გაზეთი ფაქტ-მეტრი
„ოცნება“ ოქრუაშვილის წინააღმდეგ – გორში საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს უწყობენ
უკატეგორიოდ
436 ნახვა
A+
A
A-

ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს დეპუტატები 5 სექტემბერს ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე გადაწყვეტენ. საკრებულოს 15-დან 9 წევრმა ილია მეტრეველს უნდობლობა გამოუცხადა და მისი თანამდებობიდან გადაყენების ინიციატივაზე მხარდაჭერა ხელმოწერით დაადასტურა. მათ უმრავლესობას „ქართული ოცნების“ წევრები (4 დეპუტატი) შეადგენენ, 2 დამოუკიდებელი დეპუტატია და მათ გარდა კიდევ თითო დეპუტატი „ეროვნულ ფორუმიდან“, „ლეიბორისტული პარტიიდან“ და „თავისუფალი დემოკრატებიდან“.

„ილია მეტრევლის ქმედებები ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ჯერ იყო და საკუთარი პარტიის („ქართული პარტია“) ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მოიყვანა საკრებულოში თავმჯდომარის მრჩევლად. ახლა, როცა ის მაჟორიტარობაზე იყრის კენჭს, მის ადგილას გორის რაიონის ყოფილი პროკურორი და კრიმინალი არჩილ ბაბაჯანაშვილი დანიშნა, რომელსაც დანაშაულები აქვს ჩადენილი სხვადასხვა პერიოდში. საკრებულოს თავმჯდომარე თავის უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს და მხოლოდ ოქრუაშვილის მითითებებით ხელმძღვანელობს“, – აცხადებს საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ თამარ თედლიაშვილი.

„ეს ყველაფერი წვეთ-წვეთად გროვდებოდა და ბოლო წვეთი იყო 22 აგვისტოს, როდესაც ილია მეტრეველმა ახალი მრჩეველი დანიშნა მაშინ, როცა რამდენიმე დეპუტატი მივლინებაში ვიმყოფებოდით. ის ჩვენგან დამოუკიდებლად იღებს სხვადასხვა გადაწყვეტილებას. ახალი მრჩეველი არც კი წარმოგვიდგინა და საერთოდ არც ერთი და არც მეორე არ ჩნდება სამსახურში.

თავმჯდომარეს არ აქვს კომუნიკაცია საკრებულოს წევრებთან და მხოლოდ იმას ასრულებს, რასაც ირაკლი ოქრუაშვილი დაავალებს“, – ამბობს ქალაქ გორის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ლია ჩლაჩიძე.

კანცელარიაში დარეგისტრირებული განცხადება საკრებულოს სხდომაზე უკვე განიხილეს, რის შედეგადაც ილია მეტრეველმა საკუთარი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა 5 სექტემბერს თავადვე ჩანიშნა.

„მე თვითონვე მოუთმენლად ველოდები ამ თარიღს, მაგრამ ისე არ მოხდეს, რომ ხელმომწერებმა ეს განცხადება ისევ უკან გაითხოვონ. მე მათ მოვუწოდებ, პრინციპულად დადგნენ თავიანთ პოზიციაზე“, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველმა.

თავმჯდომარეობიდან მისი გადაყენება გორის საკრებულოს 5-მა წევრმა ივნისშიც მოითხოვა, თუმცა მაშინ ამ ინიციატივის მხარდამჭერთა რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდა და განცხადება კანცელარიიდან უკანვე გაითხოვეს.

15-წევრიან საკრებულოში მეტრევლის თანამდებობიდან გადასაყენებლად 8 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე, 2014 წლის 2 აგვისტოს რეგლამენტით დამტკიცებული დადგენილების მიხედვით, იმპიჩმენტის საკითხი საკრებულოს წევრთა რაოდენობის არანაკლებ 1/3-ის მიერ დგება დღის წესრიგში. ამჯერად კი დეპუტატები ამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ და საკითხის განხილვაც დაგეგმილია.

იმპიჩმენტის განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. საკრებულოს აპარატის უფროსის, ზაქარია ნასყიდაშვილის გათავისუფლების საფუძვლად ილია მეტრეველი ბრძანებაში წერს, რომ ის თანამშრომლებს 31 ივლისს, გორში ქართული ოცნების ყრილობაზე დასწრებას აიძულებდა.

ეს ფაქტი რამდენიმე დეპუტატმა გააპროტესტა. მათი განცხადებით, ილია მეტრეველი საკრებულოს აპარატის ფუნქციონირებას ხელოვნურად აფერხებს და კრიზისულ სიტუაციას ქმნის.

საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თანამშრომელთა განთავისუფლების მიზეზით გამოწვეულ პროტესტს ადგილი გორის საკრებულოში ბოლო ხუთი თვის მანძილზე არაერთხელ ჰქონდა. ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელი, ილია მეტრეველი თავმჯდომარედ, ხმათა უმრავლესობით, 4 მარტს აირჩიეს. მისი წინამორბედი კი „ეროვნული ფორუმის“ წევრი პაპუნა კობერიძე მაშინაც იმპიჩმენტის წესით გადააყენეს.

თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეებში ილია მეტრეველმა თანამშრომლების მასობრივი განთავისუფლება დაიწყო, უფრო ზუსტად კი, მას შემდეგ, რაც მრჩევლად თავისი პარტიის ლიდერი და თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დანიშნა.

რამდენიმე თვის წინ მან ჯერ მისი თანაშემწე ნათია ომაძე გადააყენა თანამდებობიდან, შემდეგ კი საკრებულოს აპარატის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც შესაბამისი კონკურსის გავლის შედეგად დაინიშნენ თანამდებობებზე. ომაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ილია მეტრეველმა მალევე შეცვალა, როცა ომაძემ თავისი  უფლებების დაცვა სამართლებრივად გადაწყვიტა, ხოლო  განთავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე სასამართლო პროცესი 6 სექტემბერსაა ჩანიშნული.

ილია მეტრევლის წინააღმდეგ რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე თვის წინ გორის მერის სარჩელიც განიხილა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რის შედეგადაც შტატგარეშე 2 თანამშრომლის (ერთ-ერთი ოქრუაშვილის თანაგუნდელია) დასაქმება უკანონოდ ცნო, ირაკლი ოქრუაშვილი კი სასამართლო გადაწყვეტილებით მრჩევლის თანამდებობაზე დარჩა.

საია-ს გორის ოფისში მიიჩნევენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის საეჭვო ქმედებებზე კითხვები თანდათან მატულობს და მაგალითად სწორედ თანამშრომელთა განთავისუფლების შემთხვევები მოჰყავთ. თუმცა, იურისტ ქეთი ბებიაშვილის თქმით, 9 დეპუტატს საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებისას სერიოზული არგუმენტების მოყვანა მოუწევს, რადგანაც წინასაარჩევნო პერიოდში გადაყენება ილია მეტრეველს სასამართლო დავის წამოწყების რეალურ საფუძველს მისცემს.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი გორში თეა თედლიაშვილი კი განმარტავს, რომ აღნიშნულ პროცესებს წინასაარჩევნო პერიოდი არ ზღუდავს და თვითმმართველ ორგანოში თუნდაც თავმჯდომარის გადაყენების საკითხის განხორციელება კანონით განსაზღვრული წესების დაცვით ნებისმიერ დროს შესაძლებელია.

გააზიარეთ: