საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა,

რომ "ქართულმა ოცნებამ" შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების საკითხი დღის წესრიგიდან რეალურად მოხსნა. 2011 წელს სააკაშვილი და ობამა შეთანხმდნენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყებოდა. "ქართულმა ოცნებამ" კი, მთელი ფსონი დადო რუსეთის ბაზარზე".

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების შესაძლებლობა აშშ-ის პრეზიდენტმა 2012 წლის დასაწყისში, ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას დაადასტურა.ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მაღალი დონის დიალოგს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, მათ შორის, შესაძლო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების კუთხით. თუმცა, 2012 წლის შემდეგ საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლები თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე აშშ-თან დიალოგის დაწყებას უარყოფდნენ. გასული წლის მაისში საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა,

რომ საუბრები აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ირაკლი ღარიბაშილის განცხადებთ, მან აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლებისგან შეიტყო, რომ "ყველაზე დიდი უხერხულობა" აშშ-ის მთავრობას პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეუქმნა, "როდესაც მან მისცა ინტერვიუ "უოლ სტრიტ ჯორნალს" და თქვა, რომ ამერიკის მთავრობას თითქოს აღნიშნული სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მზაობა ჰქონდა. ეს არის აბსურდი, ეს არის სასაცილო უბრალოდ. ეს არის დაცინვა და შეურაცხყოფა ჩვენი მოსახლეობის".

აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის იდეა სააკაშვილი-ობამას შეხვედრის დროს პირველად არ გაჟღერებულა. საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების ინიციატივით, ჯერ კიდევ 2009 წელს, დემოკრატი სენატორი ჯონ კერი და რესპუბლიკელი დევიდ დრაიერი გამოვიდნენ. მათი განცხადებით, აშშ-თან ვაჭრობის განვითარება საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას ხელს შეუწყობდა.თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (FTA) ქვეყნებს შორის სავაჭრო ბარიერების მოხსნას, ინვესტიციებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ღონისძიებებს ითვალისწინებს. ამჟამად, ასეთი რეჟიმი აშშ-ს 20 ქვეყანასთან აქვს დაწესებული. ბოლო ორმხრივი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სამხრეთ კორეასთან

ძალაში 2012 წლის 15 მარტს შევიდა.

ამჟამად, აშშ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს კონკრეტულ ქვეყნებთან არ აწარმოებს და მოლაპარაკებები

ტრანს-წყნარი ოკეანის და ტრანსატლანტიკურ სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებებზე მიმდინარეობს.

დღეს საქართველოს აშშ-თან ვაჭრობის ცალმხრივად შეღავათიანი რეჟიმი აქვს - GSP (Generalized System of Preferences - პრეფერენციების განზოგადებული სისტემა). აღნიშნული რეჟიმი 3 ათასზე მეტი დასახელების ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ GSP

რეჟიმი მუდმივმოქმედი არ არის და პერიოდულად გადახედვას ექვემდებარება. მასთან შედარებით, თავისუფალ ვაჭრობას ის უპირატესობა აქვს, რომ თითქმის ყველა დასახელების საქონელს შეეხება. გარდა ამისა, ეს რეჟიმი მუდმივმოქმედია, რაც ინვესტორებისთვის სტაბილურობის გარანტიას ქმნის.

რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხი 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გააქტიურდა. პრემიერ-მინისტრ ბიძინაივანიშვილის2012 წლის 1 ნოემბრის განცხადებით, თბილისი მოსკოვთან ურთიერთობების ახალ ფორმატზე გადავიდა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლადზურაბაბაშიძედაინიშნა. ახალ თანამდებობაზე ზურაბ აბაშიძის ერთ-ერთი პირველი დავალება ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტისაღდგენაზე მუშაობის დაწყება გახდა. საამისოდ ივანიშვილმა აბაშიძეს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მუშაობა დაავალა.რუსეთის ფედერაციაში ქართული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტზე შეზღუდვები 2013 წლის ოქტომბრიდან მოიხსნა. საქართველო აშშ-თან და რუსეთთან ერთად ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) წევრია და შესაბამისად, WTO-ს წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობები "უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის (MFN)" საფუძველზე ხორციელდება. 2015 წლის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის აშშ მეცხრე, ხოლო რუსეთი მეორე პოზიციას იკავებდა. 2016 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით,

რუსეთმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა ხოლო, აშშ ათეულში აღარ ხვდება.

image001

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში აღნიშნულია, რომ "ღია, პარტნიორული და თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ყველა სახელმწიფოსთან და სახელმწიფოთა გაერთიანებებთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რეგიონის ქვეყნებთან, საქართველოს მნიშვნელოვანი არჩევანია". ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020-

ში ნათქვამია, რომ "დიდი ყურადღება დაეთმობა აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, მათ შორის, ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში მოლაპარაკებების დაწყებას შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე".

2009 წლის 9 იანვარს, ვაშინგტონში, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოეწერა ხელი. ქარტიის რეალიზაციის მიზნით კომისია შეიქმნა, რომელიც ოთხ ორმხრივ სამუშაო ჯგუფს მოიცავს: დემოკრატია და მმართველობა; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები. აღნიშნული მიმართულებები ორი ქვეყნის ურთიერთობის ჩარჩოს წარმოადგენს.

ქარტიის კომისიის შეხვედრები რეგულარულად იმართება.

ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფების ბოლო შეხვედრა 2016 წლის 12 აპრილს გაიმართა, რომელიც საქართველო - აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს, მათ შორის ორმხრივ და რეგიონულ საინვესტიციო პროექტებს შეეხო. აღნიშნულ ფორმატში სამომავლოდ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხების შესაძლო გაფორმების თემაც ფიგურირებს. თუმცა, საგარეო უწყებიდან მიღებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-თან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების თემა მაღალი დონის დიალოგებში მუდმივად ფიგურირებს, შესაბამისი შეთანხმების გაფორმების თაობაზე რეალური მოლაპარაკებები არ დაწყებულა და სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხზე იმუშავებდა არ შექმნილა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში არსებული ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის ფორმატში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საკითხების განხილვა არა განცალკევებულად, არამედ დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა ეკონომიკურ საკითხებთან ერთად ხდება, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის მხრიდან კომისიისა და ჯგუფების საქმიანობას სახელმწიფო დეპარტამენტი და არა სავაჭრო წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის საკითხი სამუშაო ჯგუფის ყველა შეხვედრაზე განიხილება.

2012 წელს ვაჭრობისა და ინვესტიციების მაღალი დონის დიალოგის (HLTID) ფორმატი შეიქმნა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაღრმავებასა და ინვესტიციის მოზიდვის საშუალებებზეა ორიენტირებული. აღნიშნული დიალოგის ბოლო შეხვედრა 2015 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელ მაიკლ ფრომანს შორის შედგა.შეხვედრაზე ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის საკითხებთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობაც განიხილეს.

დასკვნა

საქართველოსა და აშშ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლო გაფორმების თაობაზე განცხადება პრეზიდენტმა ობამამ ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას, 2012 წლის დასაწყისში გააკეთა. თუმცა, მოგვიანებით, საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლები ამ ფაქტს უარყოფდნენ და პრეზიდენტ სააკაშვილს ამ თემაზე სპეკულაციაში ადანაშაულებდნენ. ამავე დროს, მთავრობის წარმომადგენლების მტკიცებით, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივა დღის წესრიგში დგას და მუდმივად კეთდება განცხადებები მისი მნიშვნელობის შესახებ. საგარეო უწყების ინფორმაციით, თავისუფალი ვაჭრობის საკითხი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში არსებული ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეხვედრებისას განიხილება. მართალია, მთავრობას აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების საკითხი დღის წესრიგიდან ოფიციალურად არ მოუხსნია, თუმცა, ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კანდელაკის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი