ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის მერიას ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. საუბარია მერიის დაკვეთით გადაღებულ სარეკლამო ვიდეორგოლზე, რომელიც ცენტრალური ტელევიზიების ეთერით გადიოდა. „კლიპის დამზადებასა და ცენტრალურ არხებზე განთავსებაში 83 ათასი ლარი იქნა გადახდილი. ეს სხვა არაფერია, თუ არა პიარი, იმიტომ, რომ თვითონ მიზნობრიობაშიც, დოკუმენტაციაშიც, არაფერი წერია, თუ რა სარგებელი მოაქვს კლიპის განთავსებას მოსახლეობისთვის ან მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისთვის“, - განაცხადა

ორგანიზაციის წარმომადგენელმა თორნიკე ბარათაშვილმა.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა.

„ქუთაისი ქვეყნის ჩემპიონია“ - ამ სლოგანით შექმნილ 37 წამიან ვიდეორგოლში

ქალაქის კადრებია აღბეჭდილი და დასრულებულ თუ მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი.

სარეკლამო ვიდეორგოლის გადასაღებად 2016 წლის 8 ივნისს ქუთაისის მერიამ პირველი გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (

SPA160016681) 5 000 ლარზე გამოაცხადა. ვიდეორგოლში უნდა ასახულიყო ბოლო ორი წლის განმავლობაში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ვიდეორგოლის მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობის დონისა და ცნობიერების გაზრდა იყო.

ტენდერში შპს „ქედი-სტუდიომ“ გაიმარჯვა და ვიდეორგოლის დასამზადებლად 4 580 ლარი მოითხოვა. 7 ივლისს მერიასა და „ქედი სტუდიოს“ შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სტუდიას ვიდეორგოლი დამკვეთისთვის 20 აგვისტომდე უნდა მიეწოდებინა.

მეორე ტენდერი (

SPA160025277) ქუთაისის მერიამ ვიდეორგოლის სატელევიზიო ეთერში განსათავსებლად 20 სექტემბერს გამოაცხადა. ლოტის საწყისი ღირებულება 80 000 ლარი იყო. მიმწოდებელს 15 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ორ რეიტინგულ საინფორმაციო სატელევიზიო არხზე ვიდეორგოლის გაშვება უნდა უზრუნველეყო. ტენდერში შპს "თბს ტვ"-მ გაიმარჯვა. ქუთაისის მერიამ კომპანიას 78 400 ლარი გადაუხადა. ვიდეორგოლი ცენტრალური არხების - "რუსთავი 2-ის" და „იმედის“ ეთერში 10 დღის განმავლობაში გადიოდა.

მაუწყებლობის შესახებ

 კანონის 66-ე პრიმა მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება აკრძალულია. თუმცა, კანონის 66 (1) მუხლი გამონაკლის შემთხვევას განსაზღვრავს, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სოციალური რეკლამის განთავსებას საზოგადოებრივ მაუწყებელზე ან შესყიდვის განხორციელებას საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე ინფორმაციის გავრცელების მიზნით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არის ბიუჯეტის ცალკე მუხლით განსაზღვრული.

ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა მამისეიშვილმა ფაქტ-მეტრთან საუბარში განმარტა, რომ აღნიშნული ვიდეორგოლის მომზადება და ეთერში განთავსება ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტით (

კოდი 0108) იყო განსაზღვრული, სადაც საინფორმაციო უზრუნველყოფის პროგრამისთვის წელს 200 ათასი ლარია გამოყოფილი (უნდა აღინიშნოს, რომ ტელე-რადიო მაუწყებლობისა და ბეჭდური ხარჯებისათვის 2016 წელს გამოყოფილი ეს თანხა თითქმის ორჯერ მეტია 2015 წელს ამ მიზნით გაწეულ ხარჯებზე. ამასთან, ქუთაისის საკრებულომ მიიღო ბიუჯეტის ცვლილებები, რომლითაც საინფორმაციო უზრუნველყოფის პროგრამას დამატებით 10 ათასი ლარი დაემატა).

აღსანიშნავია, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში არსადაა მითითებული, რა სოციალურ-ეკონომიკური შედეგი შეიძლება მოჰყვეს ვიდეორგოლის მომზადებისა და ეთერში განთავსებისთვის ბიუჯეტიდან გადახდილ თანხას - 83 ათას ლარს. დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ვიდეორგოლი მიზნად ისახავს ქუთაისში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის და ცნობიერების გაზრდას.

კლიპისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის მიზანშეწონილობის დასაბუთება ქუთაისის მერიას ვთხოვეთ. უწყებისგან მიღებულ პასუხში 

წერია, რომ მერიის ვალდებულება იყო, მოსახლეობისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ბოლო პერიოდში (იგულისხმება 2014-2016 წლები) მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე. თუმცა, კლიპი ზოგადი ხასიათისაა და მასში არ არის მითითებული, რა პერიოდს ეხება ის, ასევე, არ არის მითითებული რომელ პროექტზე რა თანხა დაიხარჯა. აგრეთვე, სატენდერო დოკუმენტებში 400 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოებია ნახსენები, ვიდეორგოლში კი საუბარია 500 მლნ ლარის პროექტებზე.

საქართველოს კანონმდებლობით (თვითმმართველობის კოდექსის მუხლი 16),

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებში საბიუჯეტო სახსრების განკარგვა შედის. იმის შესახებ, არის თუ არა ხარჯის გაწევა ქუთაისის მერიის მხრიდან სათანადოდ დასაბუთებული, ფაქტ-მეტრი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გიორგი სანტურიანს ესაუბრა.

„პირდაპირ უკანონობა ამაში არაფერია. უბრალოდ, ერთი კითხვა, რაც შეიძილება დაისვას ისაა, რამდენად რაციონალურად იყო 83 ათასი ლარის ოდენობის ხარჯი გაწეული“, - აცხადებს სანტურიანი.

წინასაარჩევნო პერიოდში ვიდეორგოლის ეთერში გაშვების მიზეზად ქუთაისის მერია იმას ასახელებს, რომ ნოემბერში სატელევიზიო ტარიფები იმატებს.

დასკვნა

ქუთაისის მერიას ქალაქში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლის მომზადება და ცენტრალურ არხებზე განთავსება ჯამში 82 980 ლარი დაუჯდა.

სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რატომ შეიცავს ვიდეორგოლი საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე ინფორმაციას. ამასთან, მერიის მიერ მოწოდებული პასუხები ფაქტ-მეტრის კითხვებზე ასევე ზოგადი ხასიათისაა და არ აკონკრეტებს, ბიუჯეტიდან დახარჯული 83 ათასი ლარის შედეგად საზოგადოებამ რა სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი მიიღო.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, თორნიკე ბარათაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი