ვერდიქტი: „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ამბავი არის ფაქტებით მანიპულირება.

რეზიუმე:

მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიომ“ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივა, რომელიც მაკრონის ევროპული ხედვით არის ცნობილი, გამოიყენა და განაცხადა, რომ ევროპა NATO-ს ანალოგს ქმნის და დასავლეთი იხლიჩება. მაკრონის სიტყვის ამ ფორმით გამოყენება ფაქტებით მანიპულირებაა, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც არ გულისხმობს NATO-ს ანალოგობას, არა ევროპის დანაწევრებისკენ, არამედ, პირიქით, ერთიანი ევროპული იდეისკენ არის მიმართული.

ანალიზი მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიომ“ გაავრცელა სტატია

სათაურით „ნატოს ევროპული ანალოგი: დასავლეთის ქვეყნებს შორის განხეთქილებამ იჩინა თავი“. ავტორი წერს, რომ ევროკავშირის პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს შექმნან ნატოს ანალოგი სახელწოდებით „ევროპის ინტერვენციული ინიციატივა“. ფაქტის მოწოდების შემდეგ, ავტორი გვეუბნება, რომ „დასავლეთი იხლიჩება, რაც ფრიად დამაინტრიგებელია“. ამ სტატიაში გადმოცემული ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს, ხოლო სტატიის რიტორიკა ევროპის და NATO-ს დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

2017 წლის 26 სექტემბერს, სორბონას უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, იმ დროისათვის ახლად არჩეულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააჟღერა საკუთარი მრავალმიმართულებიანი ინიციატივა ევროპისთვის, სახელწოდებით: „სუვერენული, ერთიანი და დემოკრატიული ევროპა“ (ინიციატივას მაკრონის ევროპულ ხედვასაც უწოდებენ). ინიციატივა სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: სუვერენული ევროპა, ერთიანი ევროპა და დემოკრატიული ევროპა.

თითოეული ეს ნაწილი, თავის მხრივ, აერთიანებს მნიშვნელოვან ქვეპუნქტებს.

სუვერენული ევროპის ქვეპუნქტებია: ევროპა, რომელიც უსაფრთხოების ყველა ასპექტს უზრუნველყოფს; ევროპა, რომელიც უმკლავდება მიგრაციის გამოწვევებს; ევროპა, რომელსაც აქვს ერთიანი ხედვა აფრიკაში და ხმელთაშუაზღვისპირეთში; ევროპის ყველასათვის სამაგალითო და მდგრადი განვითარება; ევროპის ერთიანი ინოვაციები და რეგულაციები ახალ ციფრულ ერაში; ევროპის ეკონომიკური და მონეტარული ძალის შენარჩუნება.

ჩამოთვლილი ქვეპუნქტებიდან პირველი - ევროპა, რომელიც უსაფრთხოების ყველა ასპექტს უზრუნველყოფს - მოიცავს ევროპის ინტერვენციულ ინიციატივას, რომელზეც „საქართველო და მსოფლიო“ აღნიშნულ სტატიაში საუბრობს.

ემანუელ მაკრონის ევროპის ინტერვენციული ინიციატივა გულისხმობს, რომ თავდაცვის საკითხებში, ევროპამ უნდა შეიმუშავოს საერთო დოქტრინა, საერთო ბიუჯეტი და ჩარევის გეგმა აქტიური ქმედებებისთვის. უნდა გაძლიერდეს ევროპის საერთო თავდაცვის ფონდი, რომელიც საბოლოო ჯამში ერთიანი ხედვით მოამზადებს ევროპულ ძალებს. განსაკუთრებით, როდესაც საკითხი ეხება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ევროპული ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებს უფრო მჭიდრო კავშირი და ერთიანი ხედვა უნდა ჰქონდეთ. უსაფრთხოების ყველა ასპექტში, ევროპის ერთიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

გარდა ერთიანი ევროპის იდეოლოგიური შინაარსისა, თავის ხანგრძლივ სიტყვით გამოსვლაში,

მაკრონმა ისაუბრა, აგრეთვე, კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებსაც შეუძლიათ „ევროკავშირი“ გახადონ მეტად ერთიანი, მოქნილი და წარმატებული, მაგალითად იგი საუბრობდა ევროკომისიის შემადგენლობის შემცირებაზე (15 წევრამდე).

მოგვიანებით, როიტერსი იუწყებოდა, რომ საფრანგეთი და გერმანია ერთობლივად მუშაობენ მაკრონის ინიციატივაზე. როგორც მაკრონის ინიციატივიდან და შემდგომ ამ ინიციატივის შეფასებებიდან

ჩანს, ევროპა არ ქმნის NATO-ს ანალოგს და არც ევროპა არ იხლიჩება. პირიქით, მაკრონის ინიციატივა მიმართულია ერთიანი ევროპის იდეისკენ და არა მის დანაწევრებაზე, „ევროკავშირისთვის“ კი მოქნილი სამოქმედო მექანიზმების შექმნისკენ.

გარდა ამისა, ეს კონკრეტული გეგმა არის მაკრონის ინიციატივა და უცნობია, გაიზიარებს თუ არა დანარჩენი ევროპა მას.

„საქართველო და მსოფლიო“ იყენებს ემანუელ მაკრონის სიტყვას და მტკიცებითი ფორმით, ფაქტებით მანიპულირებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი