გაზეთი ფაქტ-მეტრი
რა აძვირებს ჯანდაცვას
უკატეგორიოდ
994 ნახვა
A+
A
A-

სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს ხარჯავს. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის ხარჯების ნახევარზე მეტს მოსახლეობა საკუთარი ჯიბიდან იხდის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასები. ამასთანავე, პროგრამა მედიკამენტების ხარჯების დაფინანსებას დღემდე არ ითვალისწინებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „საყოველთაო“ მიდგომა არარაციონალურია და პროგრამა მიზნობრივ ჯგუფებზე უნდა გახდეს მეტად ორიენტირებული. თუმცა, ამ პრინციპის შეცვლა როგორც მოქმედი, ასევე მომავალი ხელისუფლებისთვისაც შესაძლოა, პოლიტიკურად წამგებიანი ნაბიჯი აღმოჩნდეს.

ჯანდაცვის სფეროში ფასები იზრდება

„საქსტატის“ მონაცემებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ჯანმრთელობის დაცვაზე ფასები დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. ივლისის მონაცემებით კი, ჯანდაცვის სფეროში ფასები წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.1%-ით გაიზარდა.

ფასების მატება დაფიქსირდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (8.7%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (2%). თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ჯანდაცვის სფეროში ფიქსირდება.

ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თენგიზ ვერულავა ჯანდაცვის სერვისებზე ფასების ზრდას ბუნებრივ პროცესად აფასებს.

„ეს არის გამოხატული ტენდენცია მსოფლიოს მასშტაბით. ჯანდაცვის სექტორში ფასები იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ეკონომიკაში. ამის მიზეზია ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, ახალი მედიკამენტების შემოღება“, – აღნიშნა მან ჩვენთან საუბრისას.

მისივე თქმით, ინფლაცია ჯანდაცვის ხარჯების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ფასების ზრდას კი კონკურენციით ებრძვიან.

„ბევრ ევროპულ ქვეყანაში და აშშ-ში გავრცელებულია მესაკუთრეობის მრავალი ფორმა, რაც ზრდის კონკურენციას. მათ შორისაა არაკომერციული სამედიცინო დაწესებულებები. საქართველოში კი სამედიცინო დაწესებულებების მესაკუთრეობის ორი ფორმაა ძირითადად – 90% არის კერძო, 10% კი სახელმწიფო საკუთრებაში“, – აცხადებს თენგიზ ვერულავა.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში ნამდვილად მაღალი კონკურენციაა და ამას სამედიცინო სერვისების მიმწოდებლების სიმრავლით ხსნის.

ჯანდაცვის ექსპერტები ჯანდაცვის ხარჯების შეკავების ეფექტურ მექანიზმად პირველადი ჯანდაცვის, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებასაც მიიჩნევენ.

„პირველადი ჯანდაცვის დონეზე ტარდება პრევენციული ღონისძიებები, რაც შემდგომში მაღალი დანახარჯებისგან იცავს პაციენტსაც და სახელმწიფოსაც. პირველადი ჯანდაცვა რომ გაძლიერდეს, საჭიროა მეტი თანხების მიმართვა პირველადი ჯანდაცვისკენ. ოჯახის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება და შესაბამისი ანაზღაურება“, – ამბობს თენგიზ ვერულავა.

რატომ არ ჰყოფნის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ბიუჯეტი

წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანმრთელობის დაცვაზე 801 მლნ ლარია გამოყოფილი, აქედან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე – 570 მლნ ლარი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მაღალი ტემპით იზრდება და რამდენადაც არ უნდა გაზარდონ დაფინანსება, ის საკმარისი არასოდესაა. 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვაზე 70 მლნ ლარი დაიხარჯა. 2014 წელს პროგრამის ბიუჯეტი 200 მლნ  ლარამდე გაზარდეს, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა და 338 მლნ ლარი დაიხარჯა.

2015 წელს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 470 მლნ ლარით განისაზღვრა, თუმცა არც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა თანხა საკმარისი და 100 მლნ ლარზე მეტის დამატება გახდა საჭირო.

სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული მონაცემებით, მიმდინარე წელს უკვე დახარჯულია 410 მლნ ლარი. თუ ხარჯვის ტემპს გადავხედავთ, დიდი ალბათობით, წლის ბოლოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა (570 მლნ) საკმარისი არც წელს აღმოჩნდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი მიხეილ კუკავა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების ზრდას, მოთხოვნის ზრდა და შემთხვევების გაურგენტულება (შემთხვევების განზრახ დამძიმება) განაპირობებს.

„ხდება ოპერაციული ჩარევები მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არსებობს. ასევე, არის შემთხვევები, როცა მძიმე ონკოლოგიურ პაციენტებს უკეთდებათ ოპერაციები, მაშინ, როცა ამ ოპერაციით მათი სიცოცხლის გახანგრძლივების შანსი არ არსებობს. კლინიკები ამას აკეთებენ იმისთვის, რომ სახელმწიფოსგან მეტი დაფინანსება მიიღონ“, – აღნიშნა მიხეილ კუკავამ.

გაურგენტულების შემთხვევებზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც საუბრობდა. მისი თქმით, „რადგანაც ანაზღაურების სისტემა სხვადასხვაა გადაუდებელ და გეგმურ შემთხვევებში, არის ხოლმე ასეთი მცდელობები კლინიკების მხრიდან, რომ გეგმური შემთხვევები გაიყვანონ გადაუდებლად. ხშირი შემთხვევაა, შეიძლება ასეულობითაც კი, როდესაც პაციენტის მკურნალობის დოკუმენტაციას არასწორად გვაწვდიან“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, სამინისტრო მონიტორინგს ახორციელებს, არამიზნობრივ და შეუსაბამო დოკუმენტაციას კლინიკებს უკან უბრუნებს და, შესაბამისად, არ ანაზღაურებს. მინისტრის თქმით, წელს, წინა წელთან შედარებით, გაურგენტულების შემთხვევები შემცირდა.

საქართველოში სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების განმახორციელებელი არის ერთი ორგანიზაცია – სოციალური მომსახურების სააგენტო. თენგიზ ვერულავა ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ უფრო ეფექტურია, როცა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებს სადაზღვევო კომპანიები მართავენ: „კომპანიებს შორის კონკურენცია ხელს უწყობს სამედიცინო ხარისხის აწევას. ამასთანავე, სადაზღვევო კომპანიები ცდილობენ ხარჯების შეკავებას“.

ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „კერძო კომპანიების ჩართვა სახელმწიფო პროგრამებში ხარჯთეფექტურია, თუმცა ამ ეტაპზე ადმინისტრირების არსებული მეთოდი აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია“.

რას აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო სახელმწიფო პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა. ის საქართველოს ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვისაც ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა პაკეტი არ ჰქონდა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 100%-ით ანაზღაურებს: ოჯახის ექიმის მომსახურებას; ბაზისურ ლაბორატორიულ ანალიზებს; გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას; გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების დიდ ნაწილს (450-ზე მეტი გადაუდებელი მდგომარეობა).

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 70%-ით ანაზღაურებს: გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების რიგ შემთხვევებს; გეგმურ ქირურგიულ ოპერაციებს. გეგმური ოპერაციების შემთხვევაში სახელმწიფო აფინანსებს არა კლინიკაში არსებული ფასის 70%-ს, არამედ სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფასის 70%-ს.

ონკოქირურგიული ოპერაციები და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა პროგრამის ფარგლებში 80%-ით ანაზღაურდება. პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ფინანსდება 500 ლარით, ხოლო საკეისრო კვეთა – 800 ლარით.

პროგრამა არ ითვალისწინებს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების დაფინანსებას, მაშინ, როცა ჯანდაცვის ხარჯების 50%-ზე მეტი სწორედ მედიკამენტებზე მოდის. ამასთანავე, 2014-2015 წლებში ძირითადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები მნიშვნელოვნად (14.2%-ით და 18.3%-ით) გაიზარდა.

2014-2020 წლების საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო კონცეფციის თანახმად, სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და  მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გადახდილი თანხების შემცირებაა. ამ მიზნის მიღწევას მთავრობა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების გაზრდით და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გეგმავდა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა გაზარდა. თუმცა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაუარესდა. მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი შემცირდა. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის ხარჯების უმეტეს ნაწილს (57%-ს) მოსახლეობა კვლავ საკუთარი ჯიბიდან იხდის.

ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, როდიდან იგეგმება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების დაფინანსების ჩართვა.

ჯანდაცვის სამინისტროში განგვიმარტეს, რომ პროგრამაში ეტაპობრივად მოხდება მედიკამენტების დაფინანსების ჩართვა. თუმცა კონკრეტული ვადები არ არის განსაზღვრული.

ანალიტიკოსი მიხეილ კუკავა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე პროგრამაში მედიკამენტების ჩართვა არარეალურია.

„სოციალური პროგრამებისა და ჯანდაცვის დაფინანსებაზე ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიარდი ლარი იხარჯება. ამასთანავე, ამ მიმართულებით ხარჯები ყოველწლიურად იზრდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დაგეგმილზე მეტი იხარჯება. ამ ფონზე, ამ ეტაპზე პროგრამის გაფართოება და  მედიკამენტების დაფინანსება შეუძლებელია“, – ამბობს მიხეილ კუკავა.

ჩაანაცვლებს თუ არა საყოველთაოობის პრინციპს მიზნობრივი მიდგომა

ანალიტიკოსი მიხეილ კუკავა მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არარაციონალურია. არ შეიძლება ყველას ერთნაირად დავუფინანსოთ ჯანდაცვა.

„ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა უნდა გახდეს მიზნობრივი, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ეს გარდაუვალია, რადგან ქვეყანას არ აქვს საყოველთაო ჯანდაცვისთვის საჭირო რესურსი“, – ამბობს კუკავა.

თუმცა, მისივე შეფასებით, ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იქნება არც მოქმედი და არც მომავალი ხელისუფლებისთვის.

„მოსახლეობა შეეჩვია, რომ მის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს იმ შემთხვევაშიც კი, როცა თვითონ შეუძლია დაფაროს საკუთარი ჯანდაცვის ხარჯები. აქედან გამომდინარე, საყოველთაო მიდგომის მიზნობრივით ჩანაცვლება პოლიტიკურად მომგებიანი გადაწყვეტილება არ იქნება“, – ამბობს მიხეილ კუკავა.

მედიცინის აკადემიური დოქტორი თენგიზ ვერულავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოში ჯანდაცვაზე დანახარჯები 2 მლნ 200 ათას ლარს შეადგენს. სამინისტროს კი ჯანდაცვის დაფინანსებისთვის მხოლოდ 800 მლნ ლარი აქვს. შესაბამისად, საჭიროა ამ თანხის უფრო ეფექტურად მართვა.

„მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს თანხები და დააფინანსოს იმათი ჯანდაცვა, ვისაც ყველაზე ნაკლებად მიუწვდება მასზე ხელი. ესენია ღარიბი ფენები და პენსიონერები. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ძირითადი მედიკამენტების დაფინანსება.

რაც შეეხება საყოველთაოობის პრინციპს, ის უნდა დარჩეს საბაზისო დონეზე და კატასტროფულად მაღალი ხარჯებისგან მოსახლეობის დაცვას უნდა გულისხმობდეს“, – ამბობს თენგიზ ვერულავა.

ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ჯანდაცვის საყოველთაოობა წინგადადგმული ნაბიჯია და მისი გადახედვა არ იგეგმება.

გააზიარეთ: