მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებისა, რომ ვიქტორ ჯაფარიძის საპატიმროში ვიზიტი (მირზა სუბელიანთან) არასამუშაო დღეს, ჩვეულებრივი მოვლენაა, ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაცია  სხვას ამტკიცებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც მე-9 მოწვევის პარლამენტი ფუნქციონირებს, არასამუშაო დღეს დეპუტატი საპატიმროში არასდროს შესულა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად დეპუტატების პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა საკმაოდ ხშირია (2016 წლის ნოემბრიდან ამ უფლებამოსილებით დეპუტატებმა 156-ჯერ ისარგებლეს). ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვიქტორ ჯაფარიძის მირზა სუბელიანთან ვიზიტი გამორჩეული და სასწრაფოდ დაგეგმილი იყო.

მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა.

ჩანაწერი, სავარაუდოდ, 11 ოქტომბერს, სასჯელაღსრულების მე-8  დაწესებულებაშია გაკეთებული და მასში წინასწარ პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანის, „ქართული ოცნების“  დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, დავით ცუხიშვილის, საუბარია ასახული. აუდიოჩანაწერი გახმაურებული საქმეების, მათ შორის ხორავას ქუჩის საქმის შესახებ, მირზა სუბელიანის სკანდალურ განცხადებებს შეიცავს.

სიუჟეტის ეთერში გასვლამდე ერთი საათით ადრე, მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებული იყო. მომდევნო დღეს უწყებამ ოფიციალური განცხადება

გაავრცელა და განმარტა, რომ აუდიოჩანაწერებზე საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ 12 ოქტომბერს დაიწყო. პროკურატურის განმარტებით, გამოძიების დაწყების საფუძველს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ. -ს განცხადება წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, ფარული ჩანაწერების გავრცელების იძულების მიზნით, 12 ოქტომბერს მასზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით შანტაჟი და ზეწოლა განხორციელდა.

16 ოქტომბერს, პროკურატურამ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ამსახველი კიდევ ერთი აუდიომასალა

გაავრცელა, რომელიც, უწყების მტკიცებით, 2018 წლის 6 ივლისით არის დათარიღებული. გამოძიების ვერსიით, „საქმე შეიძლება გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე“.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე დაყრდნობით გამოითქვა ვარაუდი, რომ „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერი (რომელიც სავარაუდოდ 11 ოქტომბრით თარიღდება) წინასწარ იყო დადგმული და მასში ასახული ფაქტები შესაძლოა სუბელიანის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდეს. თუმცა, ამ მოსაზრებას ძირითადად მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიიჩნევენ სარწმუნოდ, ოპოზიციისა თუ  არასამთავრობო სექტორისთვის კი, პირიქით, კითხვის ნიშნებს სწორედ პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერები აჩენს. მათი მოსაზრებით,

არ არის გამორიცხული ეს ჩანაწერი არა თუ 6 ივლისს, არამედ გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ ანონსის გასვლის შემდეგ (14 ოქტომბერი) იყოს მომზადებული.

ეჭვებს ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ დეპუტატ ჯაფარიძის მირზა სუბელიანთან მორიგი ვიზიტი სწორედ 14 ოქტომბერს, კვირა დღეს შედგა.

საპატიმროში დეპუტატის ვიზიტს პარლამენტის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანება სჭირდება. როგორც  „ლიბერალის“ მიერ პარლამენტიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლებამოსილების გადაცემასთან დაკავშირებით, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს 14 ოქტომბერს მიმართა, შესაბამისმა ბრძანებამაც არ დააყოვნა და დეპუტატმა პატიმრის მონახულება სწორედ იმავე დღეს შეძლო (გარდა იმისა, რომ 14 ოქტომბერი კვირა დღეს დაემთხვა, ეს დღე ოფიციალურადაც უქმედ არის გამოცხადებული, ვინაიდან სვეტიცხოვლობის დღესასწაული აღინიშნება).

14 ოქტომბერს დაჩქარებული წესით გაცემულ ბრძანებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტება გააკეთა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ხუთი ბრძანებაა გაცემული, ხუთივე მოხდა რეგლამენტის შესაბამისად. რაც შეეხება იმას, რისთვისაც სურდა ჯაფარიძეს სუბელიანთან საპატიმროში შესვლა, ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე კითხვებს არ სვამს. როდესაც დეპუტატები მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარე ამოწმებს მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებს, ამის შემდეგ გაიცემა შესაბამისი ნებართვა“.

„პატიმრობის კოდექსის“ მე-60 მუხლის  პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-151 მუხლის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის

მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პარლამენტის წევრისთვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შედეგად, დეპუტატები პენიტენციურ დაწესებულებაში დაიშვებიან.

პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლი, ასევე, დეპუტატებისთვის ამ სახის უფლებამოსილების მინიჭების პროცედურებს

განსაზღვრავს, რომლის მიხედვითაც, უფლების მინიჭების საკითხის დასმის უფლება აქვს: 1. პარლამენტის კომიტეტს (მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს); 2. დროებით საგამოძიებო კომისიას.

თუმცა, ამ სახის უფლების მინიჭება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია შესაბამისად კომიტეტის, დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ან მის მიერ კონკრეტული საკითხის შესასწავლად.

რეგლამენტში აღნიშნულია, რომ კომიტეტისა თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ  თავმჯდომარისათვის წარდგენილი წინადადება მოტივირებული უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს პარლამენტის წევრისათვის უფლების მინიჭების ვადას.

რეგლამენტი, ასევე, საგამონაკლისო წესით, პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის  უფლებამოსილების გადაცემის შემთხვევასაც ითვალისწინებს. კერძოდ, მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდეს სპეციალური ნებართვის გარეშე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ეს უფლება გადასცეს პარლამენტის წევრს“.  აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ხუთივე  ბრძანების

საფუძველს სწორედ ეს პუნქტი წარმოადგენს.

cixe

რეგლამენტის მე-18 მუხლიდან გამომდინარე, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ერთი მხრივ უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც შედარებით რთულ პროცედურას ითვალისწინებს და მეორე მხრივ უფლებამოსილების გადაცემა, რომელიც მხოლოდ თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ხდება. სავარაუდოდ, უფლებამოსილების მინიჭებისგან განსხვავებით, რომლის ინიციატივაც დეპუტატისგან (საგამოძიებო კომისია თუ კომიტეტი) მოდის, უფლებამოსილების გადაცემა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ხდება, ისიც თავმჯდომარის მიერ და არა დეპუტატის მიმართვის შედეგად.

რეგლამენტის თანახმად, თუკი პარლამენტის თავმჯდომარე ახორციელებს უფლებამოსილების მინიჭებას, მაშინ  თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს არა უშუალოდ დეპუტატის, არამედ შესაბამისი კომიტეტის ან დროებითი საგამოძიებო კომისიის მოტივირებული წინადადება, ხოლო თუკი  უფლებამოსილების გადაცემა ხდება, უნდა არსებობდეს ის  წინაპირობა, რომელიც იწვევს თავმჯდომარის მიერ, მისი უფლებამოსილების, სხვა დეპუტატისათვის გადაცემის აუცილებლობას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბრძანების გამოცემა მოხდა უშუალოდ დეპუტატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ბრძანებაში კი აღინიშნა, რომ მოხდა არა უფლებამოსილების მინიჭება, არამედ უფლებამოსილების გადაცემა, რასაც რეგლამენტის მე-18 მუხლიდან გამომდინარე, როგორც წესი, საფუძვლად უდევს არა დეპუტატის მიმართვა, არამედ გარკვეული სახის „აუცილებლობის“  არსებობა. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის მიერ გამოცემული ბრძანებები არ შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ  დეპუტატის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებამოსილების მიღების მხრივ რეგლამენტი საკმაოდ რთულ პროცედურას ითვალისწინებს, პრაქტიკაში მხოლოდ დეპუტატის მიერ მიმართვაც საკმარისია, რომლის საფუძველზეც თავმჯდომარე, მოტივაციის შესწავლის გარეშე, გამოსცემს შესაბამის  ბრძანებას. შესაბამისად, ვიქტორ ჯაფარიძე არ არის ერთადერთი, რომლის შემთხვევაშიც რეგლამენტით დადგენილი წესის უგულებელყოფა მოხდა. თუმცა, 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემული 156 ბრძანებიდან, არასამუშაო დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების გადაცემა მხოლოდ ამ ერთადერთ შემთხვევაში მოხდა.

იმის დადგენის პარალელურად, თუ რამდენად იყო დაცული რეგლამენტით დადგენილი წესი, საინტერესოა ის გარემოებები, რომელთაც ადგილი ჰქონდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში და რომელზეც განმარტებები პარლამენტის თავმჯდომარეს არ გაუკეთებია.

კერძოდ, ყურადსაღებია ის, რომ ბრძანების გაცემის შესახებ მოთხოვნა, მოთხოვნის დაკმაყოფილება და ციხეში შესვლა ერთსა და იმავე დღეს (არასამუშაო დღეს), დაჩქარებული წესით მოხდა.

ამასთან, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის სახელზე პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანება 11 ოქტომბერსაც (სამი დღით ადრე)  გასცა და მორიგი ბრძანების გაცემისას სავარაუდოდ არ დაინტერესებულა თუ რამ განაპირობა ასეთი ხშირი ვიზიტები. მაშინ, როდესაც მირზა სუბელიანი არ არის ერთი რიგითი პატიმარი. მის სახელს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე უკავშირდება და მისი შესაძლო გავლენების გამოვლენის მიზნით, სპეციალური საგამოძიებო კომისიაც კი შეიქმნა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც დეპუტატები მიმართავენ მას როგორც თავმჯდომარეს, ის მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებს ამოწმებს და ამის შემდეგ გასცემს შესაბამის ნებართვას. შესაბამისად, სადავოა თუ რამდენად მოხდა მისი მხრიდან უსაფრთხოების საკითხის გამოკვლევისას შემდეგი გარემოებების გათვალისწინება.

კერძოდ, 14 სექტემბერს, მაშინ როდესაც ირაკლი კობახიძემ გასცა შესაბამისი ბრძანება, უკვე დაანონსებული იყო სკანდალური ჩანაწერების გამჟღავნების შესახებ (თუმცა, რამდენად ძნელი წარმოსადგენიც არ უნდა იყოს, შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნულის შესახებ სულაც არ ყოფილიყო ინფორმირებული) და ამავე დროს, დაწყებული იყო საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შესახებაც თავმჯდომარე დიდი ალბათობით საქმის კურსში უნდა ყოფილიყო. მისი ინფორმირებულობის შესახებ ეჭვებს 15 ოქტომბერს ბიუროს სხდომაზე, კობახიძის მიერ გატარებული რიტორიკა ბადებს, რომელიც 16 ოქტომბერს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერების შედეგად წარმოშობილ ვარაუდებს ემთხვევა.

კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავის 2“ -ის ეთერში გასული სიუჟეტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმულ სპექტაკლად შეაფასა და სიტყვებით „თქვენი სუბელიანი“, მირზა სუბელიანი ოპოზიციის ინტერესების გამტარებლად წარმოაჩინა.

შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანების გაცემის მომენტში მართლაც არ ყოფილიყო ინფორმირებული ყოველივე ზემოაღნიშნულის შესახებ, ან იყო, თუმცა მიიჩნია, რომ ყველაფრის მიუხედავად, ვიზიტი მაინც გამართლებული იყო და შექმნილ ვითარებაში საფრთხეები მან ვერ დაინახა. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სკანდალური ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, პატიმრობაში მყოფმა მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა.
თეგები:

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი