გაზეთი ფაქტ-მეტრი
პუტინის დოქტრინა
უკატეგორიოდ
2060 ნახვა
თორნიკე შარაშენიძის ანალიტიკური სტატია
A+
A
A-

პრიმაკოვის დოქტრინა – ეს ტერმინი 90-იან წლებში გაჩნდა, თუმცა, რამდენად ასახავს სინამდვილეს და რამდენად – ლეგენდას, ჯერჯერობით უცნობია. რუსეთი მაშინ სუსტი იყო და იმისთვის, რომ თავის ყოფილ იმპერიაზე (საბჭოთა კავშირზე) კონტროლი საბოლოოდ არ დაეკარგა, მართებდა ყოფილ კოლონიებში (საბჭოთა რესპუბლიკებში) ქაოსი დაეთესა და მათთვის განვითარების საშუალება არ მიეცა. სანამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ქაოსს დაძლევდნენ, ამასობაში რუსეთიც მოძლიერდებოდა და ყოფილ კოლონიებზე კონტროლსაც დაიბრუნებდა.

ასეთი იყო ამ დოქტრინის შინაარსი, რომლის არსებობაც არასოდეს დადასტურებულა და მით უმეტეს უცნობია, რამდენად იდგა მის უკან ევგენი პრიმაკოვი – რუსეთის ყოფილი საგარეო დაზვერვის უფროსი, საგარეო მინისტრი და პრემიერ-მინისტრი.

ცხადია, დღევანდელი რუსეთის მდგომარეობა 90-იანი წლებისგან რადიკალურად განსხვავებულია, მაგრამ არის ერთი დიდი მსგავსება: მაშინ საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო, ახლა კი, გასულია რა დაშლიდან მეოთხედი საუკუნე, რუსეთს აქვს გარკვეული შანსი, იმპერიაზე კონტროლი დაიბრუნოს. ეს შანსი შესაძლოა, არც ისე დიდია, მაგრამ, ამავე დროს, თუკი რუსეთი ახლა მის რეალიზაციას არ შეეცდება, შესაძლოა, მომავალში მსგავსი შანსი აღარც ჰქონდეს.

სწორედ ამიტომ მოსკოვი ბევრ რამეზეა წამსვლელი. ახლა სწორედ ის დროა, ახალი დოქტრინა გაჩნდეს: რუსეთმა დასავლეთის დასუსტებით ისარგებლოს და დაიბრუნოს საბჭოთა კავშირი, სადაც უკვე ბევრგან ჩანს სერიოზული პოლიტიკური კრიზისის ნიშნები.

ამ ყველაფერს შეიძლება პუტინის დოქტრინა ვუწოდოთ, რომელმაც ერთხელ ღიად განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის აღდგენა მისთვის უდიდესი გამარჯვება და სიკეთე იქნება. ეს სწორედ ახლა უნდა მოხდეს, რადგან რუსეთი მობილიზებულია, რუსეთს სჯერა თავისი სიმართლის, მას ჰყავს ძლიერი სპეცსამსახურები და რეგიონის კვალობაზე მეტად ძლიერი შეიარაღებული ძალები, აქვს პროპაგანდის ეფექტური მანქანა, დასავლეთში მოსყიდული ჰყავს არაერთი პოლიტიკოსი და გავლენიანი ჟურნალისტი, ჰყავს ძლიერი დიპლომატები, დაბოლოს, ჰყავს პუტინი… საბჭოთა კავშირის აღდგენა პუტინმა უნდა მოასწროს, ამ ამოცანას მხოლოდ ის თუ განახორციელებს. შუა აზია, უკრაინა-ბელარუსი-მოლდოვა, სამხრეთ კავკასია – ეს სამი მიმართულება არის თითქმის მთელი საბჭოთა კავშირი (ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირში არიან) და სამივე მიმართულებით რუსეთს უკვე ღია და ფარული ომი აქვს გაჩაღებული.

შუა აზია

შუა აზიის პრაქტიკულად ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ერთი საერთო დიდი პრობლემა აქვს – დემოკრატიის არარსებობა. ეს, ერთი მხრივ, შესაძლოა, მეტ პოლიტიკურ სტაბილურობას გულისხმობდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობა პოლიტიკური დესტაბილიზაციის დიდ საფრთხესაც შეიცავს და ეს საფრთხე ხელისუფლების გადაცემის დროს იჩენს თავს.

გასულ დღეებში უზბეკეთის ერთპიროვნული მმართველი გარდაიცვალა და ახლა ახალი მმართველის ძიების პროცესი მიდის.

კარიმოვი უზბეკეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მართავდა და რა იქნება მის შემდეგ, რთული სათქმელია. მისი ავტორიტეტისა და გავლენის წყალობით უზბეკეთი დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას ატარებდა და ერთი პერიოდი ამერიკის სამხედრო ბაზასაც კი მასპინძლობდა. შეძლებს თუ არა მისი მემკვიდრე მსგავსი პოლიტიკის გატარებას, მეტად რთული სათქმელია.

კარიმოვის გარდაცვალება კიდევ უფრო რთულ კითხვებს აღძრავს შუა აზიის მეორე გიგანტ, ყაზახეთთან მიმართებაში. პუტინმა რამდენიმე თვის წინ ყაზახეთის მმართველს, ნაზარბაევს ერთობ ორაზროვანი კომპლიმენტი უძღვნა: ყაზახეთი, როგორც სახელმწიფო, არასოდეს არსებობდა და რომ არა ნაზარბაევი, არც იქნებოდა, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი რომ მსგავს რამეებს შემთხვევით არ ამბობს, უკვე დიდი ხანია ცნობილია. ამიტომ ყველამ ჩათვალა (და, ალბათ, მართებულადაც), რომ პუტინი ნაზარბაევის გარდაცვალებას ელის, რის შემდეგაც ყაზახეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, დე ფაქტო წარსულს უნდა ჩაბარდეს. ამ არასახარბიელო პერსპექტივას ის ქმნის, რომ ნაზარბაევს მემკვიდრე არ ჰყავს.

2003 წელს აზერბაიჯანში ძალაუფლების გადაცემა ხავერდოვნად განხორციელდა მამა ალიევიდან შვილ ალიევზე, ნაზარბაევს კი არც ვაჟი ჰყავს და არც ისეთი ვინმე, ვინც ვაჟს შეუცვლიდა (საუბრობენ იმაზე, რომ შეიძლება ქვეყანა უფროსმა ქალიშვილმა გადაიბაროს, მაგრამ საკითხავია, რამდენად გაამართლებს ასეთი ნაბიჯი შუა აზიურ ქვეყანაში).

ყაზახეთის პრაგმატულმა მმართველმა უკვე ბევრი მოასწრო: მან თითქმის მოაგვარა რუსული სეპარატიზმის პრობლემა, დასავლეთში განათლების მიღების საშუალება მისცა მრავალ ყაზახ ახალგაზრდას, მაგრამ რჩება რამდენიმე მწვავე საკითხი. მაგალითად, ყაზახების დიდი ნაწილი კვლავაც მხოლოდ რუსულად საუბრობს და ინფორმაციას რუსული არხებიდან იღებს (ყველა აქედან გამომდინარე შედეგებით). ანუ ყაზახებს ეროვნული თვითშეგნება აკლიათ. ამ პრობლემის გადასაჭრელად ახლა, ნაზარბაევის ინიციატივით, „სამეფო კარის თამაშების“ ყაზახურ ვარიანტს იღებენ, რომელმაც ხაზი უნდა გაუსვას, რომ ყაზახეთი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს.

ძალაუფლების გადაცემის პრობლემა თავად რუსეთსაც აქვს. რა იქნება პუტინის შემდეგ – ეს კიდევ უფრო მძიმე კითხვაა, ვიდრე რა იქნება ნაზარბაევის შემდეგ. მაგრამ რუს ნაციონალისტებს შეუძლიათ, იმით დაიმშვიდონ თავი, რომ პუტინი იგივე ნაზარბაევზე უფრო ახალგაზრდაა და სანამ მისი შეცვლის საკითხი დადგება დღის წესრიგში, იქამდე რუსეთი ყაზახეთის (და არამხოლოდ ყაზახეთის) პრობლემას „მოაგვარებს“. ყაზახეთი ხომ შუა აზიის უმთავრესი მოთამაშეა და მასზე გავლენის დამყარება უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს.

ცხადია, ბრძოლა ასე იოლი არ იქნება: ყაზახეთში თავისი ინტერესები აქვს ჩინეთსაც და არსად არ წასულა ამერიკაც, მაგრამ ე.წ. რბილი ძალისა (რუსული ენა და საინფორმაციო საშუალებები) და აგენტურის წყალობით მოსკოვს გარკვეული შანსები ნამდვილად აქვს.

უკრაინა-ბელარუსი-მოლდოვა

ყაზახეთზე უფრო მნიშვნელოვანი რუსეთისთვის უკრაინაა. ოდესღაც ზბიგნევ ბჟეზინსკიმ დაწერა, რომ უკრაინის გარეშე რუსული იმპერია არ იარსებებს. რუსეთისთვის უკრაინის კონტროლი ისედაც ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო და ამას კიდევ ბჟეზინსკის ნათქვამი დაემატა, რომელიც მოსკოვში (და, ალბათ, მხოლოდ მოსკოვში) დღემდე ამერიკის საგარეო პოლიტიკის რუხ კარდინალად მიიჩნევენ. რუსეთმა შეიძლება რაღაცები დათმოს, მაგრამ არანაირად უკრაინა.

მოცემულ ეტაპზე მოსკოვში უკრაინის საკითხს საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებენ: ომის მიუხედავად, უკრაინის პოლიტიკურმა ელიტამ ჯერჯერობით საჭირო რეფორმების გატარება აშკარად ვერ მოახერხა. კორუფციის გამო ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე ვერ დგება. უკრაინული ნაციონალიზმიც (ყაზახურის არ იყოს) მხოლოდ ახლა ყალიბდება…

მოკლედ, რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, სერიოზული მომავალი არ აქვს. ახლა უკვე მოსკოვმა ამაში დასავლეთი უნდა დაარწმუნოს – უნდა დაარწმუნოს, რომ ასეთი უპერსპექტივო ქვეყნის გამო რუსეთთან დაპირისპირება არ ღირს.

დასავლეთი ჯერჯერობით უკრაინის საკითხში კვლავაც იჩენს პრინციპულობას, მაგრამ რუსეთში იმედი აქვთ, რომ ბრექსიტის, მიგრანტთა კრიზისისა და მზარდი ტერორისტული საფრთხის ფონზე (რასაც უკრაინის ჩავარდნილი რეფორმებით იმედგაცრუება ემატება) დასავლეთის ლიდერები თანდათან გადავლენ რუსეთისთვის მისაღებ პოზიციაზე.

აღმოსავლეთ უკრაინას მთელი მსოფლიო დაძაბული ადევნებს თვალს. ბოლო პერიოდში რუსეთი აშკარა საომარი ესკალაციისკენ მიდის, თუმცა, ჯერჯერობით მსხვილმასშტაბიანი ოპერაციისგან მაინც თავს იკავებს. წესით, ეს ამ ეტაპზე მოსკოვს არც სჭირდება.

მერკელი და ოლანდი ამ დღეებში პუტინს ხვდებიან და შეხვედრას არ ესწრება პოროშენკო, რაც რუსული დიპლომატიისთვის უკვე სერიოზული წარმატებაა. ამიტომაც პუტინმა ახალი დიდი შეტევის ბრძანება არ უნდა გასცეს. თუმცა, ამავე დროს შეუძლია, ასეთი პერსპექტივით დააშინოს გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები.

პუტინს არ მოსწონს მინსკის შეთანხმება, რომლის არშესრულებაში ადანაშაულებენ როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს. ამიტომ ახლა მისი ძალისხმევა შეიძლება სწორედ იქითკენ წავიდეს, რომ მინსკის შეთანხმება გაუქმდეს და მის ნაცვლად ახალი, უკრაინისთვის ნაკლებად მისაღები დოკუმენტი გაჩნდეს. თუკი ეს მოხდა და შედეგად მშვიდობის ხელყოფა უკრაინას დაჰბრალდა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციებიც იოლად მოიხსნება.

ცხადია, უკრაინის დამორჩილება უკვე ძალიან სერიოზული განაცხადი იქნება. ასეთ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდება მანევრირება ბელარუსს, სადაც, ადრე თუ გვიან, ასევე, დადგება ძალაუფლების გადაცემის პრობლემა (უკვდავი არც ლუკაშენკოა, რომელიც აქამდე ოსტატურად ეთამაშებოდა კრემლს. გარდა ამისა, მისი შეცვლაც გაჭირდება. ბელარუსი ის ქვეყანა არაა, ოჯახის წევრი დატოვო მმართველად. ამავე დროს ლუკაშენკოს მმართველობის პირობებში ბელარუსის პოლიტიკური ველი იმდენად მოსუფთავდა, რომ იქ ძლიერი ფიგურის გამოძებნა მეტად რთული იქნება). უკრაინის დამორჩილებით რუსეთი გავა მოლდოვისა და დნესტრისპირეთის საზღვარზე და ამ ყოფილ კოლონიაზე ზემოქმედებისთვისაც მეტი ბერკეტი ექნება.

სამხრეთ კავკასია

მოსკოვისთვის ყველაზე რთულად საქმე ამ ფრონტზეა. მართალია, სომხეთში კვლავაც ძლიერი პოზიციები აქვს, მაგრამ აპრილის მოვლენების შემდეგ (როცა ყარაბახში კონფლიქტი განახლდა და რუსეთი ერევანს დიდად არაფრით დაეხმარა) აქაური საზოგადოებრივი აზრი რუსეთის წინააღმდეგ შემოტრიალდა.

აზერბაიჯანს პოლიტიკური დესტაბილიზაცია არ ემუქრება და რუსეთზე პრაქტიკულად არანაირად არაა დამოკიდებული. რჩება საქართველო, რომელიც დემოკრატიული განვითარების მხრივ რეგიონის კვალობაზე შორს წავიდა და აქედან გამომდინარე, ერთი შეხედვით მოსკოვის გავლენას იოლად აღარ უნდა დაექვემდებაროს, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველო ჯერ კიდევ შორსაა ნამდვილ დემოკრატიამდე, კვლავაც გარდამავალ პერიოდში იმყოფება და შესაბამისად, პოლიტიკური დესტაბილიზაციის რისკი კვლავაც არსებობს, მით უმეტეს არჩევნების პერიოდში.

ამაზე უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მოსკოვს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აზერბაიჯანზე ზემოქმედების ბერკეტი თითქმის არ გააჩნია, მაგრამ, თუკი საქართველო რუსეთის გავლენის სფეროს დაუბრუნდა, აზერბაიჯანი მას ავტომატურად მიჰყვება უკან – აზერბაიჯანული ნავთობი და გაზი დასავლეთისკენ საქართველოს გავლით გადის და თუკი ეს კორიდორები რუსეთის ხელში აღმოჩნდა, ყველაფერი დასრულდება. ანუ საქართველოზე კონტროლის დაბრუნებით რუსეთი ორ კურდღელს დაიჭერს.

ეს, ცხადია, მოსკოვის მოტივაციას საქართველოსთან მიმართებაში სერიოზულად ზრდის და არჩევნების წინ დიდ საფრთხესაც აჩენს. თუმცა, როგორც ბოლო მოვლენები ცხადყოფს, რუსეთსა და თურქეთს შორის დაზავება მოხდა, მაგრამ მათ დამეგობრებაზე საუბარი ზედმეტია. ამიტომაც თურქეთი თავის მეტოქეს რეგიონს ასე იოლად არ გადააბარებს. ბოლო დროს გახშირებული ქართულ-ამერიკული წვრთნები კი იმაზე მიუთითებს, რომ არც ვაშინგტონში არიან მოდუნებულები.

პუტინის დოქტრინა ახლო პერსპექტივაზეა გათვლილი. ახლო პერსპექტივაში რუსეთი ძლიერი და მობილიზებულია, დასავლეთი კი – კვლავაც დასუსტებული. პუტინის დოქტრინა არ უშვებს იმ აზრს, რომ პუტინმა შეიძლება მძიმე შეცდომა დაუშვას.

მე-20 საუკუნეში იყო ერთი მეტად ცნობილი ლიდერი, რომელიც ჩქარობდა და სურდა თავის სიცოცხლეში მიეღწია ყველაფრისთვის. იგი დარწმუნებული იყო, რომ მის ქვეყანას მისნაირი ლიდერი აღარ ეყოლებოდა და ამიტომაც ვალდებული იყო, ყველაფერი მოესწრო და ქვეყანა გაძლიერებული დაეტოვებინა. ამ ლიდერს ერქვა ადოლფ ჰიტლერი.

გააზიარეთ: