„რუსთავი 2“-ის ეთერში „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სამსონ გუგავამ განაცხადა, რომ ქუთაისის თვითმმართველობა დღემდე იხდის ქუთაისის წყალმომარაგების პროექტისთვის 2007 წელს აღებული სასესხო ვალდებულებით დაკისრებულ თანხას, პროექტის მიხედვით კი, ქუთაისს 24 საათიანი წყალმომარაგება უკვე 2009 წელს უნდა ჰქონოდა.

„ზუსტად 2007 წელს ქალაქის თვითმმართველობამ აიღო სასესხო ვალდებულება, რომელსაც დღემდე ვიხდით, წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის, თანადაფინანსებით 30% დაამატა და 27 მილიონი დოლარი შეადგინა ამ თანხამ. დაპირება იყო ასეთი, თავისი გათვლებითა და საექსპერტო დასკვნებით, რომ 2009 წელს ქუთაისში უნდა ყოფილიყო 24 საათიანი წყალმომარაგება. ეს აღმოჩნდა ცრუ დაპირება, იმდენად, რამდენადაც წყალი დღესაც არ აქვს ქალაქს“, - განაცხადა გუგავამ.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

დაახლოებით 10 წლის წინ, საქართველომ, ქალაქმა ქუთაისმა და შპს „ქუთწყალკანალმა“ ქუთაისში წყალმომარაგების პროექტის გარკვეული ნაწილის დასაფინანსებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს დახმარება თხოვეს. ბანკთან სასესხო ხელშეკრულება 2006 წლის 15 სექტემბერს დაიდო. ბანკი თანხმობას აცხადებდა, ქუთაისის წყალმომარაგების პროექტის განსახორციელებლად 3 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოეყო.

2007 წლის 28 მაისს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, ქუთაისის თვითმმართველობასა და მაშინდელ შპს „ქუთწყალკანალს“ შორის ქუთაისის წყალმომარაგების პროექტის ადმინისტრირების ხელშეკრულება

დაიდო.

თავის მხრივ, მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ) იღებდა ვალდებულებას, დონორის ფინანსური სახსრების გამოყენებით, დაეფინანსებინა ქუთაისის წყალმომარაგების პროექტის განხორციელება, რაც პროექტის ადმინისტრირების ხელშეკრულების მე-2 მუხლშიც არის აღნიშნული. პროექტის განმახორციელებელიც მუნიციპალური განვითარების ფონდი იყო.

პროექტის ადმინისტრირების ხელშეკრულებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტი იღებდა ვალდებულებას, მუნიციპალური განვითარების ფონდის საბანკო ანგარიშზე (კვარტალურად) თანადაფინანსების თანხა გადაერიცხა, რომელიც პროექტის ღირებულების 18%-ს შეადგენდა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით,

ამ ვალდებულების შესაბამისად, მგფ-ს ადგილობრივი ბიუჯეტის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროგრამიდან 309 899 ლარი გადაერიცხა.

სამსონ გუგავას განცხადებით, პროექტი 24 საათიან წყალმომარაგებას ითვალისწინებდა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, პროექტით წყალმომარაგების გარკვეული სექტორების რეაბილიტაცია 2007-2010 წლებში იგეგმებოდა.

წყალმომარაგების პროექტის მიმდინარეობისას ქალაქის მოსახლეობაუკმაყოფილებას ხშირად გამოთქვამდა.

ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ სამუშაოები უხარისხოდ სრულდებოდა. პროექტის დაწყებიდან 2 წლის თავზე მოსახლეობას პრეტენზიები წყლის გრაფიკთან დაკავშირებითაც ჰქონდა. უბნებს წყალი მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა, თანაც არა ყოველდღიურად.

ალეკო ბაძგარაძე, რომელსაც ფაქტ-მეტრი დაუკავშირდა, 2009 წელს შპს „ქუთწყალკანალის“ სამართალმემკვიდრე კომპანიაში, შპს „დასავლეთის წყალში“ ქუთაისის სერვისცენტრის შემოსავლების სამსახურის უფროსად მუშაობდა. იგი ამბობს, რომ ქუთაისის წყალმომარაგების პროექტით, ძირითადად, წყალსაცავების მოწესრიგება იყო გათვალისწინებული, რისთვისაც გერმანიიდან თანამედროვე წყალსაქაჩი მოწყობილობები ჩამოიტანეს და სხვადასხვა წყალშემკრებ ადგილას დაამონტაჟეს.

„იმ პროექტით 24 საათიანი წყალმომარაგება არც იყო გათვალისწინებული. ის თანხა, რაც მაშინ იქნა მოძიებული, მთლიანად ამორტიზირებული ქსელის რეაბილიტაციას არანაირად არ ეყოფოდა“, - განაცხადა ბაძგარაძემ.

ქუთაისის წყლით უზრუნველსაყოფად სამუშაოებს ამ ეტაპზე ესპანური და თურქული კომპანიები ასრულებენ, რისთვისაც 86 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტი საბოლოოდ 2018 წელს უნდა დასრულდეს

და ქალაქის 24 საათიანი წყალმომარაგებაც ამ დროიდან იგეგმება.

დასკვნა

როგორც გაირკვა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) სასესხო ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდმა, „ქუთწყალკანალმა“ და ქუთაისის მუნიციპალიტეტმა გააფორმეს. ბანკმა ქუთაისის წყალმომარაგების პროექტისთვის 3 მილიონი გამოყო და არა 27 მილიონი დოლარი, როგორც სამსონ გუგავამ განაცხადა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტი, პროექტის ადმინისტრირების ხელშეკრულების თანახმად, პროექტის ღირებულების 18%-ით თანადაფინანსების ვალდებულებას იღებდა. მან ეს თანხა (309 899 ლარი) მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაურიცხა კიდეც და დღეისთვის, 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, არავითარი ვალდებულება არ გააჩნია.

ქუთაისის წყალმომარაგების პროექტი მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებითუზრუნველყოფას არ ითვალისწინებდა.

შესაბამისად, სამსონ გუგავას განცხადება არის მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი