2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და სხვა დარღვევებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, ფიქსირდება თანამედროვე ტექნოლოგიების სააგიტაციო მიზნით დარღვევით გამოყენების რამდენიმე შემთხვევა. მაგალითად, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 12 სექტემბერს „ქართული ოცნების“ ორგანიზებული წინასაარჩევნო შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა  უწყების ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა შუახევის სოფელ სხეფის საბაზო სკოლაში მომხდარი ინციდენტი. მასწავლებელმა მარინე დარჩიძემ თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც სამ პირველკლასელს ხელში „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ. მასწავლებელიც და დირექტორიც აცხადებდნენ, რომ ბავშვებმა „ქართული ოცნების“ სიმბოლიკა სკოლაში თვითონ მოიტანეს. ფაქტ-მეტრთან საუბარში მარინე დარჩიძემ აღნიშნა, რომ ფოტოს გადაღებისას და ფეისბუქ გვერდზე ატვირთვისას არც უფიქრია, თუ კანონი დაარღვია. იგივე გაგვიმეორა სკოლის დირექტორმა ოთარ დავითაძემაც. მისი თქმით, სკოლის დისციპლინური კომიტეტი ფაქტთან დაკავშირებით იმსჯელებს და გადაწყვეტს, როგორ უნდა იმოქმედოს. მომხდარზე კომენტარი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმაც გააკეთა, რა დროსაც აღნიშნა, რომ სკოლა აპოლიტიკური ორგანიზაციაა და მსგავსი პრეცედენტები კანონიდან გარკვეული გადაცდომაა. მისივე თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა დისციპლინური კომიტეტის მიერ, რომელიც იმსჯელებს ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო განათლების სამინისტრო ჩართულია პროცესში და კომიტეტის მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შესაბამისად იმოქმედებს. განსაკუთრებით საინტერესო იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კომენტარი. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, „ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან, ან გამიზნულ მოქმედებასთან... ძალიან პრინციპული საკითხია და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი ან წესებიდან გადაცდომა. საინტერესო ის არის, რომ მიგვითითებს და რჩევებს გვაძლევს ის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც სკოლის პოლიტიზების პრაქტიკა შექმნა“. კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიციური ძალის ხსენებამ გარკვეული მოლოდინი შექმნა, რომ ხელისუფლება ეცდება, საზოგადოებას მომხდარში წინა ხელისუფლების კვალის არსებობაზე მიანიშნოს. ეს ეჭვი უმრავლესობის წევრების კომენტარებმა განამტკიცა. გიორგი ვოლსკიმ, მაგალითად, ჩათვალა, რომ სოფელში მცხოვრები ბავშვები გართობის დროს „ქართული ოცნების“ სიმბოლიკას იყენებენ, თუმცა არ დააზუსტა, რატომ უნდა შეეტანათ ბავშვებს სკოლაში „გასართობი ნივთები“. უფრო ყურადსაღებია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის კომენტარი, რომ ინციდენტის მონაწილე პედაგოგი, გადამოწმებული ინფორმაციით, ქართული ოცნების აქტივისტების სიაში არ ირიცხება და ამიტომ მისი საქციელის რეალური მოტივები ჯერ კიდევ დასადგენია. თუმცა, არ უთქვამს, რომ მარინე დარჩიძე, რომელიც, მარიამ ჯაშის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიაში არ ირიცხება, შუახევის საარჩევნო ოლქში ცესკო-ს წარმომადგენელია. კომიტეტის თავმჯდომარეს არც ის განუმარტავს, რომელი მოტივი შეიძლება ამართლებდეს სკოლაში მმართველი პოლიტიკური ძალის სიმბოლიკის შეტანას. ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაშიც დასაშვებია, რომ ხელისუფლებამ მომხდარის ოპოზიციის მიერ მიზანმიმართულ პროვოკაციად გასაღება სცადოს. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა ჩვენს ამ მოსაზრებას დასაშვებად მიიჩნევს: „თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს თავის პოლიტიკას, რომ ეს არის ოპოზიციის პროვოკაცია, ეს იქნება მომხდარის სხვა ძალაზე გადაბრალება. თუმცა გარემოებებიდან გამომდინარე, როცა ვიცით, რომ ეს ადამიანი წლებია, სკოლაში მუშაობს და ასევე საარჩევნო ოლქის წარმომადგენელია, ვიცით, რომ მას ყველა საშუალება ჰქონდა, სცოდნოდა კანონმდებლობა, მომხდარი კანონდარღვევას უფრო ჰგავს, ვიდრე მიზანმიმართულ პროვოკაციას“. მანვე შეაფასა „ქართული ოცნების“ მიერ 12 სექტემბერს კანდიდატების წარდგენის მიზნით გამართული ღონისძიება: „ის, რომ ყველა საჯარო სამსახურიდან, ყველა მუნიციპალიტეტიდან, ყველა სამინისტროდან იყვნენ თანამშრომლები, გვაფიქრებინებს იმას, რომ უზრუნველყოფილი იყო მათი ჩამოყვანა მუნიციპალიტეტებიდან. სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა, სულ მცირე, ამ ადამიანების წაქეზებას. არ ვამბობთ, რომ აქ გამოყენებული იყო ადმინისტრაციული რესურსი საწვავის ან მუნიციპალური ტრანსპორტის სახით, მაგრამ ამას რომ ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა, ეს ცხადია. მათ აქვთ უფლება, რომ მიიღონ მონაწილეობა ასეთ შეხვედრებში, მაგრამ ოცნებამ ბოლო ორი წელია, შეცვალა ტაქტიკა - ის ატარებს მსგავს ფართომასშტაბიან შეხვედრებს არასამუშაო დროს, რომ ნაკლები კითხვები გაჩნდეს. ახალი ტენდენციაა ელექტრონულ საშუალებებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. მაგალითად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფეისბუქგვერდზე ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნება. ელექტრონული საშუალებებით აგიტაციის თემა გააქტიურდა იმიტომ, რომ ის კანონით დარეგულირებული არ არის და ჩვენი არაერთი რეკომენდაცია იყო, რომ ყველანაირი სახით აგიტაცია, როგორც რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ისე საზიანოდ, მკაფიოდ დარეგულირდეს“. თანამედროვე ტექნოლოგიების სააგიტაციო მიზნით გამოყენებაზე საუბრობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილიც: „თანამედროვე ტექნოლოგიები [სააგიტაციო მიზნით] გამოყენების ერთ-ერთი რესურსი ხდება. სამართლებრივად, ფეისბუქგვერდის რეგულირების მექანიზმი არ არსებობს, მაგრამ სატელეკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება, იგივე ინტერნეტი, კომპიუტერული ტექნიკა მიბმულია საბიუჯეტო რესურსებზე და მისი გამოყენება რაღაც ინფორმაციის გასავრცელებლად შეგვიძლია ჩავთვალოთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად“. აღნიშნულ და სხვა სახის დარღვევებზე ფაქტ-მეტრთან "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აჭარა-გურიის კოორდინატორი მადონა ბერიძეც საუბრობს: „ორგანიზაციამ აჭარაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საარჩევნო ადმინისტრაციაში ორი საჩივარი შეიტანა. ერთი - ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფეისბუქგვერდზე მმართველი ძალის წინასაარჩევნო შეხვედრის ფოტოებისა და ვიდეორგოლების გამოქვეყნება და მეორე - ხულოში მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სამუშაო საათებში საჯარო მოხელეების დასწრება“. ჩვენ დავინტერესდით, შეიძლება თუ არა მარიამ ჯაშის განცხადება სხეფის სკოლაში მომხდარი ინციდენტში მონაწილე მასწავლებლის გამართლების მცდელობად ჩავთვალოთ. მადონა ბერიძის თქმით, ვერანაირი გამამართლებელი მოტივაცია ვერ იქნება, რადგან პოლიტიკური პროცესის შეტანა სკოლაში დაუშვებელია. ბავშვებს კიდეც რომ მიეტანათ დროშები, ეს მასწავლებლების ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩენილიყო.

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი