"

თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი და ყოფილი პარლამენტარი თამაზ შიოშვილი გორის ვიცე-მერად დაინიშნა. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა მიმდინარე წლის 10 მარტს მიიღო. როგორც გორის მერიაში ფაქტ-მეტრს განუმარტეს, ეს თანამდებობა ყოფილ დეპუტატს ზურაბ ჯირკველიშვილმა შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო.

შიოშვილის სახელისუფლებო გუნდში გადასვლას მას შემდეგ პროგნოზირებდნენ, რაც მან პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ოფიციალურად დატოვა (2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ) და გორის მაჟორიტარობის კანდიდატობაზე უარი თქვა. თუმცა, საზოგადოების ამ მოლოდინებს შიოშვილი მაშინ არ ადასტურებდა. "თავისუფალი დემოკრატების" დატოვებამდე შიოშვილი ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა და რეალური თვითმმართველობის არარსებობაზე საუბრობდა. დეპუტატობის დროს თამაზ შიოშვილმა გორის თვითმმართველობაში არსებულ ვითარებაზე პრემიერ-მინისტრს საჯაროდ, პარლამენტში გამოსვლის დროსაც მოახსენა. "

თვითმმართველობა კი არა, ეს არის სუს-ის განყოფილება, სადაც რიგითი დამლაგებლიდან დაწყებული, საკრებულოს წევრი იქნება, მერიის თუ რაიონის გამგებლის თანამშრომელი, ყველანი სუს-ის კონტროლს ექვემდებარებიან და თითოეულ მათგანს სუს-ი აკონტროლებს", - განაცხადა შიოშვილმა.

თამაზ შიოშვილმა ქალაქის ხელმძღვანელობას უუნარო, არჩევნებამდე გამართულ "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზეც უწოდა. "2014

წლის თვითმმართველობის რეფორმამ შიდა ქართლს არაფერი განსაკუთრებული არ მოუტანა. მოუტანა მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც უუნარო და უნიათოა, რომელსაც არაფერი არ შესწევს... მთელი ამ ორი წლის განმავლობაში თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ განხორციელებულ პროექტს, ვერც ინფრასტრუქტურულს, ვერც სოციალურ-ეკონომიკურს“, - განაცხადა მაშინ შიოშვილმა.

ყოფილი დეპუტატი უშუალოდ გორის მერსაც აკრიტიკებდა და მის ქმედებებში კორუფციულ ნიშნებსაც ხედავდა:

 "სუსტი მერი გამოდგა, დღეს მე ვერ ვგრძნობ, რომ ჩემს ქალაქს ჰყავს არჩეული მერი, რომელიც ზრუნავს გორსა და მის თითოეულ მაცხოვრებელზე... დაუძახეთ მერს და გააკეთოს განმარტებები, რაში იღებენ ხელფასებს ხელოვნურად შტატებით გაბერილი ა(ა)იპ-ების თანამშრომლები..."

"მინდა იცოდეთ, რომ ისე გაუჭირდა გორში "ოცნებას", ოღონდაც ადგილობრივ ორგანიზაციაში ვინმე გაწევრიანდეს და მაშინვე ასაქმებენ", - აცხადებდა

თამაზ შიოშვილი.

ოპოზიციური პარტიის ყოფილი წევრი დღეს სწორედ იმ სტრუქტურას წარმოადგენს, რომელსაც თავადვე აკრიტიკებდა და სუს-ისგან მართულ ორგანოს უწოდებდა. უნდა აღინიშნოს, რომ მისი ვიცე-მერის პოსტზე დანიშვნა ზუსტად იმ დღეს, 10 მარტს მოხდა, როდესაც ზურაბ ჯირკველიშვილი ვიცე-მერის პოსტის კვლავ ვაკანტურობაზე მიუთითებდა და აღნიშნავდა,

 რომ პირველი მოადგილის დანიშვნას არ ჩქარობდა.

რამ განაპირობა მერის ამ განცხადების შემდეგ, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება და მისდამი კრიტიკული განცხადებებით გამორჩეული ყოფილი ოპონენტის პირველ მოადგილედ დანიშვნა? ჩვენ ეს შეკითხვა გორის მერიას დავუსვით, საიდანაც ასეთი პასუხი მივიღეთ: "უცნაურია ცოტა, მაგრამ მერმა განმარტა, რომ შიოშვილს ადრე გაუკეთა შეთავაზება და ელოდა მისგან პასუხს. პასუხი მიიღო პარასკევ საღამოს, რის შემდეგაც ხელი მოაწერა დანიშვნის ბრძანებას. მერი ამბობს, რომ ეს იყო მხოლოდ დამთხვევა და ვაკანტური ადგილის შესახებ გაკეთებული განცხადება ამ დანიშვნის დაჩქარების დამატებითი სტიმული იყო", - განმარტავენ მერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ფაქტ-მეტრი ახლადდანიშნულ ვიცე-მერსაც დაუკავშირდა და ადგილობრივი თვითმმართველობის მისამართით მის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები შეახსენა.

"

დაახლოებით ექვსი თვე სახლში ვიყავი, უმუშევარი, 2-3 კვირის წინ მქონდა შეხვედრა ქალაქის მერთან, რომელმაც საქმიანი ურთიერთობა შემომთავაზა. მოსაფიქრებლად გარკვეული პერიოდი ვითხოვე და რამდენიმე დღის წინ თანხმობა ვუთხარი. რაც შეეხება ჩემს კრიტიკულ განცხადებებს, მე ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. იყო გამოწვევები და გვიწევდა ამ ყველაფერზე საუბარი. ხვალაც რომ იყოს ასეთი პრობლემები მე ხვალაც ანალოგიურს ვიტყვი და თვალს არ დავხუჭავ, მაგრამ უკვე პასუხისმგებლობას მეც ავიღებ. მე შემიძლია ჩემი გამოცდილებით გვერდში დავუდგე ამ გუნდს და ქალაქის განვითარებაში მივიღო მონაწილეობა", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში შიოშვილმა.

ახალი ვიცე-მერი ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრების დაწყებას აპირებს, თუმცა, მისი თქმით, ეს წინასაარჩევნო კამპანიას არ უკავშირდება. ფაქტ-მეტრის კითხვაზე, აპირებს თუ არა გორის მერის არჩევნებზე კენჭი იყაროს, მან განმარტა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია, ამის შესახებ განხილვა ჯერჯერობით არავისთან ჰქონია და არც თავად უფიქრია.

აღსანიშნავია, რომ თამაზ შიოშვილის "თავისუფალი დემოკრატებიდან" მმართველ გუნდში გადასვლის ფაქტი პირველი არ არის. გასული წლის ნოემბერში აღნიშნული პარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ვიქტორ დოლიძე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე წარადგინეს. ორი თვის შემდეგ, ზურაბ აბაშიძე ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა, მომდევნო თვეს კი გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის მრჩეველი გახდა.

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი