პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა: „ხელისუფლება სახელმწიფო სახსრებს იყენებს იმისთვის, რომ დააფინანსოს პრორუსული მედიასაშუალებები. არაერთმა სამთავრობო უწყებამ გამოიყენა საბიუჯეტო სახსრები იმისათვის, რომ რეკლამა მაინდამაინც ჩაედო ისეთ გამოცემებში, რომლებიც სრულ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ერთი მხრივ ევროპის და დემოკრატიული ღირებულებების შესახებ, მეორე მხრივ კი, ეწევიან პრორუსულ პროპაგანდას“.

მედიაში, ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით, საბიუჯეტო სახსრების განაწილებას მედიის განვითარების ფონდი იკვლევს. ამ ორგანიზაციის კვლევები აჩვენებს, რომ 2013-2015 წლებში საბიუჯეტო სახსრებიდან სარეკლამო კონტრაქტების და სხვა ხელშეკრულებების სახით დაფინანსებას იღებდნენ მედიასაშუალებები, რომლებიც სიძულვილის ენასა და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია

ამ თემაზე). მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის თანახმად, 2016-2017 წლებში, წინა წლებისგან განსხვავებით, საბიუჯეტო კონტრაქტები ღიად პრორუსულ გამოცემებთანაც გაფორმდა.

ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიამ (ECRI) 2015 წელს გასცა რეკომენდაცია:

“ხელისუფლებამ გადახედოს მის კონტრაქტებს მედიასაშუალებებთან და გააუქმოს, ან განაახლოს ისინი, თუ მედია შეიმჩნევა რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიურ სიძულვილის ენის გამოვლენაში. ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ მომავალი კონტრაქტები შეიცავდნენ დათქმას კონტრაქტის გაუქმების შესახებ, თუკი მედიაში გამოვლინდება რასისტული ან ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენა”.

სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა საბიუჯეტო სახსრებიდან ანტიდასავლური რიტორიკის და სიძულვილის ენის მატარებელი მედიასაშუალებების დაფინანსების შეწყვეტაზე. ამის საპასუხოდ, 2015 წელს გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა,

რომ თავადაც შეშფოთებული იყო ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაზრდის გამო. თუმცა, მან უარყო ის ფაქტი, რომ მსგავსი მედიასაშუალებები საბიუჯეტო უწყებების მხრიდან ფინანსდებოდა.

სარეკლამო კონტრაქტებისა და სხვა ხელშეკრულებებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქსენოფობიური მედიის დაფინანსებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროსაბჭოს ასამბლეაზეც ჰკითხეს.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნული ფაქტი ამ შემთხვევაშიც უარყო.

ქსენოფობიური, ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდის გამომხატველი მედიასაშუალებების საბიუჯეტო სახსრებიდან დაფინანსება (სარეკლამო კონტრაქტების, გამოცემების გამოწერისა და სხვა ხელშეკრულებების სახით) გრძელდება. ასევე, როგორც მედიის განვითარების ფონდის კვლევაშია აღნიშნული, საბიუჯეტო კონტრაქტები პრორუსული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებებსაც („თბილისი 24“; „ხარისხის არხი“) გაუფორმდათ.

ცხრილი 1: 2017

წელს გაფორმებული საბიუჯეტო კონტრაქტები მედიებთან, რომლებიც სიძულვილის ენას, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ და რუსულ პროპაგანდას ტირაჟირებენ

მედიის დასახელება საკონტრაქტო მომსახურების თანხა
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 38 521 ლარი
Alia.ge 20 000 ლარი(კონტრაქტის საერთო ღირებულება, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად)
თბილისი 24 3 387 ლარი
შპს ხარისხის არხი 3 200 ლარი
გაზეთი „ალია“ 2 400 ლარი
სააგენტო „მარშალპრესი“ 1 900 ლარი
ობიექტივი 1 855 ლარი(კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულება)
წყარო: მედიის განვითარების ფონდი; „წინასაარჩევნო ფინანსური მედია გარემო“   დასკვნა

საბიუჯეტო სახსრებიდან ქსენოფობიური, ანტიდასავლური და ღიად პრორუსული მედიასაშუალებები (სარეკლამო კონტრაქტების, გამოწერისა და სხვა ხელშეკრულებების სახით) იღებენ დაფინანსებას. ამის შესახებ პირველი კვლევა მედიის განვითარების ფონდმა 2015 წელს გამოაქვეყნა, სადაც 2013-2014 წლის მონაცემები იყო ასახული. მიუხედავად ოპოზიციის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების არაერთი განცხადებისა, საბიუჯეტო უწყებების მხრიდა სიძულვილის ენის გამომხატველ და ანტიდასავლური რიტორიკისა და პრორუსული პროპაგანდის გამავრცელებელ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობა და კონტრაქტების გაფორმება მაინც გრძელდება. ასევე, კვლევის თანახმად, წინა წლებისგან განსხვავებით, 2017 წელს საბიუჯეტო უწყებებმა კონტრაქტები ღიად პრორუსულ მედიასაშუალებებთანაც გააფორმეს - როგორიცაა „თბილისი 24“ და „ხარისხის არხი“.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5402 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი