"

ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, "რაც ეს ხელისუფლება მოვიდა, იმის მაგივრად, რომ გამოსწორებულიყო სიტუაცია, დასჯილიყვნენ დამნაშავეები, ვხედავთ, რომ არაფერი იცვლება. იწერენ კიდევაც სხვის პირად ცხოვრებას. ყველამ ვიცით ეკა მიშველაძის, ნიკა გვარამიას, პაპუაშვილის საქმეები. გვქონდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შემთხვევა, რომელიც  ჟურნალისტისთვის პირადი ცხოვრების გამოქვეყნებისთვის დაიჭირეს. ეს პიროვნება სამსახურიდან გაუშვეს და ერთი დღეც არ დაუკავებიათ".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების გადამოწმებას შეეცადა.

ხვედელიძის საქმე 2013 წლის 3 მაისს, ინტერნეტში ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გავრცელდა. თავად ფარესიშვილმა ჩანაწერები ფალსიფიცირებულად მიიჩნია და აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელება მაღალჩინოსნებთან თავის დაპირისპირებას დაუკავშირა. "ჩემზე გელა ხვედელიძემ ეს სიბინძურე მას შემდეგ განახორციელა, რაც მე პრემიერის მრჩეველი გია ხუხაშვილი, შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე და გენერალური პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი უვარგისი იმპორტული პროდუქციის ლობირებაში ვამხილე" - განაცხადა

ფარესიშვილმა.

აღნიშნულ საქმეზე შსს-მ 12 მაისს გელა ხვედელიძე დააკავა. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,

რომ წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ გადაღებული კადრები მინისტრის მოადგილემ ფარესიშვილზე შურისძიების მოტივით, ინტერნეტსივრცეში დამოუკიდებლად განათავსა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების მოთხოვნის მიუხედავად, 15 მაისს გელა ხვედელიძე 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოგვიანებით, მას პროკურატურამ ქვეყნის დროებით დატოვების უფლებაც მისცა. 2014 წლის 14 მაისს შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს, სასამართლომ დახურულ სხდომაზე ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, პროცესზე ხვედელიძემ ბრალი აღიარა.

აღნიშნული ინფორმაცია ხვედელიძის ადვოკატმა არც უარყო და არც დაადასტურა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  ხვედელიძისთვის ბრალის წაყენება მთავრობის სამაგალითო ქმედებად შეაფასა. "ეს წინა ხელისუფლების ფარგლებში იქნებოდა წარმოუდგენელი, როცა შს მინისტრმა სამაგალითოდ დასაჯა საკუთარი მოადგილე" - განაცხადა წულუკიანმა. თავად ფარესიშვილი მიიჩნევს,

რომ ერთწლიანი პირობითი სასჯელი არა სამაგალითო, არამედ სასაცილო და საზოგადოებისთვის მიუღებლია.

ბუნტურიძის საქმე 2014

წლის 6 მაისს "რუსთავი 2"-მა ხელისუფლება უკანონო მოსმენაში დაადანაშაულა, დასტურად კი შსს-დან ანონიმურად მოწოდებული ვიდეომასალები გაასაჯაროვა. ფარულ ვიდეოჩანაწერში ნიკა გვარამიას და მისი იმჟამინდელი მოადგილის ნინო შუბლაძის საუბარია დაფიქსირებული.

9 მაისს პროკურატურამ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა და სათვალთვალო კამებრების დამონტაჟება მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა. კერძოდ, პროკურატურის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, თეიმურაზ კოვზიაშვილის მიერ მიწოდებულ ვიდეოჩანაწერში, რომლებიც 2012 წლის 21 დეკემბერს არის გაკეთებული, პრეზიდენტის დაცვის წევრები არიან ასახული, რომლებიც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებში სპეციალური აპარატურით (მათ შორის მეტალის გასაშლელი კიბე) ტექნიკურ სამუშაოებს აწარმოებდნენ. აღნიშნული ვერსია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ (რომელიც 2012 წლის 21 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ  იყო დაკავებული) არ დაადასტურა. მისი განცხადებით, სანამ ის დაკავებული იყო, ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა კაბინეტების სპეციალისტების მიერ შემოწმების გადაწყვეტილება მიიღეს. სწორედ ეს კადრებია ასახული ჩანაწერზე. ამასთან, მისი განცხადებით, შემოწმების შედეგად მოსასმენი აპარტურა აღმოჩენილი არ იქნა, რაც მას უჩენს ეჭვს, რომ კამერების დამონტაჟება  სწორედ ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდა. "მთელი ეს ხაზი  ბატონ ბუნტურიძემდე მიდის, რომელიც 2012 წლის 31 დეკემბრამდე "რუსთავი 2"-ის დაცვის უფროსი იყო, დღეს კი სასჯელაღსრულების სამინისტროში მაღალ თანამდებობას იკავებს" - განაცხადა

 გვარამიამ.

2014 წლის 6 ოქტომბერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სახელმწიფო ინსტიტუტებში "ოდეერების" შესახებ კვლევა

გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ვლადიმერ ბუნტურიძე 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

აღნიშნულ კვლევას სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე ბესიკ დევდარიანი გამოეხმაურა.

მან ვლადიმერ ბუნტურიძის მიერ დაკავებული თანამდებობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა სამინისტროში ე.წ. "ოდერეების" არსებობა უარყო.

გურიის გუბერნატორის საქმე 2015 წლის მარტში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ორგანიზებით, ფოთში, ზუგდიდსა და ხობში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9 წლისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმში ძალადობის ამსახველი კადრები იყო ნაჩვენები. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებს რეაგირება არ მოუხდენიათ, ხოლო 2015 წლის 11 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ხელმძღვანელი გია სალუქვაძე გურიის სახელმფიწო რწმუნებულად დაინიშნა. ამ თემაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა. 2015 წლის 29 დეკემბერს, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის წამების კადრების ჩვენებაში გურიის გუბერნატორის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. "თუ მე აღმოვაჩინე, რომ ასეთი ჩარევა არსებობდა, დამერწმუნეთ, ჩემი გადაწყვეტილებები შესაბამისი იქნება" - განაცხადა

 მან.

2016 წლის 15 აპრილს, ჟურნალისტებთან შეხვედერაზე, პრემიერს აღნიშნულის შესახებ შეახსენეს, რაზეც კვირიკაშვილმა განაცხადა,

 რომ წამების კადრების საჯარო ჩვენებაში გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის პირადი ჩართულობა არ გამოიკვეთა.

აღსანიშნავია, რომ გია სალუქვაძემ, მის მიერ კადრების ჩვენების ორგანიზების ფაქტი თავად დაადასტურა,

თუმცა ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეების  გამიზნულად დასწრების შესახებ ინფორმაცია უარყო.

ეკა მიშველაძის საქმე 2015 წლის 8 სექტემბერს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში სტუმრობისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ მასზე და მის მეუღლეზე - ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ ისაუბრა. "ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველი გაიგებდა იმის შესახებ, რომ მე და ალექსი პეტრიაშვილი დავქორწინდით, ამის შესახებ იზრუნეს და შესაბამისმა სამსახურებმა ბევრად უფრო ადრე იცოდნენ" - განაცხადა მიშველაძემ. აღნიშნულ ფაქტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. "რა თქმა უნდა, ეს არ დარჩება რეაგირების გარეშე. თუმცა, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. შეიძლება ეს იყოს ეჭვი, შეიძლება იყოს კონკრეტული ფაქტი, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ იმისდა მიხედვით, რომ საერთოდ გაუცემელი პასუხი ამ კითხვებზე არ დარჩეს" - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 2016 წლის 12 მარტს, "რუსთავი 2"-ის ეთერში ჩართვისას, ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ეკა მიშველაძემ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, რაც თავად ეკა მიშველაძემაც დაადასტურა. "ბევრი რამე შეიცვალა მას შემდეგ, რაც მე ამ თემაზე არ ვისაუბრე და არ მსურდა საუბარი. შესაბამისად, რადგან დღეს ამ თემაზე ვაკეთებ კომენტარს, ეს ნიშნავს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვითანამშრომლებ გამოძიებასთან" - განაცხადა

 მიშველაძემ.

16 მარტს ეკა მიშველაძემ მთავარ პროკურატურას იმ პირის ვინაობა დაუსახელა, ვინც მას მისი და ალექსი პეტრიაშვილის "ვაიბერის" მიმოწერა წარუდგინა.

თუმცა, იმის მაგივრად, რომ გამოძიება მთავარ პროკურატურას დაეწყო, 2016 წლის 20 მარტს, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა, რომელსაც ეკა მიშველაძემ და მისი უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდობლობა გამოუცხადეს.

"საია" მიიჩნევს,

რომ ეკა მიშველაძის საქმის გამოსაძიებლად შსს-სთვის გადაცემა, მაშინ როცა გასაუბრების ოქმში შსს-ს თანამშრომლის შესაძლო ბრალეულობა გამოიკვეთა, გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

საიას მოთხოვნა 2016 წლის 5 მაისს დაკმაყოფილდა და ეკა მიშველაძის საქმე შსს-დან ისევ პროკურატურაში დაბრუნდა. "აბსურდული სახე მიიღო ამ პროცესმა, თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს საქმე უნდა გამოეძიებინა პროკურატურას. მინდა ვთქვა, რომ სულაც არ მაქვს იმედი, რომ ეს საქმე გამოძიებული იქნება, იმიტომ რომ ეს არის საქმე, რომელიც სწორედ ამ ხელისუფლებას უკავშირდება" - განაცხადა

ეკა მიშველაძემ.

გვარამიას საქმე 2015 წლის 21 ოქტომბერს "რუსთავი 2"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მისი ფარული ჩანაწერების არსებობისა და ამ ჩანაწერებით ხელისუფლების მხრიდან დაშანტაჟების  მცდელობაზე საგანგებო განცხადება გააკეთა. მან კონკრეტულად დაასახელა ფარული ჩანაწერების შინაარსი, კერძოდ, მისი და მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ. ამ განცხადებას იმავე დღესვე  მთავარი პროკურატურა გამოეხმაურა

და გვარამია მოწმის სახით დასაკითხად დაიბარა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში სსსკ-ის 150-ე მუხლით (იძულება) გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის ჯერ უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამიას განცხადებიდან რამდენიმე დღეში, უკრაინული გამოცემებით მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შორის სატელეფონო საუბრის ამსახველი ჩანაწერები

გავრცელდა.

2015

წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ უკრაინული ბლოგის - wikileaks.center-ის მიერ 2015 წლის 24 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტზე დაყრდნობთ სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

2015 წლის 3 ნოემბერს, სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურატურას (დამოუკიდებელი გამოძიების ფარგლებში) აღნიშნული აუდიოჩანაწერების მოპოვების კანონიერებისა და გავრცელების შესწავლისაკენ მოუწოდა.

სახალხო დამცველის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერები უკრაინულ ბლოგზე განთავსდა, საზოგადოების მაღალი ინტერესის უგულვებელყოფა არ შეიძლებოდა.

პაპუაშვილის საქმე 2016 წლის 5 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა, კურიერში სტუმრობისას მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის არსებობის და ამ მასალით მასზე ზეწოლის მცდელობის შესახებ ისაუბრა. "კონფიდენციალურმა წყარომ გუშინ შემატყობინა, რომ აპირებენ ჩემ წინააღმდეგ უღირსი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებას, ქალბატონი მინისტრი (თეა წულუკიანი) დაჟინებით ითხოვს, რამდენიმე წევრი და შიდაპოლიტიკური ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება. ეს იქნება საჯარო ზეწოლა ჩემზე - განაცხადა პაპუაშვილმა. აღნიშნულ  განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა და ამ ფაქტზე გამოძიების გამჭვირვალედ წარმართვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

თუმცა, ამ საქმის დეტალები საზოგადოებისთვის დღმდე არ არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ გამოძიების შესახებ თავად გიორგი პაპუაშვილისთვისაც არაფერია ცნობილი. როგორც მან ფაქტ-მეტრთან საუბრისას განაცხადა, ამის თაობაზე მას არავინ შეხმიანებია.

აღნიშნულ განცხადებას იუსტიციის მინისტრიც გამოეხმაურა. "გიორგი პაპუაშვილისთვის რაც მქონდა გამოსაქვეყნებელი უკვე გამოვუქვეყნე - ეს გახლავთ მისი ორიანები. მეტი დოკუმენტაცია არ მაქვს და არ აქვს არც ხელისუფლების რომელიმე წევრს" - განაცხადა თეა წულუკიანმა. საკონსტიტუციო სასამართლოს 11 მარტის განცხადებიდან

ირკვევა, რომ მინისტრის განცხადებების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის წევრებმა უცნობი პირებისგან მიიღეს მუქარის და შეურაცხყოფის შემცველი სატელეფონო შეტყობინება. აღნიშნული პირის ვინაობის დადგენის მიზნით, გიორგი პაპუაშვილის მეუღლის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო, თუმცა მოგვიანებით შეწყდა იმ მოტივით, რომ სავარაუდო მუქარის განმახორციელებელ პირს ნომერი შეეშალა.

დასკვნა

ახალი ხელისუფლების პირობებში განხორციელებული შესაძლო თვალთვალისა და ფარული მიყურადების საქმეებიდან, საბოლოო შედეგი მხოლოდ გელა ხვედელიძის საქმეზე დადგა, რომელსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებისთვის სასამართლომ ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. სხვა ზემოთჩამოთვლილ საქმეებზე გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიგა ბოკერიას განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი