მიმდინარე წლის 30 სექტემბერს გადაცემა „არჩევანში“ ზურაბ ჯაფარიძემ გაზრდილ სამთავრობო ხარჯებზე ისაუბრა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მთავრობის ხარჯები შარშან 138 მლნ ლარით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში 130 მლნ ლარით გაიზარდა. ასევე, მისი თქმით, მომავალ წელს მთავრობის ხარჯები 2012 წელთან შედარებით 323 მილიონით მეტი იქნება.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

თავის განცხადებაში დეპუტატმა სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი ხარჯები იგულისხმა. 2012 წელს შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა 1 049 მლნ ლარი იყო, 2013 წელს ის 1 187 მლნ ლარამდე გაიზრდა, რაც 138 მლნ ლარით მეტია წინა წლის მონაცემზე. 2014 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული ხარჯები 1 318 მლნ ლარს შეადგენს, რაც 269 მლნ ლარით მეტია 2012 წლის ანალოგიურ მონაცემზე. 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა 1 372 მლნ ლარს შეადგენს, რაც 323 მილიონით მეტია 2012 წლის მონაცემთან შედარებით.

მართალია ზემოთ აღნიშნული რიცხვები დეპუტატის მიერ მოყვანილ მონაცემებს ემთხვევა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული რიცხვები მოიცავენ არა მარტო მთავრობის შენახვისთვის გამოყოფილ შრომის ანაზღაურებას, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა საჯარო დაწესებულებებისთვის გამოყოფილ შრომის ანაზღაურებას, როგორიცაა: თავდაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი, განათლება და სხვა. შესაბამისად, დეპუტატის მიერ მოყვანილ რიცხვებში შედის არა მარტო მინისტრთა კაბინეტის ან სამინისტროების ცენტრალური აპარატის შესანახად გაწეული ხარჯები, არამედ, მაგალითად, პოლიციელების, მოსამართლეების, სამხედრო პერსონალის სახელფასო ფონდისთვის გათვალისწინებული თანხები.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დეპუტატი თავის განცხადებაში ეყრდნობოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილ ხარჯების შესახებ მონაცემებს. შესაბამისად, ამ ხარჯებში არ იგულისხმებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის და ავტონომიური რესპუბლიკების ხარჯები, რომლებიც ნაერთ ბიუჯეტში, შრომის ანაზღაურების მუხლშია ასახული.

საქართველოს კონსტიტუციის 78-

ე მუხლის მიხედვით მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისგან. მთავრობის შემადგენლობაში ასევე შესაძლებელია იყოს სახელმწიფო მინისტრებიც. გამომდინარე აქედან, თუ ვსაუბრობთ მთავრობის შენახვის ხარჯებზე, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის შენახვის ხარჯები უნდა დავთვალოთ და არა ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები.

2015

წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა გათვალისწინებულია თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროებში. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია დაწესებულებები, სადაც შრომის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდაა დაგეგმილი.

ცხრილი 1:

შრომის ანაზღაურება საბიუჯეტო დაწესებულებებში 2013-2015 წწ.

მლნ ლარი 2013 ფაქტი 2014 გეგმა 2015 პროექტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 29.7 37.5 39.5
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 354.7 390.9 404.3
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 372.2 398.9 403.8
საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 4.5 5.5 52.5
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო 13.5 19.1 19.4
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო 11.2 16.5 19.8
 

რაც შეეხება აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების (რომლებიც შესაძლოა არაფორმალური გაგებით მთავრობად მივიჩნიოთ) შრომის ანაზღაურებას, 2012 წელს აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების შრომის ანაზღაურება 127 მლნ ლარი იყო, ხოლო 2013 წელს 132 მლნ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, ცვლილება სულ 5 მლნ ლარია. მიმდინარე წლის 6 თვის მანძილზე აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი 66 მლნ ლარია, ხოლო 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 65 მლნ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, შრომის ანაზღაურების მხრივ ზრდა არ გვქონია.

გრაფიკი 1 პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციისთვის  შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი ხარჯების დინამიკას ასახავს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დაწესებულებებში შრომის ანაზღაურებაზე ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნება.

image001 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ამასთან, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საბიუჯეტო ხარჯები სახელმწიფო მომსახურებაზე, გარდა შრომის ანაზღაურებისა, მოიცავს ისეთ ხარჯებს, როგორიცაა სახელმწიფოს მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯი, დარგებისთვის გამოყოფილი სუბსიდიები და სხვა ხარჯები, რომლებიც სახელმწიფო დანიშნულების საქონლისა და მომსახურების უზრუნველსაყოფადაა აუცილებელი.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით 2012 წელს აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფის ხარჯებმა 339 მლნ ლარი (აქედან შრომის ანაზღაურებაზე - 44%) შეადგინა. 2013 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 313 მლნ ლარი იყო (აქედან შრომის ანაზღაურებაზე - 46%), რაც 2012 წლის მონაცემზე ნაკლებია. მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანიზაციების საქმიანობის დასაფინანსებლად 374 მლნ ლარი გამოიყო. 2015 წლის პროექტით კი, აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანიზაციების დაფინანსება 419 მლნ ლარამდე იზრდება. როგორც ვხედავთ, 2015 წელს აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანიზაციების (ე.წ. ბიუროკრატიის) დაფინანსება 2012 წელთან შედარებით 80 მლნ ლარით იზრდება, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, გაზრდილი ხარჯების რა წილი მიდის შრომის ანაზღაურებაზე. მიუხედავად ამისა, ხარჯების დაგეგმილი ზრდა ფაქტია და ჩვენ, გარკვეული თვალსაზრისით, ე.წ. ბიუროკრატიის გაზრდილ ხარჯებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა არა იმ მასშტაბით რაზეც დეპუტატი მიუთითებდა.

  დასკვნა 2012

წლიდან დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებაზე გაწეული და დაგეგმილი ხარჯები მართლაც გაიზარდა. კერძოდ, 2013 წელს 138 მლნ ლარით. 2014 წლის გეგმით, ზრდა 269 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით შრომის ანაზღაურებაზე 1 372 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 323 მილიონით მეტია 2012 წლის ანალოგიურ მონაცემზე.

თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნულ ხარჯებში შედის როგორც მთავრობის წევრებზე, ასევე თავდაცვაზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოებაზე და წესრიგზე, განათლებაზე და სხვა  საჯარო მომსახურებაზე გამოყოფილი შრომის ანაზღაურება.

რაც შეეხება სახელმწიფო აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების (ე.წ. ბიუროკრატიის) საქმიანობას, აქ 2015 წელს დაფინანსება 2012 წელთან შედარებით 80 მლნ ლარით მართლაც იზრდება (თუმცა, შესაძლოა არა შრომითი ანაზღაურების მასშტაბური ზრდის ხარჯზე).

სტატიაში განხილული გარემოებების გათვალისწინებით ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი