ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა,

რომ საქართველოში მთავრობის ცვლილების შემდეგ დასაქმებულთა რიცხვი 30 ათასით გაიზარდა, კერძოდ კი, გაზრდილია ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რიცხვი.

ნოდარ ხადური არ არის ერთადერთი მინისტრთა კაბინეტიდან, რომელიც უკანასკნელ პერიოდში დასაქმებულთა რიცხვის ზრდას შეეხო. შეგახსენებთ, რომ ფაქტ-მეტრმა უკვე გადაამოწმა პრემიერ-მინისტრის განცხადება

ბიზნეს სექტორში დასაქმებისა და პროდუქციის გამოშვების შესახებ.

ფინანსთა მინისტრის განცხადების გადასამოწმებლად, ჩვენ უკანასკნელი წლების როგორც მთლიანი დასაქმების, ისე ბიზნეს სექტორში დასაქმების სტატისტიკა გავაანალიზეთ. ჯერჯერობით, საქსტატს გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ 2013 წლის მთლიანი დასაქმების სტატისტიკა და ბიზნეს სექტორში დასაქმების კვარტალური მონაცემები 2014 წლის ჩათვლით.

აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, 2013 წელს 1 712 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე 11.9 ათასით ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს დასაქმებულთა რიცხვი 11.9 ათასით შემცირდა, უმუშევრობის სტატისტიკა გაუმჯობესდა და 15%-დან 14.6%-ზე ჩამოვიდა. ეს კი, 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს სამუშაო ძალის 25.2 ათასით შემცირებამ განაპირობა (უმუშევრობა სამუშაო ძალასთან მიმართებაში პროცენტულად ითვლება).

ცხრილი 1:

დასაქმებისა და უმუშევრობის წლიური მაჩვენებლები

2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა), ათასი კაცი 2 024 2 022 1 965 1 918 1 992 1 945 1 959 2 029 2 004
დასაქმებული, ათასი კაცი 1 745 1 747 1 704 1 602 1 656 1 628 1 664 1 724 1 712
უმუშევარი, ათასი კაცი 279.3 274.5 261 315.8 335.6 316.9 2 95.1 3 05.1 291.8
უმუშევრობის დონე, პროცენტებში 13.8 13.6 13.3 16.5 16.9 16.3 15.1 15 14.6
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება უშუალოდ ბიზნეს სექტორში დასაქმებას, საქსტატის ინფორმაციით, 2012 წელს 534 397 მოქალაქე იყო დასაქმებული. ეს მონაცემი 2013 წელს 16 488-ით გაიზარდა და 550 885 შედგინა. 2014 წლის სრული დასაქმების სტატისტიკა ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის, თუმცა საინტერესოა კვარტალური მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2013 წლის ოთხივე კვარტალში საშუალოდ 503 899, ხოლო 2014 წელს 514 623 მოქალაქე იყო დასაქმებული. შესაბამისად, დასაქმება ამ მონაცემების მიხედვით დაახლოებით 11 ათასით გაიზარდა.

გრაფიკი 1:

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა (წლიური მონაცემები)

image001

დასკვნა

ზემოთ მოცემული სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ დასაქმებულთა ჯამური რიცხვი 2013 წელს შემცირდა, თუმცა ასევე შემცირდა სამუშაო ძალა, რამაც საბოლოო ჯამში, უმუშევრობის შემცირება განაპირობა. რაც შეეხება ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რიცხვს, ის 2013-2014 წლებში გაიზარდა და ჯამში 27.5 ათასი შეადგინა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5418 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი