ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ივანე მაჭავარიანის განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე: 2018 წლის აგვისტოში „Global Market Insights“-მა სამედიცინო მარიხუანას ბაზრის ზომის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ბაზრები სამედიცინო კანაფის[1]

ტიპის, მოხმარების გზებისა და დისტრიბუციის მეთოდების მიხედვით არის გაანალიზებული. კვლევაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში სამედიცინო კანაფთან მიმართებით მეცნიერული კვლევების მომრავლება, ასევე იმ ქვეყნების რიცხვის ზრდა, რომლებიც სამედიცინო მოხმარების მიზნით მარიხუანას ლეგალიზაციას ახდენენ და თავად სამედიცინო მარიხუანაზე დაფუძნებული პრეპარატების რაოდენობრივი ზრდა, მომავალში ბაზარზე სამედიცინო კანაფზე მოთხოვნას მკვეთრად გაზრდის.

კვლევის პროგნოზის თანახმად, სამედიცინო მარიხუანას მსოფლიო ბაზრის ზომა 2017 წელს 7 მილიარდ დოლარზე მეტია და 2018-დან 2024 წლამდე 36%-იანი კუმულატიური წლიური ზრდის ტემპია (CAGR) მოსალოდნელი. შედეგად, სამედიცინო მარიხუანას ბაზრის მოცულობა 55 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

  ანალიზი 16 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, განაცხადა:

„წლიდან წლამდე სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და სხვადასხვა პროგნოზით, 2024-2025 წლისთვის 25 მილიარდ დოლარის ბაზარი იქნება“.

2018 წლის 13 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მცენარე კანაფის სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით დათესვის, მოყვანის, კულტივირებისა და წარმოების სამართლებრივი საფუძვლის შექმნას ისახავდა მიზნად. თუმცა, ფართო საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერდა.

ამჟამად უცნობია, გაგრძელდება თუ არა დისკუსია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

2018 წლის აგვისტოში „Global Market Insights“-მა სამედიცინო მარიხუანას ბაზრის ზომის შესახებ კვლევა

გამოაქვეყნა. მასში ბაზრები გაანალიზებულია სამედიცინო კანაფის ტიპის (თუ რომელი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება), მოხმარების გზებისა (ინჰალაცია, ორალური, ადგილობრივი) და დისტრიბუციის მეთოდების (დისპანსერები, ონლაინ) მიხედვით. ასევე, წარმოდგენილია ანგარიში ინდუსტრიის ანალიზის შესახებ, რეგიონული პერსპექტივები, ფასების ტრენდები, კონკურენტული ბაზრის წილი და პროგნოზები 2018-2024 წლებისათვის.

კვლევის დასაწყისში ინდუსტრიის ტენდენციაა განხილული და აღნიშნულია, რომ სამედიცინო მარიხუანის ბაზრის ზომა 2017 წელს 7 მილიარდ დოლარზე მეტით შეფასდა და 2018-დან 2024 წლამდე 36%-იანი კუმულატიური წლიური ზრდის ტემპია (CAGR)[2]

მოსალოდნელი.

გრაფიკი 1:

სამედიცინო კანაფის ბაზრის ზომა, 2013-2024 წლები

888888 წყარო: Global Market Insights

კვლევაში პროგნოზები გაკეთებულია როგორც ბაზრის ზრდის გამომწვევი, ასევე შესაძლო შემაფერხებელი ფაქტორების გათვალისწინებისა და ანალიზის შედეგად. სამედიცინო მარიხუანას ბაზრის ზრდის გამომწვევ ფაქტორებს წარმოადგენს: სამედიცინო მარიხუანაზე მოთხოვნის ზრდა სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, მოთხოვნა სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მარიხუანას სამედიცინო გამოყენების მიზნით კლინიკური კვლევების რაოდენობრივი ზრდა. ხოლო ინდუსტრიის განვითარების შესაძლო შემაფერხებელი მიზეზებია: კანაფზე დამზადებული პრეპარატებისათვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები (თავბრუსხვევა, აჩქარებული გულისცემა, ძილიანობა), რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ბაზრის ზრდას და სამედიცინო მარიხუანას ბიზნეს ბანკინგის (ბიზნეს სესხებისა და კრედიტების გამცემ ინსტიტუტთან თანამშრომლობა) სირთულეები.

კვლევაში ნათქვამია, რომ თერაპიული მიზნებისთვის (ნევროლოგიური პრობლემების, კიბოს, HIV/AIDS ვირუსის, ეპილეპტიური შეტევებისა და კუნთების სპაზმების მკურნალობა) სამედიცინო მარიხუანას მზარდი გამოყენება მისი ბაზრის ზრდას გამოიწვევს. აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული სერვისის კვლევის თანახმად, ქვეყანაში 25 მილიონი ადამიანი განიცდის ქრონიკული დაავადებებისგან გამოწვეულ ტკივილს. გარდა ამისა, არაერთმა სახელმწიფომ მიიღო კანონი, რომელიც მოსახლეობას სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას გამოყენების პოტენციალის კვლევა ასევე მსოფლიოს მასშტაბით ძლიერდება. სფეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული კვლევები გამოიწვევს კანაფისგან წარმოებული ახალი პრეპარატების დამტკიცებასა და სამედიცინო მარიხუანის ბაზრის ზრდას.

ამჟამად, სამედიცინო მარიხუანას პრეპარატების 75% ქრონიკული ტკივილების გაყუჩების მიზნით გამოიყენება. არსებული კვლევების თანახმად, ყოველწლიურად 10-დან 1 ზრდასრულ ადამიანს უდგინდება ქრონიკული დაავადებებისა და მათგან გამოწვეული ტკივილების დიაგნოზი. სწორედ ამ უკანასკნელმა გამოიწვია ბაზარზე მარიხუანას სამედიცინო მოხმარების მიზნით მოთხოვნის ზრდა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ნეიროპათიური დაავადებების ზრდის ფონზე, მისი მკურნალობისათვის ბაზარზე სამედიცინო კანაფზე მოთხოვნა გაიზრდება. გარდა ამისა, სამედიცინო კანაფზე მოთხოვნის 37.4%-ით ზრდა მოსალოდნელია კანის დაავადებების (ეგზემა და ფსორიაზი) მკურნალობის მიზნით.

სამედიცინო მარიხუანას ინჰალაციური სეგმენტის ბაზარი 2017 წლის მონაცემებით 5 330 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მისი სხვადასხვა სახის უპირატესობა, როგორიცაა მარტივად კონტროლირებადი დოზირება და ორგანიზმში კანაბინოიდების ეფექტური აბსორბცია, ბაზარზე ინჰალაციური მარიხუანას მიმართ მოთხოვნის მხოლოდ ზრდას გამოიწვევს. გარდა ამისა, 2018-2024 წლებში სამედიცინო მარიხუანასგან დამზადებული ადგილობრივი მოხმარებისათვის განკუთვნილი პროდუქტის (მალამოები, ლოსიონები, გელები და ცხელსაფენები, რომლებიც კანის ანთების სამკურნალოდ გამოიყენება) ბაზრის კუმულატიური წლიური ზრდის ტემპი 37.2%-ის დონეზეა მოსალოდნელი.

ამჟამად, სამედიცინო კანაფის მსოფლიო ბაზარზე 10 ყველაზე მსხვილი კომპანია ფუნქციონირებს. ზოგი მათგანი ერთიანდება ან თანამშრომლობას აფორმებს იმისათვის, რომ გაზარდონ მისაწვდომობის გეოგრაფიული არეალი, პროდუქტის პორტფოლიო და ადგილი ბაზარზე. კვლევაში აღნიშნულია, რომ სამედიცინო კანაფის ინდუსტრია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი წინ აქვს. სამედიცინო მარიხუანას ბაზარზე უმსხვილეს რეგიონებს აშშ და ევროპა წარმოადგენენ.

ბაზრის დეტალური ანალიზის შედეგად, კვლევის საბოლოო პროგნოზით, რომლის თანახმადაც, კუმულატიური წლიური ზრდის ტემპი (CAGR) 36%-ს შეადგენს და 2024 წლისთვის სამედიცინო მარიხუანას ბაზარი 55 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

 

[1]

სამედიცინო კანაფი, რეკრეაციულისგან განსხვავებით, არ შეიცავს ან მინიმალური რაოდენობით შეიცავს ფსიქოაქტიურ ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლს და შესაბამისად, თრობას არ იწვევს.

[2] კუმულატიური წლიური ზრდის ტემპი წარმოადგენს საშუალო წლიური ზრდის ტემპს გარკვეულ პერიოდზე, რომელიც ერთ წელზე მეტია და გამოითვლება ფორმულით: CAGR(1,n) = [(EV/BV)1/n] – 1 სადაც EV - საბოლოო ღირებულებაა, BV - საწყისი ღირებულება, n - პერიოდის(წლის, თვის) რიცხვი რომლისთვისაც გაიანგარიშება ზრდის ტემპი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი