2012 წლის პარლამენტმა საკანონმდებლო საქმიანობა ბუსუსებიან პრეზერვატივებზე ლაპარაკითა და საპარლამენტო დრესკოდში ეროვნული ტანსაცმლის შეტანის ინიციატივით დაიწყო. სხვა საკითხია, მიიღეს თუ არა ეს ინიციატივები, მთავარი ის არის, კანონმდებლები პირველ რიგში განსახილველად რა საკითხებს მიიჩნევდნენ და რა აწუხებდათ.

ამ საკითხების ინიციატორები დღეს პარლამენტში აღარ არიან და ეს საკითხებიც აღარავის ახსოვს. ახლა მნიშვნელოვანი ის არის, ახალი პარლამენტის მუშაობის დაწყებისას მმართველი გუნდის განახლებული შემადგენლობა და ძველი და ახალი ოპოზიცია რას სახავს პრიორიტეტულად.

პირველი საკითხი, რითაც ახალმა პარლამენტმა მუშაობა უნდა დაიწყოს, მთავრობის დამტკიცებაა. ამისთვის კი შესაძლოა, ამ კვირაში რიგგარეშე სხდომაც კი ჩატარდეს. დღეს პრემიერ-მინისტრი მთავრობის შემადგენლობას დაასახელებს, პარლამენტში ოფიციალურად შევა და ბიუროს სხდომაზე, რომელიც, ასევე, დღეს გაიმართება, განხილვის პროცედურა დაიწყება.

მთავრობის დამტკიცების პარალელურად დამტკიცდება მთავრობის სამოქმედო გეგმაც. გეგმის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ამას არც აქვს დიდი მნიშვნელობა. როგორც წესი, ამ გეგმას, იშვიათი გამონაკლისის გარდა, დეპუტატები არც კი კითხულობენ და შესაბამისად, არც იციან, ამ გეგმაში რა წერია.

პარლამენტის რეალური მუშაობა კი უკვე მთავრობის დამტკიცების შემდეგ დაიწყება, რადგან 2017 წლის ბიუჯეტია დასამტკიცებელი. ბიუჯეტის განხილვა კი, ფაქტობრივად, არ დაწყებულა. პირველადი ვარიანტი, რომელიც პარლამენტში შევიდა, როგორც თავად მთავრობა ამბობდა, არ იყო დაზუსტებული დოკუმენტი და ახალი პარამეტრების განსაზღვრა უკვე დამუშავების დროს ახალი პარლამენტისა და ახალი მთავრობის მიერ მოხდებოდა.

ბიუჯეტის დასამტკიცებლად პარლამენტს ვადა 2017 წლის 1-ელ იანვრამდე აქვს. ბიუჯეტის არდამტკიცების შემთხვევაში კი ან მთავრობის ან პარლამენტის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. თუმცა, ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადის პირველი და ბოლო 6 თვის განმავლობაში მისი დათხოვნა კონსტიტუციით აკრძალულია. ამიტომ არც ის არის გამორიცხული, ბიუჯეტის დამტკიცება მომავალი წლის დასაწყისისთვის გადაიდოს.

ამის პარალელურად, წესით, პარლამენტი პირველ რიგში იმ საკითხებს უნდა დაუბრუნდეს, რომლის განხილვაც წინა პარლამენტმა დაიწყო და მიღება ვერ მოხერხდა. ასეთი კი რამდენიმე გახმაურებული და ათობით გაუხმაურებელი პროექტია.

ყველაზე მნიშვნელოვანი ვალად დარჩენილი პროექტებიდან არჩევნების მაჟორიტარული სისტემის გაუქმების 2020 წლამდე გადავადება, პარლამენტის ადგილსამყოფლის ადგილის თავიდან განსაზღვრა, კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის გაკეთება, სასამართლო რეფორმის პროექტები, იპოთეკარების შესახებ კანონპროექტი, პარლამენტის რეგლამენტში ოჯახური მდგომარეობის მიზეზის განსაზღვრა, რათა ეს მიზეზი დეპუტატებმა სხდომების გაცდენისთვის ვეღარ გამოიყენონ და უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების დამტკიცებაა.

იმის გამო, რომ ამ საკითხების განხილვა წინა მოწვევის პარლამენტშია დაწყებული, წესით, ახალ პარლამენტში მათ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ და პარლამენტმა მუშაობა სწორედ ამ საკითხებით დაიწყოს. თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ზაქარია ქუცნაშვილი, „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას განმარტავს, „ჯერ გადაწყვეტილი არ არის, პრიორიტეტულად რა ჩაითვლება“.

მისი თქმით, ჩამოთვლილი საკითხებიდან კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხები გადაიდება და საერთო საკონსტიტუციო რეფორმის დროს განიხილება.

„ჯერ ძნელია ამის ზუსტად თქმა. ვნახოთ, რა იქნება. ჯერ მთავრობა უნდა დავამტკიცოთ, ეს არის ყველაზე პრიორიტეტული და მერე ვნახოთ, ვიმსჯელებთ და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას. დამიჯერეთ, ჯერ ამაზე არ გვიმსჯელია“, - ამბობს ქუცნაშვილი.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კი „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას თქვა, რომ მისი რჩევა ახალი სპიკერისადმი არის პარლამენტის როლის გაზრდაზე მუშაობა და ამისთვის სათანადო საკანონმდებლო მხარდაჭერის შექმნა.

როგორც მან ჩვენი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, 4 წლის მუშაობის გამოცდილებამ აჩვენა, რომ „მთავრობა ვერ გრძნობს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებას და პარლამენტარებიც ისე იქცევიან, თითქოს თვითონ იყვნენ მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულები“.

ამასთანავე, უსუფაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის ბერკეტების ამ მიმართულებით ვერგამოყენებას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს, თუმცა, ბოლო თვეებში მას ამ საკითხზე პრემიერ კვირიკაშვილთან ჰქონდა საუბარი და მან, უსუფაშვილის თქმით, გამოთქვა მზადყოფნა, რომ პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების გასაზრდელად და მეტი ეფექტიანობისთვის დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციები შეიქმნას.

„მე მისგან მივიღე ამაზე მზადყოფნა, მაგრამ ეს ვეღარ მოესწრო და ახალ სპიკერს ვურჩევდი, პირველ რიგში ამ საკითხით დაინტერესდეს. ეს არის არსებითი საკითხი პარლამენტისა და ზოგადად ხელისუფლების ეფექტიანი მუშაობისთვის. ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ შევქმნათ სტაბილური სისტემაც“, - ამბობს უსუფაშვილი.

მაგრამ, როგორც ჩანს, ახალ სპიკერს ამ საკითხზე განსხვავებული აზრი აქვს. პირველ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ ბევრი ისაუბრა იმაზე, რომ მთავრობა მუდმივად აბარებს ანგარიშს პარლამენტს და ა.შ.

რამდენად მიიჩნევს პარლამენტის როლის გაძლიერებას აუცილებელ საჭიროებად მმართველი გუნდი, ამაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს ვკითხეთ და მანაც, ფაქტობრივად, იგივე აზრი გაიმეორა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ ეს საკითხი ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ არ აქვთ მოლოდინი, რომ „ხელისუფლებაში ამ საკითხს ვინმე დააყენებს“.

„ნორმალური პარლამენტი რომ იყოს და ნორმალური ხელისუფლება, ცხადია, ეს საკითხი პრიორიტეტული უნდა იყოს, მაგრამ ახლა ამის მოლოდინი საერთოდ არ მაქვს, რომ ეს ვინმეს გაახსენდება, ან თუ გაახსენდება, გაბედავს, რომ თქვას“, - ამბობს გიგა ბოკერია ჩვენთან საუბრისას.

რაც შეეხება იმას, „ნაციონალური მოძრაობა“ პრიორიტეტულად რა საკითხებს მიიჩნევს, გიგა ბოკერიაც და ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძეც ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებს ასახელებენ.

„პირველ რიგში, პარლამენტი ეკონომიკური სიტუაციით უნდა იყოს დაკავებული. ჩვენ ხედვა გვქონდა, რაც არის გადასახადების, ბიუროკრატიისა და ხარჯების შემცირება. ასევე, ბიუჯეტის ისე დაგეგმვა, რომ არასაჭირო ხარჯებზე ნაკლები ფული დაიხარჯოს და უფრო მეტი მიმართული იყოს ეკონომიკაზე. ეს მთავარი ამოცანა უნდა იყოს.

რაც შეეხება მეორე საკითხს - უსაფრთხოების თემებს, დაწყებული კორუფციით და მართლმსაჯულებით, დამთავრებული საგარეო პოლიტიკური საკითხებით, ანუ ყველა ის თემა, რაც პრეზიდენტმა ახსენა, ნამდვილად სწორი თემებია და ვნახოთ, რამდენად იქნება გათვალისწინებული უმრავლესობის დღის წესრიგში. ჩვენ ჩვენი კონკრეტული პროგრამიდან რა ელემენტებიც გვაქვს და რაც მიგვაჩნია, რომ ქვეყნისთვის კარგია, ამ მიმართულებით ინიციატივები გვექნება“, - ამბობს სერგი კაპანაძე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი