მმართველი პარტია საკონსტიტუციო კომისიის სახელით კონსტიტუციის ცვლილებებზე მუშაობას იწყებს. ცვლილებები, როგორც ჩანს, პირველ რიგში პრეზიდენტის ინსტიტუტს, ასევე პრემიერს შეეხება. პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასთან ერთად "ქართული ოცნება" მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების გამარტივებას აპირებს. ეს ყველაფერი კი, ისევ მთელი ძალაუფლების ერთი ჯგუფის ხელში მოქცევას და დანარჩენი ინსტიტუტების დასუსტებას  უკავშირდება.

როგორც 9 დეკემბერს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საკონსტიტუციო კომისია მუშაობას წლის ბოლომდე დაიწყებს და კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტს 2017 წლის 30 აპრილამდე შეიმუშავებს, რის შემდეგაც პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა და საპარლამენტო მოსმენები დაიწყება.

საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთვის კენჭისყრა ორ სესიაზე, 3 თვის ინტერვალით მაინც უნდა გაიმართოს. თუკი ეს გეგმა შესრულდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტს საშუალება ექნება ცვლილებები 2017 წლის ოქტომბერშიც კი დაამტკიცოს, რადგან პირველი მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იქნება შესაძლებელი. მოქმედი კონსტიტუციით, საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად კენჭისყრა ორ სხვადასხვა სესიაზე უნდა გაიმართოს. პარლამენტის სამუშაო წელი ორ - საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებად არის დაყოფილი და საგაზაფხული სესიის ბოლოს ან საშემოდგომო სესიამდე, რომელიმე რიგგარეშე სესიაზე, შესაძლოა პარლამენტმა ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღოს და მეორე და მესამე მოსმენით უკვე საშემოდგომო სესიაზე უყაროს კენჭი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ცვლილებებს შესაძლოა პრეზიდენტმა ვეტო დაადოს, რაც პროცედურას ერთი თვით მაინც გააგრძელებს.

ვადა, რაც ხელისუფლებამ ცვლილების პროექტის მოსამზადებლად განსაზღვრა, ამ პროცესის დაჩქარებულ ტემპთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. საკონსტიტუციო ცვლილების განსახილველად და მოსამზადებლად, როგორც წესი, უფრო მეტი დრო გამოიყოფა, რათა ცვლილების გააზრება და შესაძლო საფრთხეების განსაზღვრა კარგად მოხდეს. ეს წესი მიღებულია დემოკრატიულ ქვეყნებში და ის საერთაშორისო ორგანოები, მაგალითად „ვენეციის კომისია“, რომლებიც კონკრეტულად საკონსტიტუციო საკითხების რევიზიას ახდენენ, ქვეყნებისგან ზუსტად იმას ითხოვენ, რომ ცვლილებები ნაჩქარევად არ შემუშავდეს. მხოლოდ ოთხთვიანი პერიოდის გამოყოფას კონსტიტუციაში არსებითი ცვლილებების შესამუშავებლად, ანალიტიკოსები იმით ხსნიან, რომ მმართველ გუნდს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება სურს და მნიშვნელოვანია, ცვლილება მომავალ არჩევნებამდე იყოს მიღებული, რადგან საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცვლილებები, რომელიც რაღაც ფორმით არჩევნებს უკავშირდება, არჩევნებამდე მინიმუმ 6 თვით ადრე უნდა დამტკიცდეს.

საკონსტიტუციო კომისიის მნიშვნელობაზე განცხადება მარგველაშვილმა ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე გააკეთა და ხელისუფლებას შესთავაზა, კომისიისთვის პრეზიდენტს ეხელმძღვანელა, რათა ცვლილებების ლეგიტიმაციისთვის მაქსიმალურად ფართო წრეების მობილიზება მომხდარიყო. პრეზიდენტის ეს შეთავაზება მმართველმა გუნდმა არ გაიზიარა. ამის შემდეგ კი, უკვე ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვებიან.

„რა დადგენილებაც ვნახეთ საკონსტიტუციო კომისიის ფორმირების წესთან დაკავშირებით, ბევრ კითხვას ბადებს, დიდი კითხვის ნიშანია პოლიტიკურ ნდობასა და ლეგიტიმაციასთნ დაკავშირებით. გვრჩება შთაბეჭდილება ერთპარტიულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.

ლეგიტიმაციის პრობლემაზე კონსტიტუციონალისტებიც საუბრობენ და აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ, როგორც კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია ამბობს, „ეს შეიძლება ფორმალურ პროცესს დაემსგავსოს“, რადგან ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი, ვიწროპარტიული ჯგუფის ინტერესების დაცვას ცდილობს. თავად კომისიის შექმნის პროცესიც და უკვე გაჟღერებული საკითხებიც ამაზე მიანიშნებს.

საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ასევე ამ კომისიის თავმჯდომარეც იქნება, განაცხადა, რომ ცვლილებები ძირითადად იმ საკითხებთან დაკავშირებით შემუშავდება, რაზეც აქამდეც იყო საუბარი და არც ის გამორიცხა, რომ ამ ცვლილებს სხვა საკითხებიც დაემატოს.

წინა მოწვევის პარლამენტში უმრავლესობამ რამდენიმე საკონსტიტუციო კანონპროექტი მოამზადა. ეს ცვლილებები კონსტიტუციით - ოჯახის როგორც ქალისა და კაცის კავშირის განსაზღვრას, ასევე 2020 წლისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას ეხება. 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერით კი, პარლამენტში საარჩევნო სისტემის შეცვლის კიდევ ერთი პროექტია ინიცირებული.

შესაბამისად, ეს საკითხები დიდი ალბათობით ახალ პროექტშიც შევა. მაგრამ, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, მთავარი საკითხი უფლებამოსილებათა გადანაწილების პრინციპი იქნება. კერძოდ, კონკრეტული განცხადებები პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ გაკეთდა. ამას პრემიერის უფლებების საკითხი ემატება, რაც ასევე, როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებში მოხვდება. ეს კი, სრულიად ახალი საკითხია, რაზეც აქამდე მმართველ გუნდს არაფერი უთქვამს. მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერის და პრეზიდენტის უფლებების ერთად განხილვა უკვე იმის მიახლოებულ სურათს იძლევა, რეალურად რა აქვს ხელისუფლებას ჩაფიქრებული.

კონსტიტუცია ქვეყნის ძირითადი კანონია, ძალაუფლების დანაწილება კი ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია, რადგან ამით ძალაუფლების ერთი ადამიანის  ან ერთი ჯგუფის ხელში მოხვედრის პრევენცია ხდება.

პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკებში სახელმწიფოს მეთაური და მთავარსადალია (ძირითადად ომის დროს). ასევე, მას არბიტრის ფუნქცია აქვს სახელმწიფო კრიზისის დროს, ანუ როდესაც პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთმანეთს უპირისპირდება. პარლამენტი პრემიერს და მთავრობას ამტკიცებს. დღეს ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში ორპალატიანი პარლამენტია და გამონაკლისს მხოლოდ 3 ქვეყანა - უნგრეთი, ალბანეთი და ლატვია წარმოადგენს. თუმცა, ამ ქვეყნებში მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ პარლამენტის სტრუქტურა გადასახედია, რადგან, როგორც ალბანეთის და უნგრეთის შემთხვევაში უკვე დამტკიცდა, ერთპარლატიანი პარლამენტის მიერ პრეზიდნეტის არჩევა პოლიტიკური კრიზისის შანსებს ძალიან ზრდის. მთავრობა პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული. პრეზიდენტს კი, პარლამენტი და საგანგებოდ პრეზიდენტის ასარჩევად შექმნილი ორგანო ირჩევს. შესაბამისად, პრეზიდენტს მაინცდამაინც დიდი ლეგიტიმაცია არა აქვს. განსხვავებულია ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტს მოსახლეობა ირჩევს და, შესაბამისად, მისი ლეგიტიმაცია მეტია. მას ცოტა მეტი უფლებებიც აქვს, ვიდრე საპარლამენტო რესპუბლიკაში.

პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა ფაქტობრივად საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლას ნიშნავს, რომლისთვისაც, როგორც აქამდე არსებული გამოცდილება აჩვენებს, მეორე აუცილებელი პირობა ორპალატიანი პარლამენტია. ასეთი პარლამენტის შესაქმნელად კი ტერიტორიული მთალიანობის აღდგენაა საჭირო, რადგან ზედა პალატა ტერიტორიული ერთეულებისგან იქმნება და ეს საკითხი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე ვერ გადაწყდება. ცხადია, ეს ამ ოთხ თვეში ვერ მოხდება. ამიტომ, ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამ თემას მმართველი გუნდი არ შეეხება და შესაბამისად, პრეზიდენტის არჩევისთვის რაიმე ორგანოს შექმნა მოუწევს, რომელსაც, ცხადია, თავად გააკონტოლებს. ამას პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ემატება, რომელიც მან პარასკევს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და თქვა, რომ საკონსტიტუციო კომისიამ  მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მექანიზმის გამარტივებაზე უნდა იმუშაოს.

მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება საკმაოდ გართულებულ და დროში გაჭიანურებულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ე.წ. უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის ფორმულა თავის დროზევე კრიტიკის საგანი იყო როგორც კონსტიტუციონალისტების და არასამთავრობო სექტორის, ისე ვენეციის კომისიის მხრიდან. საბოლოოდ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, ეს ვადები შეიცვალა კიდეც და ძალაში შემცირებული ვადებით შევიდა.

არსებითი მნიშვნელობა იმას ექნება, მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად როგორი ფორმულირება შემუშავდება. ამაზე ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ კეთდება. თუკი ახალი ცვლილებით მოხდება ისე, რომ ეს ბერკეტი ერთი პატარა ჯგუფის ხელში აღმოჩნდება, ის სახელმწიფო კრიზისის შექმნას მარტივად შეძლებს, რაც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იქნება.

თავისთავად, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის გამარტივება თითქოს დადებითი შედეგის მომტანი უნდა იყოს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, რომ პრეზიდენტის ისედაც შემცირებული უფლებამოსილება კიდევ უფრო მცირდება და რამდენად მოახერხებს ახალი პრეზიდენტი მთავრობასა და პარლამენტს შორის არბიტრის როლის შესრულებას, რთული წარმოსადგენია. მით უმეტეს, თუ ის რომელიმე კონკრეტული ჯგუფის არჩეული იქნება, რომელსაც მმართველი გუნდი შეარჩევს.

რაც შეეხება უშუალოდ პრემიერს, უნდობლობის გამოცხადების წესის გამარტივება, შესაძლოა, იმ  მოლოდინს უკავშირდება, რომ მომავალში დღევანდელ მმართველ ძალას უმრავლესობა აღარ ექნება და კოალიციური მთავრობის შექმნა იქნება საჭირო. უნდობლობის გამოცხადების გამარტივებული პროცედურა კი, ერთ ჯგუფს მთავარობითა და მთელი პარლამენტით მანიპულირების საშუალებას მისცემს, რადგან პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა ადვილად შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი