2018 წლის 12 იანვარს ბათუმის მერიის ვებგვერდზე

გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია: „მიმდინარე წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით განსაზღვრული ბიუჯეტი 1 მილიონ 200 ათასი ლარით გაიზარდა“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან

დაფინანსდება ჯანმრთელობის დაცვის - 10, სოციალური უზრუნველყოფის - ცხრა და სანიტარული ზედამხედველობის სამი ქვეპროგრამა, რომელთა განსახორციელებლადაც ჯამში 13 178 400 ლარია განსაზღვრული. გასულ წელს იმავე მიზნით, შესაბამისად, 12, შვიდი და სამი ქვეპროგრამისთვის 12 191 200 ლარი დაიხარჯა. ანუ, პროგრამების დაფინანსება 987 200 ლარით გაიზარდა. წელს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას მოაკლდა ბავშვთა მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობის ქვეპროგრამა (34 700 ლარი) და ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრამა (90 000 ლარი), ხოლო სოციალური უზრუნველყოფის პროგრამას ორი ქვეპროგრამა დაემატა: მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნა (1 494 400 ლარი) და შშმ პირების გამცილებლით უზრუნველყოფა (46 100 ლარი).

  ცხრილი 1:

ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სანიტარული ზედამხედველობის ქვეპროგრამების დაფინანსების გეგმიური მაჩვენებლები ბათუმის ბიუჯეტში, ლარი

ქვეპროგრამის დასახელება 2017 წელი 2018 წელი სხვაობა
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა 402 500 714 800  312 300
ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია 35 100 62 500 27 400
ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო -სოციალური რეაბილიტაცია 92 500 92 500 0
მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება 99 900 132 500  32 600
C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგის თანადაფინანსება 315 400  238 500 -  76 900
შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო მკურნალობა-რეაბილიტაცია 263 800 304 200   40 400
ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია 466 800 651 500  184 700
ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება 166 800 166 800 0
მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება 800 000 367 000 - 433 000
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების განვითარება 1 460 900 1 234 800 - 226 100
კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება 594 600 619 300  24 700
მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა 1 257 800 196 400 -1 061 400
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება 1 458 000 1 660 700  202 700
მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და დახმარება 856 700 866 400     9 700
მუნიციპალური უფასო სასადილო 2 981 400 3 313 800  332 400
დროებითი ღამის თავშესაფარი 218 200 297 800     79 600
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა 9 100 7    500 - 1 600
მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნა - 1 494 400  1 494 400
შშმ პირების გამცილებლით მომსახურების უზრუნველყოფა - 46 100  46 100
დაწესებულებების სანიტარული მონიტორინგი 84 000 91 400   7 400
დზინსექცია-დერატიზაციის ღონისძიებები 303 200 369 500   66 300
მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობა და პოპულაციის რეგულირება 199 800 250 000   50 200

გაზრდილია აღნიშნულ პროგრამებზე მომუშავეთა რიცხოვნებაც და შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხის მოცულობაც, რომელიც 2017 წელს 99 მომუშავისთვის 756 800 ლარი იყო, ხოლო მიმდინარე წლის გეგმის მიხედვით, 103 დასაქმებულისთვის 812 400 ლარს  შეადგენს. კონკრეტულად სოციალური უზრუნველყოფისთვის გასულ წელს ჯამში 7 375 800 ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო წელს ეს პარამეტრი 1 126 600 ლარით მეტია და 8 502 400 ლარს შეადგენს. თუმცა, ინფორმაციაში გარკვევით წერია, რომ 1 მილიონ 200 ათასით გაზრდილია არა მხოლოდ სოციალური უზრუნველყოფის, არამედ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების საერთო თანხა. თანაც, ამ თანხიდან 485 900 ლარი სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების საქონელსა და მომსახურებას ემატება, ხოლო 55 600 ლარი - შრომის ანაზღაურებას.

ქვეპროგრამებიდან ერთ-ერთს, მუნიციპალური უფასო სასადილოს მაგალითს თუ განვიხილავთ, ჩანს, რომ გამოყოფილი თანხა - 3 313 800 ლარი - განკუთვნილია 4 779 ბენეფიციარზე გათვლილი უფასო სასადილოების ადმინისტრირებისა და მართვის, (რომელშიც შედის 101 მომუშავის შრომის ანაზღაურება - 795 000 ლარი), საკვები პროდუქტების შეძენისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისთვის. შრომის ანაზღაურების თანხის მოცულობის გარდა, რჩება 2 518 800 ლარი. აქედან, 3 000 არაფინანსური აქტივებია, ხოლო 2 515 800 საქონელი და მომსახურება, რომელშიც 4 779 ბენეფიციარის გამოკვებაც იგულისხმება. უფრო კონკრეტულად დათვლის საშუალებას ბიუჯეტის პროგრამების ჩაშლილი ნაწილი არ იძლევა.

  დასკვნა

ბათუმის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსების 1 მილიონ 200 ათასი ლარით გაზრდაა დაგეგმილი. ფაქტ-მეტრის კვლევამ კი აჩვენა, რომ ზრდა 987 200 ლარს შეადგენს, საიდანაც 55 600 ლარით გაზრდილია შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხა, ხოლო 609 800 ლარით - საქონელი და მომსახურების დაფინანსება, რაც უშუალოდ ბენეფიციარებისთვის საჭირო მომსახურების გარდა, საოფისე ხარჯებსაც გულისხმობს. ამასთან, როგორც ცხრილიდან ჩანს, რამდენიმე ქვეპროგრამის დაფინანსება მკვეთრად შემცირებულია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბათუმის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი