმცა, აღსანიშნავია რომ 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან „შრომის ანაზღაურების“ მუხლში გამოყოფილმა ასიგნებამ 1194 ათასი ლარი შეადგინა, ფაქტობრივმა ხარჯმა კი - 1188 ათასი ლარი. შესამისად, გათვალისწინებულზე 7 მლნ ლარით მეტი საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე არ გაცემულა და ირმა ნადირაშვილი განცხადების ამ ნაწილში ბოლომდე ზუსტი არ არის. დეპუტატი მართალია, როდესაც საუბრობს მისი მეუღლის სახელზე გაცემულ პრემიის მოცულობაზე. შესაბამისად, ირმა ნადირაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი