13 ოქტომბერს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვის მიზნით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები

პრეზიდენტის  საპარლამენტო მდივანმა წარადგინა. ანა დოლიძის განმარტებით, მათ მიერ შეთავაზებული პროექტი იყო კომპრომისული დოკუმენტი. შესაბამისად, მისი მოსაზრებით, პარლამენტის მიერ შენიშვნების სრულად გათვალისწინების შემთხვევაშიც კი, „უარესზე უკეთეს“ კონსტიტუციას მივიღებდით და არა სრულყოფილს.

აღნიშნულ განცხადებას და ასევე იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა მმართველი პარტიის მითითება მხოლოდ ორი შენიშვნის გამოთქმასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მათ პრეზიდენტის ვეტო „ოპოზიციის ვეტოდ“ შეაფასეს და მისი დაძლევა სხდომის დაწყებისთანავე დააანონსეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ანა დოლიძემ განაცხადა: „6-დან 5 საკითხი არის ის საკითხები, რომლებიც ან „ოცნებამ“ შემოგვთავაზა რომ ყოფილიყო ვეტოში, ან რომელზეც „ოცნებამ“ საერთაშორისო ვალდებულება აიღო... აქედან გამომდინარე ეს ვეტო ვერ იქნება ოპოზიციის ვეტო“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილმა 9 ოქტომბერს ვეტოს უფლება გამოიყენა

და ფუნდამენტური ცვლილებების შესახებ პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა.

პრეზიდენტის შენიშვნები ისეთ საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა: პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნევლივ შემოღება; გაუნაწილებლელი მანდატების განაწილების წესის ცვლილება; პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის არსებული წესის შენარჩუნება; მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის 3%-მდე დაწევა და საარჩევნო ბლოკების შენარჩუნება, არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციასთან და აღმსარებლობის თავისუფლებასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის შესაბამისი ნორმის შეცვლა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ყველაზე დიდ პრობლემაზე, რაც სამი მოსმენით მიღებულ კონსტიტუციას გააჩნდა - კონსესუსის არ არსებობაზე.

აღსანიშნავია, მმართველმა გუნდმა ორ საკითხთან (ბონუსების სისტემის გაუქმება  და მომდევნო არჩევნებში ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება) მიმართებით ვეტოს უფლების გამოყენებისკენ თავად მოუწოდა პრეზიდენტს. კერძოდ, „ქართული ოცნების“ განცხადებით, პრეზიდენტის მიერ მხოლოდ მანდატების განაწილების წესისა და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ბლოკების მონაწილეობის დაშვების შესახებ შენიშვნის გამოთქმის შემთხვევაში მოხდებოდა მათი გაზიარება, ხოლო თუ პრეზიდენტი ვეტოს სხვა მუხლებსაც დაადებდა, მაშინ მას დაძლევდნენ. ამასთან, როგორც 13 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას ეკა ბესელიამ განაცხადა, 6 საკითხიდან 4 საკითხზე შესაძლებელი იყო კონსესუსის მიღწევა, თუმცა ეს შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული.

13 ოქტომბერს უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაპირველი რედაქცია 117 ხმით მიიღო. თუმცა, მიღებული დოკუმენტით არც თავად უმრავლესობაა კმაყოფილი და მის გადასინჯვას უახლოეს პერიოდში, ვენეციის კომისიისთვის მიცემული პირობის შესრულების უზრუნველსაყოფად გეგმავენ.

აღნიშნული უხერხულობის შექმნაში უმრავლესობამ არა კონსტიტუციის ნაჩქარევად, რიგგარეშე სხდომებზე მიღება, არამედ პრეზიდენტი დაადანაშაულა.

„პრეზიდენტმა თქვა უკანასკნელ შანსზე უარი, რომ ბოლოს მაინც პოზიტიური როლი შეესრულებინა საკონსტიტუციო რეფორმის ძალიან წარმატებულ და უკვე აღიარებულ პროცესში. მან შეგნებულად, მათ შორის ოპოზიციის გავლენით, დაამატა 2 შენიშვნა, რითაც უზრუნველყო, რომ ჩვენ ამას ვერ და არ გავითვალისწინები, საუბარი მაქვს ვეტოზე“, - განაცხადა

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ის 2 შენიშვნა, რომელსაც უმრავლესობა არ იზიარებს, პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ, 2020 წლიდან გადასვლასა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნებას ითვალისწინებდა.

პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა თავად "ქართული ოცნების" დაპირება იყო, რაც ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ პირველად ვერსიაშიც კი იყო ასახული და რამაც ვენეციის კომისიის დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა, მას შემდეგ რაც უმრავლესობის რიგებში მაჟორიტართა გარკვეულ ნაწილთან ვერ მოხერხდა აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლამდე გადაიდო. აღნიშნულ ფაქტზე ვენეციის კომისიამ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა, მათ შორის  კომისიის ბოლო, 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში

სრულად პროპორციული სისტემის  ამოქმედების გადავადება უარყოფითი შედეგების მომტანად არის შეფასებული. ამასთან, კომისიის განცხადებით, მომდევნო არჩევნებში ბლოკების დაშვება და ბარიერის დაწევა ამ პრობლემის შემსუბუქებას ემსახურება და არ იძლევა მისი სრულად აღმოფხვრის გარანტიას. შესაბამისად, ცხადია კომისიის დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, რასაც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ითვალისწინებდა, თუმცა უმრავლესობის მიერ არ იქნა გაზიარებული.

პრეზიდენტის შენიშვნები ასევე აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებდა. რაც ასევე ვენეციის კომისიის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას წარმოადგენს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნის

თანახმად, ამ საკითხზე ვენეციის კომისიასთან კონსულტაციები და შეხვედრები გაიმართა და ამ ფორმულირების დაზუსტება, დახვეწა მოხდება და შემდეგ კონსტიტუციაშიც აისახება.

იურიდიული კომიტეტი ასევე იზიარებს პრეზიდენტის შენიშვნას ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ  გადაწყვეტილების არა სრული თახმობით, არამედ სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობით მიღებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მომდევნო არჩევნებში მანდატების განაწილების წესის შესახებ პრეზიდენტის შენიშვნებს, რაც ითვალისწინებს მანდატების განაწილებას როგორც პარტიებზე, რომლებიც 3%-იან (ერთჯერადად დადგენილი) ბარიერს გადალახავენ, ასევე ბლოკებზე, იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. „აქ საყურადღებოა ის გარემოება, რომ კომპრომისული შეთავაზება მმართველი პარტიის მხრიდან გულისხმობს ბარიერის ცვლილებას 3%-მდე და ბლოკების შენარჩუნებას შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში და არა პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში. ამდენად, პრეზიდენტის ეს შენიშვნა არ შეესაბამება ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების შინაარს და ვერ იქნება მხარდაჭერილი“, - ნათქვამია დასკვნაში.

ანა დოლიძის განცხადების თანახმად, 6-დან 5 ცვლილება (შენიშვნებით შემოთავაზებული ცვლილება) არის ისეთი, რომელიც ან თავად "ქართული ოცნების" ინიცირებულია, ან მის განხორციელებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ვალდბულება აქვს მმართველ გუნდს აღებული. რაც შეეხება მეექვსე ცვლილებას, ის პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნებას ითვალისწინებს, რასაც „ქართული ოცნება“ პრინციპულად ეწინააღმდეგება. იურიდიული კომიტეტის დასკვნის თანახმად, პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი წესი ვენეციის კომისიის მიერ მოწონებულია და მიჩნეულია რომ ის ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ვენეციის კომისიას არ გამოუთქვამს პრინციპული შენიშვნები აღნიშნულ საკითხზე, თუმცა განსაზღვრა, რომ არაპირდაპირი წესით არჩევასთან ერთად აუცილებელია იმ ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებაც, რაც მეტ პლურალიზმს უზრუნველყოფს და პრეზიდენტის მხოლოდ ერთი პარტიის მიერ არჩევის შესაძლებლობებს მინიმუმამდე დაიყვანს.

  დასკვნა 2017

წლის 13 ოქტომბერს, მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, მიღებული იქნა კონსტიტუციის ახალი რედაქია. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიერ 6 საკითხზე გამოთქმული მოტივირებული შენიშვნებიდან 4-ს იზიარებდა, პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნა. შესაბამისად, აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინების მიზნით, თავიდან უნდა მოხდეს გარკვეულ ნორმებში ცვლილებების შეტანა.

სრულად პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნების შესახებ პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ცვლილებები გახდა საფუძველი ვეტოს დაძლევისა, რამაც, ფაქტობრივად, უმრავლესობის მიერ ისეთი კონსტიტუციის მიღება განაპირობა, რომელიც მიღებისთანავე შესაცვლელია. აღსანიშნავია, რომ პროპორციული სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა მართლაც „ქართული ოცნების“ მთავარ დაპირებას წარმოადგენდა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი