კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ყურადღება მობილური ოპერატორების მომსახურებასა და ტარიფებზე გაამახვილა. "მობილური ტარიფების მიხედვით, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანა მსოფლიოში. ეს არ არის ჩემი მონაცემები, ეს საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო ასოციაციებისა და ანალიტიკური სამსახურების მონაცემებია" - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

ფაქტ-მეტრმა საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების ტარიფების შესახებ ინფორმაცია გადაამოწმა.

იმის დასაზუსტებლად, თუ კონკრეტულად რა მონაცემებზე დაყრდნობით საუბრობდა ვახტანგ აბაშიძე, ფაქტ-მეტრი მას დაუკავშირდა და შესაბამისი წყაროების მითითება სთხოვა. ჩვენთან საუბარში აბაშიძემ განმარტა, რომ მან განცხადება ITU (International Telecommunication Union) და Analyzys Mason მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთა. ამასთან, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2014 წლის ანგარიშიც მოგვაწოდა, რომელიც მობილური ოპერატორების საცალო ტარიფების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

ITU წარმოადგენს გაეროს სააგენტოს, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს, რომელიც ტელეკომუნიკაციებს მსოფლიოს მასშტაბით კურირებს. მათი ერთ-ერთი ბოლო ანგარიში 2014 წელს გამოქვეყნდა და 2013 წლის მონაცემებს მოიცავს. ანგარიშში წარმოდგენილია მობილური კომუნიკაციის წუთის ფასები სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც ქსელის შიგნით (on-net), ისე ქსელის გარეთ (off-net) განხორციელებული ზარების მიხედვით. 2015 წლის ანგარიში მიმდინარე წლის დეკემბერში გამოქვეყნდება.

ITU-ის ანგარიშის

მიხედვით, მობილური ოპერატორების ტარიფები ქსელის შიგნით, ქსელის გარეთ და ფიქსირებული ტელეფონის ნომრებზე განხორციელებული ზარების მიხედვითაა დათვლილი. ანგარიშში ფასების ორი ინდიკატორია გამოყენებული: ფასი გამოსახულია აშშ დოლარში და აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით (PPP$). ამასთან, დროები ერთმანეთისგან გამიჯნულია მაქსიმალური (peak 06:01 – 18:00) და მინიმალური (off-peak 18:01 – 06:00) დატვირთვის მიხედვით.

ITU-ს 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს ქართული მობილური ოპერატორების შიდა ქსელში 1 წუთი საუბრის საშუალო ტარიფი 0.01 დოლარს (0.01 ppp$) შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო 166 ქვეყანას შორის რუსეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ირლანდიაში ფიქსირდება - 0.60 დოლარი (0.47 ppp$), მას მოსდევს საბერძნეთი - 0.54 დოლარი (0.57 ppp$), ბრაზილია - 0.53 დოლარი (0.64 ppp$) და სხვა.

ქსელის გარეთ ერთი წუთი საუბრის ღირებულება საქართველოში 0.06 დოლარს (0.12 ppp$) შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოს 166 ქვეყენას შორის მეექვსე ადგილს იკავებს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შვეიცარიაში დაფიქსირდა - 0.65 დოლარი (0.39 ppp$), შემდეგ ირლანდიაში - 0.60 დოლარი (0.47 ppp$), ბრაზილიაში - 0.55 დოლარი (0.66 ppp$) და საბერძნეთში - 0.54 დოლარი (0.57 ppp$). ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი, ბანგლადეშში - 0.01 (0.04 ppp$).

ფიქსირებულ სატელეფონო ნომრებზე 1 წუთის ღირებულება საქართველოში 0.06 დოლარს (0.12 ppp$) შეადგენდა და ამ მონაცემით საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებდა. ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბრაზილიაში იყო - 0.55 დოლარი (0.66 ppp$), ყველაზე დაბალი კი - რუსეთში 0.00 დოლარი.

ქსელის შიგნით და ქსელის გარეთ ერთი ლოკალური sms-ის ღირებულება საქართველოში 0.04 დოლარს (0.07 ppp$) შეადგენდა. შიდა ქსელში ერთი ლოკალური sms-ის ღირებულებით საქართველომ მეხუთე ადგილი დაიკავა, გარე ქსელში ერთი ლოკალური sms-ის ღირებულებით კი - მეოთხე. ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (0.21 დოლარი) ბრაზილიასა და ნიდერლანდებში, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი, რუსეთსა და კანადაში (0.00 დოლარი) დაფიქსირდა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის ანგარიშის

მიხედვით, რომელიც 2014 წლის მონაცემებს მოიცავს, საქართველოში მობილური აბონენტების რაოდენობამ 5.4 მილიონი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8.2%-ით (410 ათასი აბონენტი) არის გაზრდილი. 2014 წლის ბოლოს, მობილური აბონენტების რაოდენობის მიხედვით, მაგთიკომის საბაზრო წილმა 37.6% შეადგინა, ჯეოსელის - 35.2% და მობიტელის - 26.6%. 2014 წელს მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 455 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2013 წელს მიღებულ შემოსავალზე 0.1 %-ით (400 ათასი ლარით) ნაკლებია. შემოსავლების 70.1% ხმოვან მომსახურებაზე, 9.9% sms-ზე, 4.1% ინტერნეტზე, 16% კი სხვა დამატებით მომსახურებაზე მოდიოდა.

2014

წელს ჯამურმა გამავალმა ტრაფიკმა 8.7 მილიარდი წუთი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებს 9.9%-ით აღემატება. გამავალი ტრაფიკის უდიდეს ნაწილს (78.5%) საკუთარ მობილურ ქსელში დასრულებული ზარები შეადგენდა. სხვა ოპერატორის მობილურ ქსელზე განხორციელებული ზარების წილი 17.3%, ფიქსირებულ ქსელებზე დასრულებული ზარების წილი 2.2 %, საერთაშორისო ზარებისა კი 1.4 % იყო. ყველა დანარჩენი ზარების წილმა (ინტერაქტიული, ცხელ ხაზზე განხორციელებული) 0.6% შეადგინა. 2014 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, მობილური ოპერატორის ტარიფი საკუთარ ქსელში 2.8 თეთრს, სხვა მობილური ოპერატორის ქსელში 8.5 თეთრს, ფიქსირებულ ქსელში 7.7 თეთრს შეადგენდა.

  დასკვნა

საერთაშორისო სატელეფონო კავშირის (ITU) 2013 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში მობილური ოპერატორების შიდა ქსელში საუბრის საცალო ტარიფი 0.01 დოლარს, ქსელის გარეთ და ფიქსირებულ ნომრებზე საუბრის ერთი წუთის ღირებულება კი 0.06 დოლარს შეადგენდა. ერთი sms-ის ღირებულება 0.04 დოლარი იყო. აღნიშნული მაჩვენებლებით საქართველო მსოფლიოს 166 ქვეყანას შორის მართლაც ყველაზე იაფი ქვეყნების რიგებში ხვდება.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ზურაბ აბაშიძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი