საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმების მიღწევის ბოლო მცდელობაც ჩავარდა.  მმართველი პარტია ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას აპირებს, ამ საკითხზე მოლაპარაკებების ჩავარდნას კი ოპოზციას აბრალებს.

მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ოპოზოციამ მთავრობას თავისი პოზიციები ორჯერ წერილობითი ფორმით გაუგზავნა და არაერთ ზეპირ განცხადებაშიც გააჟღერა, მმართველი გუნდი მაინც ჯიუტად აცხადებს, რომ ოპოზიციისგან პასუხი ვერ მიიღო და ოპონენტების ნამდვილი მიზანი დიალოგის ჩაშლა იყო.

„ჩვენ ოპოზიციის მხრიდან უმარტივეს კითხვაზე მოვითხოვეთ პასუხის გაცემა... სამწუხაროდ, ოპოზიციამ ჩიხში შეიყვანა პროცესი. ამას ერთადერთი ახსნა აქვს, კონსენსუსის არმიღწევა, როგორც ჩანს ეს იყო ოპოზიციის თვითმიზანი. „ვენეციის კომისიამ“ დოკუმენტის ხარისხი შეაფასა მაღალ დონეზე და რადგან ოპოზიცია ხარისხზე ვერაფერს ამბობს, ისინი ყურადღებას ამახვილებენ კონსენსუსის არარსებობაზე“, - განაცხადა

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მისი ამ ნათქვამიდან, რაც ფაქტობრივად მმართველი გუნდის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადების იდენტურია, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იკვეთება:

  • ოპოზიციამ მმართველ გუნდს თავისი პოზიციები არ გააცნო;
  • ეს იმიტომ გააკეთეს, რომ კონსენსუსის არ მიღწეულიყო;
  • მიზეზი კი ის არის, რომ ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ძალიან კარგია და უბრალოდ ოპოზიციის ახირებაა, რომ ყველაფერი ნეგატიურად შეაფასოს.

რა მოხდა სინამდვილეში? ამ ერთგვარად აბსურდულ სიტუაციაში გასარკვევად ბოლოდროინდელი მოვლენები ქრონოლოგიურად უნდა მიმოვიხილოთ.

კონსტიტუციის ცვლილებების მიღების პროცესი განსაკუთრებით საპარლამენტო განხილვის დროს გამწვავდა, როდესაც ხელისულებამ ორი მოსმენით მიიღო ისეთი პროექტი, რომელიც „ვენეციის კომისიისთვის“ გაგზავნილი პროექტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. 28 ივნისს, საქართველოში ჩამოსულმა „ვენეციის კომისიის“ ხელმძღვანელმა ჯანი ბუკიკიომ განაცხადა,

რომ ის პროცესების ასე განვითარების გამო იმედგაცრუებულია. მან კონკრეტული პრობლემური საკითხებიც დაასახელა, თითქმის იმის იდენტური, რის გათვალისწინებასაც ქართული ოპოზიციური სპექტრი ითხოვდა. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ე.წ. მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იყო, ხელისუფლება კი ამ ცვლილების გადავადებას 2024 წლისთვის აპირებს.

25 ივლისი  - 

ცხრა არასაპარლამენტო პარტიამ „ვენეციის კომისიას“ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლის შესრულება სთხოვა.

31 ივლისი -

„ვენეციის კომისიის“ პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას გაუგზავნა წერილი, რომლის  ასლი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც მიიღო. წერილში ნათქვამია, რომ კომისია მზად არის ორგანიზება გაუწიოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დიალოგს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და მხარეებს, მოლაპარაკებებისათვის, 6 სექტემბერს სტრასბურგში ეპატიჟება.

15 აგვისტო -

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობის განახლებას სთავაზობს. საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

18 აგვისტო -

“ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა განაახლეს. შეხვედრაზე ოპოზიციამ ოთხი ძირითადი საკითხი დაასახელა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ხელისუფლება ოპოზიციის ინიციატივებს უკვე წერილობითი სახით ელოდება.

19 აგვისტო

 - ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და “ქართულ ოცნებას“ სამი პრინციპული საკითხი დაუყენეს:

  1. „კონსესუსის მისაღწევად დიალოგის დაწყებამდე ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს მისსავე მიერ შემოთავაზებული, კონსტიტუციის რეფორმირების ის პოლიტიკური მოცემულობა და წინაპირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ჩატარდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით;
  2. "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მზაობა უნდა განაცხადოს იმის თაობაზე, რომ საარჩევნო სისტემის უმნიშვნელოვანეს კომპონენტთან, ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ განაწილების წესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოლაპარაკების პროცესში ჩართულ სუბიექტებთან მიღწეული კონსესუსის შესაბამისად. რაც, არსებითად, „გაუნაწილებელი მანდატების“ სამართლიანად - პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს შორის პროპორციულად გადანაწილებაში იქნება გამოხატული;
  3. საარჩევნო სისტემის ყველა სხვა კომპონენტთან დაკავშირებით (როგორებიცაა: საარჩევნო ბარიერი, საარჩევნო ბლოკები და სხვა), საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მზად ვართ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ სუფთა ფურცლიდან“, - აღნიშნულია ოპოზიციის მიერ 19 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს 11 პარტია აწერს.
21 აგვისტო -

მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ოპოზიციის მიერ მოთხოვნების წერილობით გაგზავნა.

21 აგვისტო -

ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საკუთარი მოთხოვნები მმართველ გუნდს წერილობით მეორედ  გაუგზავნა. ამ წერილში მთავარი მოთხოვნა 2020 წლისთვის არჩევნების მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაა.

25 აგვისტო -

საპარლამენტო უმრავლესობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ოპოზიციისგან ულტიმატუმები მიიღეს და, შესაბამისად, დიალოგის მორიგი რაუნდის დაწყება შეუძლებელია.

28 აგვისტო -

მმართველი გუნდის  ნაწილი აცხადებს, რომ ოპოზიციისგან ხელისუფლებამ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო, ვერც სიტყვიერად და ვერც წერილობით და, შესაბამისად, დიალოგის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. თუმცა, ამავე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლება დიალოგისთვის კიდევ მზად იყო და ოპოზიციას ისევ მოთხოვნების წერილობით გაგზავნისკენ მოუწოდა. „მივიღეთ წერილი, მაგრამ არა პასუხი“, - განაცხადა მან.

28 აგვისტო - 20-

მა ოპოზიციურმა პარტიამ კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომ მათ მოთხოვნები ბოლო დღეების განმავლობაში წერილობითი ფორმით ორჯერ გაუგზავნეს ხელისუფლებას და პოზიციის შეცვლას არ აპირებენ.

29 აგვისტო -

ოპოზიციამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციებს კიდევ ერთხელ გამართავს და შეიმუშავებენ ერთობლივი მიმართვის ტექსტს, რომელიც „ვენეციის კომისიას“ გაეგზავნება. მიმართვაში მოყვანილი იქნება ის მიზეზები და გარემოებები, რის გამოც მმართველ გუნდთან დიალოგის დაწყება და კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.

31 აგვისტო -

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში გარკევული უთანხმოება გაჩნდა, საბოლოოდ მათ ერთი პოზიციის შენარჩუნება მაინც მოახერხეს. ოპოზიცია „ვენეციის კომისიისთვის“ წერილს ამზადებს.

1 სექტემბერი -

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ დიალოგი ჩაიშალა.

ხელისუფლების კონსტიტუცია და კონსენსუსის აუცილებლობა დიალოგის ჩაშლის შემდეგ, ოპოზიციურ სპექტრში და არასამთავრობო სექტორში,

ასევე სპეციალისტების დიდი უმრავლესობის მიერ კეთდება შეფასება, რომ დიალოგის შესახებ ინიციატივა ხელისუფლების მხრიდან „ვენეციის კომისიისთვის“ თვალის ახვევის მცდელობა იყო.

„თავიდანვე ცხადი იყო, რომ ხელისუფლება ეძებდა ფორმულას, როდესაც, ერთი მხრივ, თავის პოლიტიკურ ამოცანას შეასრულებდა, მაგრამ ამასთანავე შეინარჩუნებდა სახეს. ასევე, ოპოზიციაში ეძებდა განხეთქილებას, ბზარის შეტანის შესაძლებლობას და ე.წ. ფასადური დემოკრატიული პროცესის ინსცენირებას ცდილობდა. რადგანაც არ გამოვიდა, ამ თამაშს თავი დაანებეს - ინფანტილურ სურვილებს, თან კარგი ბიჭი იყოს და თან ვიწროპარტიული ინტერესებიდან წერონ კონსტიტუცია. ანუ, ცუდ ბიჭობაზე მოაწერეს ხელი, რაც მოსალოდნელი იყო“, - განაცხადა ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა.

როგორც აღვნიშნეთ, ოპოზიციის მიერ დაყენებული მთავარი საკითხები ძირითადად ემთხვევა „ვენეციის კომისიის“ შენიშვნებს.

კონსენსუსისთვის ოპოზიცია რამდენიმე კონკრეტულ საკითხს აყენებდა, რომელიც სწორედ ერთპარტიული მმართველობის თავიდან აცილებას უკავშირდება - მაჟორიტარული სისტემის გაუქმება უახლოესი არჩევნებისთვის და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. კონსტიტუციონალისტების შეფასებით, ამ საკითხების ერთობლიობა მეტ-ნაკელბად უზრუნველყოფს იმას, რომ არ მოხდეს მთელი ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში თავმოყრა, რაც  ერთპარტიული მმართველობისა და ავტორიტარიზმისთვის  საფუძველს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ ბოლოდროინდელი პროცესების შეფასებაში საკმაოდ მკაცრი იყო „ვენეციის კომისიაც“. კომისიის თავმჯდომარის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებით,

„პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადავადება, ასევე ის, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, იმედგაცრუებას იწვევს”.

საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ხელისუფლება არა მარტო რომელიმე კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიასთან, არამედ ყველა ძირითად ოპოზიციურ პარტიასთან შეთანხმებას ვერ ახერხებს. ასევე, ამ საკითხზე ხელისუფლების კრიტიკა ისმის არასამთავრობო სექტორიდან, კონსტიტუციონალისტებისა და უშუალოდ „ვენეციის კომისიის“ მხრიდან. შესაბამისად, ხელისუფლების განცხადებები, რომ ახალი კონსტიტუცია ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებელია.

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი