პრემიები [დანამატები] წლიდან წლამდე იზრდება, 2014 წელს 218 მლნ იყო, 2016 წელს კი, 318 თუ 320 მლნ ლარია
მეტწილად სიმართლე
840 ნახვა
A+
A
A-

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა: „პრემიები წლიდან წლამდე იზრდება, მაგალითად, 2014 წელს, თუ ეს იყო 218 მლნ, 2016 წელს 318, თუ 320 მლნ ლარია“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ელენე ხოშტარიას თქმით, მისი განცხადება სახელმწიფო აუდიტის 2016 წლის ანგარიშს ეყრდნობა. აქვე აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსი პრემიებზე საუბრისას სახელფასო დანამატებსაც გულისხმობდა.

კანონმდებლობის მიხედვით, შრომითი გასამრჯელო თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს მოიცავს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული მაღალი პრემიები მუდმივად იყო საზოგადოების განხილვის თემა. სწორედ ამიტომ, 2014 წლის 15 ივლისს კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა და საჯარო დაწესებულებაში პრემიის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის #449 დადგენილება გამოიცა. დადგენილების მიხედვით, პრემია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელოა, რომელიც მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის გაიცემა. ამავე დადგენილებით განისაზღვრა პრემიის გაცემის სიხშირე და მისი ოდენობა. დადგენილების მიხედვით, ერთჯერადად გაცემული პრემია თანამდებობრივ სარგოს არ უნდა აღემატებოდეს. საჯარო დაწესებულებაში პრემია კვარტალში მხოლოდ ერთხელ და წელიწადში მხოლოდ სამჯერ შეიძლება გაიცეს.

რაც შეეხება დანამატს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, დანამატი საჯარო მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით ეძლევა.

საქართველოს აუდიტის 2016 წლის საბიუჯეტო ანაგარიშის (გვ. 87) მიხედვით, 2016  წელს პრემიისა და დანამატის მუხლებით გაცემული საბიუჯეტო სახსხრების (არ შედის თვითმმართველობის ხარჯები) ოდენობამ ჯამურად 319 მლნ ლარი შეადგინა. 2015 წელს ეს თანხა 304 მლნ ლარი იყო, ხოლო 2014 წელს 289 მლნ ლარი.

2014 წელს აღნიშნული თანხიდან მხოლოდ პრემიის სახით 106 963 ათასი ლარი გაიცა. 2015 წელს პრემიების რაოდენობა შემცირდა და 73 352 ათასი ლარი შეადგინა, გასულ წელს კი – 69  618 ლარი. ამდენად, 2014 წლიდან პრემიების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. ამის პარალელურად მზარდია დანამატების ოდნეობა. 2014 წელს დანამატის სახით 182 472 ათასი ლარი გაიცა, 2015 წელს 230 217 ათასი, ხოლო 2016 წელს 252 140 ათასი ლარი.

 

ცხრილი 1: 2014-2016 წლებში გაცემულია პრემია/დანამატი, მლნ ლარი

პრემია დანამატი პარემია/დანამატი
2014 103 182 285
2015 71.7 230 302
2016 67 252 319

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

 

რაც შეეხება შრომის ანაზღაურების მუხლით გათვალისწინებულ თანხებს, 2016 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატით გათვალისწინებულ მოხელეთა შრომის ანაზღაურებაზე 1 452 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 75.5 მლნ ლარით აღემატება.

სახელმწიფო აუდიტის 2016 წლის საბიუჯეტო ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად  მთავრობის #449 დადგენილებით განსაზღვრული ლიმიტებისა, გარკვეულ შემთხვევაში ადგილი აქვს როგორც პრემიის, ისე დანამატის თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობით და დაწესებულ ლიმიტზე მეტი სიხშირით გაცემას.

 

დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის 2016 წლის საბიუჯეტო ანგარიშის მიხედვით, 2014 წლებში პრემიისა და დანამატის სახით 285 მლნ ლარი გაიცა, 2015 წელს ეს რიცხვი გაიზარდა და 302 მლნ ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენცია 2016 წელსაც გაგრძელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემია/დანამატის სახით გამოყოფილმა თანხამ 319 მლნ ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ გაზრდილი პრემია/დანამატების მოცულობა ძირითადად დანამატის ხარჯზეა გაზრდილი. პრემიების მოცულობა კი, 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით მცირდებოდა. თუმცა, საერთო ჯამში, ფაქტია, რომ პრემია-დანამატები გაზრდილია.

მიუხედავად იმისა, რომ პრემია/დანამატები იზრდება, 2014 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია 34 მლნ ლარით და არა 100 მლნ-ით, როგორც ეს პოლიტიკოსის განცხადებიდან ჩანს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ელენე ხოშტარიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

გააზიარეთ: