2015 წლის 13 მარტს კოალიცია "ქართული ოცნებისა" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგი თოფაძემ versia.ge-სთან საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით: "ვინც იმაზე საუბრობს, რომ NATO-ში გველოდებიან, ის ატყუებს [ხალხს]. არ მიგვიღებენ NATO-ში და ამ საუბრებით, ტყუილად, ჩვენს ჩრდილოელ აგრესიულ მეზობელს ვაღიზიანებთ. "ოცნება" არ გვატყუებს. "ოცნების" პრიორიტეტი NATOარ არის".

ფაქტ-მეტრი გოგი თოფაძის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. რადგანაც გოგი თოფაძე საუბრობს "პრიორიტეტზე", ჩვენ ვაანალიზებთ მხოლოდ იმას, თუ რამდენად არის წარმოდგენილი "ქართული ოცნების" ოფიციალურ დოკუმენტებში NATO-ში ინტეგრაციის თემატიკა. შესაბამისად, ჩვენ არ შევდივართ პოლიტიკურ დისკურსში იმ თემასთან დაკავშირებით, რეალურად ახორციელებს თუ არა "ქართული ოცნება" NATO-ში ინტეგრაციის პოლიტიკას.

2012 წლის 21 თებერვალს, პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" დამფუძნებელ დეკლარაციას მოეწერა ხელი, რომელშიც "ქართული ოცნების" პრიორიტეტები და მიზნები იყო განსაზღვრული.

დოკუმენტის მესამე პუნქტში ვკითხულობთ, რომ კოალიციის საგარეო პოლიტიკურ მიზანს ქვეყნის უსაფრთხოება და რეგიონული პოზიციების გამყარება წარმოადგენს, "რისთვისაც კოალიცია გააღრმავებს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციას და მონაწილეობას მიიღებს რეგიონული მასშტაბის ეკონომიკურ და სამშვიდობო პროცესებში".

image001

როგორც ვხედავთ, კოალიციის დამფუძნებელ დოკუმენტზე ხელს გოგი თოფაძეც აწერს, როგორც კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის თავმჯდომარე.

გარდა ამისა, 2013 წლის 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა 96 ხმით არცერთის წინააღმდეგ საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ დოკუმენტი მიიღო, რომლის მიხედვითაც, საქართველო არ გაწევრიანდება იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. დოკუმენტის მესამე პუნქტში ვკითხულობთ: "ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაწევრიანების სტრატეგიული პრიორიტეტების მისაღწევად საქართველო გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და გაძლიერების, სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული მართვის სისტემის, ადამიანის უფლებათა უზენაესობის დამკვიდრების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით. საქართველო არ გაწევრიანდება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა პოლიტიკაც ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრიორიტეტს".

აღსანიშნავია, რომ 13 მარტს გაკეთებული განცხადების შემდეგ, გოგი თოფაძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა იცოდა, რომ მრეწველები NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგები იყვნენ, თუმცა მათი "ეროვნული პოზიციის" გამო ისინი კოალიციაში მაინც მიიწვია.

გოგი თოფაძის უკანასკნელი განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის როგორც კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციასთან და გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ კურსთან, ისე მისივე პარტიის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც ზურაბ ტყემალაძის 2012 წლის 12 ოქტომბრის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ მიუხედავად NATO-ში ინტეგრაციის შორეული პერსპექტივისა, კოალიციის პოზიციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ მრეწველები სრულად იზიარებენ.

დასკვნა

გოგი თოფაძეს, როგორც პოლიტიკურ გაერთიანება "ქართულ ოცნებაში" შემავალი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, ნამდვილად აქვს ხელი მოწერილი დეკლარაციაზე, რომელიც NATO-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებას გულისხმობს. სწორედ ამ დეკლარაციით განისაზღვრა კოალიციის საგარეო პოლიტიკური კურსი და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაცხადებული მიზანი. შესაბამისად, გოგი თოფაძის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის როგორც კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციასთან, ისე პარლამენტის მიერ მიღებულ საგარეო პოლიტიკური კურსის დოკუმენტთან, ასევე კოალიციიდან და პარტიიდან მისივე კოლეგების, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ დეკლარირებულ პოზიციასთან.

შესაბამისად, გოგი თოფაძის განცხადება არის ტყუილი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი