იმერეთი, ქუთაისი
ქუთაისში, პროცენტულად, ყველაზე ცოტა ადამიანი მონაწილეობს არჩევნებში
სიმართლე
870 ნახვა
A+
A
A-

 

„დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გოგი წულაიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ სხვა ქალაქებთან შედარებით, საქართველოს მასშტაბით, ქუთაისი ყოველთვის გამოირჩეოდა ამომრჩეველთა ნაკლები აქტიურობით.

„ყველაზე პასიური არჩევნებში არის ქუთაისი, არც ერთ ქალაქში ისეთი მცირე ამომრჩეველი არ მოდის, როგორც ქუთაისში, ნებისმიერ არჩევნებში – გინდ საპრეზიდენტო, გინდ საპარლამენტო. ასეთია ეს ქალაქი“, – განაცხადა წულაიამ.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში არჩევნები ოთხჯერ გაიმართა: 2012 და 2016 წლებში – საპარლამენტო, 2013 წელს – საპრეზიდენტო, 2014 წელს კი ადგილობრივი თვითმმართველობის.

იმის გასარკვევად, რამდენად აქტიური იყო ქუთაისის ამომრჩეველი არჩევნებში, ფაქტ-მეტრმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალური ვებგვერდიდან შესაბამისი მონაცემები მოიძია. ქუთაისის მონაცემები დიდი ქალაქების: თბილისის, ბათუმისა და რუსთავის მონაცემებს შევადარეთ. ასევე, ამომრჩეველთა აქტიურობა განვიხილეთ იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების ჭრილშიც.

საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სულ 3 613 851  ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული, აქედან ქუთაისში – 162 732. ქვეყნის მასშტაბით, ამ არჩევნებში ამომრჩეველთა 61%-მა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. ქუთაისში კი, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის 54% გამოცხადდა.

თბილისთან, ბათუმთან და რუსთავთან შედარებით, 2012 წელს ქუთაისში, პროცენტულად, ამომრჩეველთა ყველაზე მცირე რაოდენობა დაფიქსირდა. იგივე განმეორდა 2013, 2014 და 2016 წლებში გამართულ არჩევნებზეც.

 

ცხრილი 1: ამომრჩეველთა აქტივობა ბოლო ოთხი არჩევნების მიხედვით (%)

  2012 2013 2014 2016
საქართველო 61 46.95 43.31 51.63
თბილისი 62 44 37.3 50.01
ბათუმი 58 42 36.57 49.06
რუსთავი 59 42.05 36.24 48.40
ქუთაისი 54 39.33 30.67 42.51

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, ქუთაისელი ამომრჩევლის აქტივობა ბოლო ოთხ არჩევნებში საქართველოს საერთო მონაცემზეც დაბალია. ქუთაისელები აქტიურობაში ჩამორჩებიან თბილისის, ბათუმისა და რუსთავის ამომრჩევლებსაც. ზოგადად, საქართველოს საარჩევნო ასაკის მოსახლეობა ყველაზე აქტიური საპარლამენტო არჩევნების დროსაა.

ქუთაისის ამომრჩეველი ყველაზე პასიური აღმოჩნდა იმერეთის 12 მუნიციპალიტეტს შორისაც.

 

ცხრილი 2: ამომრჩეველთა აქტივობა იმერეთის მუნიციპალიტეტებში (%)

  2012 2013 2014
სამტრედია 64 45.66 65.54
ვანი 62 50.22 58.93
ხონი 65 59.4 63.89
ხარაგაული 73 63.05 62.71
ჭიათურა 64 47.45 43.8
საჩხერე 76 63.05 51.16
თერჯოლა 69 55.04 59.25
ზესტაფონი 65 47.72 43.74
ტყიბული 61 48.96 50.64
წყალტუბო 57 45.75 43.46
ბაღდათი 62 48.22 56.07
ქუთაისი 54 39.33 30.67

 

2016 წელს საქართველოში საარჩევნო კოდექსი შეიცვალა. ახალი კოდექსის მიხედვით მოხდა საარჩევნო ოლქების გაერთიანება. იმერეთში შეიქმნა სამი გაერთიანებული საარჩევნო ოლქი: თერჯოლა-ტყიბულის, ბაღდათი-ხარაგაულისა და ხონი-სამტრედიის. შესაბამისად, 2016 წლის იმერეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ამომრჩეველთა აქტივობა გაერთიანებული ოლქების გათვალისწინებით განვიხილეთ.

 

ცხრილი 3: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა (იმერეთში, %)

მუნიციპალიტეტი %
თერჯოლა-ტყიბული 58.43
ბაღდათი-ხარაგაული 60.2
ხონი-სამტრედია 55.8
ზესტაფონი 55.5
ჭიათურა 50.48
ვანი 65.45
საჩხერე 59.07
წყალტუბო 53.37
ქუთაისი 42.51

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით დგინდება, რომ იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა აქტიურობის მაჩვენებლების მიხედვითაც, ქუთაისელი ამომრჩეველი ოთხივე არჩევნებში უფრო პასიური იყო, ვიდრე დანარჩენ მუნიციპალიტეტებში.

 

დასკვნა

2012, 2013, 2014 და 2016 წლებში ჩატარებული არჩევნების შედეგების კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს დიდ ქალაქებს შორის ქუთაისელი ამომრჩეველი ყველაზე პასიურია. პროცენტულად, თბილისს, ბათუმს, რუსთავსა და ქუთაისს შორის საარჩევნო ყუთებთან ყველაზე ნაკლები ამომორჩეველი ქუთაისში ფიქსირდება.

ქუთაისელი ამომრჩევლები ნაკლებ აქტიურობენ იმერეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს შორისაც. 12 მუნიციპალიტეტის მონაცემების მიხედვით, იმერეთში, ოთხივე არჩევნებში, ამომრჩეველთა აქტივობის ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ქუთაისში ფიქსირდება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გოგი წულაიას განცხადება არის სიმართლე.

გააზიარეთ: