გაზეთი ფაქტ-მეტრი
ქართული თხილის ფასის მკვეთრი ვარდნის გამომწვევი მიზეზები
უკატეგორიოდ
5564 ნახვა
A+
A
A-

ქართული თხილი უმსხვილეს საექსპორტო საქონელთა რიგებშია და გასულ წელს ექსპორტის მოცულობით (თანხაში) მეორე ადგილს იკავებდა. საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (საქსტატი) მონაცმებით, 2016 წელს თხილის ექსპორტმა 179. 5 მლნ დოლარი შეადგინა.

 

ცხრილი 1: თხილის ექსპორტის მოცულობა და მისი წილი მთლიან ექსპორტში

2013 2014 2015 2016
T V % T V % T V % T V %
166.7 30.2 5.7 183.4 19.9 6.4 176.6 19.4 8 179.5 27.1 8.5

T  – თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები (მლნ აშშ დოლარი)

V – თხილის ექსპორტის მოცულობა (ათასი ტონა)

%  – თხილის ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში

 

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, 2014 წელს თხილის მსოფლიო ბაზრის 63% თურქეთში წარმოებულ თხილს ეჭირა. თურქეთის შემდეგ, მეორე და მესამე ადგილს იტალია (11%) და საქართველო (5%) იკავებდნენ. აქედან გამომდინარე, ბაზარზე თხილის ფასი თურქეთში მის მოსავალზეა დამოკიდებული, რადგან თხილის ბაზარზე ძირითადი მიმწოდებელი ისაა. ამასთან, ევროპაში თხილის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები გერმანია, იტალია და საფრანგეთი არიან. ამ ქვეყნებში თხილის მიწოდებას თურქეთი უზრუნველყოფს. 2016 წელს ექსპორტზე გატანილი თხილის მოცულობა მეტად გაიზარდა, ვიდრე მიღებული შემოსავალი, რაც იმას მიანიშნებს, რომ 2014-2015 წლებში საექსპორტოდ წარმოებული თხილის ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2016 წელს. ფაქტ-მეტრი თხილის წარმოებასა და ფასზე გასულ წლებშიც წერდა (იხ. ბმული: 1; 2).

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ფასი ყველაზე მაღალი 2014 წელს იყო და საშუალოდ 9 დოლარს (იმ პერიოდის ლარის კურსით 15 ლარი) შეადგენდა (იხ. ცხრილი 1). აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ წელს თურქეთში თხილის მოსავალი ბოლო ათი წლის მანძილზე ყველაზე დაბალი იყო. ბოლო რამდენიმე წლის მიხედვით, თურქეთში თხილის მოსავალი საშუალოდ 600 ათასი ტონაა, ხოლო 2014 წელს კი – 380 ათასი ტონა იყო. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს თურქეთში თხილის მაღალ მოსავალს ვარაუდობდნენ, ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და თხილის ყვავილობისას ყინვებმა მოსავალი მნიშვნელოვად შეამცირა. 2014 წელს თხილის ფასმა თურქეთში 19 ლირას (იმ დროინდელი ლარის კურსით 16 ლარი) მიაღწია. ამჟამდ თურქული თხილის ფასი 9-10 ლირაა, რაც ლარის მიმდინარე კურსით 6.5-7 ლარს შეადგენს.

დღევანდელი მდგომარეობით, თხილის ფასი სამეგრელოში სხვადასხვაა, რაც მიმღებ პუნქტებში, თხილის რეალიზაციის დროს, შემთხვევით არჩეული ათი ცალი თხილის გულში ვარგისიანი გულების რაოდენობის 0.3 ლარზე გამრავლებით განისაზღვრება. თხილის მაქსიმალური ფასი 3 ლარს არ აჭარბებს, რომელიც წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში ფიქსირდება.

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში 29.5 ათასი ტონა თხილი იქნა წარმოებული, როცა 2015 წელს ეს მაჩვენებელი 35.3 ათასი ტონა, ხოლო 2014 წელს 33.8 ათასი ტონა იყო. 2016 წელს ქვეყანაში წარმოებული თხილის 52% სამეგრელოს რეგიონზე მოდის, ხოლო მეორე ადგილს გურია იკავებს 24%-ით. გურიის რეგიონისგან განსხვავებით, სამეგრელოს რეგიონში თხილის მოსავალი კლებადია (იხ. ცხრილი2).

 

ცხრილი 2: თხილის წარმოება საქართველოში (ათასი ტონა)

რეგიონი 2014 2015 2016
აჭარა 0 0 1.5
გურია 6.2 6.2 7.2
იმერეთი 3.2 4.2 3.4
კახეთი 0 0 1.2
მცხეთა-მთიანეთი 0 0 0.1
სამეგრელო-ზემო სვანეთი 20.7 18.8 15.3
ქვემო ქართლი 0 0 0.5
შიდა ქართლი 0 0 0.1
სხვა დანარჩენი 3.6 6.1 0.0
სულ 33.8 35.3 29.5

 

2015 წელს სამეგრელოში მავნებელი აზიური ფაროსანა გამოჩნდა, რომელმაც თხილის 2016 წლის მოსავალი დააზიანა. წელს მავნებლის მიერ მიყენებული ზარალი გაცილებით მეტია. განსაკუთრებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლები დაზარალდა, სადაც ადგილობრივი ფერმერები დიდი ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ.

2017 წლის 24 მარტს საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 7 574 400 ლარი გამოიყო, რითაც 70 000 ლიტრი ბიფენტინის შემცველი ინსექტიციდის შესყიდვა უნდა განხორციელბულიყო. მიმდინარე წლის 13 აპრილს ელ. ტენდერის საშუალებით გაფორმებული ხელშეკრულებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 341 000 ლარის ღირებულების 70 000 ლიტრი თურქული წარმოების პრეპარატი “ზონდერი 100 (CERVIAN 1OO EC)” შეისყიდა, რომლის მიწოდება სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონში შპს “აგრიდამ” 4 მაისს უზრუნველყო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში აზიური ფაროსანას შეწამვლა 19 ივნისს დაიწყო. თუმცა, მაშინ ადგილობრივი ფერმერები აცხადებდნენ, რომ შეწამვლის პროცესი დაგვიანდა, რაც ნაყოფის ზრდის პროცესში უნდა მომხდარიყო, სანამ მავნებელი დააზიანებდა.

ფაქტ-მეტრი რამდენიმე ზუგდიდელ ფერმერს დაუკავშირდა. მიუხედავდ იმისა, რომ მთავრობის განკარგულებით თხილის ფართოებების დამუშავება ორჯერ უნდა განხორციელებულიყო, მათი თქმით, ფართობები ერთხელ შეიწამლა. მოსახლეობა პრეპარატის არაეფექტურობაზეც საუბრობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა დადებითად შეაფასა, ხოლო შეწამვლის დაგვიანებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გლეხები შეცდომაში ადგილობრივმა ექსპერტებმა ან „პოლიტიკურად ანგაჟირებულმა“ პირებმა შეიყვანეს.

უნდა აღინიშნოს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინსტრუქციის მიხედვით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პირველი წამლობა უნდა ჩატარდეს ივნისის დასაწყისში დაბალი ზონაში, ხოლო ოდნავ მოგვიანებით მაღალი ზონის სოფლებში. მიუხედავდ ამისა, ზუგდიდში წამლობა ივნისის ბოლოსთვის დაიწყო, ხოლო თხილის მოსავლის დაზიანებით დაბალი ზონის სოფლები გამოირჩევა, ვიდრე მაღალი ზონის.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მავნებლებისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნასა და კომპენსაციას ითხოვდა. ისინი აცხადებდნენ, რომ შეწამვლა დაგვიანებით და თანაც ერთხელ განხორციელდა. თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურების რესურსები სახელმწიფოს არ გააჩნია და მიმდინარე ეტაპზე რაიმე სახის კომპენსაციის გაცემა გამორიცხულია.

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში აზიურმა ფაროსანამ თხილის კულტურას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა და წლევანდელი თხილის ნაყოფი დააზიანა. შესაბამისად, ქართული თხილის ფასი წინა წლებთან შედარებით 80-90%-ით ნაკლებია. თუმცა, ეს ტენდენცია მხოლოდ თხილის დაბალი ხარისხით არ არის განპირობებული. დაბალი ფასის ერთ-ერთი ფაქტორი თურქეთში წლევანდელი თხილის უხვი მოსავალიცაა – თურქეთს შეუძლია ბაზარზე მოთხოვნის დაკმაყოფილება. სავარაუდოდ მოსავლის სიჭარბიდან გამომდინარე, წლევანდელი თურქული თხილის ფასი წინა წელთან შედარებით საშუალოდ 3 ლირით (2.2 ლარი) ნაკლებია. ასევე, სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თხილის კულტურის მოვლის კუთხით ქართველი ფერმერების მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისი და ეფექტური არ არის, შესაბამისად, თხილის ხარისხიც უფრო დაბალია (აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანის გარეშეც) ვიდრე თურქეთში. ამდენად, ქართული თხილი ბაზარზე ნაკლებად კონკურენტუნარიანია.

გააზიარეთ: