გაზეთი ფაქტ-მეტრი
მოახერხებს თუ არა ახალი საკონსტიტუციო სასამართლო ახალი თავმჯდომარის არჩევას
უკატეგორიოდ
1124 ნახვა
სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, მის მოადგილესა და სასამართლოს კიდევ 2 წევრს უფლებამოსილების ვადა 11 დღეში ეწურებათ
A+
A
A-

30 სექტემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება. მათ ადგილს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, პრეზიდენტის მიერ დანიშნული – ორი, ხოლო პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს მიერ დანიშნული თითო-თითო წევრი დაიკავებს.

ამ დრომდე ახალი მოსამართლეები მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა. გიორგი მარგველაშვილის რჩეულები გიორგი კვერენჩხილაძე და ირინა იმერლიშვილი არიან, რომლებიც უფლებამოსილების განხორციელებას, ფიცის დადების შემდეგ შეუდგებიან. ჯერჯერობით უცნობია, ვის წარადგენენ უზენაესი სასამართლო და საქართველოს პარლამენტი, რომელთაც მოსამართლეთა დანიშვნისთვის კანონით გათვალისწინებული ვადა, 20 სექტემბერს ეწურებათ.

არსებული ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოში სხდომა 20 სექტემბერსაა ჩანიშნული და სწორედ ამ დღეს მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი წევრის გამწესება. კულუარებში, უზენაესი სასამართლოს სავარაუდო რჩეულის  ვინაობაც სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ ტუღუშმა დაიკავოს.

დღემდე უცნობია, როდისთვის შეუერთდება საკონსტიტუციო სასამართლოს 8 წევრს, პარლამენტის მიერ (სიითი შემადგენლობის უმრავლესობით) დანიშნული ერთი წევრი. ფაქტია, რომ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო წევრის არჩევისთვის კანონით დადგენილი ვადების დარღვევა გარდაუვალია.

თუმცა, პარლამენტის მიერ მოსამართლის დანიშვნის გაჭიანურება პირველი შემთხვევა არ არის. საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი წევრის, მერაბ ტურავას არჩევა,  დაახლოებით თვრამეტი თვის (2013 წლის 23 სექტემბერი-2015 წლის 20 მარტი) განმავლობაში ვერ უზრუნველყო.

შეუშლის თუ არა ხელს შექმნილი ვითარება საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიან მუშაობაში, ამის შესახებ მოსაზრება „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) თავმჯდომარეს, გიორგი მშვენიერაძეს ვკითხეთ.

„არა მგონია, ერთი მოსამართლის ნაკლულობამ სასამართლოს განსაკუთრებული პრობლემა შეუქმნას. თუმცა, ბევრად სწორი იქნებოდა, პარლამენტს გაეთვალისწინებინა ვენეციის კომისიის პრინციპული რეკომენდაცია და თავის დროზე მიეღო კანონი, რომელიც საქმის განხილვაში ჩართულ მოსამართლეებს საქმის განხილვის დასრულების შესაძლებლობას მისცემდა. აღნიშნული, თუ არა ასობით, მინიმუმ ათობით საქმის განხილვის გაჭიანურებას მაინც აგვაცილებდა თავიდან. საქმის გაჭიანურება კი პირდაპირ განაპირობებს მოსარჩელეთა სამართლიანი უფლების დარღვევას, ამიტომ ეს იქნებოდა სწორი გზა. თუმცა, ჩვენმა პარლამენტმა სხვა რამ ისურვა. მათ ისურვეს, რომ ჰყოლოდათ პარალიზებული სასამართლო, ვიდრე დაცული ადამიანის უფლებები“, – განაცხადა მშვენიერაძემ.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლეებს, საქმის დასრულების შესაძლებლობა არა თუ უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, არამედ უფლებამოსილების პერიოდშიც არ მიეცათ. ამის მიზეზი სასამართლოში არსებული დაპირისპირება გახდა.

კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ გავრცელებულ განცხადებას, სასამართლოში შიდა დაპირისპირებები მოჰყვა, რამაც სასამართლო, ფაქტობრივად, ორად გაყო. მოსამართლეთა ნაწილმა პროტესტის ფორმად, სხდომებზე გამოუცხადებლობა აირჩია, რამაც სხდომების გაურკვეველი ვადით გადადება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ „კაბელების საქმისა“ და გიგი უგულავას გაერთიანებული სარჩელის განხილვა 5 მოსამართლის (ფაფიაშვილი, ტურავა, ცაბუტაშვილი, სიჭინავა, თავაძე) გამოუცხადებლობის გამო, უკვე მეორედ ჩაიშალა. ბოლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ოფიციალურ მიზეზებზე მხოლოდ მოსამართლე ფაფიაშვილი საუბრობს, რომლის განმარტებითაც, სანამ „გახმაურებული საქმეებიდან“ მისი თვითაცილების შუამდგომლობა არ იქნება განხილული, მანამ ის პროცესებს ვერ დაესწრება. მერაბ ტურავას განმარტებით, მოსამართლეთა არდასწრება ობიექტური გარემოებებით იყო განპირობებული, თუმცა კონკრეტული მიზეზების დასახელებისგან ის თავს იკავებს. ამასთანავე, მოსამართლე ოთარ სიჭინავას დაპირების მიუხედავად, რომელიც მან „ძაღლების გასეირნებისას“ კურიერის ჟურნალისტს მისცა, ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არც საკონსტიტუციო სასამართლოს გაუკეთებია.

სასამართლოში არსებული კრიზისული მდგომარეობა, ბათუმში 9-11 სექტემბერს გამართული საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა.

„კონფერენციას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ვენეციის კომისიის უმაღლესი თანამდებობის პირები, არაერთი უცხო ქვეყნის საელჩოს, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც  ცალსახად გამოხატავდნენ შეშფოთებას, საკონსტიტუციო სასამართლოზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლისა და სასამართლოს პარალიზების გამო“, – განაცხადა, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორმა, პაატა გაფრინდაშვილმა.

„ვენეციის კომისიისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის ზეწოლას, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან“, – განაცხადა, კონფერენციაზე სტუმრად მყოფმა, ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა,  ჰერდის თორგეირსდოტირიმ.

ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტის მიერ ზეწოლის ფაქტების ცალსახად აღიარების მიუხედავად, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კალაძე, ზეწოლის ფაქტების არსებობას კვლავ უარყოფს.

„დამტკიცდა, რომ მოსამართლეებზე არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება, თავად მოსამართლეები საუბრობდნენ ამ ყველაფერზე და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იქნა გამოყენებული“, – განაცხადა კალაძემ.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პაპუაშვილის მიერ განცხადებულ ზეწოლის ფაქტებზე, პროკურატურამ მხოლოდ შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა და საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე, რაიმე ფაქტის  „დამტკიცებაზე“ საუბარი ნაადრევია.

 

როგორ აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს თავმჯდომარის არჩევა ახალი წესით მოუწევთ, რომელიც თავმჯდომარის არჩევის პროცესიდან ხელისუფლების შტოების პირდაპირ მონაწილეობას გამორიცხავს და კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილებას თავად მოსამართლეებს ანიჭებს.

კანდიდატურის წარდგენის უფლება, სულ მცირე, სამ მოსამართლეს აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად კი საჭიროა, კანდიდატმა არანაკლებ 5 ხმა მიიღოს.

იგივე წესი ვრცელდება თავმჯდომარის მოადგილის არჩევაზეც. აღსანიშნავია, რომ 30 სექტემბრიდან უფლებამოსილება უწყდება არა მხოლოდ საკონსტიტუციო  სასამართლოს თავმჯდომარეს, არამედ მის ერთ-ერთ მოადგილესაც – კონსტანტინე ვარძელაშვილს.

კონსტიტუციონალისტ დავით ზედელაშვილის მოსაზრებით, აღნიშნულ ვაკანტურ ადგილებზე მთავარი პრეტენდენტები სწორედ პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრები იქნებიან.

„მათ სხვებთან შედარებით გარკვეული უპირატესობა აქვთ იმ კუთხით, რომ შიდა ინსტიტუციური და პოლიტიკური შტოების მიერ წარმოებულ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდნენ და მეტი ლეგიტიმაცია ექნებათ განაცხადისთვის, რომ შესაძლებლობა მიეცეთ სასამართლოს განადგურებული ინსტიტუციური პოზიციების აღდგენა სცადონ“, – განაცხადა ზედელაშვილმა „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას.

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევის პროცესში მორიგმა დაპირისპირებამ იჩინოს თავი და რა მოხდება აღნიშნული პროცესის გაჭიანურების შემთხვევაში.

გიორგი მშვენიერაძე და დავით ზედელაშვილი იმედოვნებენ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ექნება. მაგრამ, თუკი მოვლენები მსგავსი სცენარით მაინც განვითარდა, ამ შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას, მისი  მოადგილე შეასრულებს.

„იმ ფონზე, რა მოვლენებიც განვითარდა საკონსტიტუციო სასამართლოში, თუკი სასამართლო ვერ მოახერხებს თავმჯდომარის არჩევას და მსგავსი კომპეტენცია მოვალეობის შემსრულებელ პირს ექნება, ეს ძალიან დააზიანებს ისედაც დაზიანებულ სასამართლო რეპუტაციას. ეს არ იქნება კარგი მესიჯი დანარჩენი ინსტიტუტებისთვის“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

შეგახსენებთ, რომ თავმჯდომარის არჩევის დროისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში მხოლოდ ერთი მოადგილე იქნება. შესაბამისად, მხოლოდ მას ექნება თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. ეს მოსამართლე ზაზა თავაძეა, რომელიც იმ  მოსამართლეთა რიგებშია, რომლებიც პროცესზე გამოუცხადებლობისა და, შესაბამისად, სხდომის ჩაშლის მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

 

საქმეების განხილვა ახალი შემადგენლობის მიერ

ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი შემადგენლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ისეთ გახმაურებულ საქმეებზე, როგორიცაა „რუსთავი 2“-ის, გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმე. თუმცა, თუკი ჩაშლილ სხდომებსა და სხდომის ჩაშლის მიზეზებს გავიხსენებთ, შესაძლოა, ლოდინი არა თუ 30 სექტემბრამდე, არამედ კიდევ უფრო დიდხანს მოგვიწიოს.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის ნორმაც, რომელიც ახლად არჩეულ მოსამართლეს საქმის იმ ეტაპიდან ხელახლა განხილვის მოთხოვნის უფლებამოსილებას ანიჭებს, რომელ ეტაპზეც მოსამართლე საქმის განხილვას შეუერთდება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, აღნიშნული საქმეების არსებითი განხილვა კვლავ თავიდან დაიწყოს.

გიორგი მშვენიერაძის მოსაზრებით, მოსამართლის მიერ აღნიშნული მოთხოვნა სავსებით ლეგიტიმური შეიძლება იყოს საქმის დეტალებში  უკეთ გარკვევისა და შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, თუმცა ამან მოსარჩელის ინტერესები არ უნდა დააზიანოს.

„მოსამართლეებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ თითოეული დღე, როცა მოსამართლეები იღებენ სხდომის გადადების გადაწყვეტილებას, არ გამოცხადდებიან სხდომაზე, ან თავიდან დააბრუნებენ საქმეს განსახილველად, შეიძლება მოქალაქის უკანონო და არაკონსტიტუციური პატიმრობის დღე აღმოჩნდეს. ამიტომ მოსამართლეები განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და გულისხმიერებით უნდა მოეკიდონ ამ საკითხს და ამ სულისკვეთებით უნდა მოხდეს საქმეთა განხილვა.

რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, გვაქვს ინტერესი და ეს ინტერესი არის, რომ სასამართლოს მიეცეს სრული საშუალება, კვალიფიციურად განიხილოს საქმე და გამოიტანოს მიუკერძოებელი გადაწყვეტილება, მაგრამ, ამავე დროს, არანაკლებ მნიშვნელოვანი ინტერესია მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, რომლის გარანტორი თავად საკონსტიტუციო სასამართლოა“, – განაცხადა მშვენიერაძემ.

„ფაქტ-მეტრი“ კვლავ აქტიურად განაგრძობს საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების მონიტორინგს და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას კვლავ შესთავაზებს.

გააზიარეთ: