"გაცნობებთ, რომ დაწყებულია ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია, შერწყმა, გაყოფა, რაც გამოიწვევს სამუშაო ძალის შტატების შემცირებას. საქართველოს ორგანული კანონის - "საქართველოს შრომის კოდექსის" საფუძველზე, გატყობინებთ რეორგანიზაციიდან გამომდინარე საშტატო ერთეულების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით თქვენი მოსალოდნელი გათავისუფლების (ხელშეკრულების შეწყვეტის) შესახებ",- ამ შინაარსის გამაფრთხილებელი წერილი

გორის მერიიდან ა(ა)იპ-ებმა მიმდინარე წლის 15 მარტს მიიღეს. მეორე დღეს კი, შეტყობინების ადრესატებმა წერილის მიღება ხელმოწერით დაადასტურეს. ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა, არც თუ ისე კარგის მოლოდინში, გაფრთხილება უსიტყვოდ მიიღეს. ისინი რაიმე შეფასებისგან ან მოსაზრების გამოთქმისგან თავს იკავებენ, გორის მერი კი რეორგანიზაციის საკითხს ასე განმარტავს:

"

მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება დაიწყო, ფაქტის წინაშე დავდექით. ჩვენ რეორგანიზაცია აუცილებლად უნდა განვახორციელოთ, რომლის შედეგი უნდა იყოს ოპტიმიზაცია, როგორც ადამიანური, ისე მატერიალური რესურსის. საბიუჯეტო თანხების ხარჯვა უფრო ეფექტურად უნდა მოვახდინოთ", - აცხადებს ზურაბ ჯირკველიშვილი.

გორის მერის მრჩევლის ინფორმაციით, ქალაქის მუნიციპალიტეტის ბალანსზე 41 ა(ა)იპ ირიცხება, რომელთა დასაფინანსებლად გასულ წელს 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, წელს კი, გეგმის მიხედვით, ეს თანხა 5 მილიონს აღწევს. 41 ა(ა)იპ-იდან, 18 საბავშვო ბაღია. როგორც შალვა ტლაშაძემ ფაქტ-მეტრთან საუბარში განაცხადა, ა(ა)იპ-ების მთლიანი ბიუჯეტი ქალაქ გორის ბიუჯეტის დაახლოებით 40%-ს შეადგენს.

ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციამდე გორის მერიამ ოთხი საბავშვო ბაღი (სადაც 2008 წლის ომის შემდეგ დევნილები ცხოვრობენ) ეკონომიკის სამინისტროს გადასცა. ეს საკითხი საკრებულოს უმრავლესობამ იმ პირობით დაამტკიცა, რომ მათ სანაცვლოდ ხელისუფლება ქალაქში სამ ახალ საბავშვო ბაღს ააშენებს.

პარალელურად, გორის მერიაში ახალი ა(ა)იპ იქმნება, რომელიც ბაღების ფუნქციონირებას გააკონტროლებს. საკრებულოს წევრთა ნაწილი ფიქრობს, რომ მერია მიზანმიმართულად მოქმედებს და ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებს, რაც თავის მხრივ კითხვის ნიშნებს ბადებს.

"

მე ამ საკითხს მხარი არ დავუჭირე, რადგან ამ გაერთიანების შექმნა ბაღებს დამოუკიდებლობას დაუკარგავს, რაც აისახება იქ დასაქმებული პერსონალის და აღსაზრდელების შემდგომ ბედზე", - აცხადებს საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი.

"

თუკი ვსაუბრობთ რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების აუცილებლობაზე, მაშინ რაღა საჭიროა დამატებითი ხარჯების გაწერა? ამ ახალ ა(ა)იპ-ს, ბუნებრივია, დასჭირდება ხელმძღვანელის, ბუღალტერის, სპეციალისტის ხელფასები, რასთანაც მერის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გეგმა შეუსაბამოა", - ამბობს საკრებულოს წევრი ილია მეტრეველი.

"

ჩემი აზრით, ის ნაბიჯები, რაც მერიის მხრიდან იდგმება მიმართულია ნეპოტიზმის ახალი ტალღის ასაგორებლად, ანუ გულისხმობს იმ ახლობლების დასაქმებას, რომლებსაც „ქართული ოცნების“ მიმართ დამსახურება აქვთ. კოალიციის დაშლის შემდეგ, სხვადასხვა სამსახურში ყველა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აღარ აღმოჩნდა და ბუნებრივია, საარჩევნოდ იმ ხალხს დაასაქმებენ, რომლებიც მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან და რომლებიც ამ პოლიტიკის გამტარებლები მერიისგან დაფინანსებულ ორგანიზაციებში იქნებიან", - აცხადებს საკრებულოს წევრი მინდია გოდერძიშვილი.

"

გორი არ ცნობს საბიუჯეტო კოდექსს, ანუ 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში (რომლის შესამუშავებლად 2016 წლის 10 თვე ჰქონდათ) არ არის არავითარი რეორგანიზაცია და თებერვალში ქმნიან რაღაცას, რომელიც ჯერ ზეპირად აქვთ და ვერც წერენ რა უნდათ", - ასეთ განცხადებას აკეთებს ეკონომისტი თამარ ედიშერაშვილი. ის ფიქრობს, რომ „ცენტრი შტატებს ამცირებს, „ქამრების შემოჭერას“ აანონსებს, აქ კი, პირიქით, ბაღებს უჭერენ ქამარს და ადმინისტრაციულ შტატებს ამატებენ... ორგანიზაციას ქმნიან დებულების გარეშე და რეესტრში როგორ გაატარებენ ეგ რებუსი ჯერ ვერ ამოვხსენით, სამოქალაქო თუ სამეწარმეო კოდექსიც მხოლოდ სათაურებად სჭირდებათ".

გორის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი გამოთქმულ ეჭვებს აბსურდულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის პროცესი შესაბამისი გეგმის ფარგლებში ხორციელდება. მისი თქმით, ნეპოტიზმი და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები „ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელი არ არის.

"

ამ განცხადებების გამკეთებლებს არანაირი საფუძველი არ აქვთ, წინასწარ აანონსებდნენ ხალხის გათავისუფლებას სამსახურებიდან. რეორგანიზაციის შესახებ გაფრთხილება-შეტყობინება არ ნიშნავს პიროვნებების გათავისუფლებას", - აცხადებს დავით ჯოლბორდი.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ა(ა)იპ-ებში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად სააღმზრდელო დაწესებულებების რაოდენობა არ შეიცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ 18-ვე საბავშვო ბაღს ეყოლება თავისი დირექტორი და დამოუკიდებლად განაგრძობს ფუნქციონირებას.

"

განგიმარტავთ, რომ არსებული კანონმდებლობის მიხედვით, რეორგანიზაციის პროცესი გულისხმობს ორგანიზაციების შერწყმას ან გაყოფას. აღნიშნულიდან გამომდინარე, რიგ ა(ა)იპ-ებში, მათ შორის საბავშვო ბაღებშიც, სავარაუდოდ შესაძლებელია განხორციელდეს შტატების ოპტიმიზაცია", - აცხადებენ გორის მერიაში.

მერიაში მიმდინარე პროცესს სახალხო დამცველის აპარატი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევენ მონიტორინგს. მათი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ა(ა)იპ-ის ლიკვიდაცია არ განხორციელდა და რომელიმე თანამშრომლის ჩანაცვლება მოხდა ახლით, უფლებების დასაცავად ბრძოლა სამართლიანი იქნება.

ამჟამად საბავშვო ბაღის მოქმედი დირექტორები თანამშრომლებს მოსალოდნელი საკადრო ცვლილებებისა და შემცირებების შესახებ აცნობენ, რადგან, მერიის იურისტის განცხადების მიუხედავად, მათთვის გაგზავნილ შეტყობინებაში შავით თეთრზე წერია, რომ სწორედ შემცირებებზეა საუბარი.

კონკრეტულად რას ითვალისწინებს რეორგანიზაციის პროცესი, გორის მერია ჯერჯერობით არ ასაჯაროებს. ის, თუ რამდენად გამართლებული ან მცდარია ოპოზიციის მიერ გამოთქმული ეჭვები, სავარაუდოდ ორ კვირაში გაირკვევა. მერია აღნიშნული გეგმის განხორციელებას სწორედ ამ პერიოდიდან აანონსებს.

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი