პენსიებზე, ტარიფებზე, ხელფასებზე, ბენზინის ფასზე და კრედიტებზე “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველი მოატყუა
ვერდიქტის გარეშე
1637 ნახვა
A+
A
A-

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბარამიძემ, საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა და განაცხადა: “პენსიებზე, ტარიფებზე, ხელფასებზე, ბენზინის ფასზე, კრედიტებზე, საერთოდ ყველაფერზე მოატყუეთ ადამიანები და ახლა რთველზე. თურმე რთველმა კარგად ჩაიარა და ყველაფერი კარგად არის”.

ჩვენ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დავინტერესდით. მართალია, ჩამოთვლილ საკითხებზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა და სხვადასხვა კვლევების ფარგლებში მათ აქამდეც შეხებია, თუმცა, ჩვენ კვლავ ვეცადეთ აღნიშნული საკითხები, კიდევ ერთხელ, მოკლედ მიმოგვეხილა:

 

პენსია

“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ: საარჩევნო ბლოკი “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” პირველ ეტაპზე იღებს ვალდებულებას, რომ ყველა კატეგორიის პენსიონერი მიიღებს პენსიას არანაკლებ საარსებო მინიმუმისა, რაც შესაბამისი კანონით იქნება გარანტირებული. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის არჩევნებამდე, მაშინდელი ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, 2012 წლისთვის არსებული საარსებო მინიმუმი (160 ლარი), ხელოვნურად იყო შემცირებული, რეალურად კი, ექსპერტთა გათვლებით, საარსებო მინიმუმი 200-220 ლარის ფარგლებში მერყეობდა (ბმული 1, ბმული 2). ანალოგიური განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ხალხს სარსებო მინიმუმის რეალური ზღვრის დადგენას დაპირდა.

2012 წელს ასაკობრივი პენსია 110-125 ლარი იყო. 2013 წლის აპრილიდან პენსიის ოდენობა ყველა ტიპის პენსიონერისთვის 125 ლარი გახდა, 2013 წლის სექტემბრიდან კი, 150 ლარამდე გაიზარდა. 2014 წელს პენსია არ გაზრდილა, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბრიდან პენსიის ოდენობა 10 ლარით გაიზარდა და 160 ლარი გახდა. თუ გავითვალისწინებთ 2013-2015 წლებში დაფიქსირებულ ინფლაციას (9%), გამოდის, რომ მიმდინარე წელს რეალური პენსია არ გაზრდილა, რადგან 2013 წელს პენსიონერს 150 ლარით მეტი პროდუქციის შეძენა შეეძლო, ვიდრე 2015 წელს 160 ლარით შეუძლია. თუმცა, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ასაკობრივი პენსია 2016 წლის 1 ივლისიდან 20 ლარით მოიმატებს და 180 ლარი გახდება (იხ. ბმული).

ახალი ხელისუფლების პირობებში საარსებო მინიმუმის გადასინჯვა არ მომხდარა. საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის სარსებო მინიმუმი 161.9 ლარია.

 

ტარიფები

შემცირებული ტარიფები “ქართული ოცნების” კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. დაპირების თანახმად, უმოკლეს ვადებში ტარიფების ხელახალი და სამართლიანი გადაანგარიშება და მათი მნიშვნელოვანი შემცირება უნდა განხორციელებულიყო. ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პირველად მოხმარების პროდუქტზე, ელექტროენერგიასა და ბენზინზე ფასები ხელოვნურად იყო გაზრდილი და ეს აუცილებლად შეიცვლებოდა. გარდა ამისა, სამჯერ უნდა შემცირებულიყო ბუნებრივი აირის ფასი.

მთავრობის შეცვლის შემდეგ, 2013 წლის იანვრიდან, 300 კვტსთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი 3.54 თეთრით, ხოლო 300 კვტსთ-ს ზემოთ დაახლოებით 2.7 თეთრით შემცირდა, რაც ძირითადად კომპანიებისათვის მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე მოხდა. წელს კი, ლარის გაუფასურების გამო, ენერგოკომპანიებს იმპორტირებული და თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულება გაუძვირდათ. მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბრში, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა და შემცირებამდე არსებულ ნიშნულს ყველა კატეგორიაში გადააჭარბა (101 კვტსთ-ის ქვემოთ მოხმარებული ენერგის გარდა). ფაქტ-მეტრი ამ თემაზე ადრეც წერდა.

ბიძინა ივანიშვილის დაპირების მიხედვით, 3-ჯერ უნდა შემცირებულიყო გაზის ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებული ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ გაზის ტარიფები გადაიხედა. 2013 წლის 1 მარტიდან ბუნებრივი აირის ღირებულება საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 5 თეთრით (10%-ით შემცირდა).

 

ბენზინის ფასი

ამ თემაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა (ბმული 1ბმული 2). 2012 წლის 10 თებერვალს გამრთულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წარმომადგენელი, ლევან იზორია საწვავის ფასის ხელოვნურ ზრდაზე საუბრობდა. მან საწვავის ფასის რეალურთან შედარებით 50 თეთრამდე ხელოვნურად მომატებაში მაშინდელი ხელისუფლება დაადანაშაულა. PLATT’S-ის მიხედვით, მსოფლიო ბაზარზე 1 ტონა ბენზინის საშუალო ფასი 2012 წელს 1 050 დოლარი იყო, მიმდინარე წელს კი ის 555 დოლარს შეადგენს.

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის სექტემბერში საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი შეადგენდა:

  • სუპერი ტიპის ბენზინი 2.33 ლარი ლიტრზე;
  • პრემიუმი ტიპის ბენზინი 2.27 ლარი ლიტრზე;
  • ევრო რეგულარი ტიპის ბენზინი 2.12-2.17 ლარი ლიტრზე;
  • რეგულარი ტიპის ბენზინი 2.12 ლარი ლიტრზე.

2015 წლის ნოემბრის მონაცემებით, საცალო ქსელში საწვავის საცალო ფასი შეადგენს:

  • სუპერი ტიპის ბენზინი 2.07 ლარი ლიტრზე;
  • პრემიუმი ტიპის ბენზინი 1.96 ლარი ლიტრზე;
  • ევრო რეგულარი ტიპის ბენზინი 1.84 ლარი ლიტრზე;
  • რეგულარი ტიპის ბენზინი 1.79 ლარი ლიტრზე.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბაზარზე ბენზინის საშუალო ფასი 2015 წელს 2012 წელთან შედარებით, დაახლოებით, 47%-ით შემცირდა. როგორც მოცემული ინფორმაციიდან ჩანს, 2012 წელთან შედარებით, ბენზინის ფასი საცალო ქსელში საქართველოში მცირედით, დაახლოებით 14%-ით შემცირდა. სხვა დამატებით ფაქტორებთან ერთად, საწვავის ფასზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა დოლართან მიმართებაში ლარის კურსს აქვს. შესაბამისად, რომ არა ბოლო წლებში დაფიქსირებული ლარის გაუფასურება, დღეს საწვავის ფასი გაცილებით დაბალი იქნებოდა.

საქართველოს ხელისუფლებას აქციზის და დამატებითი ღირებულების გადასახადი 2012 წლის არჩევნების შემდეგ არ შეუმცირებია. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ხელისუფლების პოლიტიკას საწვავის ფასის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა არ ჰქონია. ამასთან, კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობის შედეგად დადგენილი ფასების შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის  ფასის როგორც კლება, ისე ზრდა რამდენჯერმე დაფიქსირდა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ  ხელისუფლების ჩარევის შედეგად საწვავის ფასის შემცირება მოხდა, არასწორია.

 

ხელფასი

თავის განცხადებაში გიორგი ბარამიძემ ასევე აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” ამომრჩეველს ხელფასების გაზრდას დაპირდა. “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა ანაზღაურება მნიშვნელოვნად უნდა გაზრდილიყო. თუმცა, არც პარტიის საარჩევნო პროგრამაში და არც მის ლიდერთა დაპირებებში  არ გაჟღერებულა, რომ ხელფასი საქართველოს ყველა მოქალაქეს გაეზრდებოდა.

რაც შეეხება პედაგოგების ხელფასებს, 2013 წელს ის 26-59%-ით (კატეგორიების მიხედვით) გაიზარდა. განათლების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის ბრძანების თანახმად, მასწავლებელების ხელფასი კიდევ 16.4%-ით გაიზარდა და 355 ლარით განისაზღვრა. მასწავლებლების კატეგორიის მიხედვით დანამატი კი 180, 250 და 300 ლარი იქნება (იხ. ბმული).

ასევე აღსანიშნავია, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საჯარო სკოლის მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი 405 ლარი გახდება, რაც 14%-ით მეტია 2015 წელს არსებულ ხელფასის ოდენობაზე.

 

გრძელვადიანი სესხები

უპროცენტო გრძელვადიანი სესხები “ქართული ოცნების” ამომრჩევლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დაპირება იყო: “სოფლის მეურნეობის პროექტი გახლავთ ის, რომ თქვენ და ყველას, 10-დან 20 წლამდე ვადით, ექნება იაფი, ხელმისაწვდომი, ხანგრძლივი ფულის საშუალება. ეს იქნება უმეტესწილად უფასო და სადაც იქნება პროცენტი, ეს იქნება 1, 2 და 3% გადასახადი მაქსიმუმ” – აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის გრძელვადიანი სესხების გაცემა დაიწყო. სესხები სხვადასხვა რაოდენობის და სხვადასხვა კატეგორიის პროექტებისთვის იყო გათვლილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სესხები, რომელთა საპროცენტო განაკვეთი 0 დან 3%-მდე მერყეობდა, “შეღავათიანი აგროკრედიტის” და “აწარმოე საქართველოში” პროექტების ფარგლებში ხორციელდება.

“შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტის ფარგლებში საფინანსო ინსტიტუტებისთვის განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი სესხის მოცულობიდან გამომდინარე 12%-15%-ს, ხოლო ლიზინგის შემთხვევაში 15%-ს შეადგენს, საიდანაც სესხის შემთხვევაში სახელმწიფო განაკვეთის 11%-ის თანადაფინანსებას ახორციელებს, ხოლო ლიზინგის შემთხვევაში, ის 12%-ს შეადგენს.

“აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში საფინანსო ინსტიტუტებისთვის განსაზღვრული საპორცენტო განაკვეთი სესხის მოცულობიდან გამომდინარე 11-12%-ს, ხოლო ლიზინგის შემთვევაში 13%-ს შეადგენს, საიდანაც სესხის შემთხვევაში სააგენტო საპროცენტო განაკვეთის 10%-ს, ხოლო ლიზინგის შემთხვევაში 12%-ს აფინანსებს. აღნიშნული პროექტების ფარგლებში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0-დან-3%-მდეა.

მიუხედავად  იმისა, რომ აღნიშნული პროექტები ნამდვილად განხორციელდა, რთული სათქმელია, თუ რამდენად ხელმისაწვდომია ის ყველა მოქალაქისათვის. მაგალითად, “შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია ბენეფიციარი   აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებს და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს. რაც ასევე გულისხმობს ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში ქონებრივ უზრუნველყოფას, რაც ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი არ არის.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, “შეღავათიანი აგროკრედიტის” ფარგლებში 2013-2014 წლებში 27 177 კრედიტი გაიცა. პროექტის ფარგლებში გაცემულმა თანხამ 722 766 660 ლარი შეადგინა.

“აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში, 2013-2104 წლებში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 9 პროექტი დაფინანსდა. რომელთა დაფინანსებისთვის 14 670 000 აშშ დოლარი გამოიყო.

 

ყურძნის ფასი

2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყურძნის ფასი 1 ლარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. მიმდინარე წელს ყურძნის მიწოდება დაახლოებით 30 000 ტონით გაიზარდა. 2015 წელი ნაყოფიერი იყო იმ მხრივ, რომ  144 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 124 000 იყო. თუმცა, გაზრდილი მიწოდების პარალელურად შემცირდა მოთხოვნა, რაც ღვინის ექსპორტის შემცირებამ გამოიწვია. შესაბამისად, წელს ყურძნის მოთხოვნის შემცირებასთან ერთად ფასიც უნდა შემცირებულიყო, თუმცა, პოლიტიკოსების დაპირებებმა და წინა წლებში გატარებულმა სუბსიდირების პოლიტიკამ მევენახეებში მაღალი ფასის მოლოდინი შექმნა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის სუბსიდირების მიზნით ბიუჯეტიდან 30 000 მლნ ლარი გამოიყო, მევანახეები ყურძნის ფასით (რქაწითელი – 60-70 თეთრი, საფერავი – 85 თეთრი) მაინც უკმაყოფილო დარჩნენ, რადგან გასულ წელს ყურძნის ფასი გაცილებით მაღალი იყო.

 

დასკვნა

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირება მინიმალური პენსიის 200-220 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით ნაწილობრივ შესრულდა. გაიზარდა პენსია, მაგრამ დღეს არსებული ასაკობრივი პენსია 60 ლარით ნაკლებია დაპირებულ 220 ლარზე. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება.

რაც შეეხება ტარიფების შემცირებას, ბუნებრივი აირის ფასი 2012 წლის შემდეგ 10%-ით  შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ  დღეს არსებული ტარიფი სამჯერ ნაკლები არ არის, როგორც ეს დაპირებაში იყო. 2012 წლის შემდეგ შემცირდა ელექტროენერგიის ტარიფიც, მაგრამ ლარის გაუფასურების შემდეგ ფასები კვლავ გაიზარდა.

პედაგოგთა ხელფასები დაპირებისამებრ გაიზარდა. თუმცა, აღნიშნული დაპირება გიორგი ბარამიძეს არასწორად ჰქონდა ინტერპრეტირებული. ის ამბობდა, რომ “ქართული ოცნება” ხელფასების გაზრდას მთელ მოსახლეობას დაპირდა, რაც ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით არ დასტურდება.

ბენზინის ფასმა 2012 წლის შემდეგ ნამდვილად დაიწია, თუმცა ეს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის განახევრების შედეგი იყო. ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.

რაც შეეხება გრძელვადიან კრედიტებს, “ქართული ოცნების” დაპირება, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტებს ეხებოდა და ძირითადად უფასო და მაქსიმუმ 3%-იანი უნდა ყოფილიყო, გარკვეულწილად  შესრულდა. თუმცა, რამდენად არის აღნიშნული პროექტები ყველასათვის ხელმისაწვდომი, რთულია სათქმელია, რადგან  გარკვეულ შემთხვევებში საფინანსო ინსტიტუტები სესხის უზრუნველსაყოფად ქონებრივ უზრუნველყოფას ითხოვენ.

მიმდინარე წელს ყურძნის ფასი 60-85 თეთრის ფარგლებში მერყეობდა. შესაბამისად, დაპირება, რომ ყურძნის ფასი 1 ლარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, ამ შემთხვევაში არ შესრულდა.

ფაქტ-მეტრი გიორგი ბარამიძის ამ განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს, ქვემოთ კი გთავაზობთ გამოკითხვას, სადაც შეგიძლიათ ამ საკითხზე თქვენი აზრი დააფიქსიროთ.

გააზიარეთ:
[poll id="5"]