2016 წლის 18 თებერვალს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ინფორმაცია გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც, თბილისის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის, ლეონიდე გერგედავას შვილის პარიზში ცხოვრების ხარჯები დააფინანსა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ნარმანიას ბრძანებით, თამარ გერგედავას დასაფინანსებლად, სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან, ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 5 400 ლარი გამოიყო. თანხა მის საფრანგეთში სწავლას და საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებას უნდა მოხმარებოდა. ნიკა მელიასვე განმარტებით, თანხის გამოყოფა იმ მუხლიდან მოხდა, საიდანაც სოციალურად დაუცველები, უსახლკაროები ფინანსდებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 23 თებერვალს კიდევ ერთი განმარტება გააკეთა. მისი განცხადებით, "

ადგილი არ ჰქონია შეცდომას, თუმცა იყო არასასურველი შემთხვევა. დაფინანსება სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი თანხით არ განხორციელებულა. "სხვა სოციალური დახმარება" გულისხმობს სარეზერვო ფონდს, საიდანაც ხდებაგანათლების, ასევე სხვა ისეთი საკითხების მხარდაჭერა, რაც ბიუჯეტის მუხლებით გათვალისწინებული არ არის. ნამდვილად მანიპულირებას აქვს ადგილი, როდესაც ამბობენ, რომ დაფინანსება სოციალურად დაუცველთა თანხებიდან მოხდა".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული ფაქტის გადამოწმებას შეეცადა.

თბილისის მერის 2015 წლის 8 სექტემბრის ბრძანების

 მიხედვით, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან საზღვარგარეთ სწავლის მიზნით, საცხოვრებელი ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქე თამარ გერგედავას 5 400 ლარი გამოეყო. ბრძანებაში ყურადღება გამახვილებულია ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაზე. აღნიშნულია ისიც, რომ ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გადატანა "სხვა სოციალური დახმარების ღონისძიების" ქვეპროგრამაში (კოდი 6.2.9) უნდა განხორციელდეს.

2015 წლის თბილისის ბიუჯეტის

მიხედვით, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებების დაფინანსება სოციალური დაცვის პროგრამაშია (კოდი 6.2) გაწერილი. სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებები (კოდი 6.2.9) ამავე პროგრამის ქვეპროგრამაა, რომლის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებული უმწეო და გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეების სტაციონარული, ამბულატორიული და სხვა სოციალური სერვისებით უზრუნველყოფა ხდება. ამდენად, მერის ბრძანების მიხედვით, მართალია თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყო, მაგრამ იმ ქვეპროგრამაში გადავიდა, საიდანაც უმწეოთა და გაჭირვებაში მყოფ ბენეფიციართა სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილება ხორციელდება.

მერიამ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას (მერიის მიერ პროკურორის შვილის პარიზში ცხოვრების ხარჯების დაფინანსებასთან დაკავშირებით) რამდენიმე განცხადებით უპასუხა. განცხადებების პათოსი ყოველ ჯერზე იცვლებოდა. პირველი პასუხის მიხედვით (2016 წლის 19 თებერვალი), მერია აცხადებდა, რომ "მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში რაიმე სახის სამართლებრივი გადაცდომა არ ფიქსირდება, დაწყებულია შიდაუწყებრივი კვლევა. მოკვლევის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით". 20 თებერვალს თბილისის მერი დავით ნარმანია ამავე საკითხის კომენტირებისას აცხადებდა, რომ "ეს იყო შეცდომა, რომელიც შესაბამის სამსახურს მოუვიდა, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა... მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ეს ოჯახი შეჭირვებული არ ყოფილა და ამის გადამოწმება იყო აუცილებელი, რაც არ მოხდა. ეს იყო გადაცდომა, ამიტომ გატარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა, ახალგაზრდული სამსახურის საშუალო რანგის თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით". 23 თებერვალს კი დავით ნარმანიამ იგივე საკითხის კომენტირებისას განაცხადა: "

კანონი არ ზღუდავს, დაფინანსდეს და წახალისდეს სტუდენტი, რომელმაც წარმატებას მიაღწია და ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ჩაირიცხა... ადგილი არ ჰქონია შეცდომას, თუმცა იყო არასასურველი შემთხვევა".

ბუნებრივია, სტუდენტების სწავლის დაფინანსებას კანონი არ ზღუდავს. წარმატებული სტუდენტების უცხოეთში სწავლის დაფინანსებას "განათლების საერთაშორისო ცენტრი" ახორციელებს. ცენტრის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების და შესაბამისი უნარების და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. ცენტრში სამი ქვეპროგრამა მოქმედებს. ჩვენთვის საინტერესო ქვეპროგრამა - სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების დაფინანსება, უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ პირთა დაფინანსებას ითვალისწინებს, რომლებიც დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას, მერიის განათლების პროგრამის ქვეპროგრამის - სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა ღირსეული დასაქმებისთვის ფარგლებში (კოდი 7.5.3) ხორციელდება. სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამა 2007 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც 2014 წლის ჩათვლით თბილისის მერიის სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების დაფინანსების ქვეპროგრამის (კოდი 6.2.6) ერთ-ერთი კომპონენტი გახლდათ. ანუ, 2015 წლიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება უკვე განათლების პროგრამის ფარგლებში (ქვეპროგრამა 7.5.3) ხორციელდება. თამარ გერგედავა სოციალურად დაუცველი ოჯახიდან რომც ყოფილიყო, მისი დაფინანსება არა 6.2.9 ქვეპროგრამის, არამედ 7.5.3 ქვეპროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. პროტესტი გამოიწვია იმან, რომ სტუდენტის სწავლის და მით უმეტეს, პარიზში ცხოვრების დაფინანსების მიზეზი სოციალურად დაუცველობა გახდა, მაშინ როდესაც, რეალურად, მისი ოჯახი ამ სტატუსის მატარებელი არ არის.

ისანი-სამგორის პროკურორ ლეონიდე გერგედავას ინფორმაციით, შვილის სორბონას უნივერსიტეტში გასამგზავრებელი თანხის ნაწილი ოჯახმა თავად მოიძია, ნაწილის მოძიებაში კი შვილის სამსახურმა (მერიამ) მიიღო მონაწილეობა. მან ჩათვალა, რომ მერიას ჰქონდა გარკვეული სახის პროგრამა ან ფონდი, რომელიც თანამშრომლებს განათლების მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარებოდა. ის არ დაინტერესებულა, თუ რა ფორმით განხორციელდა მისი შვილის დაფინანსება და რომ სცოდნოდა, რომ მისი შვილის დაფინანსება სოციალურად დაუცველის სტატუსით მოხდა, ამას არ დაუშვებდა. აქედან გამომდინარე, მან მიიღო გადაწყვეტილება და აღნიშნული თანხა ბიუჯეტს დაუბრუნა.

დასკვნა

ისანი-სამგორის პროკურორის ლეონიდე გერგედავას ქალიშვილის პარიზში ცხოვრების დასაფინანსებლად მერიის ბრძანებით 5 400 ლარი გამოიყო. ეს თანხა მერიის სარეზერვო ფონდიდან "სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების" ქვეპროგრამაში გადავიდა (კოდი 6.2.9) და იქიდან გადაირიცხა. ამ ქვეპროგრამის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებული უმწეო და გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეების სტაციონარული, ამბულატორიული და სხვა სოციალური სერვისებით უზრუნველყოფა ხდება. ამასთან, მერიის შესაბამის ბრძანებაში თამარ გერგედავას დაფინანსების საფუძვლად მისი ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობაა მითითებული.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით ნარმანიას განცხადება არის ტყუილი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი