ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა უფასო სასადილოების ბენეფიციართა მომსახურებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „თუ საშუალება გვაქვს და საახალწლო განათებაში ვიხდით სამ მილიონს, რატომ არ აქვს ბიუჯეტს იმის საშუალება, რომ სოციალურად დაუცველები 1.18 ლარის ნაცვლად 2.5 ლარად გამოკვებოს? თბილისის რაიონების გამგეობების მიერ უფასო სასადილოების მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერები ერთი ბენეფიციარის კვებაზე კვლავ 1.18 თეთრს ითვალისწინებს.

იმავე გადაცემაში აღნიშნულ განცხადებას საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი ზარქუამ უპასუხა: „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უფასო სასადილოების მომსახურება იყო 9 მილიონი. ახალი ხელისუფლების პირობებში, მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტში უფასო სასადილოებისთვის 17 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. ტენდერმა უნდა დაადგინოს, რამდენი იქნება ერთ ადამიანზე დღიურად გათვალისწინებული, ეს არც თქვენ იცით და არც მე“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებების სიზუსტით დაინტერესდა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ათივე გამგეობამ უფასო სასადილოების მომსახურებაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT) მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოაცხადა.

ცხრილი 1: გამგეობებში უფასო სასადილოების მომსახურებისთვის გამოცხადებული ტენდერების სავარაუდო ღირებულება, ბენეფიციართა რაოდენობა და დღიური თანხა (ლარებში)

გამგეობები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ბენეფიციართა რაოდენობა წლიური თანხა (ერთ ბენეფიციარზე) დღიური თანხა (ერთ ბენეფიციარზე
ნაძალადევი 2 989 489 6 941 430.7 1.18
ისანი 2 067 360 4 800 430.7 1.18
გლდანი 2 790 936 6 480 430.7 1.18
ჩუღურეთი 1 335 170 3 100 430.7 1.18
დიდუბე 947 540 2 200 430.7 1.18
კრწანისი 1 455 766 3 380 430.7 1.18
მთაწმინდა 1 132 741 2 630 430.7 1.18
სამგორი 2 622 102 6 088 430.7 1.18
საბურთალო 751 104 1 815 413.8 1.13
ვაკე 689 120 1 600 430.7 1.18

წყარო:სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

როგორც ცხრილიდან ჩანს, გამგეობების მიერ უფასო სასადილოების მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერების სავარაუდო ღირებულების მიხედვით, ერთი ბენეფიციარის დღიური მომსახურებისთვის 1.18 ლარია განსაზღვრული. გამონაკლისი საბურთალოს რაიონის გამგეობაა, რომელსაც უფასო სასადილოების მომსახურებისთვის ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული და ორივე ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ჯამის მიხედვით, ერთი ბენეფიციარის დღიურ მომსახურება 1.13 თეთრი დაჯდება. აქედან გამომდინარე, გამგეობების მიერ უფასო სასადილოების მომსახურებისთვის გამოცხადებული ტენდერების მიხედვით, ერთი ბენეფიციარის მომსახურების მაქსიმალური თანხა უკვე განსაზღვრულია და ის იგივე იქნება რაც შარშან – 1.18 თეთრი. ეს თანხა შეიძლება შემცირდეს, მაგრამ მისი ზრდა აღნიშნული ტენდერების პირობებში არ მოხდება.

გასულ წლებში უფასო სასადილოების მომსახურების ბიუჯეტის და ბენეფიციართა რაოდენობის შესახებ ჩვენ უკვევწერდით.

წინა ხელისუფლების დროს უფასო სასადილოების მომსახურებისთვის ბიუჯეტი შემდეგნაირი იყო:

ცხრილი 2:უფასო სასადილოების მომსახურების ბიუჯეტი 2008-2014 წლებში (ათას ლარებში)

წელი 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014
თანხა 3 768 5 090 5 368 6 658 7 500 8 511 10 804

წყარო:თბილისის ბიუჯეტი

როგორც ცხრილიდან ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი თანხა ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა.

რაც შეეხება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უფასო სასადილოების დაფინანსებას, ასეთია:

ცხრილი 3:უფასო სასადილოების მომსახურების ბიუჯეტი 2015-2018 წლებში (ათას ლარებში)

წელი 2015 2016 2017 2018 (გეგმა)
თანხა 13 638 14 475 16 203 16 861

წყარო:თბილისის ბიუჯეტი

მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, უფასო სასადილოების მომსახურებისთვის მართლაც თითქმის 17 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან 2017 წლამდე უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობა 22 000-დან 38 000-მდეა გაზრდილი (შეგახსენებთ, რომ უფასო სასადილოს ბენეფიციარი შეიძლება გახდეს ყველა სოციალურად დაუცველი, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება).

ასევე მნიშვნელოვნია იმის აღნიშვნაც, რომ საქსტატის ინფორმაციით,მიმდინარე წლის ნოემბრის მონაცემით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 7.5 %-ით არის გაზრდილი. კონკრეტულად, ფასები შემდეგ ქვეჯგუფებზე გაიზარდა: ბოსტნეული და ბაღჩეული (25.8%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.9%), რძე, ყველი და კვერცხი (9.7%), ხილი და ყურძენი (9.0%), ზეთი და ცხიმი (7.4%). უფასო სასადილოების რაციონი სწორედ ამ პროდუქტებისგან შედგება. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინფლაციის ფონზე, ერთი ბენეფიციარისთვის იგივე ფასად (1.18 თეთრი), თუნდაც იგივე მენიუს შეთავაზება, ალბათ ძალიან გაძნელდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 12 დეკემბერს დასახელებულ ტენდერებზე წინადადებების მიღება დასრულდა. ჩუღურეთის, ისნის და მთაწმინდის რაიონის გამგეობების მიერ გამოცხადებული ტენდერები არ შედგა. რაც შეეხება დანარჩენ რაიონებს, დიდუბეში, კრწანისში, საბურთალოსა და ვაკეში ტენდერების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უცვლელი დარჩა. ნაძალადევსა და სამგორში აღნიშნული ღირებულება შემცირდა, რამაც ერთი ბენეფიციარის დღიური კვების ღირებულების 1.17 ლარამდე შემცირება გამოიწვია. რაც შეეხება გლდანის რაიონს, პრეტენდენტი მხოლოდ ერთი- შპს „ალიონი“ იყო, მის მიერ ტენდერის შესყიდვაზე საბოლოოდ შეთავაზებული თანხა 2 672 676 ლარია (თავდაპირველი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 790 936 ლარი იყო). შესაბამისად, ერთი ბენეფიციარის დღიური კვების ღირებულება 1.18 ლარიდან 1.13 ლარამდე შემცირდა.

დასკვნა

თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობებმა უფასო სასადილოების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი მიმდინარე წლის ნოემბერში გამოაცხადეს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულების მიხედვით, ერთი ბენეფიციარის დღიური კვების საფასური უკვე განსაზღვრულია და იგი მაქსიმუმ 1.18 თეთრი იქნება. აქედან გამომდინარე, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის სიმართლე.

2018 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, უფასო სასადილოების დაფინანსება გაზრდილია და 16.8 მლნ ლარია. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს უფასო სასადილოების დასაფინანსებლად მაქსიმალური თანხა 2014 წელს გამოიყო და 10.8 მლნ ლარი შეადგინა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2013 წლის შემდეგ ბენეფიციართა რაოდენობა 16 000 ადამიანით არის გაზრდილი.

დეკემბერში ჩატარებული ტენდერის შედეგად რამდენიმე რაიონში შესყიდვის პრეტენდენტების მიერ შეთავაზებული თანხა საწყის თანხასთან შედარებით შემცირდა, რამაც შესაბამისად ერთი ბენეფიციარის დღიური კვების ღირებულების შემცირება (მაგალითად: გლდანის რაიონში - 1.13 თეთრამდე) განაპირობა. აქედან გამომდინარე, ირაკლი ზარქუას განცხადება არის მცდარი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი