წარმოგიდგენთ ქარელის #40 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთა ინტერვიუებს. ესენი არიან: გიორგი თოთლაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“), ილია ბურჯანაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), ალექსანდრე მსხალაძე („ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“).

ინტერვიუები მომზადდა წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით, რომელიც ყველა კანდიდატისთვის ძირითადად ერთნაირი იყო. მიღებული პასუხები იმგვარადაა დაჯგუფებული, რომ მკითხველს კანდიდატთა პოზიციების შედარება გაუადვილდეს.

კითხვა 1: რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

გიორგი თოთლაძე („ქართული ოცნება“)

დავიბადე და გავიზარდე ქარელში, მთელი შეგნებული ცხოვრება ქარელის მუნიციპალიეტთან მაკავშირებს და კარგად ვიცნობ თითოეული მოსახლის გასაჭირს. დიდი სურვილი მაქვს, მონაწილეობა მივიღო იმ პრობლემების გადაწყვეტაში, რაც თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. სამსახურებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე, არც გორია ჩემთვის უცხო. ჩემი მიზანია, თითოეული ამომრჩველის ხმა მივიტანო როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ვიქნები შუამავალი ხელისუფლებასა და ხალხს შორის, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს როგორც პრობლემების შესწავლა, ასევე მათი გადაჭრის გზების ძიება. სურვილი მაქვს, ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობასა და კანონშემოქმედებით საქმიანობაში.

ილია ბურჯანაძე („ნაციონალური მოძრაობა“)

ამ ოლქში კენჭს იმიტომ ვიყრი, რომ აქ დავიბადე, გავიზარდე, მრავალი წელი ვიყავი ამ რაიონის გამგებელი და ვიცი, ქარელს რა ჭირდება და რა პრობლემებიც არის.

ალექსანდრე მსხალაძე („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“)

მე ამ კონკრეტულ ოლქში კენჭს სწორედ იქიდან გამომდინარე ვიყრი, რომ დავიბადე ქარელის რაიონის სოფელ ზემო ხვედურეთში, ჩემი პირველი ნაბიჯები სწავლა-განათლებაში თუ სპორტულ კარიერაში ქარელს უკავშირდება. მე კარგად ვიცი ჩემი რაიონის ყველა პრობლემა და დარწმუნებული ვარ, ზუსტად ამ ოლქში, ჩემს ხალხთან ერთად დავიწყებთ რაიონის აღმშენებლობას.

კითხვა 2: ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

გიორგი თოთლაძე („ქართული ოცნება“)

მოსახლეობისთვის წყლის, გზების ასფალტების, გაზიფიცირების, სოციალური დახმარებების, უმუშევრობის პრობლემა ძირითადია, რისი მოგვარებაც შესაძლებელია ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვისას, შესაბამისი პროექტების დაფინანსების გათვალისწინებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირითა და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების მიზნობრივად გადანაწილებით, ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდით, ინვესტოორების მოძიებით და ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების მხარდაჭერით, მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტით და მათი საჭიროების შესწავლით.

ილია ბურჯანაძე („ნაციონალური მოძრაობა“)

პრობლემები რა თქმა უნდა, არის. პირველ ყოვლისა დასაქმება - ქარელი აგრარული რაიონია და გადამამუშავებელი ქარხნები უნდა შეიქმნას, არის ასეთი ქარხანა აგარაში და რამდენიმე წელია, გაჩერებულია. ადრე რამდენიმე ათეული კაცი იყო დასაქმებული და ეგეც მოგვცემს საშუალებას ეს დასაქმების პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოვხსნათ; პრობლემაა ისიც, რომ უამრავ ადამიანს მოუხსნეს დახმარება, ასევე არ ხდება მოწეული მოსავლის რეალიზაცია - მოსავალი უნდა დახარისხდეს და გადარჩეული გავიდეს როგორც ჩვენს ბაზრებზე, ისე სხვა ქვეყნის ბაზრებზე, რაც ცოტა უვარგისი იქნება, ადგილზე უნდა გადამუშავდეს. შემდეგი პრობლემა ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები - მრავალ სოფელს არ აქვს წყალი, გაზი მიყვანილია, მაგრამ ჩართული არ არის.

ალექსანდრე მსხალაძე („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“)

უპირველეს ყოვლისა, ხალხის სიყვარული ერთმანეთის მიმართ, პარტიების პატივისცემა ერთმანეთის მიმართ, განათლება, უმუშევრობა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, ადამიანის უფლებების დაცვა, სოფლის მეურნეობის განვითარება, გრძელვადიანი სესხები სოფლის მეურნეობის ტექნიკის შესაძენად,ინვესტორის მოძიება რაიონისთვის და შეღავათები ბიზნესის გადასახადზე, რითაც ჩემს რაიონში ბიზნესმენს დავაინტერესებ და შევქმნი უამრავ სამუშაო ადგილს, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში.

კითხვა 3: რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

გიორგი თოთლაძე („ქართული ოცნება“)

ამ ყველაფრის მისაღწევად „ქართული ოცნების“ გუნდს კონკრეტული ხედვა აქვს, რაც ჩვენს პროგრამაში აისახა და გვაქვს 4 პუნქტიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება მსხვილი პროექტები, რის საფუძველზეც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, მოხდება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, 2017 წლიდან სკოლის მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 800 ლარი გახდება, 2017 წლიდან ამოქმედდება ახალი სასკოლო პროგრამები, ჩაეშვება პენსიონერების დასაქმების პროგრამა - „ცხოვრება გრძელდება“, აგროდაზღვევის 2-ჯერ მეტი ბენეფიციარი 500 მილიონი ლარით იქნება უზრუნველყოფილი, გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, გაგრძელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ა.შ.

რაც შეეხება დაპირებების შესრულების გრაფიკს, ისინი მთავრობის მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების მკაფიო 4 პუნქტიან გეგმას შეესაბამება, ეს გეგმა მომავალ 4 წელზეა გაწერილი და კონკრეტულ სახელმწიფო სტრუქტურებს მათი შესრულების გრაფიკი კონკრეტული მიმართულებისა და პროექტების შესაბამისად აქვთ. ამ გეგმის ამუშავების შედეგებს ჩვენი მოქალაქეები ეტაპობრივად და თანდათან, მათი ყოველდღიურობის უკეთესობისკენ შეცვლით დაინახავენ.

პირადად მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვიქნები შუამავალი ხელისუფლებასა და ხალხს შორის, აქტიურ მონაწილეობას მივიღებ მათი პრობლემების შესწავლასა და გადაწყვეტაში, ვიქნები მუნიციპალიტეტის ღირსეული წარმომადგენელი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, საკანონმდებლო და აღმასრულებილი ხელისუფლების წინაშე განსახილველად დავსვამ მუნიციპალიტეტისათვის საჭირბოროტო ყველა პრობლემურ საკითხს. ჩემი დაპირებების შესრულება დაიწყება ფიცის დადებისთანავე და გაგრძელდება სრულ საპარლამენტო ვადაზე.

ილია ბურჯანაძე („ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობას ვპირდებით, რომ პენსია გაიზრდება 50 ლარით; ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვისაც მოეხსნა სოციალური დახმარება, აღუდგება; ასევე, ჩვენ მოსახლეობას ვპირდებით, რომ მივეხმარებით მოწეული მოსავლის რეალიზაციაში. ჩემს ოლქშიც სწორედ ამას ვპირდები, რომ შევქმნით პატარა და საშუალო გადამამუშავებელ საწარმოებს, სადაც მოწეული ხილი გადამუშავდება და აქაც რა თქა უნდა, მრავალი ადამიანი დასაქმდება.

ასევე, სადაც გაზიფიცირება არ არის, ჩვენ ვპირდებით ამომრჩეველს, რომ დაახლოებით პირველ 2 წელიწადში ყველა სოფელს ექნება გაზიფიცირება. ბევრ სოფელში გამრიცხველიანება არ არის დასრულებული- ამასაც ვპირდებით, რომ უახლოეს პერიოდში დავასრულებთ.აგარაში არის კერძო გადამამუშავებელი ქარხანა, მაგრამ ჩვენ შევიმუშავებთ გეგმას, რომ ეს ქარხანაც ამუშავდეს და იქაც რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდება.

ალექსანდრე მსხალაძე („ირაკლი ალასანია- თავისუფალი დემოკრატები“)

უპირველეს ყოვლისა, ჩემს რაიონელებს ვპირდები, რომ დანაწევრებულ ქარელს ერთ გუნდად გავაერთიანებ. არც ამ მმართველი და არც წინა მთავრობასავით, მე არ ვაპირებ, ოთხი წელი გავატარო იმაზე საუბარში, თუ როგორ იქცეოდნენ წინა ხელისუფლებები. მე ვაპირებ ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდანვე დავიწყო რაიონისთვის საქმის კეთება, რა თქმა უნდა, ხალხთან ერთად.

კითხვა 4: გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?

გიორგი თოთლაძე („ქართული ოცნება“)

როგორც მოქალაქე, აქტიურ მონაწილეობას ვიღებ სახელმწიფოს და ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვაში, ბიუჯეტის განხილვის დროს მოსახლეობასთან შეხვედრების საფუძველზე შესწავლილი პრობლემების გადასაწყვეტად, წარვადგენ შესაბამის შენიშვნებსა და წინადადებებს, მუდმივი კონტაქტი მექნება როგორც ადგილობრივ საკრებულოსთან, ასევე გამგეობასთან, აქტიურ მონაწილეობას მივიღებ ყველა იმ პროცესში, რაც კანონმდებლობით არაა აკრძალული. ამომრჩეველსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებული საქმიანობისათვის პარლამენტის წევრის მურო დაკომპლექტდება კვალიფიციურო და კეთილსინდისიერი პროფესიონალებით, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულები ყველა პრობლემური საკითხის შესწავლასა და გადაჭრაში.

ილია ბურჯანაძე („ნაციონალური მოძრაობა“)

ვითანამშრომლებთ ყველა. მე როგორც პარლამენტარი, საკანონმდებლო ორგანომდე მივიტან ამ საკითხებს და როგორც საჭიროება მოითხოვს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემებს გადავჭრით. ვერც მარტო მე ვერ შევძლებ ამ ყველაფერს და ვერც ისინი, ამიტომ ერთად უნდა გავაკეთოთ.

ალექსანდრე მსხალაძე („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“)

მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ყველა პარტია, დეპუტატი, გამგებელი სწორედ ხალხის არჩეულია და აქედან გამომდინარე, როცა ხალხი ამირჩევს, ზუსტად იმ ხალხთან ერთად ვიბრძოლებ ყველა იმ პრობლემის მოგვარებაზე, რაც ჩემს ხალხს აწუხებს.

კითხვა 5: რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?

გიორგი თოთლაძე („ქართული ოცნება“)

ჩემი დაპირებები ეფუძნება მოქმედ კანონმდებლობას და თანხვედრაშია იმ საერთო დაპირებებთან, რასაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ჰპირდება ამომრჩეველს. მე წარმოვადგენ მმართველ პარტიას, რომელმაც გასული 4 წლის განმავლობაში სწორედ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებით მოახერხა ქვეყნის განვითარების სწორ გზაზე დაყენება. პირადად არაფერს ვპირდები ამომრჩეველს, რაც არ შედის პარლამენტის წევრის უფლებამოსილებაში, ამომრჩევლის სიტყვის მიტანა პარლამენტამდე, მისი საჭიროებების შესწავლა და გადაჭრის გზების ძიება, თანხისა და ინვესტორების მოძიება დამატებით ეკონომიკურ რესურსებთან არაა დაკავშირებული და მე ამას შევძლებ!

ილია ბურჯანაძე („ნაციონალური მოძრაობა“)

ამ ყველაფერს აქვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზაც, თუ რომელიმე კანონი არ იქნება, ჩვენ ამ კანონპროექტს წარვადგენთ. ჩვენ პარლამენტში გვეყოლება მხარდამჭერები და რა თქმა უნდა, ამ კანონებსაც გავიტანთ, რათა მომავალში მოსახლეობას წაადგეს.

მე, პირველ ყოვლისა დავაყენებდი საკითხს, რომ უფრო მეტ სოფელს მიენიჭოს მაღალმთიანის სტატუსი და მათზეც იმოქმედოს მთის კანონმა. არის სოფლები, რომლებსაც ეს სტატუსი აუცილებლად უნდა ჰქონდეთ. მაგალითად: აბანო, ატოცი - მათ არ აქვთ ეს სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში სწორედ ეს თემა იქნება პარლამენტში გაჟღერებული. ჩვენი ფრაქცია იქნება და იმედია იმის ძალა და უნარი ექნება, რომ ამ საკითხის გადაჭრაში მოგვეხმარონ. რა თქმა უნდა, ეკონომიკური რესურსები მოსაძიებელია და დეპუტატობის შემთხვევაში ალბათ უფრო აქტიურად ვიმუშავებ ამ საკითხზე.

ალექსანდრე მსხალაძე („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“)

ვფიქრობ, თუ ყველა დეპუტატი გაითავისებს, რომ ის არის ხალხის არჩეული და მათ წინაშე ვალდებულებები აკისრია პარლამენტში, გაცილებით ეფექტური იქნება დღეს ჩვენი პარლამენტი. მე რასაც შევცვლიდი, ეს იქნებოდა იმ დეპუტატების მიმართ, რომლებიც თავიანთ მისიას პირნათლად არ ასრულებენ. რა თქმა უნდა, ხალხთან ერთად, იმ კონკრეტულ რაიონში უნდა დადგეს მისი შეცვლის საკითხი, რათა სხვამ აღარ ისარგებლოს ხალხის უფლებებით.

კითხვა 6: რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

გიორგი თოთლაძე („ქართული ოცნება“)

კონკრეტული კანონის ინიცირებაზე საუბარი წინასწარ ძნელია, თუმცა მიღებულ კანონებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით რამდენიმე მონახაზი უკვე მაქვს.

ალექსანდრე მსხალაძე („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“)

ამ საკითხზე ჯერ არ ვარ ბოლომდე ჩამოყალიბებული, მაგრამ მაქვს კონკრეტული გეგმა.

კითხვა 7: რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

გიორგი თოთლაძე („ქართული ოცნება“)

პირადად მე ვთვლი, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება საქართველოსთვის ჯერ ადრეა, რადგან ჯერ კიდევ ადრეა ამომრჩევლების მხრიდან პიროვნებების მიმართ ნდობა, რაც ხშირ შემთვხვევაში გამარჯვების საწინდარია, ასევე დიდია პასუხისმგებლობის გრძნობაც, როდესაც ამომრჩევლების უმეტესობა სწორედ პიროვნულად გიჭერს მხარს და მათი იმედების გამართლებაზე სწორედ შენ ხარ პასუხისმგებელი.

ილია ბურჯანაძე („ნაციონალური მოძრაობა“)

მე არ ვარ მომხრე, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს. ყველა რაიონს უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში, რათა ადგილობრივ მოსახლეობასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეს, განსხვავებით დღევანდელი ზოგიერთი პარლამენტარისაგან, რომლებიც საქართველოს საერთოდ არცერთ კუთხეში არ არიან ნამყოფები. მოსახლეობის პრობლემები პარლამენტში სწორედ მაჟორიტარმა უნდა მიიტანოს და შემდეგ ეს საკითხებიც აქვე უნდა გადაწყდეს.

ალექსანდრე მსხალაძე („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“)

მე ვფიქრობ, რომ მჟორიტარობის სისტემა არ უნდა გაუქმდეს, მაგრამ მაჟორიტარებმა პირნათლად უნდა შეასრულონ თავისი ვალდებულებები და რა თქმა უნდა, თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ქვეყნის საკეთილდღეოდ.

კითხვა 8: პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

გიორგი თოთლაძე („ქართული ოცნება“)

კამათი და ჯანსაღი ოპონირება მისაღებია, მაგრამ ოპზიციაში მოხვედრას რაც შეეხება, ამ საკითხს არ განვიხილავ...

ილია ბურჯანაძე („ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენ ოპოზიციაში ვიქნებით თუ ხელისუფლებაში, მთავარია, რომ შეიქმნას ძლიერი ფრაქცია, სადაც ზუსტად იმაზე ვიმუშავებთ, რომ ჩვენი დანაპირები შესრულდეს. ანუ ხელისუფლებაც მივიყვანოთ იმ აზრამდე, რომ მართლაც ასეა საჭირო, რომ ეს დანაპირები მხოლოდ ერთი კაცის ახირება არ არის და ეს მართლაც პრობლემაა, რომელიც გადაჭრას საჭიროებს.

ალექსანდრე მსხალაძე („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“)

ჩვენ, „თავისუფალ დემოკრატებს“, გვყვავს ის გუნდი, რომელსაც ქვეყნის მართვასა და განვითარებაზე ძალიან სწორი ხედვები აქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ 8 ოქტომბერს დამთავრდება დაპირისპირებები და ყველა, როგორც ოპოზიციური და აგრეთვე მართველი პარტია, ჩვენი ქვეყნის საკათებელ საქმეს გავაკეთებთ. პარტიების მიუხედავად ჩვენ, ყველა ერთი ქვეყნის შვილები ვართ.

კითხვა 9: გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?

გიორგი თოთლაძე („ქართული ოცნება“)

უმუშევრობა საქართველოსთვის ყველაზე დიდი სატკივარია. სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად, უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების გახსნა, რათა გლეხმა შეძლოს მოწეული პროდუქციის უდანაკარგოდ გასაღება, შიდა და გარე ბაზრის მაქსიმალური გაძლიერება, ტურიზმის წახალისება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ამ კუთხით მაქვს კონკრეტული წინადადებები, რასაც წარვუდგენ მთავრობასა და პარლამენტს.

ილია ბურჯანაძე („ნაციონალური მოძრაობა“)

სამუშაო ადგილების გაზრდის მიმართულება ჩვენი მნიშვნელოვანი გეგმაა და ამაზე უკვე გესაუბრეთ. კიდევ ვიმეორებ, რომ ვინაიდან ქარელი აგრარული რაიონია, აქ უნდა შეიქმნას გადამამუშავებელი ქარხნები, რაც შექმნის სამუშაო ადგილებს.

ალექსანდრე მსხალაძე- („ირაკლი ალასანია- თავისუფალი დემოკრატები“)

კი, რა თქმა უნდა, მაქვს კონკრეტული ინიციატივები და დარწმუნებული ვარ, ხალხის საკეთილდღეოდ ჩემს ხედვებს განვახორციელებ.

კითხვა 10: იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?

გიორგი თოთლაძე („ქართული ოცნება“)

ამომრჩეველთან მექნება უწყვეტი კომუნიკაცია, ამის გარდა, დაგეგმილი მაქვს, რეგულარულად, წინასწარ შედგენილი გრაფიკით დავგეგმო შეხვედრები ამომრჩეველთან და გავეცნო მათ საჭიროებებს.

ილია ბურჯანაძე („ნაციონალური მოძრაობა“)

როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე წლის განმავლობაში ამ რაიონის გამგებელი ვიყავი და ვიცი, როგორ უნდა ვიმუშაო ადამიანებთან. რა თქმა უნდა, მათ მუდმივად სჭირდებათ ყურადღება და ყოველდღიური თუ არა, ყოველკვირეული ან ყოველთვიური შეხვედრები სურთ. ისე არა, რომ დეპუტატი კაბინეტში იჯდეს და აქ იღებდეს მნახველებს, იგი თვითონ უნდა გადიოდეს ადგილზე და იქ უნდა ისმენდეს ადგილობრივების პრობლემებს. შესაბამისი გრაფიკები გვექნება გაწერილი და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.

ალექსანდრე მსხალაძე („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“)

რა თქმა უნდა, კომუნიკაცია ინტენსიურად უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ, როგორც პირადი, ასევე ქვეყნის წინსვლისთვის ეს იქნება საუკეთესო.

კითხვა 11: არჩევის შემთხევევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?

გიორგი თოთლაძე („ქართული ოცნება“)

მე ვიქნები იქ, სადაც მოითხოვს ჩემი ამომრჩევლისა და სახელმწიფოს ინტერესები.

ილია ბურჯანაძე („ნაციონალური მოძრაობა“)

გამორიცხული არაფერი არ არისნ, სადაც ჩემს ქვეყანას და რაიონს დავჭირდები, იქ ვიქნები. წინასწარ იმის თქმა, რომ მარტო მაჟორიტარი ვიქნები, არ გამოვა, რადგან თუ ქვეყანას დავჭირდი, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც შეიძლება, წავიდე.

ალექსანდრე მსხალაძე („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“)

ყველაფერი შეიძლება, მთავარია, იქ, სადაც იქნები, პირნათლად შეასრულო შენი მოვალეობები.

კითხვა 12: რა წინადადებები გექნებათ ადგილობრივი თვითმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად?

გიორგი თოთლაძე („ქართული ოცნება“)

ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა იყოს რეალურად დამოუკიდებელი ცენტრალური ხელისუფლების ჩარევისგან, უნდა გაძლიერდეს მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმარებაში, პროგრამების შედგენისა და მათი შესრულების კონტროლში, უნდა გაიზარდოს ხარჯვითი ნაწილის გამჭვირალეობა და ეფექტურობა, უნდა მოხდეს მოსახლეობის რეალური საჭიროებების შესწავლა.

ილია ბურჯანაძე („ნაციონალური მოძრაობა“)

ადგილობრივი თვითმართველობის დღევანდელი პრობლემა ისაა, რომ ხალხთან ურთიერთობა უჭირთ. ხალხთან კომუნიკაცია ნაკლებია. ეს არის მთავარი და პრიორიტეტული. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ხალხთან და მათი პრობლემები ადგილზე უნდა გავიგოთ. თითოეული ჩვენი მოსახლის ხმა უნდა იყოს დაცული და პარლამენტამდე მიტანილი.

ჩემი არჩევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებ ადგილობრივ თვითმართველობასთან და შევთავაზებთ, რომ ჩვენ გვერდზე იარონ, ჩვენთან ერთად გაეცნონ ამ პრობლემებს და შემდეგ მიიღონ ის ზომები, რაც მათ ფუნქციებს ექვემდებარება.

ალექსანდრე მსხალაძე („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“)

რა თქმა უნდა, კვალიფიციური და განათლებული კადრები- ჩვენს ქვეყანას ზუსტად ასეთი ხალხი სჭირდება.

კითხვა 13: გაქვთ თუ არა კონკრეტული მოსაზრებები რეგიონში სტიქიური მოვლენების პრევენციისა და მათზე რეაგირებისათვის?

გიორგი თოთლაძე („ქართული ოცნება“)

ადგილობრივმა თვითმმართველობამ, სახელმწიფოს თანადგომით, უნდა შეისწავლოს სტიქიური მოვლენების მიზეზები და შეიმუშავოს მათი პრევენციის ღონისძიებები. უნდა გახორციელდეს მდინარეების ნაპირსამაგრი სამუშაოები, სარწყავი არხების რეგულარული წმენდა, მეწყერული პროცესების თავიდან ასაცილებლად მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს ტყის მასივების ჭრაზე, ასევე გონივრულად უნდა დაიგეგმოს სარეზერვო ფონდი და დადგინდეს მისი განკარგვის სამართლიანი და მოქნილი წესი. უნდა მოხდეს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება სახელმწიფოში მოქმედი დაზღვევის პროგრამების შესახებ.

ილია ბურჯანაძე („ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენი რაიონი სტიქიური უბედურებებით არ გამოირჩევა; თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ისეთი სოფელი, რომელიც მთიან ზონაშია და იქ უნდა მოწესრიგდეს სანიაღვრე ადგილები. მდინარეებთან ნაპირსამაგრი სამუშაოები უნდა შესრულდეს. სეტყვას და წვიმას რას ვუშველით, ამიტომ მოსახლეობას, კომპენსაციის სახით, უნდა გავუწიოთ და როგორც საჭირო იქნება, ისე უნდა ამოვუდგეთ მხარში.

ალექსანდრე მსხალაძე („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“)

სტიქიური მოვლენებისთვის უნდა არსებობდეს გაუთვალისწინებელი ხარჯები, რათა სტიქიის შემთხვევაში დაზარალებული უმალვე გამოვიდეს მდგომარეობიდან. ეს ხარჯები ქვეყნის ბიუჯეტში სულ უნდა არსებობდეს.

კითხვა 14: უჭერთ თუ არა მხარს, რომ პარლამენტმა საქმიანობა ქუთაისში განაგრძოს?

გიორგი თოთლაძე („ქართული ოცნება“)

არა, რადგან ქუთაისში პარლამენტის საქმიანობა იწვევს სახელმწიფო თანხის არამიზნობრივ და არაეფექტურ ხარჯვას.

ილია ბურჯანაძე („ნაციონალური მოძრაობა“)

პარლამენტმა ქუთაისში უნდა იმუშაოს. იმერეთის რეგიონისთვის ეს მართლაც კარგია, რადგან ყველაფერი თითქმის თბილისშია თავმოყრილი და ამიტომ, საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში ფუნქციონირებას მხარს ვუჭერ.

ალექსანდრე მსხალაძე („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“)

პარლამენტი დედაქალაქში უნდა იყოს, თუმცაღა მთავარია, პარლამენტში იყოს ეფექტური მუშაობა.

კითხვა 15: რას ფიქრობთ პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეაზე? თქვენი აზრით, თქვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში და საარჩევნო სიაში დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი და თუ არ არის დაცული - რატომ?

გიორგი თოთლაძე („ქართული ოცნება“)

კვოტირების სისტემა მომწონს და ვფიქრობ, გენდერული ბალანსი დაცულია.

ილია ბურჯანაძე („ნაციონალური მოძრაობა“)

ქალთა კვოტირებას მხარს ვუჭერ, რადგან ქალები აუცილებლად უნდა იყვნენ პოლიტიკაში, პარლამეტში, მთავრობასა და ყველგან. ჩვენთან პარტიაში ეს კვოტირება დაცულია. ისევე როგორ პირველ ათეულში 3 ქალი გვყავს და საერთოდ, ყველა ათეულში გვყავს ქალები.

ალექსანდრე მსხალაძე („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“)

ჩვენ, „თავისუფალ დემოკრატებს“, სხვებისგან განსხვავებით, დაცული გვაქვს გენდერული თანასწორობა. რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმასაც, რომ ეს თანასწორობა სახელმწიფო სამსახურებშიც უნდა იყოს დაცული.

კითხვა 16: თქვენი აზრით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის კავშირი? რატომ?

გიორგი თოთლაძე („ქართული ოცნება“)

კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია, ვფიქრობ, მსგავსი ფორმულირება წერტილს უსვამს იმ ვნებათა ღელვას, რაც ამ საკითხის გარშემო ტრიალებს, ვემხრობი კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაკეთებას.

ილია ბურჯანაძე („ნაციონალური მოძრაობა“)

ის, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, კონსტიტუციაში ჩასწერი არ არის, მაგრამ თუ ამას ხალხი მოითხოვს ჩაიწეროს, არც ესაა პრობლემა. მე არ ვეთანხმები, რომ ქალისა და მამაკაცის ქორწინება უნდა იყოს კონსტიტუციით გამაგრებული, ეს ოდითგანვე მოდის და ასეა.

ალექსანდრე მსხალაძე („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“)

კი, უნდა ჩაიწეროს, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, მაგრამ უნდა არსებობდეს ერთსქესიანთა დაცვის სამსახურები და ამ ხალხს ხელი არ უნდა შეეშალოთ არც სამსახურებში და არც საზოგადოებაში - ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ნაწილები.

კითხვა 17: აპირებთ თუ არა პარლამენტში საქართველოს ევროატლანტიკური საგარეო კურსის მხარდაჭერას? თქვენი აზრით რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? უნდა შეიცვალოს თუ არა რაიმე ამ პოლიტიკაში?

გიორგი თოთლაძე („ქართული ოცნება“)

რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ, საქართველო მყარი პარტნიორია და პოზიციებს არ ცვლის ევროატლანტიკური საგარეო კურსის მიმართულებით. საქართველოს მყარი უსაფრთხოების გარანტი სჭირდება, რაც მხოლოდ ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრობას შეუძლია მოგვიტანოს.

რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესისათვის ჩვენ გავაძლიერებთ საერთაშორისო ჩართულობას და ამ პროცესს, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების აქტიური მხარდაჭერითა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებით, წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე.

ოკუპირებული ტერიტორიებისათვის საქართველო უნდა იქცეს მიმზიდველ, ძლიერ, მდიდარ და სანდო სამშობლოდ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს.

ილია ბურჯანაძე („ნაციონალური მოძრაობა“)

საქართველომ ევროატლანტიკური კურსი უნდა გაატაროს. თუ რუსეთის მხრიდან არ მოხდა დეოკუპაცია და ქართული სოფლების განთავისუფლება, სხვა თემაზე საუბარი მათთან არ შეიძლება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ რუსეთ ამ ნაბიჯის გადადგმა ვაიძულოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგი ურთიერთობა გვინდა რუსეთთან, ასევე სხვა ჩვენ მოკავშირეებთან, მოსაზღვრე ქვეყნებთან, მაგრამ როცა რუსეთს ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს, რა ენაზე ან რა თემაზე უნდა ელაპარაკო ამ შემთხვევაში?! თუ მოხდება დევნილების საკუთარ ტერიტორიზე დაბრუნება, რატომაც არა?! ჩვენ გვინდა კეთილმეგობრული ურთიერთობა ყველასთან, მათ შორის რუსეთთან. ამ ხელისუფლებას შერბილებული, მლიქვნელური ურთიერთობა აქვს არჩეული რუსეთთან, მაგრამ ასე არ გამოდის, ჩვენ რამდენჯერაც მოვეფერებით, უარეს დღეში ჩაგვაგდებენ. ჩვენ ცოტა უნდა გავამკაცროთ ჩვენი პოზიციები, უნდა მოვითხოვოთ რომ დევნილები დაბრუნდნენ თავიანთ ტერიტორიებზე და ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს მთლიანობაში უნდა იქნას აღიარებული.

ალექსანდრე მსხალაძე („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“)

მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ძირძველი ევროპელები და ჩვენ უნდა გავხდეთ რაც შეიძლება მალე დასავლეთის ნაწილი. ევროატლანტიკური კურსით დაცული იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო მომავალი. ზუსტად ეს არის ის გზა, სადაც ჩვენი შვილების და ჩვენი მომავალი იქნება დაცული, სადაც ადამიანის უფლებები არის ყველაზე ღირსეული და ყველაზე დაცული. რა თქმა უნდა, ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერისთვის ჩემს გუნდთან ერთად ვიბრძოლებ.

კითხვა 18: დღეს თქვენ მმართველი პარტ

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი