კახეთი, თელავი
ირაკლი შიოლაშვილმა გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ განაცხადა, რომ თელავს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებოდა, თუმცა პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია
სიმართლე
363 ნახვა
A+
A
A-

თელავის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ძლიერი თელავის” თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ვარდოშვილმა ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ეთერში განაცხადა, რომ კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა და ახლა უკვე პარლამენტის წევრმა („ქართული ოცნება“) ირაკლი შიოლაშვილმა 2014 წელს თელავის 24 საათიან წყალმომარაგებასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. ვარდოშვილის თქმით, ამჟამადაც, თელავის მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობას წყალი დღეში მხოლოდ 2-3 საათით მიეწოდება.

როდესაც სვამენ კითხვას წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით, მახსენდება კახეთის ყოფილი გუბერნატორი, აწ უკვე პარლამენტარი, ირაკლი შიოლაშვილი, რომელმაც გუბერნატორად დანიშვნის დღიდან გააკეთა ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება, რომ თელავს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებოდა“, – აღნიშნა ნიკა ვარდოშვილმა.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ირაკლი შიოლაშვილი კახეთის გუბერნატორად 2014 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა. იმავე წლის თებერვალში მან განაცხადა, რომ 2014 წელს თელავში წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი, რის შედეგადაც წლის ბოლოს ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა.

აღსანიშნავია, რომ გუბერნატორის დაპირების მიუხედავად, 2014 წელს თელავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის არაფერი გაკეთებულა. როგორც ფაქტ-მეტრს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები წინასწარი გეგმის მიხედვით, 2015 წლის აგვისტოში დაიწყო.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, „პროექტის ფარგლებში შეიცვალა 68 კილომეტრიანი მილსადენი. დაგეგმილია რეზერვუარების (3 თელავში, 2 კურდღელაურში) და საქლორატოროს მშენებლობა, მილსადენის ჰიდრავლიკური გამოცდა, საყარაულო ჯიხურის მოწყობა და ასფალტის საფარის დაგება“. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები 2017 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ამ დროისთვის თელავის მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობას სასმელი წყალი კვლავ გრაფიკით, დღეში 2-3 საათით მიეწოდება.

მილიონები იხარჯება და წყალი მაინც არ მოდის. ჩვენი ქუჩის და სოფელ კურდღელაურის წყლისგამშვები სისტემა ერთადაა. ცხრაჯერ გადააადგილეს გამხსნელი, მაგრამ მაინც აღებს ვიღაც და ჩვენი ქუჩის წყალი ქვევით, კურდღელაურში მიდის. არც არავის აქვს დარდი და არც არავინ გვაქცევს ყურადღებას“, – აღნიშნა რუსთაველის ქუჩის მცხოვრებმა ნინო კრაწაშვილმა.

გრაფიკი ვიცი და ასე ველოდები ყოველდღე წყალი რომ ავიღო. დასაქმებული ხალხი ზოგჯერ კვირაში ერთხელ ძლივს იღებს წყალს. ამის გამო, ეზოში დღეში 10-ჯერ მაინც ჩამოდიან, რომ წყალი ჭაბურღილიდან აიტანონ“, – გვითხრა ადგილობრივმა ჯულია ხოლუაშვილმა.

 

დასკვნა

2014 წლის თებერვალში კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, რომ თელავს იმავე წლის ბოლოს 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა. თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2015 წლის აგვისტოში დაიწყო. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც კახეთის გუბერნატორმა ზემოაღნიშნული განცხადება გააკეთა, პროექტი დაგეგმილი და დაფინანსებული იყო, მაგრამ, მათივე თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გადაწყვეტილება მოგვიანებით შეცვალა და პროექტის განხორციელება შეაჩერა. თუმცა, პროექტის შეცვლა მუნიციპალური განვითარების ფონდში უარყვეს, ამის შესახებ ინფორმაცია ვერც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მივიღეთ.

თელავის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება დღესაც არ აქვს, თუმცა პროექტის დასრულება 2017 წლის ბოლოსთვის იგეგმება. წლის ბოლოს ფაქტ-მეტრი ამ თემას კვლავ დაუბრუნდება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნიკოლოზ ვარდოშვილის განცხადება არის სიმართლე.

გააზიარეთ: