მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, პარლამენტის სხდომაზე, რომან გოცირიძემ განაცხადა: 5 ივლისიდან მოყოლებული, ფინანსთა სამინისტრომ ნახევარი მლრდ ლარი ასესხა კომერციულ ბანკებს, სამთვიანი დეპოზიტების სახით. სწორედ ამ პერიოდიდან, რაც მიმოქცევაში გავიდა ფული, ლარმა გაუფასურება დაიწყო“. როგორც განცხადებიდან ჩანს, რომან გოცირიძის აზრით, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება სწორედ ფინანსთა სამინისტროს ზემოხსენებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

სახელმწიფო ფულადი სახსრების ეფექტური მართვისა და დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით, მიმდინარე წლის ივლისიდან სახელმწიფო ხაზინამ ნაშთზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების კომერციულ ბანკებში განთავსება დაიწყო. პირველი აუქციონი

მიმდინარე წლის 4 ივლისს გაიმართა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომერციულ ბანკებში 3 თვის ვადით 50 მილიონი ლარი განთავსდა. მიმდინარე წლის ივლისიდან სახელმწიფო ხაზინიდან კომერციულ ბანკებში ყოველკვირეულად 50 მილიონი ლარის ოდენობის დეპოზიტების განთავსება ხდებოდა. ბოლო აუქციონი 5 სექტემბერს გაიმართა და მთლიანობაში, ივლისი-სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომერციულ ბანკებში დეპოზიტების სახით 500 მილიონი ლარი განთავსდა.

გრაფიკი 1:

გაცვლითი კურსი და ფულის მასის დინამიკა მიმდინარე წელს

image001

კომერციულ ბანკებში მთავრობის დეპოზიტების განთავსებით გაიზარდა ბანკების საკრედიტო რესურსი, რაც ქვეყანაში ფულის მასაზეც აისახა. თუ დავაკვირდებით ფულის მასის დინამიკას, ვნახავთ, რომ ივნისი-აგვისტოს პერიოდში სარეზერვო ფულის მასა (უცხოური ვალუტის გარეშე) 325 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო წინა წლის აგვისტოსთან შედარებით სარეზერვო ფულის მასა 685 მლნ ლარით (22%-ით) არის გაზრდილი. რაც შეეხება ფართო ფულის მასას (M2 ნაღდი ფული და დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში), ივნისიდან ფართო ფულის მასა საგრძნობლად გაიზარდა, მთლიანობაში, ივნისი-სექტემბრის პერიოდში ფულის მასა 888 მილიონი ლარით (13.5%-ით) არის გაზრდილი.

მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში კურსი ბაზარზე დოლარისა და ლარის თანაფარდობით განისაზღვრება. სხვა თანაბარ პირობებში, დოლარის ნაკადების შემცირება ან/და ლარის მასის ზრდა კურსის გაუფასურებას იწვევს.

ლარმა გაუფასურება აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყო. იმ პერიოდში მთავრობის მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 400 მილიონი ლარი შეადგინა. ლარის გაუფასურების დაწყებიდან მთავრობამ კომერციულ ბანკებში დამატებით 100 მილიონი განათავსა, თუმცა 5 სექტემბრის შემდეგ დეპოზიტების განთავსებაზე აუქციონი აღარ ჩატარებულა. აგვისტოდან სექტემბრამდე ლარი დოლართან მიმართებაში 9 თეთრით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსის ჩამოყალიბებაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას, როგორიცაა ეკონომიკური ზრდა, საგადამხდელო ბალანსის დინამიკა და მოსახლეობის მოლოდინები. ამ ეტაპზე საგადამხდელო ბალანსის მონაცემები არ არის გამოქვეყნებული, ამიტომ, რთულია დადგენა, თუ რამდენად იქონია დოლარის ნაკადების შემცირებამ კურსის ცვლილებაზე გავლენა. თუმცა, ეროვნული ბანკის ანგარიშების მიხედვით, საზღვარგარეთიდან მიღებული შემოსავლები ზრდის ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარი-ივლისის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28.5%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები 20%-ით (134 მლნ დოლარით) არის გაზრდილი. დამაიმედებელ ინფორმაციას გვაწვდის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაც, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ იანვარ-აგვისტოში ქვეყნის სავაჭრო ბალანსი წინა წელთან შედარებით 28 მლნ დოლარით გაუმჯობესდა.

მიუხედავად იმისა, რომ საგადამხდელო ბალანსის სრული მონაცემები ამ ეტაპზე არ გვაქვს, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდში ტურისტების რაოდენობა და შესაბამისად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მცირდება. იმ შემთხვევაში, თუ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კლება საგადამხდელო ბალანსის სხვა ოპერაციებით არ დაკომპენსირდება, ქვეყანაში დოლარის რაოდენობა შემცირდება, რაც ლარის გაუფასურებას გამოიწვევს. დოლარში მიღებული შემოსავლების შემცირების ფონზე ეკონომიკაში ლარის მასის ზრდა ეროვნული ვალუტის კურსზე დამატებით წნეხს ქმნის.

სექტემბერში ლარის გაუფასურების მიზეზი ფულის მასის ზრდასთან ერთად შესაძლოა ქვეყანაში დოლარის ნაკადების შემცირება გამხდარიყო, თუმცა სრული სურათის შესაფასებლად სასესხო კაპიტალის დინამიკა და მიმდინარე ანგარიშის ბალანსის შესახებ მონაცემებია საჭირო, რომელიც წლის ბოლომდე არ გამოქვეყნდება.

დასკვნა კომერციულ ბანკებში მთავრობის დეპოზიტების განთავსებამ ბანკების საკრედიტო რესურსი გაზარდა, რაც ეკონომიკაში ფულის მასის მოცულობაზეც აისახა. ფაქტია, რომ ივნისი-აგვისტოს პერიოდში ფულის მასა საგრძნობლად გაიზარდა, რაც დოლარის ნაკადების შემცირების პირობებში ლარის გაუფასურებას გამოიწვევდა. ქვეყანაში შემოსული დოლარის ნაკადების შესახებ სრული ინფორმაცია საგადამხდელო ბალანსშია ასახული. გამომდინარე იქიდან, რომ საგადამხდელო ბალანსის შესახებ მონაცემები ცნობილი არ არის, რთულია შევაფასოთ თუ რამ მოახდინა კურსზე გავლენა. აღნიშნული მიზეზის გამო, ამ ეტაპზე ფაქტ-მეტრი რომან გოცირიძის განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი