ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მედიასთან საუბარში მუნიციპალური ტრანსპორტის შესახებ შემდეგი განცხადება

გააკეთა: "ჩატარდა სატრანსპორტო რეფორმის პირველი ეტაპი, ასევე, სრულიად გამჭვირვალე კონკურსი, საკონკურსო პროცესში ოპოზიციის წარმომადგენლების ჩართულობით და კონკურსის პირდაპირი ტრანსლირებით, რომლის შედეგებმაც ადგილობრივ ბიუჯეტში ამ სფეროდან მანამდე არსებული შემოსავლები 2 მილიონი ლარით გაზარდა. ანუ, ქალაქმა მხოლოდ ამ ნაბიჯით დაიბრუნა ყოველწლიური მინიმუმ 2 მილიონი ლარი, რომელიც მავანთა ჯიბეში ილექებოდა".

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

მუნიციპალური ტრანსპორტიდან ადგილობრივ ბიუჯეტში შესული თანხების დასადგენად ჩვენ ქუთაისის მერიიდან  საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. მიღებული დოკუმენტის

 საფუძველზე გაირკვა, რომ 2013 წელს ტრანსპორტიდან ქალაქის ბიუჯეტში შესული თანხის (ნებართვის საფასურის/მოსაკრებლის) ოდენობა 282 863 ლარია, 2014 წელს - 305 030 ლარი, 2015 წელს - 451 754 ლარი. 2016 წლის პირველ ექვს თვეში კი, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 321 ათასი ლარი შეადგინა. ქუთაისის ბიუჯეტში მუნიციპალური ტრანსპორტიდან მიღებული შემოსავლების დინამიკა მზარდია, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დასახელებული 2 მილიონიანი მატება არსად ფიქსირდება.

აღნიშნული საკითხის შესახებ ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საკრებულოს წევრს, ბესიკ ბრეგაძეს ვესაუბრეთ. მისი განცხადებით, ბრალდება კორუფციული სქემისა და 2 მილიონის მითვისების შესახებ აბსურდულია, ვინაიდან ტრანსპორტიდან მიღებულ შემოსავალს არცერთი ხელისუფლების პირობებში მილიონ ლარიანი ნიშნულისთვისაც კი არ მიუღწევია. რაც შეეხება მზარდ დინამიკას, ბრეგაძის აზრით, ეს გასაკვირი არ არის,  ვინაიდან მსგავსი ტენდენცია წარსულშიც ფიქსირდებოდა. ამის მთავარი მიზეზი სატრანსპორტო ქსელის ყოველწლიური გაფართოება და ახალი სამარშუტო ხაზების დამატებაა. ფაქტ-მეტრმა წინა ხელისუფლების პერიოდში არსებული სიტუაციაც მიმოხილა, საიდანაც გაირკვა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტიდან მიღებული შემოსავალი ქუთაისში მართლაც მზარდი იყო.

ცხრილი 1:

ტრანსპორტიდან მიღებული შემოსავალი ქუთაისში

      წელი             შემოსავალი
1      2010 219 344 ლარი
2      2011 257 680 ლარი
3      2012 275 876 ლარი

საკრებულოს თავმჯდომარემ სატრანსპორტო კონკურსზეც ისაუბრა, რომელიც გასულ წელს ჩატარდა. კონკურსში მონაწილე კომპანიებს გამარჯვების შემთხვევაში, სხვადასხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან ერთად, ავტოპარკის განახლების ვალდებულებაც ეკისრებოდათ. მათ შერჩევას კი, სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებისგან შემდგარი სპეციალური კომისია ახორციელებდა. მეტი გამჭვირვალობისთვის კონკურსის მიმდინარეობა პირდაპირი ვიდეოტრანსლაციის სახით ქუთაისის მერიის ფოიეში დამონტაჟებულ მონიტორებში გადაიცემოდა. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს ამ პროცესისთვის თვალყურის მიდევნების საშუალება ჰქონდათ.

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის ინფორმაციით, კომპანიების შერჩევა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ხდება და მიზანი სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება, მგზავრობის ფასის შენარჩუნება და ბიუჯეტის შემოსავლების ზრდაა. მერიაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას და სატრანსპორტო რეფორმის სრულად განხორციელებას გეგმავენ, თუმცა, კონკრეტული სამომავლო ღონისძიებების შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ.

დასკვნა

ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტიდან ბიუჯეტში შემოსავლები მართლაც გაიზარდა, თუმცა არა 2 მილიონი ლარით, როგორც ამას დავით დვალი ამბობს. ამ წყაროდან მიღებული შემოსავალი რამდენჯერმე ჩამორჩება ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დასახლებულ მაჩვენებელს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ზრდის დინამიკა მუნიციპალური ტრანსპორტიდან მიღებულ შემოსავლებში უცხო მოვლენა არ არის და აღნიშნული ტენდენცია გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა, მათ შორის წინა ხელისუფლების პირობებშიც.

რაც შეეხება სატრანსპორტო კონკურსს, ის მართლაც ჩატარდა გასულ წელს და მის გამჭვირვალობაზე კითხვები არ დასმულა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ტიპის კონკურსი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, შესაბამისად, ამ მხრივ რაიმე სიახლე არ ყოფილა. ქუთაისის მერიის წარმომადგნელები აცხადებენ, რომ სატრანსპორტო რეფორმის მიზნით, უახლოეს მომავალში სხვადასხვა ღონისძიებები გატარდება, თუმცა კონკრეტული დეტალები არ დაუსახელებიათ.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით დვალის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი