საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "

ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში დამატებით ორი ფრაქციის შექმნა ხარჯების ზრდას არ გამოიწვევს.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ფრაქცია საერთო პოლიტიკურ შეხედულებებსა და ინტერესების საფუძველზე შექმნილი პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 89-

ე მუხლის თანახმად, ფრაქციის შესაქმნელად მინიმუმ ექვსი წევრია საჭირო. თავის მხრივ, ფრაქცია მისი წევრებიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს, მოადგილესა და ფრაქციის მდივანს, რომლებიც პარლამენტის თანამდებობების პირები არიან (გარდა ფრაქციის მდივნისა).

ამ დროისთვის, IX მოწვევის

პარლამენტის უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების რაოდენობა ექვსია, ხოლო საპარლამენტო უმცირესობა სამი ფრაქციისგან შედგება. გარდა ამისა, პარლამენტში კიდევ ორი ფრაქციაა - "ნაციონალური მოძრაობა" და "საქართველოს პატრიოტები", რომლებიც არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში არ არიან გაერთიანებულნი. ამრიგად, საქართველოს პარლამენტში დღეის მდგომარეობით 11 ფრაქცია არსებობს და მათ შორის ყველაზე მეტი წევრი ფრაქცია "ქართულ ოცნებას" ჰყავს. სწორედ ამ ფრაქციიდან წევრების გასვლისა და ორი ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ ისაუბრა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, დეპუტატები მათი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით იღებენ დამატებით ანაზღაურებას, რომლის ოდენობა თანამდებობის მიხედვით განსხვავებულია. შესაბამისად, "ქართული ოცნების" მიერ ორი ახალი ფრაქციის შექმნა პარლამენტის თანამდებობის პირთა რაოდენობის ზრდას გამოიწვევს, რომლებიც გაზრდილ დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ, თვეში ფრაქციის თავმჯდომარე 845 ლარით და ფარქციის თავმჯდომარის მოადგილე 115 ლარით მეტს, ვიდრე მაშინ, როცა ეს პირები ფრაქცია "ქართული ოცნების" რიგებში რიგით წევრებად ყოფნისას იღებდნენ. ასეთ შემთხვევაში, პარლამენტის თანამდებობის პირებს ემატება ორ-ორი ფრაქციის თავმჯდომარე და მოადგილე, რაც წელიწადში პარლამენტის ადმინისტრაციული ხარჯებს მინიმუმ 23 040 ლარით გაზრდის (ერთი ფრაქციის თანამდებობის პირებზე დამატებით 11 520 ლარი).

ასევე, პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის აპარატში დასაქმებულ პირებს სამივლინებო ხარჯების სადღეღამისო ნორმა აუნაზღაურდებათ და ზოგიერთ პირზე ნორმის დანამატი გაიცემა. ასეთ პირებს შორის არის პარლამენტის როგორც რიგითი წევრი, ასევე თანამდებობის მქონე დეპუტატი. სამივლინებო ხარჯებში ამ სახის დანამატს ნორმის ოდენობის 50%-იან მოცულობით იღებს ფრაქციის თავმჯდომარე, ხოლო პარლამენტის რიგითი წევრი და თავმჯდომარის მოადგილე კი - 45%-ს. იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი ორი ფრაქცია შეიქმნება, მათი სამივლინებო ხარჯების სადღეღამისო ნორმის დანამატის ოდენობა გაიზრდება 5%-ით.

გარდა ამისა, ფრაქციის მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით მას ყავს აპარატი და გამოეყოფა სამუშაო ფართი. თავის მხრივ, აპარატის საშტატო ერთეული, ფართი და ფრაქციის მუშაობის უზრუნველსაყოფად გამოსაყოფი თანხის მოცულობა დამოკიდებულია ფრაქციის წევრთა რაოდენოებაზე (რეგლამენტის 99-ე მუხლი). შესაბამისად, ახალი ფრაქციის შექმნა ამ ნაწილში არ გამოიწვევს ხარჯების თვალსაჩინო ზრდას, რადგან ახლადშექმნილი ფრაქციების მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო რესურსები გამოაკლდება იმ ფრაქციას, რომელსაც გამოეყვნენ.

  დასკვნა

საქართველოს პარლამენტში ყოველი ახალი ფრაქციის შექმნა მინიმუმ 11 520 ლარით ზრდის ხარჯებს, რომელიც გამოწვეულია ფრაქციის თავმჯდომარისა და მოადგილისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი ანაზღაურების გაცემით. რადგან ორი ფრაქცია იქმნება, ხარჯი მინიმუმ 23 040 ლარით გაიზრდება.

რაც შეეხება ფრაქციის მუშაობის უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხებს (აპარატი) - ამ შემთხვევაში, როგორც წესი, მთლიანი ხარჯების ზრდა არ ხდება, თუმცა ფრაქციის შექმნამდე მისი დაანგარიშება არ არის შესაძლებელი. 5%-ით იზრდება ფრაქციის თავმჯდომარის სამივლინებო ხარჯების სადღეღამისო ნორმა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი