ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა, გადაცემა "არჩევანში" სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება მოსამართლეთა უკონკურსო წესით დაწინაურებაზე გაამახვილა. "მოსამართლე, რომელმაც ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ, რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მაშინ როდესაც მათი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა განხილულიყო და არა სისხლის სამართლის დანაშაულად, უკონკურსოდ დაწინაურდა. ასევე, დაწინაურდა მოსამართლე ტყავაძე, რომელიც 26 მაისის მოსამართლეა და გასისხლიანებულ, ნაწამებ ადამიანებს ადმინისტრაციულ პატიმრობას უსჯიდა, ნაცვლად იმისა, რომ წამებისკენ მიეპყრო ყურადღება. მურუსიძისა და მისი ტიპის ადამიანების დანიშვნა ცალსახა მესიჯია, რომ იმისთვის, რათა დაგაწინაურონ სისტემაში, ხელი უსამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უნდა მოაწერო და კანონით შეფუთო" - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ფაქტ-მეტრი მოსამართლეთა უკონკურსოდ დანიშვნის საკითხით დაინტერესდა.

"საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 37-ე მუხლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნას (მათ შორის დაწინაურებას) ითვალისწინებს. თუმცა, აღნიშნული კანონი კონკურსის გარეშე დანიშვნის კრიტერიუმებსა და პროცედურებს არ განსაზღვრავს, რაც წლების განმავლობაში საბჭოს მიმართ უნდობლობასა და საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევდა. IDFI-ის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული ინფორმაციის

თანახმად, 2011 წელს საქართველოს მასშტაბით კონკურსის გარეშე 27 მოსამართლე დაინიშნა, 2012 წელს - 68 მოსამართლე, ხოლო 2013 წელს - 26 მოსამართლე. რაც შეეხება 2014 წლის მონაცემებს, IDFI-იმ საბჭოსგან ეს ინფორმაცია ვერ მიიღო.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2015 წელსაც რამდენჯერმე გამოიყენა მოსამართლეთა უკონკურსოდ დანიშვნის უფლებამოსილება. პირველი შემთხვევა აგვისტოს თვეში იყო, როდესაც საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოში რაიონული სასამართლოებიდან 6 მოსამართლე უკონკურსოდ გადმოიყვანა.

  1. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია - მოსამართლეები ნინო ბუაჩიძეეკატერინე ჯინჭველაშვილი.
  2. სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - მოსამართლეები ანა ჩოგოვაძე, ტარიელ ტაბატაძე.
  3. სისხლის სამართლის კოლეგია - გოგიტა თოთოსაშვილი, ვახტანგ მრელაშვილი. ეს უკანასკნელი გიგი უგულავას, ერეკლე კოდუასა და ივანე მერაბიშვილის საქმეების განმხილველი მოსამართლე იყო.
მოსამართლეთა უკონკურსოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცედურა, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონით გაწერილი არ არის. ვაკანტურ თანამდებობებზე მოსამართლეთა გადაყვანის პროცესის დაწყების შესახებ ინფორმაცია საბჭომ ოფიციალურ ვებგვერდზე 4 აგვისტოს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კონკურსანტებს განცხადების წარდგენის ვადად 5-6 აგვისტო განესაზღვრათ. თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 მოსამართლის გადმოყვანის პროცესი კი 7 აგვისტოსთვის უკვე დასრულებული იყო. საბჭოს მიერ ფორსირებული წესით მოსამართლეთა უკონკურსოდ  დანიშვნამ (მაშინ, როცა მოსამართლეთა უმრავლესობა შვებულებაში იმყოფებოდა და კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მოკლებული იყო) მრავალი კითხვა გააჩინა. "პროცესში დარღვევების არსებობას და მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღების მაღალ ალბათობას ადასტურებს როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი წევრი, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე" - ნათქვამია IDFI-ის განცხადებაში. მოსამართლეთა უკონკურსოდ დანიშვნის უფლებამოსილება საბჭომ ოქტომბერშიც გამოიყენა. 2015 წლის 28 სექტემბერს გაიმართა საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს საერთო სასამართლოებში 68 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეთა დანიშვნა/გადანიშვნის საკითხი განიხილებოდა. საბჭოს მოსამართლე წევრებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 10 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეთა პირველი ინსტანციის სასამართლოებიდან (უკონკურსოდ) გადანიშვნის (დაწინაურება), ხოლო დარჩენილი 58 წევრის კონკურსის გზის დანიშვნის შესახებ წინადადება წამოაყენეს. გადაწყვეტილებას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. გადაწყვეტილებას საბჭოს თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე არ დაეთანხმა. საბოლოოდ, უკონკურსოდ დასანიშნ მოსამართლეთა რიცხვი შვიდამდე შემცირდა და საბჭოს 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, კანდიდატებს განცხადების წარდგენის ბოლო ვადად  6 ოქტომბერი განესაზღვრათ. სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის შედეგად, საბჭომ 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებები შეიტანა და მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის წესი და პროცედურები განსაზღვრა. აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე ახალი გადაწყვეტილება

გამოიცა, ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გარეშე დანიშვნის საკითხის ინიცირების თაობაზე და 28 სექტემბრის გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდა. თუმცა, განცხადებები, რომლებიც კანდიდატებს უკვე წარდგენილი ჰქონდათ, ახალი გადაწყვეტილების საფუძველზე წარდგენილად ჩაითვალა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, 7 მოსამართლე დაწინაურდა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.

  1. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე, შოთა გეწაძე (რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების ინიციატორია) და გიორგი ტყავაძე (ე.წ. 26 მაისის საქმის მოსამართლე).
  2. სამოქალაქო საქმეთა პალატა - მოსამართლე: ანა გოგიშვილი ("მაესტროს" საქმის, ბაია გადაბაძის სარჩელის განმხილველი მოსამართლე).
  3. სისხლის საქმეთა პალატა - მოსამართლეები: გელა ქირია და ნათია ბარბაქაძე (მოსამართლე, რომელმაც ვანო მერაბიშვილი სცნო დამნაშავედ. ასევე, ქუთაისში რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციაზე "თავისუფალი ზონის" წევრებს ნიკოლოზ ნარსიას, მირიან დეისაძეს და კახაბერ გაბუნიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა).
  4. საგამოძიებო კოლეგია - მოსამართლე: გიორგი მიროტაძე (გიგი უგულავას საქმის განმხილველი მოსამართლე).
სახალხო დამცველის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი საკანონმდებლო რეგულაციების გაუმჯობესებასთან ერთად მის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებასაც ითხოვდა. "იმ 7 მოსამართლიდან, რომელიც დაწინაურდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, 2 არის ის მოსამართლე, რომელზეც სახალხო დამცველსაც ჰქონდა კონკრეტული კითხვები კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით (სახალხო დამცველმა იუსტიციის საბჭოს მიმართა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების რეკომენდაციით)" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. იუსტიციის საბჭომ არ გაითვალისწინა აღნიშნული რეკომენდაციები და მოსამართლეთა უკონკურსოდ დანიშვნის პროცედურა არ შეაჩერა. "საყვედური, რომ საბჭომ კენჭისყრის პროცედურა არ გადადო სახალხო დამცველის აპარატიდან მიღებული მასალის განხილვამდე, რელევანტური არ არის. აღნიშნული მასალა საბჭოში შემოვიდა კენჭისყრის დღემდე ორი დღით ადრე და საბჭოს ზოგიერთი წევრისთვის მის შესახებ ცნობილი გახდა ან კენჭისყრის წინა დღეს ან სწორედ კენჭისყრის დღეს. ასეთ ვითარებაში გონივრული არ იქნებოდა, საბჭოს შეეწყვიტა კანონის საფუძველზე განხორციელებული და უკვე დასასრულს მიახლოებული პროცედურა და გაურკვეველი ვადით დალოდებოდა მასალაში მითითებული ინფორმაციის დისციპლინური სამართალწარმოების ფორმატში გამოკვლევასა და მის შედეგებს" - ნათქვამია საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დასკვნა

მოსამართლეთა უკონკურსოდ დანიშვნა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. 2015 წელს საბჭომ მოსამართლეთა უკონკურსოდ დანიშვნის უფლებამოსილება ორჯერ გამოიყენა (ჯამში 13 მოსამართლე დაინიშნა) და პროცესმა ორივე შემთხვევაში ხმაურის ფონზე ჩაიარა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოქტომბერ-ნოემბერში განვითარებული მოვლენები, რომლის შედეგადაც 7 მოსამართლე დაწინაურდა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა. მართალია, საბჭომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში რეგლამენტით უკონკურსოდ დანიშვნის წესი განსაზღვრა და მის საფუძველზე მიიღო მოსამართლეთა დაწინაურების გადაწყვეტილება, თუმცა, სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებით, პროცედურა მაინც გაუმჭვირვალედ და ხარვეზებით ჩატარდა. საბჭომ არ გაითვალისწინა სახალხო დამცველის შესაბამისი რეკომენდაციები.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი