2014

წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავდა, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულად ამოქმედების გადავადებას ითვალისწინებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა განცხადა: “ნაციონალურ მოძრაობას არ მიეცა საშუალება იუსტიციის საბჭოში კანდიდატურები საკუთარი რეკომენდაციით დაესახელებინა, როგორც ეს  ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო აღნიშნული“.

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, რამდენად შეესაბამება აკაკი მინაშვილის განცხადება სიმართლეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს კონსტიტუციით შექმნილი ორგანოა, რომლის მთავარ მიზანსაც მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნა, მათი გათავისუფლება და სხვა ამოცანების შესრულება წარმოადგენს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი

ითვალისწინებს. კანონის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება. მათგან 8 წევრს მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს, 5 წევრს - საქართველოს პარლამენტი, ერთ წევრს - საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო მე-15 წევრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა. პარლამენტის მიერ ასარჩევი კანდიდატი არჩეულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ მან პირველ კენჭისყრაზე პარლამენტის სიითი შემადგენლობის 2/3-ის ხმა მიიღო. თუ პირველი კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულად დაკომპლექტება ვერ მოხერხდა, მეორე კენჭისყრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ასარჩევად ხმათა უბრალო უმრავლესობაა საკმარისი. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ხუთი არჩეული წევრიდან ერთ-ერთი მაინც, სიითი შემადგენლობის 2/3-ით უნდა იყოს არჩეული. თუ ვერცერთ კენჭისყრაზე კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა, ერთი ადგილი ვაკანტური რჩება და პროცედურა თავიდან იწყება.

დეპუტატ აკაკი მინაშვილის განცხადება ვენეციის კომისიის დასკვნას და პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ეხებოდა. იმისათვის, რომ აკაკი მინაშვილის განცხადება შევაფასოთ, აუცილებელია განვიხილოთ, თუ როგორ იცვლებოდა აღნიშნული კანონი მასში პირველი ცვლილების ინიცირებიდან დღემდე და როგორ მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა პარლამენტის მიერ.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში 2012 წლის 29 ნოემბერს შევიდა და ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსივე წევრის უბრალო უმრავლესობით არჩევას ითვალისწინებდა. 2012 წლის 3 დეკემბერს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროპის საბჭოში ვენეციის კომისიას წერილით მიმართა, რომლითაც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა ითხოვა. ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე საქართველოს პარლამენტმა ინიცირებული კანონპროექტი 2012 წლის 20 დეკემბერს პირველი მოსმენით

 მიიღო.

მოგვიანებით, 2013 წლის 11 მარტს საქართველოს “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის დაშლას განსაკუთრებით აკრიტიკებდა. ამ თემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პარლამენტის მიერ დაკომპლექტებას, ვენეციის კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ: “ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საბჭოს შემადგენლობის საპარლამენტო კომპონენტი არჩეული უნდა იქნეს კვალიფიციური უმრავლესობით - ხმათა ორი მესამედით, სავარაუდო კრიზისების თავიდან აცილების მექანიზმის გათვალისწინებით, ან რაიმე პროპორციული მეთოდით, რომელიც უზრუნველყოფს ოპოზიციის გავლენას საბჭოს დაკომპლექტებაზე. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, რომელი გამოსავალია მისთვის მისაღები, თუმცა კრიზისის საწინააღმდეგო მექანიზმი არ უნდა იქცეს დამაბრკოლებელ გარემოებად კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეთანხმების მიღწევისათვის.” ამრიგად, ვენეციის კომისია პროცესში ოპოზიციის მონაწილეობის აუცილებლობაზე მიუთითებდა და საბჭოს დაკომპლექტებისთვის საპარლამენტო ხმების მინიმუმ ორ მესამედს მოითხოვდა. ამასთან, ვენეციის კომისია მოუწოდებდა მთავრობას, ეპოვა გამოსავალი, რათა კვალიფიციური უმრავლესობის წესს არ დაეყოვნებინა საბჭოს დაკომპლექტება.

ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, კანონპროექტის ახალი ვარიანტი მეორე მოსმენით განიხილეს. კანონპროექტის ახალი ვარიანტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევას ახალი კვალიფიციური უმრავლესობის (ორი მესამედი) წესით ითვალისწინებდა. ამასთან, თუ პირველ მოსმენაზე ხმათა ორ მესამედს ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებდა, მეორე მოსმენაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ასარჩევად საკმარისი იყო ხმათა უბრალო უმრავლესობა. ასევე, კანონპროექტის თანახმად, საბჭოს მინიმუმ ორი წევრი ორი მესამედის უმრავლესობით უნდა ყოფილიყო არჩეული. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტური ადგილების შესავსებად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ხელახალი არჩევნები უნდა დანიშნულიყო. საბოლოოდ, 2013 წლის 5 აპრილს, კანონპროექტის აღნიშნული ვარიანტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. აღნიშნულ კანონპროექტს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვეტო დაადო. საქართველოს პარლამენტმა ვეტო 2013 წლის 1 მაისს დაძლია.

“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში აღნიშნული ცვლილებები 2013 წლის 20 მაისიდან ძალაში შევიდა.

კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს საპარლამენტო უმცირესობა მხარს რამდენიმე მიზეზის გამო არ უჭერდა. პირველ რიგში, ოპოზიცია მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას აკრიტიკებდა. შემდეგი სადავო საკითხი კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევისა და ასარჩევ წევრებზე დაწესებული შეზღუდვები იყო. კანონპროექტზე მიმდინარე დებატების დროს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებდნენ, რომ პარლამენტი ვენეციის კომისიის შენიშვნებს არ ითვალისწინებდა.

როგორც აღვნიშნეთ, ვენეციის კომისიის დასკვნაში საუბარი იყო იმის აუცილებლობაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა უმცირესობასაც ჰქონოდა. საბოლოოდ მიღებული კანონის ვარიანტი პირველი მოსმენით ნამდვილად ითვალისწინებდა ვენეციის კომისიის მიერ შეთავაზებულ წესს, თუმცა მეორე მოსმენით ოთხი წევრის არჩევაზე საპარლამენტო ოპოზიციას ფაქტობრივად არანაირი გავლენის მოხდენა არ შეეძლო. კანონპროექტი ასევე არ ითვალისწინებდა საპარლამენტო პარტიებს შორის დიალოგისა და კონსენსუსის გარკვეულ ბერკეტებს, რაც ვენეციის კომისიის მიერ მითითებულ პრობლემას გადაჭრიდა.

როგორც ვხედავთ, კანონპროექტის მიღების პროცესში პარლამენტმა საპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრებები და შესაბამისად ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად არ გაითვალისწინა. საინტერესოა როგორ განვითარდა მოვლენები უშუალოდ წევრების არჩევის დროს. 2013 წლის 12 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით პირველი კენჭისყრა ჩატარდა. “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტს კონსენსუსის მიღწევისთვის გამოსავალი შესთავაზეს. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებდა, “ნაციონალური მოძრაობა“ მზად იყო მხარი დაეჭირა უმრავლესობისთვის სასურველი ნებისმიერი ოთხი კანდიდატურისთვის იმ შემთხვევაში, თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად შეთანხმება ორ კანდიდატურაზე მოხდებოდა, რომელთა ასარჩევად აუცილებელია ხმათა ორი მესამედი". საპარლამენტო უმრავლესობამ არ მიიღო “ნაციონალური მოძრაობის” შეთავაზება. პასუხად, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა პარლამენტის დარბაზი დატოვეს. 2013 წლის 14 ივნისს საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრი (კახაბერ სოფრომაძე, გოჩა მამულაშვილი, ვახტანგ თორდია და ევა გოცირიძე)

მეორე მოსმენით, უბრალო უმრავლესობის წესით, საპრლამენტო უმცირესობის მონაწილეობის გარეშე აირჩიეს.

2013 წლის 4 ოქტომბერს დარჩენილი ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად პარლამენტში კენჭისყრა კვლავ გაიმართა, თუმცა უშედეგოდ. 2013 წლის 13 ნოემბერს “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებები

 შევიდა. ცვლილებების თანახმად, პარლამენტის მიერ ასარჩევი ექვსი წევრისგან, ერთ წევრის არჩევის უფლებამოსილება პრეზიდენტს გადაეცა. აღნიშნული ცვლილება იმან განაპირობა, რომ “საქართველოს კონსტიტუციის” ის რედაქცია, რომლიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო, პრეზიდენტის მიერ იუსტიციის საბჭოს ერთი წევრის არჩევას ითვალისწინებდა. კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ, 2014 წლის 16 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ვახტანგ მჭედლიშვილი დანიშნა.

აღნიშნული ცვლილებების შემდეგ ვაკანტური მხოლოდ ერთი წევრის ადგილი დარჩა. 2014 წლის 19 მარტსა და 2014 წლის 26 ივლისს, დარჩენილი ადგილის შესავსებად კენჭისყრები კიდევ გაიმართა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ქართულმა ოცნებამ” ვაკანტური ადგილის შესავსებად შეთანხმებას დღემდე ვერ მიაღწიეს. იუსტიცის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრის ადგილი კი ვაკანტური რჩება.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წლის 2 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია გამოქვეყნდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევის წესთან დაკავშირებით ასამბლეა გამოთქვამს სინანულს, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრი. ასევე, ასამბლეა საქართველოს პარლამენტს აძლევს რეკომენდაციას, შეცვალოს “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონი. რეკომენდაციის თანახმად მიზანშეწონილი იქნება, ხმათა უბრალო უმრავლესობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევამდე, პარლამენტმა მინიმუმ ორი მოსმენით მაინც სცადოს წევრების არჩევა ორი მესამედის უმრავლესობით. ასევე, მოსმენებს შორის არსებული დრო საშუალებას უნდა აძლევდეს ოპოზიციურ პარტიასა და პოზიციას შეთანხმდნენ საერთო კანდიდატურებზე. ამრიგად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის რეკომენდაციაც მიუთითებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის არჩევისთვის საპარლამენტო ოპოზიციის ჩართულობა აუცილებელია.

დასკვნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევის ახალი წესი 2013 წლის 20 მაისიდან შევიდა ძალაში. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით აუცილებელი იყო წევრის არჩევის ისეთი წესის შემოღება, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის მონაწილეობასაც უზრუნველყოფდა. საქართველოს პარლამენტმა ნაწილობრივ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის დასკვნა წევრთა კვალიფიციური უმრავლესობით არჩევასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მეორე მოსმენით ოთხი წევრის არჩევაზე საპარლამენტო ოპოზიციას ფაქტობრივად არანაირი გავლენის მოხდენა არ შეეძლო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებდა საპარლამენტო პარტიებს შორის დიალოგისა და კონსენსუსის კონკრეტულ ბერკეტებს.

შედეგად, საპარლამენტო უმრავლესობამ წევრთა არჩევის დროს არ გაითვალისწინა “ნაციონალური მოძრაობის” შეთავაზება კონკრეტული შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი წევრი პარლამენტმა სხდომებზე ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე აირჩია. მოგვიანებით, “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონი საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიხედვით შეიცვალა. საქართველოს პრეზიდენტმა ერთი წევრი მისი უფლებამოსილების შესაბამისად დანიშნა. დღესდღეობით, პარლამენტს მხოლოდ ერთი ვაკანტური ადგილი რჩება შესავსები, თუმცა “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის კონსენსუსის მიღწევა დღემდე ვერ ხერხდება.

ამასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციამ, რომელიც 2014 წლის 2 ოქტომბერს გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესში საპრლამენტო ოპოზიციის მონაწილეობა აუცილებელია.

ამრიგად, აკაკი მინაშვილის განცხადება: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მიეცა საშუალება იუსტიციის საბჭოში კანდიდატურები საკუთარი რეკომენდაციით დაესახელებინა, როგორც ეს ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო აღნიშნული“, არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი