2014

წლის 27 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა: „ის, რაც წერია კანონპროექტში [ე.წ. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი მოსმენებზე] არ არის არც მეორე გასაღები და არც დამატებითი კონტროლის მექანიზმი, არ არის არაფერი სიახლე. ეს არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის იმ საქმეში ჩართვა, რომელშიც ის ვერაფერს გააუმჯობესებს და რომელმაც შეიძლება მოახდინოს ამ ინსტიტუტის დისკრედიტაცია“.

ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და შეეცადა ის გადაემოწმებინა.

2014

წლის 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტების პაკეტი მიიღო, რომლის ნაწილი გამოქვეყნებიდან ამოქმედდა, ნაწილი კი 2015 წლის 31 მარტიდან ამოქმედდება.

ფარულ მოსმენა-მიყურადების პროცესებთან დაკავშირებული ცვლილებები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“

შევიდა.

ძირითადი ცვლილება მონიტორინგის სისტემის დანერგვით განხორციელდა. კერძოდ, შემოღებული იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორ ეტაპიანი ელექტრონული სისტემა, რაც ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობას გულისხმობს. საკანონმდებლო დონეზე, ეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ელექტრონული თანხმობის გარეშე სამართალდამცავი ორგანოს მიერ მოსმენის დაწყების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობას გამორიცხავს. „შავი ყუთი“ (მოსასმენი აპარატურა/სისტემა) ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში რჩება, მაგრამ კანონით, პერსონალური დაცვის ინსპექტორის ელექტრონული თანხმობის გარეშე მისი გამოყენება შეუძლებელი ხდება. ცნობისთვის, აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფარულ საგამოძიებო ნებართვას მხოლოდ განჩინების საფუძველზე სასამართლოსგან იღებდა.

მოსმენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი ახორციელებს. სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის განხორციელებაზე ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განახორციელებს:

ა) კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მონაცემთა დამუშავების საფუძვლის კანონიერების შემოწმებით;

ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე ელექტრონული თანხმობის გაცემით;

გ) მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით).

ამასთან, საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წელიწადში ორჯერ წარუდგენენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.

აღსანიშნავია, რომ „საერთაშორის გამჭირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა ფაქტ-მეტრს განუცხადა, რომ პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ამ პროცესში ჩართვა სიტუაციას ვერ გააუმჯობესებს. პირიქით, ინსპექტორი ხდება ჩართვის (იგივე მოსმენებზე დაშვება) მონაწილე და სისტემა გარე კონტროლის გარეშე რჩება. ასევე, პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მართალია ახორციელებს ინტერნეტზე მონიტორინგს, თუმცა ძალიან შეზღუდული უფლებებით. ანუ, ფაქტიურად იმ ინფორმაციის სისწორეზეა დამოკიდებული, რასაც „ოტო“ (ოპერატიული-ტექნიკური დეპარტამენტი) მიაწვდის. აგრეთვე, ახალი საკანონმდებლო პაკეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის დისკრედიტაციას მოახდენს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მიღებულ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთობლივი განცხადებით, უკან გადადგმულ ნაბიჯად და საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მცდელობად მიიჩნევენ,

ვინაიდან:

  • შსს-ში კვლავაც რჩება ე.წ. გასაღები;
  • კანონში არაფერია ნათქვამი „ორი გასაღების“ გადაუდებელი აუცილებლობის დროს მოქმედებაზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შსს-მ კვლავ შეიძლება განახორციელოს თვალთვალი და მიყურადება ინსპექტორის ჩართვის გარეშე;
  • ორი გასაღები მოქმედებს მხოლოდ სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის დროს, ხოლო მთელი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (ზარის განხორციელების დრო, ადგილი, ხანგრძლივობა) ასევე ინტერნეტტრაფიკი (კომუნიკაციის შინაარსის ჩათვლით) შსს-ს  მიაქვს ყოველგვარი კონტროლისა და ორი გასაღების გარეშე.
  დასკვნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის როლი სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერის ინსპექტირებაში გარკვეულწილად მნიშვნელოვანია, ვინაიდან კანონის თანახმად, ის ახორციელებს: (ა) კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების საფუძვლის კანონიერების შემოწმებას, (ბ) თანხმობის გაცემას და (გ) მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებას (ინსპექტირებას).

გადაჭრით იმის თქმა, რომ პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ჩართვა არ წარმოადგენს მეორე გასაღებს და არ არის დამატებითი კონტროლი მექანიზმი, შეიძლება ბოლომდე მართებული არ იყოს, თუმცა საფრთხე, რომ შსს-მ ფარული მიყურადება მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნებართვის გარეშე ანუ უკანონოდ განახორციელოს, კვლავაც რჩება.

ზემოთ მოცემული ფაქტებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ფაქტ-მეტრი კონკრეტული დასკვნის გამოტანისგან თავს იკავებს და დეპუტატის განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი